Facebook Twitter

№ას-1022-942-2017 29 დეკემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – მ. ჟ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ს. ბ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს. ბ.“ (შემდეგში: მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ზ. ჯ-ძისა (შემდეგში: პირველი მოპასუხის) და მ. ჟ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხის, კერძო საჩივრის ავტორის) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაკისრება. მოსარჩელემ ამ მიზნით, მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია მოითხოვა. ამასთან, თუკი იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არასაკმარისი იქნებოდა, მოსარჩელემ მოითხოვა აღსრულების მოპასუხეთა ნებისმიერ სხვა ქონებაზე მიქცევა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 49 705.32 ლარის მოსარჩელისათვის გადახდა; დავალიანების დასაფარად სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული, მოპასუხეთა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება; დადგინდა, რომ თუკი იპოთეკის საგნების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არასაკმაირისი აღმოჩნდებოდა, დავალიანება დაფარულიყო მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან; სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხეებისათვის 2 692.38 ლარის დაკისრების ნაწილში.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 2591 მუხლი (თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია) მოიხმო და განმარტა, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გამოცხადებას პირადად ესწრებოდა პირველი მოპასუხე (ს.ფ. 180), ხოლო მეორე მოპასუხე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ (ს.ფ. 171), მოპასუხეებს ამ გადაწყვეტილების ასლი უნდა ჩაებარებინათ 2017 წლის 22 მაისის ჩათვლით. პირველმა მოპასუხემ გადაწყვეტილება სასამართლოში აღნიშნულ ვადაში, კერძოდ, 2017 წლის 18 მაისს ჩაიბარა (ს.ფ. 205). სასამართლომ პირველი მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარება მისი მეორე მოპასუხისათვის ჩაბარებად ჩათვალა, რადგან ეს უკანასკნელი მეორე მოპასუხის ოჯახის წევრია (მეუღლეა) და ამასთან, მითითებული დროისათვის მეორე მოპასუხეს პირველი მოპასუხისგან მინიჭებული ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (ს.ფ. 208). სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის მიერ 2017 წლის 18 მაისს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებით დაიწყო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა ორივე მოპასუხისათვის. სსსკ-ის 369.1 მუხლიდან გამომდინარე, ეს ვადა 2017 წლის 1 ივნისს ამოიწურა, საჩივარი კი სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისს, ე.ი. კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარედგინა.

6. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ.

6.1. კერძო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

6.1.1. მეორე მოპასუხე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.

6.1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2017 წლის 18 მაისს ჩაჰბარდა უშუალოდ პირველ მოპასუხეს, და, არა როგორც მეორე მოპასუხის წარმომადგენელს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განსაჯა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება პირველ მოპასუხეს ჩაჰბარდა, როგორც მეორე მოპასუხის ოჯახის წევრს, ვინაიდან პირველი მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან -ხ.ს-ესთან და, ამდენად, მეორე მოპასუხე პირველი მოპასუხის მეუღლე არ არის.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინება და მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა. სააპელაციო სასამართლომ მეორე მოპასუხის მიმართ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის პირველი მოპასუხისათვის ჩაბარების დღეს - 201. წლის 1.. მაისს დაუკავშირა, რაც იმით დაასაბუთა, რომ პირველი მოპასუხე მეორე მოპასუხის ოჯახის წევრია (მეუღლეა) და, ამასთან, ხსენებული გადაწყვეტილების მის მიერ ჩაბარების დროისათვის პირველ მოპასუხეს მეორე მოპასუხისგან მინიჭებული ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

10. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხეს საპროცესო კანონმდებლობის შესატყვისად სასამართლო გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია. საკასაციო პალატის განსჯით, პირველი მოპასუხის მიერ სასამართლო გადაწყვეილების ჩაბარება ავტომატურად არ ადასტურებს მეორე მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარებას, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები ერთი ოჯახის წევრები - მეუღლეები არიან. მართალია, სსსკ-ის 74.1. მუხლი (თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს..., გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით) განსაზღვრავს ოჯახის წევრისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების სამართლებრივ წესს, თუმცა მითითებული ნორმით გათვალისწინებული რეგულირების ქვეშ არ ექცევა შემთხვევა, როდესაც პირს, რომელიც ადრესატის ოჯახის წევრია, სასამართლო გადაწყვეტილების ასლი სასამართლოში ბარდება. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს არა სასამართლო გადაწყვეტილების სასამართლოში მხარისათვის ჩაბარების, არამედ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო გზავნილის ჩაბარების წესს. სსსკ-ის 2591 მუხლის დანაწესის ფარგლებში კი, სასამართლო გადაწყვეტილება სასამართლოში ჰბარდება უშუალოდ მოსარჩელეს ან მოპასუხეს ან/და მათ წარმომადგენელს. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს მხარის ოჯახის წევრისათვის გადაწყვეტილების სასამართლოში ჩაბარების შესაძლებლობას, მაგრამ ამ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს სსსკ-ის 73.6 (მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას სასამართლო უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. უწყების დროულად ჩაბარების მიზნით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართ წერილობითი განცხადების საფუძველზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კურიერის გადაადგილება და მისი მეშვეობით უწყების ჩაბარება. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია, სასამართლოს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი უწყების მიმღების ხელმოწერით) მუხლის დანაწესი. მოცემულ შემთხვევაში, ჩაბარების აქტი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ პირველმა მოპასუხემ გადაწყვეტილების ასლი მეორე მოპასუხისათვის გადასაცემად ჩაიბარა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ასეთ შემთხვევაში შესაბამისი პირი ვალდებულია სასამართლოში წარმოადგინოს სასამართლო გადაწყვეტილების ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში, 73.6 მუხლით განსაზღვრული წესით სასამართლო გადაწყვეტილების ასლის მეორე მოპასუხისათვის ჩაბარების ამსახველი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება.

11 დაუსაბუთებელია ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მეორე მოპასუხის წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას პირველი მოპასუხე მეორე მოპასუხეს არ წარმოადგენდა, ამასთან, მას არც სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებისას არ წარუდგენია მეორე მოპასუხის მიერ გაცემული მინდობილობა და მისი სახელით გადაწყვეტილების ჩაბარება არ მოუთხოვია. ასეთი მოთხოვნით პირველმა მოპასუხემ სასამართლოს მოგვიანებით - 2017 წლის 2 ივნისს მიმართა, კერძოდ, მითითებულ დღეს მან მოითხოვა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მისთვის, როგორც მეორე მოპასუხის წარმომადგენლისათვის, ჩაებარებინა 2017 წლის 20 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების ასლი. ხსენებულ განცხადებას თან ერთვის მეორე მოპასუხის მიერ პირველი მოპასუხის სახელზე გაცემული რწმუნებულებაც (ს.ფ. 207). საგულისხმოა, რომ მეორე მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში ამავე დღეს წარადგინა (ს.ფ. 209-212). შესაბამისად, პირველი მოპასუხისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების პროცესუალური შედეგის გავრცელება მეორე მოპასუხეზე, რომლის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების კანონის მოთხოვნათა დაცვით 18 მაისს ჩაბარება არ დასტურდება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

12. საკასაციო პალატის განსჯით, იმ საკითხის შესაფასებლად გაუშვა თუ არა მეორე მოპასუხემ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, გამოსაკვლევია, თუ როდის დაიწყო მეორე მოპასუხის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ მხრივ ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ მეორე მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის თაობაზე ინფორმირებული არ იყო და არც მის გამოცხადებას არ ესწრებოდა. საქმის მასალების მიხედვით, 2017 წლის 22 მარტს მას სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ ტელეფონით აცნობა ამავე წლის 20 აპრილს სასამართლო სხდომის დანიშვნის და არა მასზე გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ (ს.ფ. 171), რაც ტოლფასი სამართლებრივი მნიშვნელობის შეტყობინებას არ წარმოადგენს. ასეთ პირობებში სასამართლოს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი მხარისათვის უნდა გაეგზავნა სასამართლო გადაწყვეტილება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმეზე გამოიკვეთებოდა სსსკ-ის 2591 მუხლის დანაწესის გამოყენების საფუძვლიანობა (მხარე ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოტანას ან მისთვის ცნობილი იყო/გაფრთხილდა შესაბამის თარიღში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე), საკასაციო პალატის განსჯით, მეორე მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, არც ამ შემთხვევაში მიიჩნეოდა დარღვეულად, რადგან სადავო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე (რომლის ამოწურვის შემდგომაც, სსსკ-ის 259.1 მუხლის თანახმად, აითვლება სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა) არის 2017 წლის 22 მაისი, ხოლო სააპელაციო საჩივარი მეორე მოპასუხემ წარადგინა 2017 წლის 4 ივნისს, სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილ 14 დღიანი ვადის დაცვით.

13. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: საქმე №ას-1025-986-2016, 13 იანვარი, 2017 წელი; საქმე №ას-851-817-2016; 4 ნოემბერი, 2016 წელი, საქმე Nას-538-511; 2014 წლის 24 დეკემბერი, 2015 წელი ). აქედან გამომდინარე, სასამართლომ განსაკუთრებით ზედმიწევნით უნდა დაიცვას ის წესები, რომელიც გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასა და გასაჩივრების ვადის ათვლას ეხება.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა, რაც სსსკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჟ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინება და საქმე, მ. ჟ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი