საქმე №ას-206-2020 2 აპრილი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - პ.თ–ა, კ.ჟ–ი, ნ.ბ–ძე, გ.ჯ–ი, კ.კ–ძე, ვ.ო–ი, ი.ა–ი, ლ.ხ–ი, ს.წ–ი, ზ.გ–ძე, რ.კ–ძე, ე.ი–ე, რ.პ–ი, რ.ი–ძე, გ.გ–ძე, ა.ა–ა, ნ.მ–ძე, ზ.ს–ა, თ.კ–ძე და გ.ქ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, წილის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, აქციების გასხვისების შესახებ განკარგულებების ბათილად ცნობა, საკუთრების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, პ.თ–ას, კ.ჟ–ის, ნ.ბ–ძის, გ.ჯ–ის, კ.კ–ძის, ვ.ო–ის, ი.ა–ის, ლ.ხ–ის, ს.წ–ის, ზ.გ–ძის, რ.კ–ძის, ე.ი–ეს, რ.პ–ის, რ.ი–ძის, გ.გ–ძის, ა.ა–ას, ნ.მ–ძის, ზ.ს–ას, თ.კ–ძისა და გ.ქ–ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის, წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, აქციების გასხვისების შესახებ განკარგულებების ბათილად ცნობისა და საკუთრების დაბრუნების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, პ.თ–ას, კ.ჟ–ის, ნ.ბ–ძის, გ.ჯ–ის, კ.კ–ძის, ვ.ო–ის, ი.ა–ის, ლ.ხ–ის, ს.წ–ის, ზ.გ–ძის, რ.კ–ძის, ე.ი–ეს, რ.პ–ის, რ.ი–ძის, გ.გ–ძის, ა.ა–ას, ნ.მ–ძის, ზ.ს–ას, თ.კ–ძისა და გ.ქ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევლათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ:
ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი;
ბ) კ.ჟ–ისა და ნ.ბ–ძის მიერ მ.ჯ–ას ან ა.ხ–ას სახელზე შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობების დედნები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები ან კასატორების მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი;
გ) თითოეული კასატორის მიერ ცალ-ცალკე სახელმწიფო ბაჟის – 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კასატორებმა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს 2020 წლის 23 მარტს, წარმოადგინეს:
ა)სსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი;
ბ)ლ.ხ–ის, გ.ქ–ის, პ.თ–ას, კ.ჟ–ის, ნ.ს–ასა და ა.ა–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნები;
ამავე განცხადებით, კასატორებმა:
ა)ე.ი–მ და ს.წ–მა იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლება;
ბ)რ.კ–ძემ, გ.გ–ძემ, თ.კ–ძემ, კ.კ–ძემ, ვ.ო–მა, ზ.გ–ძემ, ი.ა–მა, რ.ი–ძემ იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადავადება;
გ)ნ.მ–ძემ, რ.პ–მა და გ.ჯ–მა მიუთითეს, რომ კანონით გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნ.ბ–ძის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა, კი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ:
ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი;
ბ) კ.ჟ–ისა და ნ.ბ–ძის მიერ მ.ჯ–ას ან ა.ხ–ას სახელზე შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობების დედნები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები ან კასატორების მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი;
გ) თითოეული კასატორის მიერ ცალ-ცალკე სახელმწიფო ბაჟის – 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დასახელებული განჩინების ასლი გაეგზავნა ნ.ბ–ძეს და 2020 წლის 13 მარტს ჩაჰბარდა მის მეუღლეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და 61-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 14 მარტს და ამოიწურა იმავე წლის 20 მარტს. ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღსანიშნავია, რომ კასატორებმა, 2020 წლის 23 მარტს მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინეს განცხადება, ამასთან, ნ.ბ–ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო. ამასთან, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ბ–ძეს (პ/ნ:......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6 000 ლარი (რეფერენსის ნომერი 9197347252);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე მ. ერემაძე