Facebook Twitter

საქმე №ას-264-2020 6 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კერძო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის სარჩელი შ.ა–ის, შ.ა–ისა და კ.ა–ის წინააღმდეგ, ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე და მეოთხე პუნქტების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებით, შ.ა–ის, შ.ა–ისა და კ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მესამე და მეოთხე პუნქტები.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ.ა–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინება, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინება, წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი კერძო საჩივრით გასაჩივრებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ.ა–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

მოსამართლე მირანდა ერემაძე