Facebook Twitter

საქმე №ას-1747-2019 28 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

ზურაბძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა –ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - უცხოური საწარმოს ფილიალი - „შ.პ.ა. მ.კ.ს–ო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 1934.18 ლარის (პირგასამტეხლო) დაკისრების ნაწილში

დავის საგანი – ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საბანკო გარანტიის სახით მიღებული თანხის გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. უცხოური საწარმოს ფილიალი „შ.პ.ა. მ.კ.ს–ომ" (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: (1) მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 3 თებერვლის #33 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებისა და მის საფუძველზე, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 40 300.00 ლარის, გამოთხოვის თაობაზე 21.03.2017 წელს გაცემული N01/1854 მოთხოვნის ბათილად ცნობა; (2) 40 300.00 ლარის ანაზღაურების დაკისრება (რაც წარმოადგენს ბანკის მიერ 02.02.2017 წელს გაცემული NPE39766-17 საბანკო გარანტიის თანხას, რომელიც მოსარჩელის მიერ ვალდებულების ვითომდა დარღვევის გამო, გამოთხოვილი იქნა მოპასუხის მიერ); (3) მოსარჩელის გათავისუფლება მოპასუხის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული, 9670.90 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდისაგან; (4). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N33 ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტის გამო, მოპასუხისათვის, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, 44 073.00 ლარის ოდენობით, მოსარჩელის სასარგებლოდ; (5)მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით,მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, საბანკო გარანტიის თანხის - 40 300 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით - 2017 წლის 31 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

3. 03.02.2017წ.-ს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #33 ხელშეკრულება, 805 908 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების შესახებ, რომლის ფარგლებში, მოსარჩელემ იკისრა ქ. ქობულეთში, .... ქუჩის მოასფალტების და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების შესრულების ვალდებულება, მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან 150 დღის ვადაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები კომპანიას უნდა დაეწყო მოპასუხის მიერ ნებართვის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში. ვინაიდან ნებართვის გაცემის კონკრეტული ვადა ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა, კომპანიამ 14.03.2017 წელს წერილობით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ მზად იყო სამუშაოების დაუყოვნებლივ დასაწყებად და სთხოვა ნებართვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება. 16.03.17 წელს მოსარჩელეს ერთდროულად ჩაბარდა სამუშაოს დაწყების შესახებ ნებართვა, გაფრთხილების წერილი (N01/1425, 02.03.2017) და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ 15.03.17 წლის N01-06-257 ბრძანება. სწორედ 2017 წლის 16 მარტს ანუ, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის, რომ მოპასუხის მიერ, ნებართვა, სამუშაოს დაწყების შესახებ გაცემული ყოფილა 2017 წლის 21 თებერვალს. ნებართვის გაცემიდან 5 დღის ვადაში, კომპანიის მიერ სამუშაოების დაწყების ვალდებულების ვითომდა შეუსრულებლობის გამო, გამგეობამ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და კომპანიას დააკისრა 9670,90 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო. გარდა ამისა, 22.03.2017 წელს, მოპასუხემ მიმართა ბანკს, კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 02.02.2017წ. წარდგენილი საბანკო გარანტიის თანხის - 40 300.00 ლარის გამგეობის ანგარიშზე გადარიცხვის მოთხოვნით, რაც შესრულდა ბანკის 31.03.2017წ. N01 საგადასახადო დავალებით.

4. მოპასუხემ ხელშეკრულება შეწყვეტა არამართლზომიერად, კერძოდ, მან არ უზრუნველყო სათანადო წესით მოსარჩელის ინფორმირება სამუშაოს დაწყების შესახებ. კომპანია კი, არ იყო უფლებამოსილი ნებართვის მიღებამდე დაეწყო სამუშაოები. შესაბამისად, ნებართვის მიღებამდე სამუშაოს შეუსრულებლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.

5. ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტით, მოსარჩელემ მიიღო ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით, მათ შორის, ხელშეკრულებით მისაღები მოგების თანხის - 44 073.00 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის - 40 300 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით - 2017 წლის 31 მარტიდან.

6. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომელშიც აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სამუშაოთა დაწყების შესახებ ნებართვა გაეგზავნა წერილობით, თუმცა, ვერ ჩაბარდა, რის შემდეგაც, მოპასუხის ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით, ზეპირსიტყვიერად მიეწოდა ინფორმაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დაწყების შესახებ. თუმცა, მან ნებართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში არ უზრუნველყო სამუშაოების დაწყება, რის გამოც, მოპასუხე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნეს ცნობილი მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 3 თებერვლის №33 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის №01-06-257 ბრძანება და მის საფუძველზე, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 40 300.00 ლარის გამოთხოვის თაობაზე 21.03.2017 წელს გაცემული N01/1854 მოთხოვნა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო გარანტიის თანხის - 40 300.00 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელე გათავისუფლდა მოპასუხის 2017 წლის 15 მარტის №01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 9670.90 ლარის გადახდისაგან (იხ., სარჩელის მოთხოვნები (1) (2) (3) ამ განჩინების პ.1).არ დაკმაყოფილდა მოთხოვნები: მოპასუხისათვის 44 073.00 ლარის ოდენობით, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში; საბანკო გარანტიის თანხის - 40 300 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში (იხ., სარჩელის მოთხოვნები (4) (5) და საფუძვლები ამ განჩინების პ, 1, 5).

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანება და მოსარჩელე გათავისუფლდა დაკისრებული პირგასამტეხლოს - 9670.90 ლარის გადახდისაგან და ამ ნაწილში, 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლო განისაზღვრა 1934,18 ლარით. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11. 2017 წლის 3 თებერვალს, მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N33 ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება), რომლის საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა ქ. ქობულეთში, .... ქუჩის მოასფალტებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების შესრულების ვალდებულება. სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 805 908.00 ლარით. ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 150 დღე, მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან. მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, სამუშაოები დაეწყო ნებართვის მოპოვების შემდეგ, 5 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სამუშაოს არ დაიწყებდა მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული დღეების გასვლის შემდეგ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ არდაწყებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,1%-ის ოდენობით (ხელშეკრულების 11.3.3. პუნქტი). თუ პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევდა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება (ხელშეკრულების 11.3.4. პუნქტი).

12. ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში და ა.შ. შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გარანტიის გამცემი ორგანოსათვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.

13. 03.02.2017 წლის ხელშეკრულების დადებამდე, ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილ იქნა ბანკის მიერ, 2017 წლის 02 თებერვალს გაცემული, 40300.00 ლარის ოდენობის საბანკო გარანტია - Nპე39766 -17.

14. 2017 წლის 21 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასცა 03.02.2017 წლის №33 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ნებართვა.

15. სამუშაოთა დაწყების ნებართვის/თანხმობის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირების მიზნით, წერილობითი შეტყობინება კომპანიას გაეგზავნა ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ....., თუმცა, გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

16. 2017 წლის 10 მარტს, მოპასუხემ, იმავე მისამართზე, 02.03.2017 წლის №01/145 გაფრთხილების წერილი გაუგზავნა მოსარჩელეს და აცნობა სამუშაოთა დაუწყებლობის გამო, ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, თუმცა, წერილობითი კორესპოდენცია ადრესატს ამჯერადაც ვერ ჩაბარდა.

17. 2017 წლის 14 მარტს, მოსარჩელემ თავად მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ მან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად განახორციელა გარკვეული ღონისძიებები, მათ შორის, აწარმოა მოლაპარაკებები და გააფორმა ხელშეკრულებები კონტრაჰენტ კომპანიებთან ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სამშენებლო მასალისა და შესაბამისი ტექნიკის მობილიზების მიზნით; შეისყიდა და სამუშაოების დაწყების ადგილზე განათავსა 504 გრძივი მეტრი გოფრირებული მილი, დიამეტრით-200 მმ შ-8; მოახდინა მძიმე ტექნიკის, ასფალტის საჭრელი დანადგარის და სხვა საჭირო ტექნიკის მობილიზება. გარდა ამისა, 2017 წლის 14 მარტის წერილით, მოსარჩელემ ითხოვა, მომხდარიყო მისი ინფორმირება სამუშაოების დაწყების ნებართვის/თანხმობის გაცემის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ნებართვის მიღებამდე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეწყო სამუშაოები.

18. 2017 წლის 15 მარტს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამოსცა №01-06-257 ბრძანება, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს - 9670.90 ლარის დაკისრების თაობაზე.

19. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტასა და პირგასამტეხლოს დაკისრებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მხრიდან 03.02.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვის გაცემიდან 5 დღის ვადაში დაუწყებლობის მიზეზით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მთლიანი ხელშეკრულების ღირებულების 1%-მდე მიღწევა.

20. 2017 წლის 21 მარტს, მოპასუხემ (ბენეფიციარი) №01/1854 წერილით მიმართა ბანკს (გარანტი) 2017 წლის 2 თებერვალს გაცემული, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველმყოფი საბანკო გარანტიით Nპე39766-17 გათვალისწინებული თანხის - 40 300 ლარის გამგეობის ანგარიშზე გადარიცხვის მოთხოვნით. მოთხოვნის საფუძველზე, ბანკის 31.03.2017წ. N01 საგადასახადო დავალებით, საბანკო გარანტიის თანხა - 40300 ლარი სრულად გადაირიცხა გამგეობის საბანკო ანგარიშზე.

21. მოპასუხემ 2017 წლის 17 მარტის N01/1766 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ნებართვის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში, კომპანიის მიერ სამუშაოების დაწყების ვალდებულების დარღვევის გამო, კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით. თუმცა, 2017 წლის 02 მაისს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ გამოსცა N1340 განკარგულება მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ" იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს სამუშაოთა დაწყების შესახებ ნებართვის გაცემის თაობაზე ინფორმაცია არ გადასცემია.

22. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელემ, მის ფაქტიურ მისამართად მიუთითა - ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ...... (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 34-39). საფოსტო უკუგზავნილებით ირკვეოდა, რომ მოპასუხის 21.02.2017წ და 02.03.2017 წერილები მშენებლობის წარმოებაზე თანხმობის გაცემის, სამუშაოთა დაწყების თაობაზე მოთხოვნის წარდგენის, ასევე, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 1%-მდე ოდენობით პირგასამტეხლოს მიღწევის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, მოსარჩელეს გაეგზავნა ორჯერ, მის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ......, თუმცა, გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა მოუძიებლობის გამო, მათ შორის, მეორე გზავნილი ვერ ჩაბარდა 14.03.2017 წ. და უკან დაუბრუნდა გამგზავნს.

23. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბანკის მიერ, 2017 წლის 31 მარტს დაკმაყოფილებული იქნა მოსარჩელის დავალებით, 2017 წლის 02 თებერვალს გაცემული PE39766-17 გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარის - მოპასუხის მიერ წამოყენებული მოთხოვნა და გადაირიცხა მოთხოვნის თანხა 40,300 ლარის ოდენობით. ვინაიდან, აღნიშნული გარანტიის უზრუნველყოფას წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილი ფულადი თანხა, რაც PE39766-17-ა გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადატანილი იქნა ბანკის სპეციალურ ანგარიშზე, მოთხოვნის თანხის გადარიცხვის შემდეგ, მოსარჩელეს, ბანკის მიმართ, წარმოეშვა დავალიანება, რისი დაფარვაც მოხდა ზემოაღნიშნული გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული, მოსარჩელის კუთვნილი თანხიდან (ტ.2.ს.ფ.60).

24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები სადავოდ ხდიდნენ იმ გარემოებებს, რომლებიც შეეხებოდა მოსარჩელისათვის, 2017 წლის 3 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N33 ხელშეკრულების (ნარდობის ხელშეკრულების) შეუსრულებლობის/სამუშაოების არ დაწყების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და საბანკო გარანტიის თანხის გადახდევინების მართლზომიერებას.

25. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ, სამუშაოს შესრულების ნებართვა/თანხმობის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირება მოახდინა. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4.4 მუხლზე, რომლის თანახმად, მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად). ვინაიდან, საქმეში განთავსებული საფოსტო გზავნილებით ირკვეოდა, რომ სამუშაოთა დაწყების ნებართვის/თანხმობის თაობაზე შეტყობინება მოსარჩელეს გაეგზავნა ორჯერ, ხელშეკრულებაში, მის მიერვე მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე - ქ. თბილისი, ....., მიუხედავად იმისა, რომ მისამართზე არავინ დახვდა, პირველივე გზავნილის შესაბამისად 2017 წლის 22 თებერვალს შეტყობინება ოფიციალურად გაგზავნილად და ჩაბარებულად უნდა მიჩნეულიყო. შესაბამისად, დაცული იყო შეტყობინების ადრესატისათვის გაგზავნის წესები.

26. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას სამუშაოები დაეწყო ნებართვის მოპოვების შემდეგ 5 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სამუშაოს არ დაიწყებდა მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული დღეების გასვლის შემდეგ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ არდაწყებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოთა დაწყების ნებართვის/თანხმობის თაობაზე შეტყობინება მოსარჩელეს იფიციალურად გაეგზავნა და ჩაბარებულად ითვლებოდა, 2017 წლის 22 თებერვალს, მოსარჩელე ვალდებული იყო სამუშაოთა შესრულება დაეწყო 5 დღის ვადაში, რაც არ განახორციელა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები წარმოშობილად მიიჩნია.

27. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განაკვეთი არაგონივრულად მიიჩნია და მის შესამცირებლად იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო ყოველ არდაწყებულ დღეზე, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,1%-ის ოდენობით შემცირდა და განისაზღვრა 0,02%-ით. ამდენად, პირგასატეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 161,18 ლარით, ხოლო 12 დღის პირგასამტეხლო, ნაცვლად 9670,90 ლარისა - 1934,18 ლარით (805 908 x 0,02% x 12 = 1934,18). შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მთლიანად გაუქმდა, შემსყიდველის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო გაუქმდა და მოპასუხის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლო განისაზღვრა 1934,18 ლარით.

28. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგზე: ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტასა და პირგასამტეხლოს დაკისრებას საფუძვლად დაედო ნებართვის გაცემიდან 5 დღის ვადაში მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაუწყებლობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 12 დღის პირგასამტეხლოს ოდენობის, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1%-მდე მიღწევა.

29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

30. იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველს ხელშეკრულების შეწყვეტამდე დამატებითი ვადა არ განუსაზღვრავს და არც ისეთ გარემოებაზე მიუთითებია, რაც დაადასტურებდა, რომ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი, რაც აუცილებელს გახდიდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას, მოპასუხის 2017 წლის 15 მარტის, №01-06-257 ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე უმართებულოდ იქნა მიჩნეული. შესაბამისად, სააპელაციო სასმართლოს მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

31. ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე მიუთითა იმაზე, რომ მოპასუხის 2017 წლის 15 მარტის, №01-06- 257 ბრძანების შინაარსის მიხედვით, შეწყვეტას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს ოდენობამ გადააჭარბა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1%-ს. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, 12 დღის პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად განისაზღვრა 1934,18 ლარი, რაც ხელშეკრულების მთლიან ღირებულების 805 908 ლარის 1%-ზე ნაკლებია, შესაბამისად, ამ საფუძვლითაც არ არსებობდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის წინაპირობა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანება სწორი იყო.

32. ასევე, დადგენილი იქნა, რომ მოპასუხემ, საბანკო გარანტიის თანხა - 40300 ლარი მიიღო. ეს თანხა ბანკმა მოსარჩელის ანგარიშზე არსებული კუთვნილი თანხიდან აინაზღაურა. მხარეები დაობდნენ ასევე, საბანკო გარანტიის სახით მიღებული თანხის გადახდევინების მართებულობაზე. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ განმარტა სსკ-ის 879-ე, 880-ე, 881-ე მუხლების მიხედვით საბანკო გარანტის არსი და ფუნქცია სახელშეკრულებო ურთიერთობაში. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმისათვის, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილიყო არსებობდა თუ არა პრინციპალის მიერ, საბანკო გარანტიის გამოთხოვის საფუძველი, უპირველესად უნდა დადგინილიყო, რა ვალდებულების დარღვევისათვის იყო გათვალისწინებული საბანკო გარანტიის გადახდა.

33. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, საბანკო გარანტიის თაობაზე შეთანხმება გაფორმდა წერილობით, თუმცა, მასში გამოხატული ნება, რომლითაც გარანტორი იღებდა ვალდებულებას „ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“ გადაეხადა გარანტიის თანხა - ბუნდოვან ჩანაწერად შეფასდა სააპელაციო სასამართლოს მიერ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხელშეკრულების ამ ჩანაწერში არ იყო განსაზღვრული კონკრეტული ვალდებულების დარღვევა და მოითხოვდა განმარტებას. სსკ-ის 115-ე მუხლის შესაბამისად, კონკრეტული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის კრედიტორზე გადახდის ვალდებულების წარმოიშობა ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ეწინააღმდეგებოდა სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს. როგორც, ბანკის გარანტიების სამსახურისადმიგაგზავნილი, მოპასუხის 2017 წლის 23 მარტის წერილით ირკვეოდა, საბანკო გარანტიის თანხა მოთხოვნილი იქნა იმ შემთხვევის გამო, რომ პრინციპალის მიმართ დარიცხულმა პირგასამტეხლომ გადააჭარბა მთლიანი ხელშეკრულების ღირებულების 1%, რამაც განაპირობა, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა (ტ.2.ს.ფ.95).სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ, საბანკო გარანტიის გამოთხოვის კონკრეტულ საფუძველს წარმოადგენდა, ხელშეკრულების 11.3.3 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ზღვრულ ოდენობამდე მიღწევა და ამ საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა. იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და და დადგენილი იქნა, რომ არ არსებობდა სსკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა ხელშეკრულების შეწყვეტისა, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე (ბენეფიციარი) არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილება.

34. ამდენად, მოპასუხეს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მიღებული ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც, სსკ-ის 976-ე (1 ,,ა“) და 979-ე (1) მუხლების შესაბამისად, ექვემდებარებოდა დაბრუნებას, რის გამოც, არ არსებობდა ამ ნაწილში, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

35. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით.

36. მოპასუხემ (აპელანტი) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოსარჩელემ (მოწინააღმდეგე მხარე) - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 1934.18 ლარის (პირგასამტეხლო) დაკისრების ნაწილში.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. შესაბამისად, საკასაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მხოლოდ მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარის) საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე, რომლის მიხედვით, კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს 1934.18 ლარის დაკისრების კანონიერებას. კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა ხელშეკრულების დარღვევის, კონკრეტულად კი, დადგენილ ვადაში, სამუშაოების არ დაწყების გამო, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევა, რადგან სამუშაოთა დაწყების შესახებ ნებართვა მოსარჩელეს არ ჩაბარებია. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება, მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლიანობას. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინება სამუშაოთა დაწყების ნებართვის გაცემის შესახებ და აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ ეფუძნება სამართლის კონკრეტულ ნორმას (იხ., ამ განჩინების პ. 25). მოპასუხეს შეეძლო მოსარჩელისათვის შეტყობინება გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც ასევე მითითებული იყო იურიდიული პირების რეესტრში, თუმცა, არ გააგზავნა. მეორე კასატორის მითითებით, სახელმწიფო შესყიდვებიდან გამომდინარე, მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე, მიმოწერა სავალდებულო არაა. შეტყობინება ოფიციალურად ჩაბარებულად ითვლება სისტემაში მისი ჩატვირთვის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს შეტყობინება სისტემაში არ აუტვირთავს. ამდენად, მოპასუხემ ვერ წარმოადინა ვერც ერთი მტკიცებულება, რაც მოსარჩელისათვის, თუნდაც, ზეპირსიტყვიერად, ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დაადასტურებდა.

სამოტივაციო ნაწილი:

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2020 წლის 16 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

39. კასატორის ძირითადი პრეტენზია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მისთვის 1934.18 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების არაკანონიერებას შეეხება. კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა ხელშეკრულების დარღვევის, კონკრეტულად კი, დადგენილ ვადაში, სამუშაოების არ დაწყების გამო, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

40. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიმართ კასატორს შედავება არ წარმოუდგენია და მაშასადამე, ამ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნია:

41. 2017 წლის 3 თებერვალს, მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N33 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა ქ.ქობულეთში, .... ქუჩის მოასფალტებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების შესრულების ვალდებულება. სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 805 908.00 ლარით. ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 150 დღე, მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან. მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, სამუშაოები დაეწყო ნებართვის მოპოვების შემდეგ, 5 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სამუშაოს არ დაიწყებდა მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული დღეების გასვლის შემდეგ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ არდაწყებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,1%-ის ოდენობით (ხელშეკრულების 11.3.3. პუნქტი). თუ პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევდა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება (ხელშეკრულების 11.3.4. პუნქტი).

42. 2017 წლის 21 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასცა 03.02.2017 წლის №33 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ნებართვა. სამუშაოთა დაწყების ნებართვის/თანხმობის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირების მიზნით, წერილობითი შეტყობინება კომპანიას გაეგზავნა ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ..... , თუმცა, გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. 2017 წლის 10 მარტს, მოპასუხემ, იმავე მისამართზე, 02.03.2017 წლის №01/145 გაფრთხილების წერილი გაუგზავნა მოსარჩელეს და აცნობა სამუშაოთა დაუწყებლობის გამო, ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, თუმცა, წერილობითი კორესპოდენცია ადრესატს ამჯერადაც ვერ ჩაბარდა. 2017 წლის 14 მარტს, მოსარჩელემ თავად მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ მან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად განახორციელა გარკვეული ღონისძიებები, მათ შორის, აწარმოა მოლაპარაკებები და გააფორმა ხელშეკრულებები კონტრაჰენტ კომპანიებთან ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სამშენებლო მასალისა და შესაბამისი ტექნიკის მობილიზების მიზნით; შეისყიდა და სამუშაოების დაწყების ადგილზე განათავსა 504 გრძივი მეტრი გოფრირებული მილი, დიამეტრით-200 მმ შ-8; მოახდინა მძიმე ტექნიკის, ასფალტის საჭრელი დანადგარის და სხვა საჭირო ტექნიკის მობილიზება. გარდა ამისა, 2017 წლის 14 მარტის წერილით, მოსარჩელემ ითხოვა, მომხდარიყო მისი ინფორმირება სამუშაოების დაწყების ნებართვის/თანხმობის გაცემის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ნებართვის მიღებამდე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეწყო სამუშაოები.

43. 2017 წლის 15 მარტს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამოსცა №01-06-257 ბრძანება, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს - 9670.90 ლარის დაკისრების თაობაზე, რასაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მხრიდან 03.02.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვის გაცემიდან 5 დღის ვადაში დაუწყებლობის მიზეზით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მთლიანი ხელშეკრულების ღირებულების 1%-მდე მიღწევა.

44. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო კონტრაჰენტის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, თუმცა, ამავე საქმეზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განჩინებით დადგენილია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტა არამართლზომიერად, შესაბამისი წინაპირობების დაუცველად განხორციელდა (იხ., სუსგ №ას-1747-2019, 16.03.2020წ.), კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხემ არ დაიცვა სსკ-ის 405-ე მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები, როგორიცაა გაფრთხილება, დამატებითი ვადის მიცემა და ა.შ. ხოლო, რაც შეეხება საკუთრივ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას, რის გამოც, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მოთხოვნები და ნებართვის/თანხმობის მიღებიდან 5 დღეში არ დაიწყო სამუშაოთა წარმოება, მოპასუხეს დააკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

45. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ, სამუშაოს შესრულების ნებართვა/თანხმობის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირება მოახდინა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4.4 მუხლზე, რომლის თანახმად, მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად). ვინაიდან, საქმეში განთავსებული საფოსტო გზავნილებით ირკვეოდა, რომ სამუშაოთა დაწყების ნებართვის/თანხმობის თაობაზე შეტყობინება მოსარჩელეს გაეგზავნა ორჯერ, ხელშეკრულებაში, მის მიერვე მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე - ქ. თბილისი, ..... ქუჩა №33-ში, მიუხედავად იმისა, რომ მისამართზე არავინ დახვდა, პირველივე გზავნილის შესაბამისად 2017 წლის 22 თებერვალს შეტყობინება ოფიციალურად გაგზავნილად და ჩაბარებულად უნდა მიჩნეულიყო. შესაბამისად, დაცული იყო შეტყობინების ადრესატისათვის გაგზავნის წესები.

46. კასატორის (მოსარჩელე) მტკიცებით, მას ნებართვა/თანხმობა სამუშაოს დაწყებაზე, რომლის გარეშეც ის არ იყო უფლებამოსილი დაეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, არ მიუღია, რის გამოც, დაუშვებელია ის მიჩნეულ იქნეს ბრალეულად სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოებაა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობისთვის მნიშვნელოვანი.

47. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

48. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ 2017 წლის 21 თებერვალს, მართალია, გასცა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ნებართვა/თანხმობა, მაგრამ ნებართვის/თანხმობის თაობაზე, მოსარჩელე კომპანიის ინფორმირება სათანადო წესით არ მოუხდენია. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანიას სამუშაოები უნდა დაეწყო ნებართვის შინაარსის შესაბამისად. (მაგ. გამგეობის მიერ გაცემული ნებართვა მიმწოდებელს ავალდებულებდა უზრუნველეყო სამუშაოების დაწყების პროცესში ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეთა დასწრება).

49. უდავოა, რომ ნებართვის მიღებამდე მოსარჩელე უფლებამოსილი არ იყო დაეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება. შესაბამისად, სამუშაოების დაწყებამდე შემსყიდველი ვალდებული იყო უზრუნველეყო მიმწოდებელი ნებართვის/თანხმობის გაცნობის შესაძლებლობით.

50. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დარწმუნა სასამართლო, რომ მან სათანადო წესით მოახდინა მოსარჩელის ინფორმირება სამუშაოთა დაწყების შესახებ. გარდა ამისა, მოპასუხეს არც კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება მიმწოდებლის ინფორმირებისათვის ამოუწურავს.

51. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კომპანია ვალდებული იყო სამუშაო დაეწყო ნებართვის მოპოვებიდან 5 დღის ვადაში, ის კი სამუშაოთა დაწყებაზე თანხმობის/ნებართვის შესახებ ინფორმირებული არ იყო, უნდა მივიჩნიოთ, რომ მას სამუშაოთა დაწყების ვალდებულება არ წარმოშობია და აქედან გამომდინარე, არ არსებობდა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში მოპასუხის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანების გამოცემის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება.

52. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

53. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

54. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

55. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

56. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

57. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

58. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

59. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

61. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. საქმე №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

62. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. საქმე №ას-428-428-2018, 13.07.2018წ.)

63. პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ამასთან, პირგასამტეხლოს მთელი ბედ-იღბალი ძირითადი უფლების ბედ-იღბალზეა დამოკიდებული, იგი ძირითადი უფლების სამსახურში დგას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება (ლ. ჭანტურია და სხვები, საქართველოს სამოქალაქო კოდექის კომენტარი, 2001წ, გვ. 489).

64. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

65. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდა და განისაზღვრა 1934,18 ლარით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატას წარმოშობილად არ მიაჩნია პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები, ამიტომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილში და მოსარჩელე სრულად უნდა გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.

66. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

67. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს 300 ლარი და საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უცხოური საწარმოს ფილიალი - „შ.პ.ა. მ.კ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი უცხოური საწარმოს ფილიალი - „შ.პ.ა. მ.კ;ს–ოსათვის“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 1934.18 ლარის (პირგასამტეხლო) დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდეს და უცხოური საწარმოს ფილიალი - „შ.პ.ა. მ.კ.ს–ო“ გათავისუფლდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს უცხოური საწარმოს ფილიალი - „შ.პ.ა. მ.კ.ს–ოს“ სასარგებლოდ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე