Facebook Twitter

საქმე №ას-1355-2018 26 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საკასაციო პალატამ განიხილა სს „ს.კ. ჯ.ჰ–ის“ განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „ს.კ. ჯ.ჰ–ისა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო, სს „ს.კ. ჯ.ჰ–ის“ მიმართ, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კასატორ სს „ს.კ. ჯ.ჰ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატას განცხადებით მომართა სს „ს.კ. ჯ.ჰ–ის“ წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ განჩინებაში დაშვებული იყო უსწორობა, კერძოდ, არასწორად იყო მითითებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი, რის გამოც, მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობა. ამასთანავე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალების თანახმად, სს „ჯ.ჰ–მა“ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2018 წლის 8 აგვისტოს. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებაში კი, მითითებულია 2019 წლის 8 აგვისტო, შესაბამისად, სახეზეა ტექნიკური ხასიათის უსწორობა, რაც ექვემდებარება შესწორებას. ამასთანავე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ უშუალოდ საქმის მასალებით და არც ელექტრონული წარმოების მონაცემებით არ დგინდება საკასაციო პალატის ხსენებულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ფაქტი, უფრო მეტიც, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება არ წარმოადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ იძულებით აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტს, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობაც არ არსებობს და ვერც მის გასწორებაზე იმსჯელებს პალატა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის №ას-1355-2018 განჩინებაში დაშვებული უსწორობა და მისი მე-3 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კასატორ სს „ს.კ. ჯ.ჰ–ს“ (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 08.08.2018წ. #1533726047 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.კ. ჯ.ჰ–ის“ განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის №ას-1355-2018 განჩინებაში დაცშვებული უსწორობა და განჩინების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: კასატორ სს „ს.კ. ჯ.ჰ–ს“ (ს/კ #.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 08.08.2018წ. #1533726047 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი