Facebook Twitter

საქმე №ას-962-927-2016 11 თებერვალი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) – ა.ა–ძე

კასატორის წარმომადგენელი - ლ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე) – შპს „ქ–ი“

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი - შპს "ქ–ის" დირექტორი ქ. თ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 06 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება (სარჩელში), ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდა (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ა–ძესა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მეიჯარე) და შპს ,,ქ–ს'' (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო ან მოიჯარე) შორის, 2012 წლის 26 ივლისს, წერილობით დაიდო იჯარის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მეიჯარემ, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმში, ....., ს/კ ...... იჯარით გადასცა მოიჯარე საწარმოს რესტორნის და სასტუმროს მოსაწყობად. საიჯარო ქირა - 1000 აშშ დოლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 30 აგვისტომდე განისაზღვრა. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, იჯარით აღებულ ფართში მოიჯარე საწარმო, პირველ და მეორე სართულებზე, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფდა სასტუმროს მოწყობას; სახლს დააშენებდა მესამე სართულს, სადაც, მოაწყობდა საცხოვრებელ ფართს; ეზოში არსებულ ბარს მოაწყობდა და აამუშავებდა, ხოლო ეზოში მაღაზიას ააშენებდა (იხ. ტ. 2, ს. ფ 19-22).

2. ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების გარემონტების ხარჯის 1/2 ნაწილი იჯარის ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის გასვლის შემდეგ ანაზღაურდებოდა. მოიჯარემ საიჯარო ფართში ჩაატარა სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები.

3. ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის დაგვიანების შემთხვევაში მოიჯარეს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.7 %.

4. 2012 წლის 26 ივლისის იჯარის ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე - 2014 წლის გაზაფხულზე.

5. მეიჯარისა და მოიჯარე საწარმოს დირექტორის ქ– თ–ძის მიერ ხელმოწერილ, 2013 წლის 12 სექტემბრის ხელწერილში დაფიქსირებულია შემდეგი: ”2012 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 12 სექტემბრამდე სულ დახარჯულია სახლის რემონტზე 33760 ლარი. აქედან ჩემი (ანუ მეიჯარის მიერ) გადასახდელია 2 წლის მერე აღნიშნული თანხის ნახევარი, ე.ი. 16880 ლარი“ (ტ. 2, ს. ფ. 23).

6. შპს ”გ”-ს აუდიტორის მიერ 2015 წლის 23 აპრილს შედგენილი დასკვნის მიხედვით დამკვეთის, ანუ მეიჯარის განმარტების საფუძველზე, შეფასდა ქ. ბათუმში, ....., ს/კ ..... ხის კონსტრუქციის საწყობის, სამზარეულოსა და სამრეცხაოს ასაშენებელი ღირებულება, რაც 6013,85 ლარით განისაზღვრა (ტ. 2, ს. ფ 121-124).

7. სასარჩელო მოთხოვნა

7.1. მოიჯარე საწარმომ 2015 წლის 30 მარტს სარჩელით მიმართა სასამართლოს მეიჯარის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის, საწარმოს სასარგებლოდ, მოითხოვა 40 000 ლარის დაკისრება, ამ თანხის ამოღების მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მეიჯარის საკუთრებად რიცხული 907 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული 367.30 კვ. მ შენობა ნაგებობის (მდებარე ქ. ბათუმში, .....; ს/კ ......) რეალიზაცია.

7.2. მოსარჩელის განმარტებით, ის თავდაპირველად 2012 წლის აპრილში ზეპირად შეთანხმდა მეიჯარესთან საიჯარო ურთიერთობაზე, მოგვიანებით კი, 2012 წლის ივლისის თვეში, ზეპირად შეთანხმებული ცალკეული პირობა არასწორად აისახა წერილობით ხელშეკრულებაში, კერძოდ, მხოლოდ რემონტის ღირებულების ნახევრის დაბრუნების ვალდებულება ჩაიწერა ხელშკრულებაში და არ დაფიქსირდა 4 წლის ქირის სარემონტო სამუშაოების ხარჯების სანაცვლოდ გაქვითვის ვალდებულება, ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში - ამ თანხის სრულად დაბრუნების ვალდებულება;

7.3. მოიჯარე საწარმოს დირექტორის მიერ გამოთქმული პროტესტის საპასუხოდ მეიჯარემ იგი დაარწმუნა, რომ არ დაარღვევდა ზეპირ შეთანხმებას და მოიჯარეს, 2014 წლის მარტის თვიდან შეეძლო აღარ გადაეხადა მეიჯარისათვის მომდევნო თვეების ქირის თანხა, რაც მოიჯარის მიერ ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებში გაიქვითებოდა;

7.4. მოიჯარე საწარმომ პირნათლად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გაარემონტა და კეთილმოაწყო იჯარით აღებული ფართი, რისთვისაც 33 760 ლარი დახარჯა. მოიჯარე საწარმოს დირექტორის - ქ. თ–ძის მოთხოვნით, მეიჯარემ ბლოკნოტში დაუწერა ხელწერილი, რომლის თანახმად მხოლოდ მითითებული თანხის ნახევრის - 16 880 ლარის გადახდის ვალდებულება აიღო. ამავე ბლოკნოტში (რვეულში) ასახულია ქირის გადახდის ვალდებულებაც;

7.5. 2013 წლის დეკემბრის თვის მიწურულს მეიჯარემ მოიჯარე საწარმოს დირექტორს შესთავაზა, რომ 2014 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების (სულ სამი თვის) საიჯარო ქირის ანგარიშში მისთვის დაეტოვებინა რესტორნისა და სასტუმროს ინვენტარი იმ დროისათვის, როდესაც ხელშეკრულების ვადა ამოიწურებოდა. საწარმოს დირექტორი დაეთანხმა ამ შეთავაზებას და მას მართლაც აღარ გადაუხდია მითითებული სამი თვის ქირა;

7.6. მოსარჩელის მტკიცებით, 2014 წლის მარტში, როდესაც მოახლოვდა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულების ვადა, ანუ მომდევნო 4 წლის ქირის საფასურის სარემონტო სამუშაოების ღირებულებაში გაქვითვის დრო, მეიჯარემ და მისმა ოჯახმა, ყოველგვარი განმარტების გარეშე, დაქირავებული შენობიდან ცემით გააძევეს საწარმოს დირექტორი და კომერციული ობიექტების ფუნქციონირებაც შეწყდა. მეიჯარემ უარი განაცხადა სარემონტო სამუშაოებისათვის მოიჯარის მიერ გაწეული ხარჯების - 33 760 ლარის ანაზღაურებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანხის ნახევრის ღირებულების გადახდის ვალდებულება ხელწერილით აღიარა.

8. მოპასუხის პოზიცია

8.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არავითარი ზეპირი შეთანხმება არ მომხდარა სარემონტო თანხების შესახებ. ზეპირი შეთანხმება მხოლოდ უძრავი ქონების იჯარით გაცემას ეხებოდა, მაგრამ არა იმ პირობებით, როგორც ამას მოიჯარე უთითებს სარჩელში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოიჯარე შეასრულებდა სარემონტო სამუშაოებს, შეადგენდა შესაბამის ხარჯთაღრიცხვას, რომლის ნახევარს მეიჯარე გადაიხდიდა. მოპასუხეს სასწრაფოდ უნდა დაეფარა საბანკო კრედიტი და ამ გადასახადის გამო არ დაელოდა ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას, ისე მოუწერა ხელი მოიჯარეს 16 880 ლარის გადახდის ვალდებულებაზე. მოსარჩელეს დღემდე არ წარუდგენია მოპასუხისათვის ხარჯთაღრიცხვა; სარემონტო სამუშაოები მოიჯარეს საკუთარი ბიზნეს-საქმიანობისათვის სჭირდებოდა;

8.2. მეიჯარემ მხოლოდ სარემონტო სამუშაოებისათვის გადახდილი თანხის ნახევრის გადახდის ვალდებულება აიღო, რაც ორმხრივი ხელმოწერითაა დადასტურებული;

8.3. მოსარჩელე ამახინჯებს ფაქტებს, მას არ გადაუხდია ქირა 2013 წლის ივლისის შემდეგ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, 2014 წლის 27 იანვრამდე, რაც 6 თვის გაანგარიშებით, 9000 აშშ დოლარს შეადგენს და დასტურდება თანხის გადმოცემის ხელწერილით (მიღება-ჩაბარების აქტით);

8.4. მოიჯარე საწარმომ, ასევე დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები: არ აუშენებია მაღაზიის ტიპის შენობა; არ გადაუხდია დროულად 6 თვის ქირა და პირგასამტეხლო (0,7%); დაანგრია ეზოში არსებული სამზარეულო; გადასახდელი აქვს ელ-ენერგიის საფასური- 212 ლარი; არ წარუდგენია საიჯარო ფართზე გაწეული ხარჯების ქვითრები და მტკიცებულებები; 6 თვის განმავლობაში მეიჯარესთან ინახებოდა მისი ინვენტარი; მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეიჯარეს, ამ უკანასკნელს გადასახდელი აქვს სარემონტო სამუშაოების ნახევარი - (იხ. შესაგებელი- ტ. 2, ს.ფ.37-38) ;

8.5. მეიჯარეს მოიჯარესთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 25 000 აშშ დოლარი ისესხა საწარმომ (იხ. ხელშეკრულება- ტ.2, ს.ფ.46-47).

9. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

9.1. მოპასუხემ (მეიჯარემ) 2015 წლის 13 ივლისს შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოიჯარის წინააღმდეგ და მოითხოვა, საწარმოს, მოიჯარის სასარგებლოდ, ქირის 7 600 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 4964.3 აშშ დოლარის გადახდა დაკისრებოდა, ასევე, ზიანის სახით- 6013.85 ლარისა და ელ. ენერგიის დავალიანების 212 ლარის გადახდა (იხ. შეგებებული სარჩელი - ტ.2, ს.ფ.95-108);

9.2. მეიჯარის მტკიცებით, ქირის თანხა რეალურად, ყოველთვიურად 1500 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა, რადგან მოიჯარე საწარმოს უნდა გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი, საწარმოს დირექტორი თხოვნით, იჯარის ხელშეკრულებაში 1000 აშშ დოლარი დაფიქსირდა ყოველთვიური ქირის სახით, მოჯარე მეიჯარეს ხელზე 1500 აშშ დოლარს გადაუხდიდა, რასაც შგებებული სარჩელით მოპასუხე არ უარყოფს და თავდაპირველ სარჩელში სწორედ 1500 აშშ დოლარის გადახდაზე უთითებს, შესაბამისად, ამ მიზეზით შედგა სესხის ხელშეკრულება 25 000 აშშ დოლარის ქ. თ–ძისათვის სესხად გადაცემის შესახებ;

9.3. საწარმოს დირექტორი 2013 წლის აგვისტომდე დარღვევით იხდიდა ქირას, ხოლო აგვისტოდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2014 წლის 27 იანვრამდე არ გადაუხდია მეიჯარისათვის თვეში 1500 აშშ დოლარი და მე-6 თვის ანგარიშში 100 აშშ დოლარი, რაც ჯამში 7600 აშშ დოლარია;

9.4. ამ თანხის გადაუხდელობის გამო საწარმოს პირგასამტეხლოს სახით 4964, 3 აშშ დოლარი უნდა დაეკისროს;

9.5. საწარმომ მეიჯარის კუთვნილი შენობა-ნაგებობის დანგრევისათვის ზიანის სახით 6013. 85 ლარი უნდა აუნაზღაუროს შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს; მასვე უნდა დაეკისროს ელექტროენერგიის სახით რიცხული დავალიანება- 212 ლარი.

10. მოიჯარის შესაგებელი

10.1. მოიჯარე საწარმომ მის წინააღმდეგ შეგებებული სარჩელით აღძრული მოთხოვნა წერილობით წარდგენილი შესაგებლით (იხ. ტ. 2, ს.ფ.169-178) არ ცნო;

10.2. მოიჯარემ განმარტა, რომ 2012 წლის 4 მაისს მეიჯარემ მოტყუებით მოაწერინა ხელი სესხის ხელშეკრულებაზე, სინამდვილეში მხარეები ამაზე არ შეთანხმებულან. სასამართლო იხილავს სხვა დავას საწარმოს სარჩელის საფუძველზე, სადაც მეიჯარის წარმომადგენელმა ზეპირ სხდომაზე დაადასტურა, რომ მეიჯარეს ქ–.თ–ძისათვის თანხა არ უსესხებია (იხ. ტ. 2, ს.ფ. 93-94);

10.3. მოიჯარე საწარმომ უარყო მის წინააღმდეგ აღძრულ შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათ საწინააღმდეგოდ უთითებს თავდაპირველ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 7.5 -7.6 ქვეპუნქტები)

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

11.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით მოიჯარე საწარმოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მეიჯარეს, საწარმოს სასარგებლოდ, 33 760 ლარის გადახდა დაეკისრა; ამავე გადაწყვეტილებით მეიჯარის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მეიჯარის სასარგებლოდ, მოიჯარე საწარმოს ქირის - 7 600 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 400 აშშ დოლარისა და ელ. ენერგიის დავალიანების 212 ლარის გადახდა დაეკისრა.

11.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 581-ე, 545-ე, 548-ე, 973-ე, 531-ე, 558-ე მუხლებით.

12. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

12.1. მეიჯარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოიჯარის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის შეცვლა მოითხოვა, კერძოდ, ნაცვლად მეიჯარის მიერ მოიჯარისათვის 33 760 ლარისა, სარჩელის მხოლოდ 16 880 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვა, ასევე, მეიჯარის შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, მოიჯარე საწარმოსათვის, მეიჯარის სასარგებლოდ, უძრავი ქონების დაშლით გამოწვეული ზიანის - 6 013 ლარის დაკისრება მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

13.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით მოპასუხის (მეიჯარის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული გარემოებები და განმარტა, რომ აპელანტის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გამომდინარეობდეს სსკ-ის 573.1, 545-ე, 408-ე მუხლებიდან.

13.3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოსარჩელე საწარმომ იმ ფაქტის დადასტურებისათვის, რომ მოპასუხესთან დადებული იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში ეზოში მდგარი სამზარეულო დაანგრია, მიუთითა ხელშეკრულების 1.3-1.4 პუნქტებზე, ხოლო იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებისათვის ხარჯმა (მათ შორის სამზარეულოს შენობის დანგრევამ) შეადგინა 33 760 ლარი, რომლის ნახევრის გადახდის ვალდებულება მეიჯარეს გააჩნდა, მიუთითა იჯარის ხელშეკრულების 2.1.9, 2.2.4 პუნქტებზე და 2013 წლის 12 სექტემბრის ხელწერილზე.

13.4. სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის 12 სექტემბრის ხელწერილის შინაარსით ცალსახად დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ......, ს/კ ..... იჯარით გადაცემულ ქონებაზე, მოიჯარე საწარმოს მიერ განხორციელებული სარემონტო-სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე გაწეული ხარჯი 33 760 ლარია. ვინაიდან, აპელანტს (მეიჯარეს) ამ მტკიცებულების საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, ვერ იქნებოდა გაზიარებული მისი მითითება, რომ მოიჯარის მიერ გაწეული ხარჯები რეალობას არ შეესაბამება.

13.5. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების, აპელანტის (მეიჯარის) 2014 წლის 24 იანვრის წერილის, სადაც დაფიქსირებულია, რომ იჯარის ხელშეკრულება შეწყდა მხოლოდ ქირის გადაუხდელობის გამო და მითითება ხელშეკრულებით აღებული სხვა ვალდებულების დარღვევაზე არ ყოფილა, ასევე მხარეთა განმარტებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოიჯარე საწარმომ, საიჯარო მიწის ნაკვეთზე არსებული სამზარეულო დაანგრია ხელშეკრულების ფარგლებში, რაც გამორიცხავს ამ მოქმედების შედეგად, მოპასუხისათვის (მეიჯარისათვის) ზიანის მიყენების ფაქტს და მისი ანაზღაურების მოსარჩელისათვის (მოიჯარე საწარმოსათვის) დაკისრების შესაძლებლობას.

13.6. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 317.1-ე, 327.1-ე, 405-ე, 545.1-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტის და 2013 წლის 12 სექტემბრის ხელწერილის შინაარსის მიხედვით მეიჯარისათვის სარემონტო ხარჯების ნახევრის გადახდის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევისათვის იყო გათვალისწინებული, თუკი მოიჯარე საწარმო ქონებით ორი წლის განმავლობაში ისარგებლებდა.

13.7. ვინაიდან ხელშეკრულება მოიშალა აპელანტის (მეიჯარის) ინიციატივით მისი დადებიდან 8 თვის, ხოლო სარემონტო სამუშაოების განხორციელებიდან - 6 თვის გასვლის შემდეგ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მეიჯარის მიერ ასანაზღაურებელი ხარჯების მოცულობა განახევრებული ვერ იქნებოდა.

14. მეიჯარის საკასაციო საჩივარი

14.1. მეიჯარემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

15.2. საკასაციო სასამართლოში, 2020 წლის 11 თებერვალს, გამართულ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ მხარეებს საქმის მორიგებით დასრულება შესთავაზა. მხარეებმა ერთობლივად დაადასტურეს საქმის მორიგებით დასრულების სურვილი და სასამართლო სხდომაზე შეადგინეს მორიგების აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მხარეებმა განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს, მორიგების აქტის პროექტი წარმოადგინეს და მორიგების აქტის დამტკიცება მოითხოვეს.

18. 2020 წლის 11 თებერვალს საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა მორიგების აქტის პირობები და იმსჯელა მორიგების აქტის დამტკიცებაზე შემდეგი პირობებით - მეიჯარე უარს ამბობს შეგებებულ სარჩელზე, მოიჯარის წინააღმდეგ და იმავდროულად საკასაციო საჩივარზე, ხოლო, თავის მხრივ, მოსარჩელე უარს ამბობს თავის სარჩელზე მოპასუხის წინააღმდეგ; მხარეებს ერთმანეთის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

20. მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

22. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

23. სსსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 83-ე, 1991-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მორიგების აქტი ა.ა–ძის (პ/ნ .....) წარმომადგენელს ლ.მ–ძეს და შპს "ქ–ის"(ს/კ ......) დირექტორს ქ.თ–ძეს (პ/ნ: .......) შორის შემდეგი პირობებით:

1. ა.ა–ძე უარს ამბობს შეგებებულ სარჩელზე, შპს "ქ–ის" წინააღმდეგ და იმავდროულად საკასაციო საჩივარზე, ხოლო, თავის მხრივ, შპს "ქ–ი" (ს/კ ......) უარს ამბობს თავის სარჩელზე ა.ა–ძის წინააღმდეგ;

2. მხარეებს ერთმანეთის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ;

3. შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების ყველა გადაწყვეტილება;

4.განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

5. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ა.ა–ძეს (პ/ნ .....) აეკრძალა - ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონების, ს/კ ...... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე