Facebook Twitter

ბს-568-537(კს-06) 1 ნოემბერი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ზ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ც. ქ-ე

მოპასუხე სარჩელში _ თერჯოლის მიწის მართვის სამმართველო (ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახური)

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ც. ქ-ემ სარჩელით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოსა და ზ. მ-ის მიმართ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან ერთადერთი ნორმალური მისასვლელი გზა გადიოდა მისი მეზობლის _ ზ. მ-ის ეზოსა და მიწის ნაკვეთის გასწვრივ, რომელიც ზ. მ-მ გადაკეტა 2000 წელს, რითაც მოუსპო საშუალება ესარგებლა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით, რადგან სხვა ჯეროვანი მისასვლელი გზა არ გააჩნდა. სოფელ ღვანკითის საკრებულოს 2002 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ზ. მ-ს დაევალა 10 დღის ვადაში გაეხსნა გზა, თუმცა მოგვიანებით _ 2002 წლის 22 აგვისტოს თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს ხელშეწყობით, აღნიშნული სადავო ნაკვეთი აღირიცხა ზ. მ-ის საკუთრებად, რითაც დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის ¹327 ბრძანებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2002 წლის 22 აგვისტოს ზ. მ-ის სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა და მოპასუხეებისთვის ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ 160 ლარის გადახდის დაკისრება.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ქ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება; ც. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2002 წლის 22 აგვისტოს ზ. მ-ზე გაცემული უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ¹893 სარეგისტრაციო მოწმობა მიწის ნაკვეთის, ზომებით _ 58,7х0,16х0,87, მიკუთვნების ნაწილში და მიწის სარეგისტრაციო მოწმობა ¹895 მიწის ნაკვეთის, ზომებით _ 141,3х2,84х2,13, მიკუთვნების ნაწილში.

2006 წლის 7 ივნისს ც. ქ-მ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (ქუთაისის საოლქო სასამართლოს უფლებამონაცვლე) და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ, მართალია, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული და ამოწერილი იყო სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ მისი აღსრულება ვერ მოხერხდა, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელში მითითებული მიწის ზომები რეალურად არ ემთხვეოდა სადავო მიწის ზომებს. განმცხადებელმა მოითხოვა განმარტება აღნიშნული შეუსაბამობის თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით ც. ქ-ს განემარტა, რომ ¹893 მიწის ნაკვეთს უნდა ჩამოჭროდა მისასვლელი გზისათვის განკუთვნილი ნაწილი შემდეგი ზომებით: სიგრძე _ 58,7 მეტრი, სიგანე ერთ მხარეს _ 0,16 მეტრი და სიგანე მეორე მხარეს _ 0,87 მეტრი, ხოლო ¹895 მიწის ნაკვეთს უნდა ჩამოჭროდა სიგრძეზე _ 141,3 მეტრი, სიგანე ერთ მხარეს _ 2,84 მეტრი და სიგანე მეორე მხარეს _ 2,13 მეტრი, რითაც გამოთავისუფლდებოდა ც. ქ-ის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა, რომლის სიგანე იქნებოდა 3 მეტრი. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაში მოცემული სადავო ნაკვეთებისთვის ჩამოჭრილი მიწის ზომები არ ნიშნავდა თვით ნაკვეთების რეალურ (სრულ) ზომებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. მ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ც. ქ-ისთვის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გაუგებარია, თუ საიდან განსაზღვრა სააპელაციო სასამართლომ ¹895 მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მითითებული ზომები, მაშინ, როდესაც შესაბამის ექსპერტიზის დასკვნაში ხსენებულ ზომებზე არაფერი იყო ნათქვამი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ¹895 მიწის ნაკვეთს სიგრძეზე უნდა ჩამოეჭრას 141,3 მეტრი, მაშინ, როდესაც აღნიშნული მიწის ნაკვეთის სიგრძე წარმოადგენს მხოლოდ 59 მეტრს. გაუგებარია, თუ რა სიგრძის მიწის ნაკვეთი უნდა მიეღო ც. ქ-ს, ასევე გაუგებარია, თუ რომელი ზომების გათვალისწინებით იქნა აღებული შემდეგი ზომები: სიგანე ერთ მხარეს _ 2,84 მეტრი, ხოლო მეორე მხარეს _ 2,13 მეტრი. გარდა ამისა, თუ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ზემოაღნიშნულ ზომებზე, მაშინ რატომ აღნიშნა, რომ უნდა გამოთავისუფლდეს 3 მეტრი სიგანის გზა.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების განმარტებისას დაუშვა შეცდომა, რადგან არასწორად მიუთითა, რომ უნდა გამოთავისუფლებულიყო ც. ქ-ის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი, 3 მეტრი სიგანის გზა _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაში არსად წერია, რომ უნდა გამოთავისუფლდეს 3 მეტრი სიგანის გზა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ¹893 და ¹895 მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მოწმობების ნაწილობრივ ბათილად ცნობას უნდა გამოეწვია ზ. მ-ისა და რ. ჯ-ის საკარმიდამო ნაკვეთებს შორის გამავალი, 200 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის გზის გამოთავისუფლება, რომელიც შეცდომით მიეზომა ზ. მ-ს, რაც დასტურდებოდა საქმის მასალებით, ხოლო, რაც შეეხებოდა ხსენებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა მოთხოვნის ფარგლებში, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგი უნდა ყოფილიყო ც. ქ-ის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის გამოთავისუფლება. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება განმარტა მისი შინაარსის შეუცვლელად, რის გამოც არ არსებობდა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ¹893 და ¹895 მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მოწმობების ნაწილობრივ ბათილად ცნობას უნდა გამოეწვია ზ. მ-ისა და რ. ჯ-ის საკარმიდამო ნაკვეთებს შორის გამავალი, 200 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის გზის გამოთავისუფლება, რომელიც შეცდომით მიეზომა ზ. მ-ს, ხოლო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა მოთხოვნის ფარგლებში, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგი უნდა ყოფილიყო ც. ქ-ის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის გამოთავისუფლება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ გარკვევით განმარტა, რომ ¹893 მიწის ნაკვეთს უნდა ჩამოჭროდა მისასვლელი გზისათვის განკუთვნილი ნაწილი შემდეგი ზომებით: სიგრძე _ 58,7 მეტრი, სიგანე ერთ მხარეს _ 0,16 მეტრი და სიგანე მეორე მხარეს _ 0,87 მეტრი, ხოლო ¹895 მიწის ნაკვეთს უნდა ჩამოჭროდა სიგრძეზე _ 141,3 მეტრი, სიგანე ერთ მხარეს _ 2,84 მეტრი და სიგანე მეორე მხარეს _ 2,13 მეტრი, რითაც გამოთავისუფლდებოდა ც. ქ-ის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა, რომლის სიგანე იქნებოდა 3 მეტრი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გაუგებარია, თუ რის მიხედვით იქნა აღებული გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული მიწის ნაკვეთის ზომები, ხოლო თუ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აღნიშნულ ზომებზე, მაშინ მას არ უნდა განემარტა, რომ უნდა გამოთავისუფლებულიყო 3 მეტრი სიგანის გზა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების განმარტებისას დაუშვა შეცდომა, რადგან არასწორად მიუთითა, რომ უნდა გამოთავისუფლებულიყო ც. ქ-ის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი 3 მეტრი სიგანის გზა, მაშინ, როდესაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაში არსად წერია, რომ უნდა გამოთავისუფლდეს 3 მეტრი სიგანის გზა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში პირდაპირ და გარკვევით არის მითითებული, რომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილი იყო, რომ ც. ქ-ის ნაკვეთთან მისასვლელი ერთადერთი გზა, სიგრძით 200 მეტრი და სიგანით 3 მეტრი გადიოდა მისი მეზობლების _ ზ. მ-ისა და რ. ჯ-ის საკარმიდამო ნაკვეთებს შორის. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეების მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში, ანუ მოცემული საქმის მხარეები, ფაქტობრივად, მთლიანად დაეთანხმნენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოცემული მიწის ნაკვეთების ზომები ზუსტად შეესაბამება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში განმარტების სახით მოცემულ მიწის ნაკვეთის ნაწილების ზომებს. აღნიშნული ზომების შესაბამისი კომპლექსურ-ერთობლივი ანალიზი უდავოდ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მითითების მართებულობას ც. ქ-ის ნაკვეთთან მისასვლელი გზის 3 მეტრის სიგანეზე, რაც ასევე დაკონკრეტებულია 2006 წლის 19 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის (გასაჩივრებული განჩინების მიღებისას მოქმედი რედაქცია) თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება ჰქონდა მხარეთა თხოვნით განემარტა გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში, კერძოდ, მისი შინაარსის შეუცვლელად, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.