საქმე №ას-1655-2019 7 თებერვალი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ი.კ–ა, ა.ქ–ა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. ზუგდიდში, ..... ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 577.00 კვ.მ საჯარო რეესტრში ირიცხება ა.ქ–ას (½ ნაწილი) (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი), ი.კ–ასა (¼ ნაწილი) (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) და ნ.კ–ას (¼ ნაწილი) (შემდეგში: მოსარჩელე) თანასაკუთრებად (ტ. 1, ს. ფ, 19-20).
2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 26.10.2018 წლის დასკვნის თანახმად სადავო უძრავი ქონების სამ იზოლირებულ, ერთგვაროვან ნაწილად, დამოუკიდებელ საკუთრებაში გამოყოფა, მოქმედი ტექნიკური ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით, ფუნქციონალური დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე, ტექნიკურად შეუძლებელია, ე.ი. საზიარო უფლების სადავო საგანი ნატურით გაყოფადი არ არის (ტ. 1, ს. ფ. 79-91).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1. მოსარჩელემ 2018 წლის 19 თებერვალს სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ საზიარო ქონების გაყოფის, საზიარო უფლების გაუქმების, საგნის აუქციონზე გაყიდვისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
4. მოპასუხეთა შესაგებელი
4.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნეს.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
5.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მხარეებს შორის გაუქმდა საზიარო უფლება ქ. ზუგდიდში, ...... მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო საგნის აუქციონის წესით გაყიდვის გზით და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდა მხარეებს შორის თავ-თავიანთი წილის პროპორციულად (შესაბამისად); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 105-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 173-ე, 953-ე, 961-ე, 963-ე, 964-ე, 170-ე, 992-ე, 413-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
6. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი
6.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების 1-2 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 961.1-ე და 964.1-ე მუხლებია.
7.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 170.1-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების ბუნებიდან გამომდინარე (საზიარო საკუთრებიდან), ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად სხვა თანამესაკუთრეთა არსებობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით იზღუდება.
7.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომ სადავო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია, საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად, სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
8.2. კასატორთა განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და არ ეფუძნება საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
8.3. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 2005 წელს, თავისი შვილის მეშვეობით, მისი წილის საფასური - 1 000 აშშ დოლარი და 600 ლარი მიღებული აქვს. იმ დროიდან, იგი სადავო სახლში არ გამოჩენილა.
8.4. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სადავო სახლში, მოსარჩელის გარდა, კიდევ 7 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ხოლო მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლი აქვს.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი შედავება არ წარმოუდგენიათ.
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორები საქმეში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ვერც საკუთარი ახსნა-განმარტებით აქარწყლებენ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს (სსკ-ის 961-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის გაყიდვით, რადგან საქმის მასალებით დადასტურებელია, რომ სადავო უძრავი ქონების გაყოფა ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარუდგენიათ. სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია, მოსარჩელისა და მოპასუხეთა თანასაკუთრება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც სსკ-ის 312-ე მუხლის მიხედვით მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, საწინააღმდეგო კასატორებს არ დაუდასტურებიათ.
14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა, ამ განჩინების 8.3 და 8.4 პუნქტებში ასახულ, პრეტენზიებს და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების ¼ ნაწილის მესაკუთრეა, შესაბამისად, მოპასუხეთა პოზიცია, რომ მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონების სანაცვლოდ თანხა მიიღო გაზიარებული ვერ იქნება. ასევე, უსაფუძვლოა პრეტენზია სადავო უძრავ ქონებაში მცხოვრები სხვა პირების უსახლკაროდ დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა“ (იხ. სუსგ №ას-39-39-2016, 01.03.2016 წ., Nას-67-65-2014, 31.07.2014 წ., №ას-774-741-2014, 20.07.2015 წ., №ას-59-58-2014, 29.06.2015 წ.).
17. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: “სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული. საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება და არა მხოლოდ ფულადი ერთეულით გამოხატული ღირებულება. პალატას მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმებისა და საკუთრებაში კუთვნილი წილის კომპენსაციის მიღების თაობაზე და იგი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ“ (საქმე #ას-1148-1194-2014, 19.03.2015 წ.).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
19. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.კ–ას და ა.ქ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.კ–ას (პ/ნ ....) და ა.ქ–ას (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ი.კ–ას (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N8649999836), გადახდის თარიღი 2019 წლის 7 ნოემბერი), 70%- 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე