საქმე №ას-741-2019 23 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.შ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.შ–ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით მოპასუხეს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის, 840 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. გარდა ამისა, მას უნდა მიეთითებინა რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და ასევე უნდა მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.
7. 2018 წლის 21 მაისს მოპასუხემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება 10 დღით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, ხარვეზის შესახებ განჩინება მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 10 მაისს. შესაბამისად, მისთვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 11 მაისს და ამოიწურა 2018 წლის 21 მაისს. ამგვარად, მოპასუხეს ხარვეზი უნდა შეევსო 2018 წლის 21 მაისის ჩათვლით, რაც მას არ განუხორციელებია.
10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლომ მხარეს ხარვეზის შევსების ვადა შესაძლოა გაუგრძელოს დასაბუთებული შუამდგომლობისას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მიუთითა მძიმე სოციალურ პირობებზე და ამ მიზეზით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელება. სააპელაციო პალატის მითითებით, გაუგებარი იყო რატომ არ შეავსო მოპასუხემ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი იმ ნაწილში, რომლითაც მას დაევალა: მიეთითებინა რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა; მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.
11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიუთითა, რომ ვინაიდან მოპასუხემ არ შეავსო ხარვეზი, მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად დამატებითი ვადის განსაზღვრა.
13. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან შუამდგომლობა წარადგინა ხარვეზის განჩინებაზე სრულად და არა მის ცალკეულ პუნქტზე. შესაბამისად, თუ ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდებოდა განჩინების ერთი პუნქტისთვის, კერძოდ, ბაჟის გადახდასთან მიმართებით, იგი უნდა გავრცელებულიყო განჩინების სხვა პუნქტებზეც. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ იგი ხარვეზის შევსებას გეგმავდა სრულად, ერთდროულად. მისთვის უცნობი იყო, რომ შეეძლო განჩინების სხვადასხვა პუნქტებში მითითებული ხარვეზის ცალ-ცალკე შევსება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
17. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
18. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10-დღიანი ვადა. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2018 წლის 10 მაისს (იხ. ტ.1. ს.ფ. 167). ამგვარად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 11 მაისიდან და ამოიწურა 2018 წლის 20 მაისს, რომელიც იყო უქმე დღე (კვირა), შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსება 2018 წლის 21 მაისის ჩათვლით შეეძლო.
19. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 მაისს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით. განმცხადებლის მითითებით, მან სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო მძიმე სოციალური პირობების გამო (იხ. ტ.1. ს.ფ. 168-169).
20. სააპელაციო პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.
22. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც შინაარსობრივად ანალოგიური სახითაა რეგლამენტირებული საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში. სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია წარმოადგენს არა მხოლოდ ფორმალურ დანაწესს საქმის სამართლიან განხილვაზე, არამედ - მოიცავს ისეთ ფართო ელემენტებსაც, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლო ხელმისაწვდომობა. თავად სასამართლო ხელმისაწვდომობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვებს, თუმცა, შეზღუდვა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ლეგიტიმურ საფუძველს ემყარება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ანუ შეზღუდვა უნდა იყოს დასახული მიზნის პროპორციული და თავად ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალება.
23. მართალია, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი, რამდენადაც იგი პირდაპირაა რეგულირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ემსახურება კიდეც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზანს, თუმცა აღნიშნული ნორმა უნდა განიმარტოს საქმის მასალებთან მჭიდრო კავშირში. ამავდროულად, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის დანაწესიც, რომლის თანახმად, მხარეთა შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება (სსსკ-ის 368.7. მუხლი: სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით).
24. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მხარემ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე იშუამდგომლა დადგენილ ვადაში, ამავე დროს, აღნიშნული შუამდგომლობა აპელანტმა წარადგინა ხარვეზის პირველად დადგენის შემდეგ და მანამდე მსგავსი მოთხოვნით მას სააპელაციო პალატისთვის არ მიუმართავს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მხარისათვის ერთჯერადად, მცირე ვადით მაინც (თუნდაც 3 დღით) გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა. ასეთ შემთხვევაში, ერთის მხრივ, დაცული იქნებოდა მომჩივნის ინტერესი - დაემტკიცებინა თავისი საჩივრის სამართლიანობა სასამართლოს გზით და, მეორეს მხრივ, არც მოწინააღმდეგე მხარის უფლებები შეილახებოდა არათანაზომიერად.
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ პირობებში სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა - ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, იყო არაპროპორციული საშუალება, რომელიც არ შეესაბამებოდა დასახულ მიზანს - სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.შ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება და საქმე ლ.შ–ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე