28 აპრილი, 2020 წელი,
საქმე №ას-1414-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ჭ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ლ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ხ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოვალე ან მოპასუხის მეუღლე), რომლის რეგისტრირებული მეუღლე იყო მ.ჭ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი), 2006 წლის 5 მაისს გარდაიცვალა. 2007 წლის 5 ივნისს მოპასუხემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, სრულად მიიღო მისი მეუღლის დანაშთი ქონება (სამკვიდრო აქტივი და პასივი) შესაბამისად, მის სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.
2. სამკვიდრო მასაში შემავალი საგარეჯოს რაიონში, სოფელ ....... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით #....., ნაწილს 25 ჰექტარს, 2009 წლის 27 თებერვლიდან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ქონება), ფლობს მ.ლ–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი). ამჟამად მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა მოპასუხე.
3. 2014 წლის 6 მარტს მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა 19 000 აშშ დოლარის, დაკისრების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მას მოპასუხის აწ გარდაცვლილ მეუღლესთან დადებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთი, რომელსაც ის ფლობს და განკარგავს - როგორც საკუთარს. ზეპირი შეთანხმება განაპირობა იმან, რომ იმ პერიოდში მოპასუხის მეუღლე ჯერ კიდევ არ იყო მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მესაკუთრე. მიუხედავად იმისა, რომ მან ნასყიდობის საფასური, 19 000 აშშ დოლარი, გამყიდველს სრულად გადაუხადა, კერძოდ, 2004 წელს 12000 აშშ დოლარი, ხოლო 2005 წელს - 5000 აშშ დოლარი, მოპასუხე უარს აცხადებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემაზე.
4. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთი არა ნასყიდობის, არამედ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა, ამასთან, მოსარჩელეს დარღვეული აქვს ფულადი მოთხოვნის წარდგენის ვადა.
5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 19 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 976-ე, 991-ე მუხლები გამოიყენა.
6. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა დგინდებოდა და მოპასუხეს სწორედ მოთხოვნილი თანხის გადახდა ეკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სააპელაციო პალატამ უარყო აპელანტის პრეტენზია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებითაც და აღნიშნა, რომ კონდიქციური (უსაფუძვლო გამდიდრება) ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ვრცელდებოდა ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა, რაც განსახილველ შემთხვევაში გაშვებული არ იყო.
8. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
9. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, კერძოდ, 2007 წლის 5 ივნისს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მან სრულად მიიღო მისი მეუღლის დანაშთი ქონება (სამკვიდრო აქტივი და პასივი), მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს ქონების გადაცემის ან თანხის დაბრუნების თაობაზე პრეტენზია მისთვის არ წარუდგენია და მხოლოდ 2014 წელს აღძრა სარჩელი, შესაბამისად, მას მოთხოვნის უფლება დაკარგული ჰქონდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უარყოფილ იქნეს.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ/კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.
12. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხის აწ გარდაცვლილ მეუღლეს შორის ფორმადაუცველი გარიგება, კერძოდ, უძრავი ნივთის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო. ასეთი გარიგება კი, დადების მომენტიდან ბათილია (სსკ-ის 59.1. 61.1. 328-ე და 183.1 მუხლები). შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხის მეუღლის წინაშე შეასრულა არარსებული ვალდებულება - სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა მას - 19 000 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იყო სსკ-ის 976.1 „ა“ ქვეპუნქტი და 979.1 მუხლები; თუმცა, მემკვიდრისათვის გარდაცვლილის ვალის დაკისრების თაობაზე კრედიტორის მოთხოვნის უსაფუძვლობას ამ უკანასკნელის მიერ სსკ-ის 1484.1. (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად) და 1488-ე (მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შეუსრულებლობა განაპირობებს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენისა და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება, არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (შდრ. სუსგ-ები 07.10.2010წ., საქმე №ას-143-136-2010; სუსგ, 22.02.2008წ., საქმე №ას-968-1269-2007).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. სსკ-ის 1499.1. მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ მისთვის იმთავითვე იყო ცნობილი მოვალის გარდაცვალების შესახებ, თუმცა გარდაცვლილის მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს. მას ასევე, გარდა მისი ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კანონით დადგენილ ვადაში უშუალოდ მემკვიდრეს მიმართა შესაბამისი პრეტენზიით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული გარდაცვლილის კრედიტორის პრეტენზიის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლა მოვალის გარდაცვალებიდან ანუ 2006 წლის 5 მაისიდან უნდა დაიწყოს. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ მამკვიდრებლის ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2014 წლის 6 მარტს, ანუ პრეტენზიის წარდგენის ექვსთვიანი ვადის დარღვევით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
15. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4828.02 ლარის გადახდა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.ლ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მ.ლ–ას მ.ჭ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4828.02 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი