Facebook Twitter

28 აპრილი, 2020 წელი,

საქმე №ას-1379-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ხ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოპასუხე - ნოტარიუსი ა.ჯ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ-მოძრავი ნივთების დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბერის გადაწყვეტილება, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც ქუთაისში, ....... ქუჩა #9-ში მდებარე #2 ფართის 1/3 ნაწილისა (სკ-ით #.......) და #1 ფართის 4/6 ნაწილიდან 2/6 ნაწილის (სკ-ით #......) მესაკუთრედ ცნობის და გამოთავისუფლების თაობაზე ნ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელად, ხოლო ავტომანქანის - „მერსედეს ბენც“ C180-ის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოსარჩელისთვის გადაცემის შესახებ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს თ.ხ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი ან დასაჩუქრებული), და მისი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ გასაჩივრებული განჩინება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, გამჩუქებელმა სანოტარო აქტზე ხელის მოწერა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო და მისივე სურვილით ხელმომწერად სხვა პირი მიუთითა, შესაბამისად, მხოლოდ ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზის მიუთითებლობის გამო, ნების გამოვლენის ეჭქვეშ დაყენება, უსაფუძვლოა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. ქ. ქუთაისში, ....... ქუჩა #9-ში მდებარე #2 ფართის 1/3 ნაწილი (სკ-ით #........) და #1 ფართის 4/6 ნაწილი 2/6 ნაწილის (სკ-ით #......) და ავტომანქანა - „მერსედეს ბენც C180“, სანომრე ნიშნით - ......(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ქონება) ზ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მამა, მოპასუხის ბიძა ან მჩუქებელი) საკუთრებას წარმოადგენდა.

4.4. 2016 წლის 11 ოქტომბერს მოსარჩელის მამამ, ნოტარიუსს ა.ჯ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან ნოტარიუსი) მიერ დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც გამჩუქებლის ნაცვლად ხელს აწერს სხვა პირი, უძრავი ნივთები პირველ მოპასუხეს აჩუქა. მჩუქებელი 2016 წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.

4.5. 2017 წლის 28 აპრილს მოსარჩელის სახელზე გაიცა ზოგადი სამკვიდრო მოწმობა და, მან როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (შვილმა), გარდაცვლილი მამის დანაშთი სამკვიდრო სრულად მიიღო.

4.6. პაციენტის ანუ გამჩუქებელის ხელის კიდურის მოქმედების შეზღუდვა, ჯანმრთელობის შესახებ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება. უფრო მეტიც, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციები და სოციალური სარგოს/პენსიის მიღების ქვითრები მის მიერაა ხელმოწერილი.

5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია მიუხედავად იმისა, რომ მისი სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებას. კერძოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ დამხმარე ნორმებით, სარჩელის წარმატებულობა კი, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონებისა და ავტომანქანის დაბრუნების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, სსკ-ის 976.1 „ა“ ქვეპუნქტის (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში), 979.1 (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით), 989.1 (თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები,რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია) და 172.1 (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) მუხლებს უნდა დაეფუძნოს და არა სსკ-ის 70-ე მუხლს, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციას, როგორც ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მითითებული.

6. განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების ბათილობა გამოირიცხებოდა, თუკი კასატორი, დაამტკიცებდა, რომ გამჩუქებლის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილი იყო და მან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას სადავო ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით და სსკ-ის 70-ე (იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია, გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა), „ნოტარიატის შესახებ “ საქართველოს კანონის 50.4 (იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო ან სხვა მიზეზით არა აქვს შესაძლებლობა, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, დოკუმენტს მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით, იმ მიზეზის აღნიშვნით, რომლის გამოც პირს არ შეუძლია დოკუმენტზე ხელის მოწერა) და საქართველოს იუსტიციის მინისტრის # 71-ე ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 29.2 (თუ პირს ავადმყოფობის, ან ფიზიკური ნაკლის გამო არ შეუძლია ხელმოწერა, მაგრამ შეუძლია, დოკუმენტის წაკითხვა, მის ნაცვლად და მისი თხოვნით დოკუმენტს ხელს აწერს სხვა პირი, რომელიც უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას. ხელმომწერი შეიძლება, იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე. ნოტარიუსი ვალდებულია, დაადგინოს სხვის ნაცვლად ხელმომწერი პირის პირადობა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით. ნოტარიუსმა უნდა მიუთითოს პირის მიერ გაცხადებული ის მიზეზი, რის გამოც მას არ შეუძლია ხელმოწერა, აგრეთვე, მის ნაცვლად ხელმომწერი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები) მუხლებზე მითითებით კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 524-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით, ხოლო, როდესაც ჩუქების ხელშეკრულებაზე გამჩუქებლის ნება კანონით დადგენილი წესით არ არის გამოხატული (არ არის მითითებული გამჩუქებლის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ), ამ ხელშეკრულების ნამდვილობას საფუძველს აცლის.

7. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და იგი მართებულად დაკმაყოფილდა.

8. ამრიგად, რადგანაც განხორციელებულია სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა და არ არსებობს მოთხოვნის შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელის შემშლელი გარემოებები, არც საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა არსებობს.

9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #ას-1193-1122-2015, 31.05.2016; #ას-74-71-2016, 25.05.2016; #ას-225-215-2016, 25.05.2016, #ას-184-171-2015, 20.05.2016; #ას-ას-390-390-2018; 15.05.2018წ).

10. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ხ.ხ–ძის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2200 (ორი ათას ორასი) ლარიდან (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 30.12.2019წ; საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 22.01.2020წ.) 1470 (ათას ოთხას სამოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ.ხ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს ხ.ხ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2200 (ორი ათას ორასი) ლარიდან (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 30.12.2019წ; საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 22.01.2020წ.) 1470 (ათას ოთხას სამოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი