საქმე №ა-987-შ-23-2020 6 მაისი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ვ-ან
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. პ-ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - კვიპროსის რესპუბლიკა ქალაქ ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის #31/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – მშობლის უფლება-მოვალეობის განსაზღვრის პროცედურა
აღწერილობითი ნაწილი:
1. კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის #31/18 გადაწყვეტილებით მ. ვ-ნს მიეცა უფლებამოსილება შვილის პირადობის მოწმობის და პასპორტის აღება-განახლების მოთხოვნით, ბავშვის მამის თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე, მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ საჯარო ორგანოს.
2. 2020 წლის 28 თებერვალს მ. ვ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის #31/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. კვიპროსის ქალაქ ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის #31/18 გადაწყვეტილებით მ. ვ-ნს მიეცა უფლებამოსილება შვილის პირადობის მოწმობის და პასპორტის აღება-განახლების მოთხოვნით, ბავშვის მამის თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე, მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ საჯარო ორგანოს.
5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს მშობლის უფლება-მოვალეობის განსაზღვრის მოთხოვნით მიმართა მ. ვ-მა.
მარიანა ვართანიანის შუამდგომლობას თანდართული მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 13.08.2018 წელს. შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ მ. ვ-ნი საქართველოს მოქალაქეა.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის #31/18 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. მ. ვ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის #31/18 გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ვ-ნს მიეცა უფლებამოსილება შვილის პირადობის მოწმობის და პასპორტის აღება-განახლების მოთხოვნით, ბავშვის მამის თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე, მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ საჯარო ორგანოს.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე