საქმე #ა-3605-ა-9-2019 2 აგვისტო, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ კ.დ–ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ც. და ზ. დ–ები (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
თანამოპასუხე შეგებებულ სარჩელზე _ ჟ.ტ–ი
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება, ექსპერტიზის დანიშვნა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
დავის საგანი _ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა (თავდაპირველ სარჩელში), სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით კ.დ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებაზე დარჩა განუხილველად. განჩინების თანახმად, 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 3 750 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ხსენებული განჩინება კასატორის წარმომადგენელ პ.კ–ძეს (იხ.მინდობილობა ტ.2, ს.ფ.101-103) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 20 ივნისს ჩაბარდა ადრესატის მამას _ გ.კ–ძეს (პ/#......). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 21 ივნისს და ამოიწურა 2019 წლის 27 ივნისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კ.დ–ის წარმომადგენელმა პ.კ–ძემ და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, ექსპერტიზის დანიშვნა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების დროისათვის მხარის წარმომადგენელი იმყოფებოდა შვებულებაში ქ.ბათუმში, შესაბამისად, ოჯახის წევრი ვერ უზრუნველყოფდა კორესპონდენციის მისთვის გადაცემას და ვერც მისი შინაარსის გაცნობას, რადგანაც ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლი ამგვარ ქმედებას კრძალავს. ადვოკატის შვებულებაში ყოფნის ფაქტი წარმოადგენს იმ ობიექტურ გარემოებას, რომელიც საპროცესო მოქმედების შესრულების დაბრკოლებას იწვევს. განცხადების თანახმად, ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი დაავადებულია მწვავე ემფიზემით, რის შედეგადაც ცალი ფილტვი პარალიზებული აქვს და გადაადგილება შეუძლია მხოლოდ სახლის პირობებში (განმცხადებლის განმარტებით, ამ ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარადგენს მოგვიანებით).
განმცხადებლის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქმის წარმოების განახლების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობები:
- ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია მხარეს და მხოლოდ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით განხდა ამ ფაქტის შესახებ ცნობილი;
- თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ კორესპონდენცია ჩაიბარა ადვოკატის ოჯახის წევრმა, მაშინ საეჭვოა მასზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის თუ არა რეალურად ხელმომწერს;
- ადვოკატის შვებულებაში ყოფნის ფაქტი წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საპატიო მიზეზს.
განმცხადებელმა იმ მიზეზით, რომ შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი საქმეშია განთავსებული, მოითხოვა სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნა, ასევე, სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, რათა განცხადების განხილვამ არ დაკარგოს აზრი.
საკასაციო პალატამ შეისწავლა განცხადების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.4, 425-ე და 429-ე მუხლების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის მექანიზმს და ის არ შეიძლება ე.წ შენიღბულ აპელაციად იქცეს, სასამართლოს აქტს, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ საზოგადოების ნდობა გააჩნია და მისი გაუქმების შესაძლებლობა არღვევს მუდმივობის პრინციპს. ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ საქმის წარმოების განახლების მექანიზმი ევროკონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი ნაწილია, თუმცა საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში. არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52). საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმის წარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით (იხ. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს საქმის წარმოების განახლების დეტალურ წინაპირობებს, კერძოდ, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სახეზეა ზემოხსენებული ნორმის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობა, თუმცა, პალატა მას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის კორესპონდენციის ჩაბარება განიხილება უშუალოდ ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის საკმარისი საფუძველია. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეტყობინების ჩაბარების დასტური არ შეიცავს რაიმე მითითებას ადრესატის მისამართზე არყოფნის თაობაზე, ხოლო ის ფაქტი, რომ ადვოკატი სარგებლობდა კუთვნილი შვებულებით, ვერ იქნება მიჩნეული საქმის წარმოების განახლების ფორმალურ წინაპირობად. მართალია, შვებულება დასაქმებულის კანონით გარანტირებული უფლებაა, თუმცა, უფლების მქონე პირი არათუ უფლებამოსილი, არამედ _ ვალდებულია სასამართლოს წინასწარ აცნობოს აღნიშნულის შესახებ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმადაც მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
ამდენად, რადგანაც სასამართლოს არ ჰქონდა ცნობა ადვოკატის შვებულებაში ყოფნის ან/და მისამართის დროებით შეცვლის შესახებ, შეტყობინება მისთვის ჩაბარებულად მიიჩნეოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე არავინ დახვდებოდა ფოსტის თანამშრომელს.
საკასაციო პალატა მიუბრუნდება კორესპონდენციის ჩაბარების დასტურს. უდავოა, რომ მის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი და მიუთითებს საკუთარ პირად ნომერს. ამგვარი ქმედება განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეტყობინების ჩაბარებად. საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რომელიც მიმღების ქმედუნარიანობას ეჭვქვეშ დააყენებდა, შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი, რომ ჩაბარების დასტური დააყენოს ეჭვქვეშ. საკასაციო სასამართლო აქვე შეეხება ექსპერტიზის დანიშვნის საკითხს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ უკვე იმსჯელა საფოსტო პასუხის, როგორც მტკიცებულების დამაჯერებლობაზე, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან ექსპერტიზის დანიშვნის ვალდებულებას, ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-4, 103-ე მუხლებისა და 162.2 და შემდგომი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნის, როგორც მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება გააჩნდა განცხადების ავტორს. მხოლოდ ის არგუმენტი, რომ დოკუმენტის დედანი საქმეშია, საფუძვლად ვერ დაედება სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნას.
პალატა ასევე უარყოფს მხარის პოზიციას გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლი, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას იძლევა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას, თუმცა, ვინაიდან საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დაუშვებელია, ამ შუამდგომლობის შინაარსობრივი საფუძვლიანობის კვლევა იურიდიულად გაუმართლებელი ხდება, რაც მისი უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე, 396-ე, 425-ე, 429-ე, 432-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.დ–ის შუამდგომლობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისა და ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. კ.დ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე