Facebook Twitter

¹ ბს-571-157-კს-05 2 ივნისი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე(თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ჯ. გახოკიძე

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 19 ივნისს ა. მ-მა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს, მოპასუხის სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ‘‘ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის თაობაზე. 1999წ. 16 ოქტომბრის კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე მოითხოვა ორი სახეობის პენსიის დანიშვნა, შემდეგი საფუძვლით:

იგი არის 1920 წელს დაბადებული, დიდი სამამულო ომის მონაწილესთან გათანაბრებული. 1998 წლიდან ღებულობს პენსიას 35 ლარს.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. მარტიროსიანს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო ეთქვა უარი.

ა. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა დიდუბე ჩუღურეთის რ-ნის 2003წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ‘‘ კანონის მე-60 მუხლის თანახმად ორი სახეობის პენსიის დანიშვნის თაობაზე უარის თქმის გამო, როგორც უსაფუძვლო მოთხოვნის. მართალია უშუალო ფრონტის წინა ხაზზე მონაწილეობა არ მიუღია და არ არის ომის 1 და 2-ე ჯგუფის ინვალიდი და ზემოაღნიშნულ კანონით განსაზღვრულ პენსიით უზრუნველყოფილ პირთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, არ მიაჩნია სწორად და არ იზიარებს, არის მარტოხელა, 75 წელს გადაცილებული პენსიონერი.

თბილისის საოლქო სასმართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სამოქალაქო კოდექსის 275-ე მუხლის “დ‘‘ პუნქტის საფუძველზე, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

მიუხედავად სათანადო წესით ჩაბარებული უწყებებისა სააპელაციო პალატის სხდომაზე მხარეები: ა. მ-ი და სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი არ გამოცხადდნენ, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმის არსებითად განხილვის დაუშვებლობის და შესაბამისად მის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას ადასტურებს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის 27-ე მუხლი, რომლის თანახმადაც სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმე განიხილოს გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად.

პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება უშვებს მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სსკ-ის XXVI თავის დებულებების გამოყენებას. 275-ე მუხლის “დ‘‘ პუნქტი მოთავსებულია სსკ-ის XXIX თავში და შესაბამისად თუნდაც ფორმალური თვალსაზრისით, ზემოთ

დასახელებული XXVI თავის 231-ე მუხლის (რომელიც უშვებს მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელის განუხილველად დატოვებას) გამოყენების აკრძალვა არ წარმოადგენს სხვა ნორმატიული საფუძვლით, 275-ე მუხლის “დ‘‘ პუნქტით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ხელმშემშლელ გარემოებას.

მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმის არსებითად განხილვის დაუშვებლობას და, შესაბამისად, მის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას ადასტურებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლი, რომლის თანახმადაც სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა წერილობით მოთხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად. ამ დებულებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხარეთა წერილობითი თანხმობის არარსებობისას საქმე განიხილოს მათ დაუსწრებლად, რაც თავის მხრივ განაპირობებს კიდეც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

მითითებულ განჩინებაზე ა. მ-მა საოლქო სასამართლოში შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება, საპელაციო საჩივრის მისი თანდასწრებით განხილვა შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 12 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, რადგანაც სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული კანონის (სსკ-ის 275-ე მუხლის “დ‘‘ პუნქტის) დადგენილი პირობების (სააპელაციო პალატის სხდომაზე მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა) არსებობის გამო.

გარდა სააპელაციო საჩივრის მისი დასწრებით განხილვის მოთხოვნისა კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს განჩინების გაუქმების სხვა საფუძველს.

თბილისის საოლქო სასამართლომ ა. მარტიროსიანის კერძო საჩივარი განსახილველად გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 25 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი კერძო საჩივარი სრულიად დაუსაბუთებულია, არ შეიცავს არანაირ მოტივაციას გასაჩივრებული განჩინების არაკანონიერების თაობაზე;

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის საპროცესო უფლება_გასაჩივროს სასამართლო აქტი, ამასთან შეიცავს საპროცესო ვალდებულებას დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული განჩინების /გადაწყვეტილების/ კანონსაწინააღმდეგობა, რაც მოცემულ შემთხვევაში ა. მ-ის მიერ დაცული არ არის.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 275-ე მუხლის გამოყენების მართლზომიერებას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხოლოდ და იმ შემთხვევაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობის მითითებული დათქმის შესაბამისად, ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც განსხვავებულად არ წესრიგდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით, უნდა მოწესრიგდეს სამოქალაქო საპროცესო ნორმებით, რომლებიც მათი საპროცესო გადაწყვეტის წესებს ადგენენ.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 25 თებერვლის მთავარ სხდომაზე სააპელაციო საჩივრის განხილვაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მიწინააღმდეგე მხარე, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს სასამართლო უწყება ჩაბარდათ სსკ-ის 70_78-ე მუხლებით დადგენილი წესით გონივრულ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ 275-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქმის განხილვის განსხვავებული საპროცესო წესებია დადგენილი, კერძოდ, 26I მუხლის I პუნქტით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა, ხოლო II პუნქტით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება მხარის ხელმეორე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, არამად მხარის დაუსწრებლად, დავის არსებითად გადაწყვეტას შემაჯამებელი საპროცესო აქტის_გადაწყვეტილების სახით /იხ. კოდექსის 2000 წ. 24.02 რედაქცია/.

2004წ. 31.12. ამოქმედებული 2004წ. 29.12. კანონით “ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე” ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I მუხლის II ნაწილი ამოღებული იქნა, მითითებული დებულების გარეშე, არსებული პროცესუალური ნორმების ბაზა საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სასამართლოებს არ აძლევდაუფლებამოსილებას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში არსებითად გადაეწყვიტა დავა.

2005წ. 25 მარტის საკანონმდებლო ცვლილებით /რომელიც ამოქმედდა 2005 წ. 13 აპრილს/, 26I მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად სასამართლოს მიენიჭა მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გადაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილება.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია 2005წ. 25 თებერვალს, რა დროსაც კოდექსის 26I მუხლი მხოლოდ ერთ ნაწილიანია, ანუ სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში არსებითად განიხილოს დავა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 275-ე მუხლი, რამდენადაც 2004წ. 31 დეკემბრიდან 2005წ. 13 აპრილამდე პერიოდში ადმინისტრაციულ სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში არსებითად განეხილა დავა და გადაეწყვიტა იგი, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე სასამართლო ვალდებული იყო გამოეყენებინა სსკ-ის 275-ე მუხლი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I 1. მუხლის თაობაზე და თვლის, რომ მითითებული ნორმით აკრძალულია რა სსკ-ის XXVI თავის _ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, არ ნიშნავს, რომ აკრძალულია სსკ-ის სხვა თავის დებულებების გამოყენება, რაც ლოგიკურად აზრს დაუკარგავდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის დათქმას, რომელიც შინაარსიდან გამომდინარე აგებულია არა სსკ-ის რომელიმე ნორმის გამოყენების აკრძალვაზე, არამედ, პირიქით სსკ-ის ნორმების გამოყენების შესაძლებლობაზე, როცა საპროცესო მოქმედება ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით განსხვავებულად არ წესრიგდება. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა გამოუცხადებლობის პირობებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ადგენს არა თუ სსკ-ისგან განსხვავებულ, არამედ, საერთოდ არანაირ წესს, რის გამოც სასამართლო ვალდებულია მიმართოს სსკ-ის ნორმებით საპროცესო მოქმედების მომწესრიგებელ დებულებას და გამოიყენოს იგი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი თავის დებულებების გამოყენების აკრძალვა, არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს მხარის /მხარეთა/ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სსკ-ის 275-ე მუხლის, მათ შორის “გ” და “დ” პუნქტების გამოყენების აკრძალვას, მხოლოდ იმ ლოგიკით, რომ სსკ-ის 229-2 და 231-ე მუხლები სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ გამოტანილ განჩინებას უკავშირებს 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგებს, ვინაიდან ამგვარი ლოგიკით შეუძლებელი იქნებოდა საერთოდ საპროცესო ნორმების გამოყენება, საპროცესო სამართალი წარმოადგენს საპროცესო ნორმების ერთობლიობას, რომლითაც განისაზღვრება საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესები, სტრუქტურული თვალსაზრისით, რასაკვირველია საპროცესო ნორმები ადგენენ რა, ამა თუ იმ საპროცესო უფლებათა საპროცესო მოქმედებების მეშვეობით რეალიზაციის საშუალებებს, სხვადასხვა ასპექტით დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან და ურთიერთგამომდინარეობენ, რაც სრულებით არ ნიშნავს ყველა საპროცესო ნორმის სხვა ნორმებთან კონტექსტში გამოყენების შესაძლებლობის აუცილებელ მოთხოვნას.

საპროცესო ნორმათა ამგვარი გაგებით საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა მათი გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I მუხლის I ნაწილით სსკ-ის XXVI თავის დებულებების გამოყენების აკრძალვა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ იკრძალება ამ თავის ნორმებში მითითებული სსკ-ის სხვა ნორმების გამოყენება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია მოქმედი ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო ნორმების მართებული გამოყენების და განმარტების საფუძველზე, რადგან 2004წ. 31.12. _ 2005წ. 13.04. დროის პერიოდში სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა სსკ-ის 275-ე მუხლის დებულება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ასევე შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობასთან სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 12.04 განჩინება კერძო საჩივრის უსაფუძვლოდ მიჩნევის თაობაზე.

ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სსკ-ის 275 “დ”, 372-ე, 390-ე, 399-ე, 419_420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ა. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 თებერვლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.