25 აგვისტო, 2016 წელი,
თბილისი
№ას-434-417-2016
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - რ.ჩ–ძე, გ.ხ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე ა.ი–ძის (ს.ნ–ის) უფლებამონაცვლეები) - ლ.ნ–ა, ნ.დ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ.ჩ–ძე და გ.ხ–ი (შემდეგში - მოპასუხეები, კასატორები) ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით, ა.ი–ძის (შემდეგში - მოსარჩელე მამკვიდრებელი) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს დაევალათ, ნ.დ–ძისა და ლ.ნ–ასთვის (შემდეგში - მოსარჩელის უფლებამონაცვლეები, მოწინააღმდეგე მხარეები) მათ საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის (შეუზღუდავად ისარგებლონ ბათუმში, ..... ქ. 9-ში (...... ქ. 9), მე-2 სართულზე (ს.კ........) მდებარე მათ საკუთრებაში არსებული ფართით) ხელშეშლის აღკვეთა.
2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორთა მტკიცებით, ჭიშკრის ღამით დაკეტვა უსაფრთხოების მიზნით არ ნიშნავს მათი მხრიდან არამართლზომიერი ქმედების განხორციელებას. მათივე მტკიცებით, საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება კასატორთა მხრიდან იმგვარი მოქმედების ჩადენა ან უმოქმედობა, რაც მოწინააღმდეგე მხარეს შეუზღუდავდა საკუთრებით სარგებლობის უფლებას.
2.2. კასატორების მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა 1996 წლის 6 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საერთო სარგებლობის ფართების პირვანდელი სახით აღდგენის შესახებ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, სასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვს განსახილველ დავის საგანზე და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. კასატორებმა მითითებული საფუძვლით, სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესატყვისად საქმისწარმოების შეწყვეტის წინაპირობის არსებობაზე მიუთითეს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.2.1. ქალაქ ბათუმში, ....., ....... მდებარე უძრავი ქონება (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #......) საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მოსარჩელეს.
5.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქალაქ ბათუმში, ..... და ...... მდებარე უძრავი ქონება (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #.....) თ.ჩ–ძის (შემდეგში - უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე ან მოპასუხეთა მამკვიდრებელი) საკუთრებას (საფუძველი 1992 წლის 6 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულება) წარმოადგენდა, რომელიც 2010 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა. მისი დანაშთი ქონება მემკვიდრეობით მიიღეს მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა (მოპასუხეებმა).
5.2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრის მიმართ აღძრული სარჩელის - 1996 წლის 6 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საერთო სარგებლობის ფართის პირვანდელი სახით აღდგენის დაკმაყოფილებაზე.
6. განსახილველ შემთხვევაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 172.2. (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს.
7. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორად რეალიზაციას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით.
8. განსახილველ დავაზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებს დაკეტილი აქვთ ეზოს ჭიშკარი და საერთო სარგებლობის დერეფანი, რითაც მოსარჩელეებს ხელი ეშლებათ საკუთრებით სარგებლობაში. ეს ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის (სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)). ზემოხსენებული ფაქტების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ. საკასაციო პალატის განსჯით, დასაბუთებულ პრეტენზიად ვერ მიიჩნევა კასატორთა განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლეები/მემკვიდრეები მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდნენ და მამკვიდრებელთან არ დადიოდნენ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის სიცოცხლეში მისი მემკვიდრეები სარგებლობდნენ თუ არა მოსარჩელის ქონებით ამ დავის გადაწყვეტისთვის არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ქონების დასაკუთრების შემდგომ მათ მიერ ქონებით სარგებლობის გამომრიცხველ გარემოებებზე კასატორები არ მიუთითებენ. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, საკასაციო პალატა განმატავს, რომ ქონების კანონიერ მესაკუთრეებს მოსარჩელის შვილები წარმოადგენენ, რომლებიც შეზღუდული არ არიან ამ ქონებით სარგებლობის ფორმით და დროით. ნეგატორული სარჩელის გადაწყვეტის მიზნებისათვის აუცილებელი არ არის მოსარჩელე მუდმივად ცხოვრობდეს სადავო მისამართზე, მოსარჩელე შესაძლოა პერიოდულად სარგებლობდეს საკუთარი ქონებით და მას ამგვარი ნების გამოვლენის დროს ხელი არ უნდა ეშლებოდეს საკუთრების განკარგვაში. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა სადავო მისამართზე კასატორები იმგვარად განკარგავენ საერთო სარგებლობის ობიექტებს (ჭიშკარი, მეორე სართულზე ასასვლელი კიბე, დერეფრნის კარი), რაც მოსარჩელის უფლებამონაცვლეთა მიერ შეუძლებელს ხდის მათი სამკვიდრო ქონების განკარგვას, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრეებს მოსპობილი აქვთ შესაძლებლობა საკუთარი სურვილისა და შეხედულებისამებრ განკარგონ ქონება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატის განსჯით, კასატორთა შედავება მოსარჩელის უფლებამონაცვლეთა მიმართ ხელშეშლის ფაქტის დაუდგენლობის თაობაზე, დაუსაბუთებელი და სამართლებრივად უსაფუძვლოა.
9. კასატორების პრეტენზია ისიცაა, რომ განსახილველ დავის საგანზე, იმავე საფუძვლით და იმავე მხარეებს შორის, უკვე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რაც საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველია. მითითებულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ შესაბამისი პროცესუალური საფუძვლით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ, არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით) საქმის წარმოების შეწყვეტისათვის განმსაზღვრელია სასარჩელო მოთხოვნები და სარჩელის ფაქტობრივი დასაბუთება უკვე გადაწყვეტილი დავის იდენტური იყოს, თავად სასარჩელო მოთხოვნები კი, იმავე მხარეთა წინააღმდეგ იყოს მიმართული. მოცემულ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა 1996 წლის 6 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საერთო სარგებლობის ფართების პირვანდელი სახით აღდგენის თაობაზე, ვინაიდან დადგინდა, რომ სადავო საერთო სარგებლობის ფართები და მასზე წარმოებული მიშენებები მოპასუხეთა მამკვიდრებლის ინდივიდუალური სარგებლობის საგანს წარმოადგენდა და სადავო ფართის მის სახელზე პრივატიზაციაც ამ საფუძვლით განხორციელდა. მოცემული დავის ფარგლებში კი, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს არა მოპასუხეთა მამკვიდრებლის ინდივიდუალურ საკუთრებაში აღრიცხული საერთო ფართის პირვანდელი სახით აღდგენა (რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ წარმოადგენს მოპასუხეთა ინდივიდუალურ და არა საერთო საკუთრებას), არამედ მოსარჩელის ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, რისთვისაც უპირობოდ აუცილებელია საერთო სარგებლობის სტატუსის მქონე ფართებით (ჭიშკარი, კიბე, დერეფანი) სარგებლობა. ამდენად, კასატორებმა ვერ უზრუნველყვეს იმ ფაქტის დამტკიცება, რომ განსახილველი დავა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2006 წლის 25 დეკემბერს განხილული საქმე ეფუძნება ერთსა და იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით გადაწყვეტილ დავას.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ ას-1041-998-2016, 12.02.2016).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ.ჩ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 28.04.2016), 70% - 210.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ჩ–ძისა და გ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს - რ.ჩ–ძესა და გ.ხ–ს დაუბრუნდეთ მათ საკასაციო საჩივარზე რ.ჩ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 28.04.2016), 70% - 210.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი