29 დეკემბერი, 2016 წელი,
№ას-791-758-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ნ.ს–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, სამინისტრო, აპელანტი ან კასატორი) გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 6 ოქტომბრის #193 ბრძანებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოზე რიცხული ავტომანქანა - „ტოიოტა ქამრი“, სახელმწიფო ნომრით #MPG...., შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, მიემაგრა ლეიტენანტ ნ.ს–ძეს (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი). ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი სატრანსპორტო საშუალების გამართულ ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მდგომარეობაზე თავად აგებდა პასუხს (იხ. ბრძანება, ტ.1. ს.ფ. 16).
2. მოპასუხემ ზემოაღნიშნული ავტომობილი დროებით სარგებლობაში გადასცა მესამე პირს. ეს უკანასკნელი 2012 წლის 3 მაისს ზემოაღნიშნული ავტომანქანით მოძრაობდა ქალაქ თბილისში, .... ქუჩაზე, კახეთის გზატკეცილის მხრიდან - ..... ქუჩის მიმართულებით. მძღოლმა, სატრანსპორტო საშუალების მართვისას, არ გაითვალისწინა გზის საფარის სისველე, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, მოცურდა, გადავიდა მოძრაობის საპირისპირო მხარეს და შეეჯახა „ბმვ-ს“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით ..... (იხ. ტ.1. ს.ფ.19-25).
3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა, რითაც მოსარჩელეს მიადგა 6 000 ლარის ქონებრივი ზიანი (იხ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #002232713 და #002144313 დასკვნა, ს.ფ.29-33; 114-118).
4. 2015 წლის 6 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მისი მტკიცებით, ავტომანქანა, ექსპლუატაციისა და მუდმივად ტექნიკურად გამართულობის მიზნით, მიმაგრებული იყო მოპასუხეზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანას მართავდა მოპასუხის ნდობით აღჭურვილი პირი, რომლის ბრალეულობის შედეგადაც სამინისტროს მიადგა 6 000 ლარის ზიანი. მოსარჩელის განმარტებით, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხიმსგებელს პირს მოპასუხე წარმოადგენდა.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ მძღოლი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა ავტომანქანას, მისი ნდობით აღჭურვილი პირი არ ყოფილა, იგი სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით იმყოფებოდა სამსახურის საქმეზე და მისი ბრალეულობაც გამოიკვეთა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე არასწორად დადგინდა ზიანის ოდენობაც.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 6 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 317-ე, 992-ე და 999-ე მუხლები გამოიყენა. საქალაქო სასამართლოს დასკვნით, არსებობდა ზიანი, 6000 ლარის ზიანი, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ ავტომანქანა დამრღვევს გადაეცა არა მისი ნებართვით, არამედ სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით, შესაბამისად პალატამ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად მოპასუხე მიიჩნია.
10. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიყენებული ზიანის ოდენობასთან მიმართებითაც, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტის ახსნა - განმარტებით დადატურებული ზიანის მოცულობის - 6 000 ლარის შესახებ, რომლის საწინააღმდეგო, მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი საფუძვლებით:
11.1. კასატორის მტკიცებით, მძღოლი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა ავტომანქანას, მისი ნდობით აღჭურვილი პირი არ ყოფილა, იგი სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით იმყოფებოდა სამსახურის საქმეზე და მისი ბრალეულობაც გამოიკვეთა.
11.2. სასამართლო დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ავტოსაგზაო შემთხვევიდან ერთ წელზე მეტი ვადის გასვლის შემდგომ გამოტანილ დასკვნებს, არცერთ დასკვნაში არ არის მითითებული ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა ავტოსაგზაო შემთხვევისა და ექსპერტიზის ჩატარების დროს, დეტალურად არ არის აღწერილი დაზიანებული და დაუზიანებელი ნაწილები, მათი ღირებულება, რაც მიუთითებს, რომ ზიანი, ზუსტად არ განსაზღვრულა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16 განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სშკ-ის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) , 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
17. სსკ-ის 394.1 მუხლით გათვალისწინებული ზიანის დაკისრებისთვის ვალდებულების დამრღვევი უნდა მოქმედებდეს მართლსაწინააღდეგოდ და ბრალეულად, ხოლო ზიანი ამგვარი ქმდების უშუალო შედეგს უნდა წარმოადგენდეს. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. როცა პირი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, იგი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს. რაც შეეხება ზიანის მიმყენებლის ქმედების ბრალეულობას, ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისას, ბრალი ივარაუდება, ამ ვარაუდის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება.
17.1. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა. ავტომანქანის მოპასუხისათვის გადაცემის აქტის (შეთანხმების) თანახმად, ნივთის ფლობის პერიოდში მოპასუხე პასუხს აგებდა მის ექსპლუატაციასა და ტექნიკურ გამართულობაზე. საქმის გარემოებათა შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მოპასუხემ სარგებლობაში გადასცა მესამე პირს, რომელმაც ექსპლუატაციისას მანქანა დააზიანა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, შესაბამისი დათქმებით (მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო მისი ტექნიკური გამართულობა) ავტომანქანის მოპასუხეზე გაპიროვნებით, მოსარჩელემ ფაქტობრივად ავტომანქანის ნორმალური ფუნქციონირება, მისი ფუნქციონალური შენარჩუნება ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით, მიანდო მოპასუხეს და მასვე დააკისრა პასუხისმგებლობა ექსპლუატაციიდან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებზე. ამასთან, მოსარჩელემ გადასცა რა ავტომანქანა კონკრეტულ დასაქმებულს, ავტომანქანის მესაკუთრის/მოსარჩელის ნება სადავო ნივთით მხოლოდ მოპასუხის მიერ სარგებლობას მოიცავდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ ავტომანქანა გადასცა სხვა პირს, რითაც პალატის განსჯით, მან დაარღვია ვალდებულება. მოსარჩელეს ავტომანქანის სხვა პირისათვის გადაცემის თაობაზე ნება არ გამოუვლენია, რაც მოცემული სადავო ურთიერთობის შეფასების მიზნებისათვის ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის სხვა წინაპირობები - ავტომანქანის დაზიანება, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის და მოპასუხის ბრალეული ქმედება საქმის გარემოებათა შესწავლისას ასევე გამოიკვეთა.
17.2. მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის ანაზღაურებაზე მისი პასუხისმგებლობის საკითხს და მიუთითებს, რომ ავტომანქანას მესამე პირი არა მისი, არამედ უფლებამოსილი (ხელმძღვანელი) პირის ნებართვით მართავდა, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, რაც კასატორის ამ მოსაზრების სასამართლოს მხრიდან გაზიარების შესაძლებლობას სპობს. საკასაციო პალატის განსჯით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხეს, ერთი მხრივ, სარგებლობაში გადაეცა ავტომანქანა, ხოლო, მეორე მხრივ, დაეკისრა მის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომანქანის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საფრთხესა და დაზიანებაზე პასუხისმგებელ პირს მოპასუხე წარმოადგენდა.
18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ზიანის ოდენობის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებითაც და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნებით დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომანქანის დაზიანების შედეგად მოსარჩელეს 6000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ, კვალიფიციური შედავების პირობებში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტებისა და ისეთი დასაშვები მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც საწინააღმდეგო დადასტურდებოდა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ზიანის სხვაგვარად გამოთვლის საფუძვლის, ზიანის რეალური ოდენობის თაობაზე რაიმე სახის დოკუმენტაცია. შესაბამისად, ზიანის ოდენობის თაობაზე წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ, #ას-465-433-2017, 30.07.2017წ; #ას-594-652, 06.11. 2015 წ; # ას-494=463, 09.11.2010 წ).
20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ფ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საკრედიტო საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 26.09.2016) 70% – 210.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ნ.ს–ძეს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გ.ფ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საკრედიტო საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 26.09.2016) 70% – 210.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი