Facebook Twitter

№ას-855-855-2018 28 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ.ჯ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – მ.ხ–ი, გ.ხ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2012 წლის 1 მაისს ნ.ჯ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამსესხებელი) მ.ხ–ს (შემდეგში - პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან პირველი მსესხებელი) 200 ლარი, ხოლო 2012 წლის 6 ივნისს დამატებით კიდევ - 200 ლარი, სულ - 400 ლარი ასესხა, დღეში 1%-ის სარგებლის გადახდის პირობით.

2. პირველმა მსესხებელმა ხელწერილით დაადასტურა მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობის არსებობა და დღეში 2 ლარი სარგებლის გადახდის ვალდებულება იკისრა (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 46. ტ.1).

3. 2012 წლის 6 ივლისს მოსარჩელემ გ.ხ–ს (შემდეგში - მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მეორე მსესხებელი) 200 ლარი ასესხა. 2012 წლის 6 ივლისს მეორე მოპასუხემ მოსარჩელისაგან, დამატებით 300 ლარი ისესხა. მხარეები სესხის პროცენტზე არ შეთანხმებულან.

4. მხარეებს შორის სესხის დაბრუნების ვადა არ განსაზღვრულა.

5. პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს 2012 წლის ივნისში, 200 ლარზე დარიცხული ერთი თვის სარგებელი - 60 ლარი გადაუხადა.

6. სესხის გაცემიდან 3 თვეში მოსარჩელემ მოპასუხეებს სესხის დაბრუნება მოსთხოვა.

7. 2017 წლის 4 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ სესხის ხელშეკრულებიდნ გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეებმა მხოლოდ ერთი თვის სარგებელი, 60 ლარი გადაუხადეს, მან ჯამში მოპასუხეებს (ცოლ-ქმარს) 900 ლარი ასესხა, რომლის ყოველთვიური სარგებელი 270 ლარია. მოსარჩელის მითითებით, 2012 წლის 1 ივლისიდან 54 თვე გავიდა (54X270) და ამ ვადის განმავლობაში სარგებელმა 14580 ლარი შეადგინა, რასაც უნდა დამატებოდა სავალუტო კურსის სხვაობიდან გამომდინარე თანხაც და მოპასუხეებს ჯამში მის სასარგებლოდ 21 514 ლარის გადახდა უნდა დაჰკისრებოდათ.

8. მოპასუხებმა სარჩელი არ ცნეს და წარადგინეს, როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებლები.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის მე-10, 54-ე, 129-ე, 130-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 389-ე 623-ე და 626-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა პირველი მოპასუხის მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე, კერძოდ, რაკი სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ იყო, მოსარჩელეს სესხის დაბრუნება შეეძლო სსკ-ის 626-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით. ამ ნორმის თანახმად, კი მოცემულ შემთხვევაში სესხის დაბუნების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2012 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყო. სააპელაციო პალატის განმარტებით, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ამოიწურა 2015 წლის 1 დეკემბერს, სარჩელი კი აღიძრა ხანაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ - 2017 წლის 16 ნოემბერს.

11.2. პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელესა და მეორე მსესხებელს შორის სესხის პროცენტზე შეთანხმება, მეორე მსესხებლის მიერ 600 ლარის ღირებულების სამუშაოების კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით, მოპასუხემ შეასრულა სესხის ხელშერულებებიდან გამომდინარე ვალდებულება.

12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

12.1. კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში სესხის ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის სესხის დაბრუნების ვადა შეთანხმებული არ ყოფილა, სამოქალაქო კოდექსის მოწესრიგების თანახმად კი, ასეთ დროს მოვალემ სესხი უნდა დააბრუნოს კრედიტორის მოთხოვნისამებრ. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორის განმარტებით, მას 2012 წელს სესხის ხელშეკრულება არ შეუწყვეტია მოვალეებთან და სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ხანდაზმულობის ათვლის წერტილი.

12.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მეორე მსესხებლის ვალი, უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, უსაფუძვლოდ არ ცნო სარგებლიან ვალად.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. განსახილველ შემთხვევაში სესხის დაბრუნებისა და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლისა და 625.1 მუხლის პირველი წინადადების (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი) შინაარსიდან გამომდინარეობს.

18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ როგორც პირველმა, ასევე მეორე მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხი მიიღეს და შესაბამისად, მისი დაბრუნების ვალდებულებაც წარმოეშვათ. მოსარჩელის მოთხოვნას პირველმა მოპასუხემ სარჩელის ხანდაზმულობის შესაგებელი დაუპირისპირა, ხოლო მეორე მოპასუხემ კრედიტორის სასარგებლოდ 600 ლარის სამუშაოს შესრულებით სასესხო ვალდებულების დაფარვაზე მიუთითა. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთა შესაგებლები გაიზიარა, კერძოდ, პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელი ხანდაზმულად, ხოლო მეორე მოპასუხის მიმართ ვალდებულება შეწყვეტილად მიიჩნია.

19. კასატორის პრეტენზია პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი მოთხოვნა არასწორად მიიჩნია ხანდაზმულად. საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს შემდეგს:

19.1. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების ოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა; ხოლო 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

19.2. დადგენილია, რომ მხარეებს შორის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, შესაბამისად, სესხის დაბრუნების მოთხოვნაზე სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება.

19.3. სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

19.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლების წარმოშობამდე არ შეიძლება, დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა, ამიტომ, უპირველესად, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ზოგიერთ შემთხვევაში, უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. თუ კანონში ასეთი პირდაპირი მითითება არ არის, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ.

19.5. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის წარმოშობილია ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას განუსაზღვრელი ვადით მოქმედი ვალდებულებითი ურთიერთობის მიმართ დაწესებული სამოქალაქოსამართლებრივი რეგულაციისკენ მიაპყრობს. სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. ამდენად, თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადითაა დადებული, უფლების დარღვევის შესახებ პირი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა მოითხოვს შესრულებას, ხოლო მეორე მხარე არ შეასრულებს იმ მოქმედებას, რომლის შესრულებაც ევალებოდა. ამავე კოდექსის სესხის ურთიერთობის მომწესრიგებელი 626-ე მუხლი კი ადგენს, რომ თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. კონკრეტულ ვითარებაში, სესხის დაბრუნების ვადა მხარეებს შორის წინასწარ არ იყო განსაზღვრული და იგი მოთხოვნის მომენტთან იყო დაკავშირებული, შესაბამისად, ვალი უნდა დაბრუნებულიყო კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ამასთან, კანონმდებელი ხელშეკრულების შეწყვეტის 3 თვიან ვადას ადგენს. სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგაა მოვალე ვალდებული დააბრუნოს სესხი.თუ მხარეები არ არიან შეთანხმებული სესხის დაბრუნების ვადაზე , სესხის დაფარვის ვადის დადგომისათვის (3 თვიანი ვადის ათვლისათვის) საკმარისია გამსესხებლის ან მსესხებლის ცალმხრივი ნება ხელშეკრულების შეწყვეტაზე.... მაშასადამე თუ სესხის ხელშეკრულებაში მითითებული არ არის კონკრეტული თარიღი ან დროის მონაკვეთი (მაგალითად, 30 მაისი, თებერვლის თვის ბოლო და. ა.შ) გამსესხებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მსესხებელს ვალის დაბრუნება, მსესხებელი კი ვალდებულია მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში დააბრუნოს ვალი ( http://www.gccc.ge/ თ.ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის კომენტარი).

19.7. განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტისას, ხელშეკრულების შეწყვეტის სამთვიანი ვადის შემოღებით, კანონმდებელი ფაქტობრივად მოვალეს იცავს ხელშეკრულების უეცრად შეწყვეტის ნეგატიური ეფექტისგან და მას გონივრულ დროს აძლევს სასესხო ვალდებულების კეთილსინდისიერად შესასრულებლად. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კრედიტორის ნების გამოვლენისას, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთვალდებულებები კიდევ 3 თვის განმავლობაში ინარჩუნებს ძალას და სესხის ხელშეკრულების დარღვევით/ვალდებულების შეუსრულებლობით განპირობებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტიც სწორედ ზემოაღნიშნული სამთვიანი პერიოდის უშედეგოდ ამოწურვას უკავშირდება.

20. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, პირველ მოპასუხესთან მიმართებით, სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, თუმცა სესხის გადაცემიდან სამ თვეში (2012 წლის აგვისტოს ბოლოს) მოსარჩელემ (მისივე განმარტებით) მოპასუხეებს ნასესხები თანხისა და პროცენტის გადახდა მოსთხოვა, აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ათვლის მომენტის დადგენის მიზნისათვის, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 2012 წლის 31 აგვისტო უნდა ჩაითვალოს, როცა მოპასუხეს უნდა შეესრულებინა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები და მოსარჩელისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი, ხანდაზმულობის სამ - წლიანი ვადის ათვლა კი, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის კანონმდებლობით დადგენილი სამთვიანი ვადის ამოწურვიდან - 2012 წლის 1-ლი დეკემბრიდან უნდა აითვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 2015 წლის 1 დეკემბერს ამოიწურა, მაშინ როდესაც სარჩელით კრედიტორმა სასამართლოს მხოლოდ 2017 წლის 16 ნოემბერს მიმართა. მითითებულ გარემოებათა ერთიბლიობა, პალატის განსჯით, უცილობლად ადასტურებს სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტს, რასაც ვერ აქარწყლებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტაცია.

21. კასატორის პრეტენზია მეორე მოპასუხის მიმართაც დაუსაბუთებელია, კერძოდ საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად, შესრულებად იღებს სხვა შესრულებას (სსკ-ის 428-ე მუხლი). პალატის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მეორე მსესხებელმა კრედიტორს სესხის დაბრუნების სანაცვლოდ, 600 ლარის ღირებულების სამუშაო შეუსრულა, რომელიც მოსარჩელემ მიიღო. პალატა არ იზიარებს კასატორის მტკიცებას მითითებული თანხით მეორე მსესხებლის მიერ სარგებლის გაქვითვის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება მეორე მსესხებელთან სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, ხოლო მოსარჩელეს ამ დავაზე სამართალწარმოების პროცესში მეორე მოპასუხესთან სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების დადების თაობაზე უტყუარი და წონადი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის მოვალემ 600 ლარის სამუშაოების შესრულებით, კრედიტორის წინაშე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, რითაც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას-1089-1026-2015, 15.01.2016წ).

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი