Facebook Twitter

№ას-945-2018 28 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სს „გ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ.ვ–ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „გ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან კომპანია) გენერალური დირექტორის 2015 წლის 20 ივლისის #123/15/ა ბრძანებით, ზ.ვ–ა (შემდეგი - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული), 2015 წლის 20 ივლისიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით წარმოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე, საგამოცდო ვადით, დაინიშნა. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, ყოველთვიურად, საგამოცდო ვადის მანძილზე - 3125 ლარით განისაზღვრა (იხ. ბრძანება, ს.ფ. 14. ტ.1).

2. საგამოცდო ვადის დასრულების შემდგომ, 2015 წლის 21 ოქტომბრიდან დასაქმებული ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, 4375 ლარით განისაზღვრა (იხ. ბრძანება, ს.ფ. 15. ტ.1).

3. დამსაქმებლის 2016 წლის 3 თებერვლის #21/16/ა ბრძანებით, მოსარჩელეს, ერთჯერადი დანამატის სახით, 1500 ლარი მიეცა (იხ. ბრძანება, ს.ფ. 16 ტ.1).

4. დამსაქმებელთან ძირითად შტატში შრომითი ურთიერთობის პერიოდში, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე სახის ზომა არ გამოყენებულა.

5. 2016 წლის 7 ოქტომბერს გამოვლინდა წარმოებისათვის გადაცემული პროდუქციის ზედმეტობა/დანაკლისი, ასევე გამოვლინდა, რომ ზედმეტობა/დანაკლისის ინვეტარიზატორებისათვის დამალვის მიზნით მოპასუხე საწარმოს თანამშრომლებმა ზედმეტი პროდუქცია გადამალეს საკომპრესორო ოთახში, ასევე დანაკლისის დაფარვის მიზნით შეცვალეს და გადაფუთეს პროდუქტები. 2016 წლის 12 სექტემბერს, დასაქმებულმა მოხსენებითი ბარათით მიმართა დამსაქმებელს და მიუთითა, რომ მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნაგვის ბუნკერში აღმოაჩინა გადაყრილი პროდუქტები, მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ პროდუქცია, ნაშთების გასწორების მიზნით, შეფმზარეულმა გადაყარა. მასაც და კულინარიის საამქროს ხელმძღვანელს/ტექნოლოგს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება (იხ. სფ. 36-37).

6. 2016 წლის 7 ოქტომბერს, კომპანიის/წარმოების (ვაკის ობიექტი) ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა დანაკლისმა და ფინანსური ზარალმა, კულინარიისა და საკონდიტრო საამქროში, 2 875.48 ლარი შეადგინა (იხ. ს.ფ. 29. ტ.1). ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი 1 691.67 ლარის ფინანსური ზიანი, საშტატო განრიგით განსაზღვრული სახელფასო დარიცხვების პროპორციის შესაბამისად, გაუნაწილდათ თანამშრომლებს, მათ შორის - მოსარჩელესაც (იხ. ბრძანება, და დანართი #1, ს.ფ. 27-28. ტ .1).

7. საწარმოს ხარისხის სამსახურის დებულების თანახმად, ტექნოლოგიური პროცესების ყველა საფეხურის შემოწმება, კვების პროდუქტების წარმოების პროცესებზე ზედამხედველობის დაწესება და, შესაბამისი ინსტრუქციებისა და დოკუმენტების მიხედვით, ტექნოლოგიური და საწარმოო პროცესების ყოველდღიური კონტროლი ამ სამსახურის მოვალეობებში შედიოდა. ხარისხის სამსახური არ შედიოდა წარმოების ქსელის სტრუქტურაში და არ ექვემდებარებოდა წარმოების ქსელის ხელმძღვანელს.

8. დამსაქმებლის 2016 წლის 13 ოქტომბრის ბრძანებით (შემდეგში- სადავო ბრძანება), დაკისრებული მოვალეობისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. გათავისუფლებას საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი და საწარმოს შინაგანაწესის მე-10 და მე-11 პუნქტები (თანამშრომელთა სავალდებულო ქცევის წესების დარღვევა) დაედო საფუძვლად (იხ. ბრძანება, ს.ფ. 17. ტ.1).

9. 2016 წლის 17 ოქტომბერს, მოსარჩელემ წერილობით მიმართა დამსაქმებელს, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით.

10. საწარმოს დირექტორის საპასუხო წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებთ ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა), კერძოდ, დაირღვა ინდივიდუალური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მიიღეს დისციპლინური ზომები. დარღვეულ იქნა კომპანიის შინაგანაწესის მე-10 და მე-11 პუნქტებიც (თანამშრომელთა სავალდებულო ქცევის წესები), კერძოდ, ხელმძღვანელობას მიეწოდა საჩივარი, თანამშრომელთა მიმართ მოსარჩელის არაეთიკური ქცევების შესახებ (იხ. ს.ფ. 19. ტ.1).

11. 2016 წლის 16 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყო მისი საფუძვლიანობა.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასამართლომ ბათილად ცნო მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მოსარჩელე წარმოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღადგინა. მოპასუხეს იძულებითი განაცდურის ანგარიშში 2016 წლის 13 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 4 375 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა. სარჩელი პირგასამტეხლოს, 0,07%-ის დაკისრების თაობაზე უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 42.1 და 30.4 მუხლები, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და 31.3, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 54-ე, 408.1 და 411-ე მუხლები გამოიყენა.

14. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

15.1 სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება. პალატის მოსაზრებით, დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის მოშლა დაკისრებული ვალდებულებებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევის შედეგი იყო.

15.2. პალატამ მიიჩნია, რომ თანამშრომლის საჩივარი, მასში მითითებული ფაქტების არსებობის დასადგენად საკმარისი არ იყო, დამსაქმებელს საქმის განხილვისას არ წარუდგენია მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების დარღვევის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები. მოსარჩელის მიერ წარდგენილმა მოწმეებმა კი, უარყვეს დასაქმებულის მიერ ეთიკის წესების დარღვევა თანამშრომლებთან ურთიერთობისას.

15.3. პალატამ აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების უხეში დარღევა არ გამოვლენილა, არ გამოუწვევია დამსაქმებლის ზიანი, თუმცა ამგვარის დადგენის შემთხვევაშიც, ზიანი უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი და ღონისძიება კი - სარწმუნო და დასაბუთებული. პალატის დასკვნით, ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე დამსაქმებლის მხრიდან გამოყენებული სამსახურიდან გათავისუფლება არაადეკვატურ, და არაპროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენდა.

16. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

16.1. კასატორის მტკიცებით, საქმეში წარდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება დასაქმებულის მიერ, როგორც თანამშრომლებთან ურთიერთობისას ეთიკის წესების დარღვევა, ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება და შრომის კოდექსის უხეში დარღვევა.

16.2. კასატორის მითითებით, გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, ვინაიდან, კადრების ოპტიმიზაციის საფუძველზე, წარმოების ქსელის ხელმძღვანელის საშტატო ერთეული/თანამდებობა გაუქმებულია, ეს ბრძანება, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდგომ გამოიცა, შესაბამისად, საქმე უნდა დაბრუნდეს ხელახლა განსახილველად, რათა სააპელაციო სასამართლომ შეაფასოს ახალი გარემოება.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

20. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

22. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს შრომითი ვალდებულებები უხეშად არ დაურღვევია.

23. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).

24. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია (შდრ: სუსგ. საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015წელი). განსახილველ დავაზეც კასატორი (მოპასუხე) იყო ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა მოსარჩელის მიერ, მასზე შრომითი ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერი საფუძველი იქნებოდა.

25. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე მიუთითებდა მოსარჩელის მიერ მოვალეობათა უხეშ დარღვევაზე (ეთიკის ნორმების დარღვევა, პროდუქციის ზედმეტობა-დანაკლისი, პროდუქციის გადამალვა, რეცეპტურის შეცვლა, პროდუქციის შენახვის წესების დარღვევა), თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამ გარემოებათა დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატის განსჯით, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს რა უკიდურეს ღონისძიებას, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უცილობლად უნდა ადასტურებდნენ დასაქმებულის სამსახურებრივი მოვალეობების უხეშად დარღვევის ფაქტს, კასატორის მიერ ამგვარი გარემოების დასადასტურებლად მოხმობილი დოკუმენტაცია კი, არ წარმოადგენს საკმარის და სარწმუნო მტკიცებულებას, იმ ვითარებაში, როცა სხვა მტკიცებულებები წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და რეცეპტურტასთან შეუსაბამობის თაობაზე წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება თანამშრომელთა მიერ პროდუქციის გადამალვას, ამ დარღვევის დროს მოპასუხე სამსახურში არ იმყოფებოდა, ხოლო ამ ფაქტის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ აცნობა დამსაქმებელს, რაც მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე მეტყველებს.

26. ამასთან, საქმის მასალებით, არ ვლინდება მოსარჩელის მიერ ეთიკის წესების დარღვევაც თანამშრომლებთან ურთიერთობისას. ამ მიზნით, დამსაქმებლის მიერ საქმეზე წარმოდგენილი თანამშრომელთა საჩივარი არ წარმოადგენს იმ ხარისხის მტკიცებას, რომელიც საკმარისია სადავო ფაქტის დასადასტურებლად, დამსაქმებელს კი, დამატებით სხვა მტკიცებულებები, რომელიც უცილობლად დაადასტურებდა დასაქმებულის მხრიდან სამსახურებრივი ეთიკის ნორმების დარღვევას, არ წარმოუდგენია.

27. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ვალდებულება უხეშად არ დაურღვევია. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელის დათხოვნის შესახებ ბრძანება, სსკ-ის 51-ე მუხლი), სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა, რადგანაც არ იყო შესრულებული ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესსაც და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უკანონო იყო. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.

30. კასატორის მსჯელობასთან მიმართებით, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, ვინაიდან, კადრების ოპტიმიზაციის საფუძველზე, წარმოების ქსელის ხელმძღვანელის საშტატო ერთეული/თანამდებობა გაუქმებულია, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს სსსკ-ის 407-ე მუხლი, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლოში ახალ გარემოებებზე მითითება და მათი კვლევა კანონით აკრძალულია, საკასაციო პრეტენზიათა ფარგლებში შესწავლას ექვემდებარება ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებების პროცესუალური თვალსაზრისით შეფასების კანონიერება (სსსკ-ის 105-ე მუხლი) და ამ გზით სასამართლოს შინაგანი რწმენით დადგენილი ფაქტების მატერიალური სამართლის ნორმებთან სუბსუმირების სისწორე (შდრ.სუსგ.#ას-123-123-2018; 09.11.2018წ), ამდენად, კასატორის პრეტენზია საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #ას-637-637-2018, 28.08.2018; #ას-1558-2018, 25.01.2019).

32. კასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

34. სკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 3200 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 200 ლარის (საგადახდო დავალება #1531490976, გადახდის თარიღი 13.07.2018) 70% – 2 240 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „გ–ს“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 200 ლარის (საგადახდო დავალება #1531490976, გადახდის თარიღი 13.07.2018) 70% – 2 240 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი