ბს-571-539(კს-06) 1 ნოემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს გენერალური პროკურატურა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 22 ივნისს აჭარის ა/რ პროკურორმა კ. მ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მოპასუხეების: ა. ა-ის, გ. ა-ის, ი. გ-ის, ი. გ-ის, რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის, ნ. ა-ის, თ. კ-ისა და ნ. ა-ის მიმართ ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი მოპასუხეებისათვის ჩამორთმევისა და სახელმწიოფოსათვის გადაცემის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურორ კ. მ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. ბ-მ, ნ. ბ-მ, ა. ბ-მ და ნ. ა-მ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ისა და ნ. ა-ის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ისა და ნ. ა-ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, იმ Mმოტივით, რომ იმავე ქონებაზე, იმავე პირების მიმართ ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში იხილება ადმინისტრაციული საქმე, რომელიც ასევე აღძრულია აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელის საფუძველზე. აპელანტების მოსაზრებით, აღნიშნული საქმის განხილვა შეუძლებელია ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებული საქმის დასრულებამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ისა და ნ. ა-ის წარმომადგენლების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა აჭარის ა/რ პროკურორ კ. მ-ის სარჩელზე აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება მოპასუხეების - რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ისა და ნ. ა-ის მიმართ ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმეზე ¹3-55 სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2005 წლის 22 ივნისს აჭარის ა/რ პროკურორმა კ. მ-მ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში აღძრა სარჩელი მოპასუხეების ნ. ა-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის, ნ. ა-ისა და სხვათა მიმართ ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე. აღნიშნული სარჩელი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, განსჯადობის პრინციპით, გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რის შემდეგაც მოხდა სარჩელის დაზუსტება მოპასუხე ნ. ა-ისა და სხვათა მიმართ.
სარჩელის საფუძველი იყო მოსარჩელის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, ასევე რიგი გარემოებები, რაც იძლეოდა საფუძვლიან ეჭვს იმის შესახებ, რომ მოპასუხეები წარმოადგენდნენ თანამდებობის პირ - ა. ა-სთან დაკავშირებულ პირებს, ხოლო ნ. ა-ე თანამდებობის პირის ა. ა-ის ახლო ნათესავს და ფლობდნენ დაუსაბუთებელ და უკანონო ქონებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა სარჩელი და 2005 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხეების მფლობელობაში არსებული შემდეგი ქონება როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, სახელმწიფოს გადაეცა, კერძოდ:
ნ. ბ-ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში საერთო ფართი 243,57 კვ.მ. მასზე დაშენებული მანსარდით და ავტოფარეხით 41,8 კვ.მ.
ა. ბ-ის საცხოვრებელი ბინია, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹ 8-ში, ბ. 23,24; საცხოვრებელ სახლზე მიშენებული შენობა, მდებარე ქ. ბათუმში ... ქ. ¹8-ში.
ნ. ა-ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე, ქ. ბათუმში, მ. ა-ის გამზ. ¹50-ში,.
ნ. ა-ის მოზარდთა დასასვენებელი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ხელვაჩაურის რ-ნი, მწვანე კონცხი; ავტომანქანა ,,მერსედეს-ბენც ჩ-180» სახ. ნომრით … .
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულმა მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ" პუნქტის შესაბამისად საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება თ.. კ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ის და ნ. ა-ის (გარდა ბათუმში, მ. ა-ის ქ. ¹50-ში მდებარე ბინა (¹13) ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილისა) ქონების ჩამორთმევის ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, კერძოდ, ხელახალი განხილვისათვის დაბრუნდა მოპასუხეების მფლობელობაში არსებული შემდეგი ქონება:
ნ. ბ-ის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში საერთო ფართითი 243,57 კვ.მ. და ავტოფარეხი 41,8 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის რაიონის სოფ. კახაბერში, საერთო ფართით 0,27 ჰა.
ა. ბ-ის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში, ბ 22; 5% წილი სს «ა...ში".
ნ. ა-ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში, მ. ა-ის ქ. ¹50-ში არსებული ბინები.
თ.. კ-ის მოზარდთა დასასვენებელი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ხელვაჩაურის რ-ნი, მწვანე კონცხი, ავტომანქანა ,,მერსედეს-ბენც ჩ180», სახ. ნომრით … .
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმოებაში მყოფი ადმინისტრაციული საქმის სარჩელის საფუძველი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში მყოფი საქმისგან განსხვავებით, წარმოადგენს საგნობრივად და სამართლებრივად სრულიად განსხვავებულს. ვინაიდან, მოსარჩელის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, ასევე რიგი გარემოებები იძლევა საფუძვლიან ეჭვს იმის შესახებ, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ თანამდებობის პირის - რ. ბ-ის ოჯახის წევრებს და ახლო ნათასავებს, ხოლო თ.. კ-ე არის თანამდებობის პირი და ისინი ფლობენ დაუსაბუთებელ და უკანონო ქონებას. აღნიშნული საქმე იხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ასევე აღძრულია აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელის საფუძველზე.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქმის შეჩერებისას გამოყენებულ იქნა საქართველის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტი, როდესაც ერთი საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოებული ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტა შეუძლებელი იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში მყოფი ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და შეაჩერა პროკურორ კ. მ-ის სარჩელის საფუძველზე აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება მოპასუხეების - ნ. ა-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ისა და ნ. ა-ის მიმართ, ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციულ საქმეზე № 3-55 სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში განმარტა, რომ აღნიშნული სარჩელები ურთიერთგამომრიცხავია, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება ერთ და იგივე ქონება წარმოადგენდეს, როგორც თანამდებობის პირის, ოჯახის წევრის და ახლო ნათესავის უკანონო ან დაუსაბუთებელ ქონებას და ამავე დროს იგივე ქონება ეკუთვნოდეს თანამდებობის პირს, ხოლო მასთან დაკავშირებული პირი წარმოადგენდეს სადავო ქონების ფაქტობრივ მფლობელს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს ამგვარი განმარტება ბუნდოვანი და არაცალსახაა, რადგან ამ შემთხვევაში არიან სხვადასხვა თანამდებობის პირები და მათთან «დაკავშირებული" მოპასუხეები. ერთ შემთხვევაში მოპასუხეები წარმოადგენენ თანამდებობის პირის, კერძოდ, რ. ბ-ის ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს, ხოლო მეორე შემთხვევაში - თანამდებობის პირის, კერძოდ, ა. ა-სთან დაკავშირებულ პირს. აქედან გამომდინარე, ვერ იქნება აღნიშნული საქმეები ერთმანეთთან სამართლებრივად დაკავშირებული. ამდენად, პრაქტიკულად, სავსებით შესაძლებელია, პირი, რომელსაც მფლობელობაში აქვს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, შეიძლება იყოს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი და ამავე დროს იგი წარმოადგენდეს სხვა თანამდებობის პირთან დაკავშირებულ პირს. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისად სხვადასხვა საფუძვლით აღძრული სარჩელები ვერ ჩაითვლება ურთიერთგამომრიცხავ სარჩელებად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს, რათა არ მოხდეს ერთსა და იმავე საგანზე, იმავე მხარეებს შორის სხვადასხვა შინაარსისა და ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანა, რამაც შემდგომში შესაძლებელია დააბრკოლოს გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლოს ამგვარი განმარტება კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, არამართებულია, რადგან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში მყოფი საქმე სრულიად სხვა საფუძველს ემყარება, განსხვავებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში მყოფი საქმისგან და თუნდაც სასამართლოს წარმოებაში მყოფი საქმისგან და თუნდაც სასამართლოების მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებისა, ვერანაირად ვერ მოხდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებად.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ" პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია იმ პირობით, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული (წინასწარ დადგენილი) მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას, ამავე დროს უნდა არსებობდეს კავშირი სასამართლოს განხილვაში მყოფ საქმეებს შორის და ისინი უნდა გამომდინარეობდნენ ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობებიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ" პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმა გულისხმობს, რომ სხვა კატეგორიის საქმეზე შესაძლებელია დადგენილ იქნეს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც უშუალო კავშირშია განსახილველ საქმესთან და, რაც მთავარია, განსახილველი და სხვა სასამართლოს წარმოებაში მყოფი საქმეები გამომდინარეობდნენ ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობებიდან. განსახილველი საქმეების ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ურთიერთობები თუნდაც იმიტომაა აბსოლუტურად სხვადასხვა, რომ ერთ შემთხვევაში, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში მყოფ საქმეში დასახელებული მოპასუხეები კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული არიან წარადგინონ გარკვეული მტკიცებულებები მოსარჩელის მოთხოვნის გასაქარწყლებლად, მაშინ როდესაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში მყოფ საქმეზე, მოპასუხეებმა გარკვეულ მტკიცებულებებთან ერთად უნდა უარყონ სხვა აუცილებელი პირობებიც, რის საფუძველზეც მოსარჩელე აყალიბებს თავის მოთხოვნებს.
რაც შეეხება იმას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმოებაში მყოფ ადმინისტრაციული საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოებული ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტისას, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ფაქტები, რომლებიც შეიძლება სასამართლოს მიერ დადგენილ იქნეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმოებაში მყოფ ადმინისტრაციულ საქმეზე, ვერ დაედება საფუძვლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოებულ ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოებული ადმინისტრაციული დავა კავშირში ვერ იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმოებაში მყოფი ადმინისტრაციული საქმესთან და მისი გადაწყვეტა შესაძლებელია ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმოებაში მყოფი ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული სამსახურის უფროსის - ვ. ხ-ს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით შეჩერდა პროკურორ კ. მ-ის სარჩელის საფუძველზე აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება მოპასუხეების _ ნ. ა-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ისა და ნ. ა-ის მიმართ, ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ ¹3-55 ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ წინამდებარე დავა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განხილვაში არსებული დავა მიმდინარეობდა ერთი და იგივე ქონებაზე, ერთი და იმავე მხარეებს შორის სხვადასხვა საფუძვლით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული სარჩელები იყო ურთიერთგამომრიცხავი და დაეყრდნო რა ასკ-ის 215-ე მუხლს, დაუშვებლად მიიჩნია ერთი და იგივე ქონება ყოფილიყო როგორც თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების ქონება, ისევე თანამდებობის პირთან დაახლოვებული პირების ქონება, რა მოტივითაც, საფუძვლიანად მიიჩნია წინამდებარე დავაზე საქმის წარმოების შეჩერება.
საქართველოს გენერალური პროკურატურა არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
საკასაციო სასამართლომ საქართველოს გენერალური პროკურატურის კერძო საჩივრის საფუძველზე შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და თვლის, რომ არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
როგორც საქმეში დაცული მასალებიდან იკვეთება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება თ.. კ-ის, ნ. ბ-ის, ა. ბ-ისა და ნ. ა-ის (გარდა ბათუმში, მ. ა-ის ქ.¹50-ში მდებარე ¹13 ბინის ჩამორთმევის ნაწილში) ქონების ჩამორთმევის ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განხილვაში იმყოფება დავა, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურა ითხოვდა ქვემოჩამოთვლილი პირებისათვის შემდეგი ქონების ჩამორთმევას: ნ. ბ-ისათვის _ საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში, საერთო ფართი 243, 57 კვ.მ. ავტოფარეხი 41,8 კვ.მ: მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. კახარებში, საერთო ფართი 0.27 ჰა.
ა. ბ-ისათვის _ საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში, ბ. 22 და სს ,,ა…ის” წილი 5%.
ნ. ა-ისათვის _ საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, მ. ა-ის ქ ¹50-ში.
თ.. კ-ისათვის _ მოზარდთა დასასვენებელი სახლი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონში, მწვანე კონცხზე: ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი ჩ180», სახ. ნომერი … .
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულ საქმეში მითითებული პირებისათვის ქონების ჩამორთმევის მოტივად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ ნ. ბ-ე წარმოადგენს თანამდებობის პირის - ა. ა-ესთან დაკავშირებული პირის _ რ. ბ-ის ოჯახის წევრს, ხოლო ა. ბ-ე და ნ. ა-ე რ. ბ-ის ახლო ნათესავებს.
წინამდებარე შეჩერებულ საქმეში ზემოაღნიშნული ქონების ჩამორთმევის მოტივს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მითითებული პირები, კერძოდ: ნ. ა-ე წარმოადგენს ა. ა-ის ნათესავს, ხოლო ნ. ბ-ე, ა. ბ-ე და ნ. ა-ე ა. ა-ესთან დაკავშირებულ პირებს.
საყურადღებოა, რომ თავად კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ორივე ზემოაღნიშნული დავა წარმოებს ერთი და იმავე ქონებაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ადასტურებს მითითებული დავების ერთდროულად განხილვის შეუძლებლობას და აღნიშნავს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის ,,დ” პუნქტი დაკავშირებული პირის დეფინიციას განსაზღვრავს შემდეგნაირად: დაკავშირებულ პირად მიიჩნევა პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მოპოვებულია თანამდებობის პირის მიერ ან/და ამ ქონებით სარგებლობს, განკარგავს თანამდებობის პირი (ან განკარგა თანამდებობის პირმა).
ამდენად, მითითებული მუხლის საფუძველზე, პირისათვის დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების ჩამორთმევის განმსაზღვრელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ქონება მოპოვებულია თანამდებობის პირის მიერ და ეს უკანასკნელი წარმოადგენს მითითებული ქონების მოსარგებლეს და/ ან განმკარგავს, ხოლო, რაც შეეხება დაკავშირებულ პირს, აღნიშნული, მართალია, ქონებას ფლობს სამართლებრივ საფუძველზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მფლობელობა ატარებს მხოლოდ ფორმალურ, მოჩვენებით ხასიათს.
ზემოაღნიშნულ მუხლში დეკლარილებულ ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის განმარტებათა ერთობლივი ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს განმარტოს, რომ შეუძლებელია, ერთსა და იმავე ქონებას პირი ფლობდეს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით და, ამასთან, მითითებული ქონება წარმოადგენდეს ორი სხვადასხვა თანამდებობის პირის საკუთრებას (მოცემულ შემთხვევაში საუბარი არ არის ორი თანამდებობის პირის წილობრივ ან თანასაკუთრებაზე), შესაბამისად, შეუძლებელია, ნ. ა-ე, ნ. ბ-ე, ა. ბ-ე და ნ. ა-ე ქონებას ფლობდნენ, როგორც თანამდებობის პირის - რ. ბ-ის ოჯახის წევრები და მისი ახლო ნათესავები და იგივე ქონება წარმოადგენდეს ა. ა-ის, როგორც თანამდებობის პირის მიერ მოპოვებულ ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” პუნქტის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
მითითებული პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლომ არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს იმის განსაზღვრას, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება, კერძოდ, რამდენად გამომდინარეობენ ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან და შესაძლებელია თუ არა მათ ერთმანეთის მიმართ მიეცეთ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ყოველივე მითითებულის გათვალისწინებისა და ზემოაღნიშნული ორივე დავის სამართლებრივი საფუძვლების შეფასების შედეგად, საკსაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაჩერა საქმის წარმოება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.