№ას-1082-2019 26 დეკემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ნ.ღ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – მ.ჯ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელყოფის აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. ფოთში, ....., პირველ სართულზე მდებარე 68.22 კვ.მ ბინა №2-ის მესაკუთრეა ნ.ღ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი), ამავე მისამართზე (ქ. ფოთში, .....ქ.N26-ში, პირველ სართულზე) მდებარე 97.66 კვ.მ ბინა №1-ის მესაკუთრეა მ.ჯ–ძე (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე).
2. 2018 წლის 14 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელყოფის აკრძალვის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მოპასუხემ უკანონოდ დაიკავა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის წინა ნაწილი, საიდანაც შესასვლელი აქვს გაკეთებული და მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა ძირითადი შესასვლელიც აქვს, არ აძლევს მოსარჩელეს საშუალებას შემოიერთოს ეს ფართი. ამასთან, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანა მხარის ფართი არ ემთხვევა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებულ ფართს, კერძოდ, კედელი არასწორად არის აშენებული და საჭიროებს რეკონსტრუქციას, რომლის განხორციელებაშიც ხელს უშლის მოპასუხე.
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ფართი, რომელზეც მოსარჩელე დავობს, იყო საერთო სარგებლობის დერეფანი, რომლითაც მობინადრეები სარგებლობდნენ და მოსარჩელეს საკუთრებაში რეგისტრირებულ 68.22 კვ.მ-სთან არანაირი კავშირი არ აქვს. იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე სადავო 4.18 კვ.მ ფართის მესაკუთრეა, მას მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელემ, ქონების შეძენის შემდეგ დაიწყო ბინის რეკონსტრუქცია შენობის უკანა მხარეს, ახალი კედლები ამოიყვანა არსებული კედლების შიგნით, რითაც შენობის სიგანე შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა საერთო ფართიც. ამის კომპენსირება კი, მოსარჩელეს სურს საერთო სარგებლობაში არსებული ფართის ხარჯზე, რასაც არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
4. ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6.1. სააპელაციო პალატამ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით, ასევე, ამ ფართის წინა მესაკუთრის რეგისტრაციის მასალებით, დაადგინა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხებოდა 68.22 კვ.მ ფართი, რაც არ მოიცავდა სადავო 4.18 კვ.მ ფართს. თავად მოსარჩელის შეკვეთით დამზადებული არასაცხოვრებელი ფართის - 68.03 კვ.მ-ის რეაბილიტაციის გეგმა კი, რომელზეც დატანილი იყო სადავო 4.18 კვ.მ ფართი, არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებას, იმის დასადასტურებლად, რომ სადავო 4.18 კვ.მ. ფართის მესაკუთრე მოსარჩელე იყო.
6.2. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელეს მოთხოვნა რეკონსტრუქციის განხორციელებაში ხელშეშლის აღკვეთის თაობაზეც, ვინაიდან რეკონსტრუქციის პროექტში (ნახაზზე) მოქცეული 4.18 კვ.მ ფართზე თავისი საკუთრების უფლება მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, ხოლო მოპასუხის მხრიდან სხვაგვარად ხელშეშლის ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდებოდა.
7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
7.1. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ, თითქოს, სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა სადავო ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, არასწორია. მოსარჩელემ წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო ფართი დარეგისტრირებული აქვს მოსარჩელეს, რომელმაც ეს ფართი იყიდა და ამჟამად იპოთეკით აქვს დატვირთული. მოსარჩელეს გამყიდველისაგან ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა და მოპასუხეს პერტენზია არ გააჩნდა სადავო ფართზე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
11. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნივთის დაბრუნებისა და ხელყოფის აკრძალვის თაობაზე, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) ეფუძნება.
14. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, მოსარჩელე იურიდიულად რჩება მესაკუთრე, საკუთრების ტიტულის მატარებელი, თუმცა საკუთრების ხელყოფა ხორციელდება ამ ნივთის ფაქტობრივი ჩამორთმევით.
15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრებაშია 68.22 კვ.მ ფართი. მისი განმარტებით, ამ ფართის ნაწილი 4.18 კვ.მ უკანონოდ აქვს მოპასუხეს დაკავებული. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო 4.18 კვ.მ არ წარმოადგენს 68.22 კვ.მ-ის, ანუ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ფართის ნაწილს. ამ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ, რომელიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი), კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. დასაბუთებულ პრეტენზიად ვერ მიიჩნევა მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მოსარჩელემ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართი შეიძინა და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ყოფილი მესაკუთრისაგან. პალატა მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ის კი არაა, რომ კასატორმა ნამდვილად შეიძინა 68.22 კვ.მ ფართი, არამედ ის - წარმოადგენს თუ არა 4.18 კვ.მ ამ ფართის ნაწილს. ამგვარი მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია.
16. ამდენად, მოსარჩელეს, პირველ რიგში, ეკისრებოდა სადავო 4.18 კვ.მ-ზე თავისი საკუთრების უფლების მტკიცების ტვირთი. მან, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც ეს ფაქტი დადასტურდებოდა. ვინაიდან სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება ვერ დადგინდა, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა გამოირიცხა.
17. კასატორს დასაბუთებელი პრეტენზია არ წარმოუდგენია არც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ რეკონსტრუქციის პროექტში მოქცეულია სწორედ ის 4.18 კვ.მ, რომელზედაც მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დადგინდა. შესაბამისად, ხელყოფის აკრძალვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობაც გამოირიცხა, ვინაიდან აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (შდრ. სუსგ: №ას-1041-998-2016, 12.02.2016; №ას-843-809-2016, 26.10.2016).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ღ–ძეს (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება #8247342124, გადახდის თარიღი 31.07.2019) 70% - 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი