Facebook Twitter

№ას-1287-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – მ.ჯ–ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ფ.ა–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფ.ა–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მესაკუთრე) ქ. თბილისში, ..... მდებარე კოტეჯი №9-ის (საკადასტრო კოდი .....) (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) მესაკუთრეა.

2. მოსარჩელის საკუთრებად რიცხულ სადავო უძრავ ქონებას მ.ჯ–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.

3. უძრავ ნივთს მოპასუხე არ ათავისუფლებს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

4. 2018 წლის 19 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით. მისი განმარტებით, სადავო ქონება შეიძინა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე და მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეა, მოპასუხე განაგრძობს მისი ნივთის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს.

5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ქონება თაღლითური გზით იპოთეკით დაატვირთინა ნ.ვ–ძემ. ვიდრე გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩაატარა აუქციონი და გაასხვისა ქონება მოსარჩელეზე, რომლისთვისაც დანაშაულებრივი სქემის შესახებ ცნობილი იყო. ამასთან, მოპასუხის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა დავა აუქციონის კანონიერების თაობაზე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო უძრავი ქონება და გადაეცა მოსარჩელეს;

- მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 172.1 მუხლის საფუძველზე მოეთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ნივთის გამოთხოვა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ აპელანტის ძირითადი პრეტენზია მოსარჩელის მიერ სადავო ნივთზე საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვება იყო, რაც განსახილველი დავის ფარგლებს სცდებოდა.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

10.1. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რითაც აპელანტს დაუკარგა უფლება, შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსათვის განსახილველი საქმის შეჩერების თაობაზე.

10.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სადავო ქონების კანონიერი მესაკუთრე იყო. ეს ფაქტი დავის საგანია მოპასუხის მიერ აღძრულ სხვა სარჩელზე.

10.3. კასატორმა მოითხოვა სსსკ-ის 279-ე მუხლის თანახმად საქმის წარმოების შეჩერება, არაკეთილსინდისიერი მესაკუთრის საკუთრების გაუქმების შესახებ სარჩელზე საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, იმსჯელებს საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით კასატორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე და ხოლო შემდგომ, შეეხება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძვლებს.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა, მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის, საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ბევრჯერ შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმისწარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა, შესაბამისად, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება, მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელსაც სხვა სასამართლო განიხილავს (იხ. სუსგ, #ას-551-519-2012, 11.06.2012წ.).

14. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე დაუსაბუთებელია. შუამდგომლობის ავტორი არ უთითებს თუ რომელი საქმის გადაწყვეტამდე სურს წინამდებარე საქმის შეჩერება. შუამდგომლობას არც მტკიცებულებებს ურთავს სხვა საქმის სასამართლოში განხილვის მიმდინარეობის შესახებ. ამასთან, არ უთითებს საქმეთა შორის ისეთ აუცილებელ კავშირზე, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა საქმის განხილვას. მოპასუხეს/კასატორს მიკუთვნებითი შეგებებული სარჩელი სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნით არ აღუძრავს, მოსარჩელე კი, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს და უფლებამოსილია, მოითხოვოს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ნივთის გამოთხოვა. ამასთან, თუ კასატორი მომავალში სადავო ქონებაზე საკუთრებას დაიბრუნებს, ეს ქონება გადაეცემა კიდეც მფლობელობაში. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების შესახებ დაუსაბუთებელია.

15. საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება). ნორმის თანახმად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

21. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით აპელანტის შუამდგომლობის წარდგენის უფლება შეილახა. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას სსსკ-ის 3761 მუხლი ითვალისწინებს. საქმისწარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა მოპასუხეს შეეძლო, სააპელაციო საჩივარში დაეყენებინა ან მოგვიანებით წერილობით წარედგინა. სხვაგვარად, მოსამართლეს ვერ ექნებოდა ინფორმაცია, რომ აპელანტი შუამდგომლობის წარდგენას აპირებდა ზეპირ სხდომაზე. ამდენად, მოპასუხეს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სასამართლოს საქმე შეიძლებოდა განეხილა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

22. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში არაკანონიერად არის რეგისტრირებული მოსარჩელის საკუთრებად, პალატა განმარტავს, რომ სანივთო უფლება - საკუთრება ვლინდება საჯარო რეესტრიდან, შესაბამისად, სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი. ამასთან, რეესტრის ჩანაწერი მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუსტობა. რეესტრში რეგისტრირებული უფლება შეესაბამება თუ არა ამ უფლების ნამდვილ შინაარს, მოცემული დავის საგნის ფარგლებში ვერ განიხილება. შედავება მოპასუხეს მხოლოდ შეგებებული სარჩელით შეეძლო, მას კი ასეთი სარჩელი სასამართლოში არ წარუდგენია.

23. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც შესრულებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება).

25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 30%-ის, 45 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჯ–ას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფიელდეს;

2. მ.ჯ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ მ.ჯ–ას (......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 30%-ის, 45 ლარის გადახდა;

4. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი