საქმე №ა-1061-შ-26-2020 11 მაისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.ყ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ო.ბ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ნევინნომისსკის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმე №2-2472/2016
დავის საგანი - განქორწინება, მშობლის უფლებების ჩამორთმევა და ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ნევინნომისსკის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე # 2-2472/2016) გ.ყ–ის სარჩელი ო.ბ–ას მიმართ განქორწინების, მშობლის უფლებების ჩამორთმევისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
1.1. შეწყდა გ.ყ–სა და ო.ბ–ას შორის 04.03.2011 წელს სტავროპოლის მხარის მმაჩის მთავარი სამმართველოს ქ. ნევინნომისსკის გან-ბაში რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი #59.
1.2. ო.ბ–ას (დაბადებული 01.02.1988წ.) ჩამოერთვა მშობლის უფლებები შვილის - რ.გ. ძე ბ–ის მიმართ (დაბადებული 18.03.2008 წელს, სტავროპოლის მხარის ქ. ნევინნომისსკის მკვიდრი). არასრულწლოვანი დარჩა მამის - გ.ყ–ის მზრუნველობის ქვეშ.
1.3. ო.ბ–ას გ.ყ–ის სასარგებლოდ რ.გ. ძე ბ–ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტი მყარ ფულად თანხაში სასიცოცხლო მინიმუმის სიდიდის ½ წილის ოდენობით, რაც დადგენილია მოსახლეობის შესაბამისი სოციალურ დემოგრაფიული ჯგუფისთვის (ბავშვები), რაც გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის შეადგენს 4371 რუბლს, ყოველთვიურად შემდგომი ინდექსაციით სასიცოცხლო მინიმუმის სიდიდის ზრდის პროპორციულად შესაბამისი სოციალურ დემოგრაფიული ჯგუფისთვის, დაწყებული 2016 წლის 26 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
1.4. სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დანარჩენი ნაწილის მყარ ფულად თანხაში დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. 2020 წლის 5 მარტს გ.ყ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, სტავროპოლის მხარის ნევინნომისსკის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინებისა და არასრულწლოვან შვილზე მზრუნველობის დაწესების ნაწილში.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 4 ოქტომბერს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.03.2020წ. განჩინებით გ.ყ–ს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.03.2020წ. განჩინებით გ.ყ–ს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაეზუსტებინა მოპასუხის - ო.ბ–ას საცხოვრებელი მისამართი. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მოცემული განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.03.2020წ. განჩინების ასლი გ.ყ–ს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ოჯახის სრულწლოვან წევრს (დეიდაშვილს) 2020 წლის 17 მარტს.
8. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 18 მარტს და ამოიწურა 2020 წლის 27 მარტს.
9. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ საქმეზე №ა-324-შ-6-2020, 9 მარტი, 2020 წელი; №ა-2180-შ-56-2019, 16 სექტემბერი, 2019 წელი).
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ყ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, სტავროპოლის მხარის ნევინნომისსკის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს №2-2472/2016 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე