№ას-281-2020 3 ივნისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, კომპენსაციის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე.მ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, "კასატორი") წარადგინა სარჩელი სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა: მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 02.03.2016წ. #17-კ ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე - პროდიუსერის თანამდებობაზე აღდგენა; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 1 მაისიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (მისი ყოველთვიური ხელფასის - 2300 ლარის გათვალისწინებით); იძულებითი განაცდურის თანხის დაყოვნებისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრება ასანაზღაურებელი თანხის 0.07% ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.08.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2016 წლის 2 მარტის #17-კ ბრძანება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით - 32 000 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა. სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც მოპასუხემ, ასევე მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.10.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: 29.10.2019წ. განჩინება, ს.ფ.274-284). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.05.2020წ. განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ს.ფ 326-328).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
6. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 მაისის განჩინება პირადად ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს - ა.ნ–ას 2020 წლის 14 მაისს (იხ.: მინდობილობა, ს.ფ.227-229; გზავნილი და შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, ს.ფ.332, 333). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია მიმღების პირადი ნომერი.
7. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 15 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 25 მაისს (მეათე დღე იყო კვირა). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2020 წლის 25 მაისის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
8. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ-ები №ას-1460-2019, 10 თებერვალი, 2020 წელი; №ას-1803-2019, 5 მარტი, 2020 წელი №ას-241-2020, 27 მაისი, 2020 წელი).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე