Facebook Twitter

საქმე№ა-1239-შ-32-2020 20 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ქ.ლ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – პარიზის უმაღლესი სასამართლოს ოჯახური დავების მრჩეველთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის #RG:18/34704 გადაწყვეტილება და 2019 წლის 10 აპრილის #RG:19/34451 გადაწყვეტილება, უსწორობის გასწორების თაობაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. პარიზის უმაღლესი სასამართლოს ოჯახური დავების მრჩეველთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის #RG:18/34704 გადაწყვეტილებითა და 2019 წლის 10 აპრილის #RG:19/34451 გადაწყვეტილებით (უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება), უსწორობის გასწორების თაობაზე, დაკმაყოფილდა, ზ.დ.კ.ს–ის (მშვილებელი) მოთხოვნა, ქ.ლ–ის (შუამდგომლობის ავტორი) შვილად აყვანის თაობაზე, შვილად აყვანილის სახელი განისაზღვრა ქ.ლ.ს–ი.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 13 მარტს, შუამდგომლობით მომართა შვილად აყვანილმა, მოითხოვა დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებისა და მასში შესწორების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებითა და შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

4. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

5. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებითა და მშვილებელის განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ განცხადება მარტივი შვილად აყვანის თაობაზე წარდგენილია მშვილებლის, ხოლო განსახილველი შუამდგომლობა წარმოდგენილია შვილად აყვანილის მიერ.

6. ამავე დოკუმენტებით დადგენილია, რომ შვილად აყვანილი დაბადებულია 1991 წლის 8 სექტემბერს და 2000 წლიდან (9 წლის ასაკიდან) ცხოვრობს მშვილებლისა და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის - მ.ვ–ის ოჯახში, ისე მიიღეს, როგორც, საკუთარ ოჯახში, მჭიდროდ არის დაკავშირებული მათთან და ზრუნავდნენ მის აღზრდა-განათლებაზე ისე, როგორც საკუთარზე.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება შუამდგომლობის მოთხოვნის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი - შვილად აყვანა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც განეკუთვნება მშვილებელი შვილად აყვანის დროს. შვილად აყვანა ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მიერ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება; სსკ-ის 1239-ე მუხლის 2-ე ნაწილი - „სრულწლოვანი პირის შვილობა შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია“;, აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას „მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები“.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ლ–ის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს პარიზის უმაღლესი სასამართლოს ოჯახური დავების მრჩეველთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის #RG:18/34704 გადაწყვეტილება და 2019 წლის 10 აპრილის #RG:19/34451 გადაწყვეტილება, უსწორობის გასწორების თაობაზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე