საქმე №ას-58-2020 11 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე,
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ს.რ.გ. და ი.ს.ს.ს.დ.ს.გ.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2012 წლის 6 აგვისტოს ს.რ.გ. და ი.ს.ს.ს.დ.ს.გ.დ–სა (შემდგომში „მოპასუხე“, „შემსყიდველი“, „შემკვეთი“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და შპს „ს–ის“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“ ან „მენარდე“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ე.ტ. N105-12, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შეესრულებინა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის კმ 24+440-კემ 29+365 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (CPV45233142).
2. ხელშეკრულების
ა) 2.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია ყოველ თვეში წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მთლიანი და ჯამური (დამატებული ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება საანგარიშო პერიოდსა და ნაზარდი ჯამის ჩვენებით;
ბ) 2.5. პუნქტით ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების და დადასტურებული მოცულობის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 28 დღის განმავლობაში;
გ) 2.14 პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებელი იქნება მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის შემსყიდველთან შეთანხმებული შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს უშუალოდ შემსყიდველის და საამისოდ შერჩეული პირის (შპს „ს.გ.რ. და მ.ზ.დ–ა“) მიერ დადასტურებული აქტი;
დ) 2.17 პუნქტის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს ერთ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა;
ე) 2.18 პუნქტის თანახმად, სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე;
ვ) მე-5 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს სამუშაოს შესრულების პირობები და ვადები. კერძოდ, ხელშეკრულების 5.1. პუნქტით, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს 06.08.2012წ.-30.09.2013წ. პერიოდის განმავლობაში. სამუშაოს მთლიანი ღირებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე განისაზღვრა 8 619 929,66 ლარით;
ზ) მე-9 მუხლით განსაზღვრულია ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. კერძოდ 9.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების 9.4. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს).
3. 2012 წლის 6 აგვისტოს #1893135-2171127 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 508 576 ლარი. გარანტიის მოქმედების ვადა - 2013 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. მოცემულ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა შემსყიდველი, ხოლო უზრუნველყოფილი ვალდებულება - 2012 წლის 6 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით (ე.ტ. №105-12) ბენეფიციარის (შემსყიდველის) წინაშე მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გულისხმობდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 88+235 - კმ. 99 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
4. 2012 წლის 6 აგვისტოს სს „თ.ბ–მა“ გასცა საბანკო გარანტია 578 576 ლარზე და ბენეფიციარის (შემსყიდველის) წინაშე იკისრა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება.
5. 2012 წლის 7 აგვისტოს #1893135-2171132 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი. ამ შემთხვევაშიც ბენეფიციარს წარმოადგენდა შემსყიდველი.
6. 2013 წლის 23 ივლისის №07-01-03/4038 წერილით შემსყიდველმა მიმართა სს „თ.ბ–ს“, აცნობა, რომ მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა 2012 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, მოითხოვა ავანსის უზრუნველყოფის მიზნით გაცემული საბანკო გარანტიის, 740 000 (შვიდასორმოცი ათასი) ლარის გადახდა. აღნიშნული წერილის შესაბამისად 2013 წლის 5 სექტემბერს ბანკმა შემსყიდველს გადაუხადა 740 000 (შვიდასორმოცი ათასი) ლარი.
7. 2013 წლის 23 ივლისიდან შემსყიდველმა ცალმხრივად შეწყვიტა 2012 წლის 6 აგვისტოს ე.ტ. N105-12 ხელშეკრულება მიმწოდებელთან, რის თაობაზეც იმავე დღეს ეცნობა მიმწოდებელს.
8. 2013 წლის 6 აგვისტოს შემსყიდველმა №07-01-03/4494 წერილით სს „თ.ბ–ისგან“ მოითხოვა საგარანტიო თანხიდან პირგასამტეხლოს სახით 68 152,9 ლარის გადახდა. 2013 წლის 5 სექტემბერს ბანკმა მოპასუხეს გადაუხადა აღნიშნული თანხა.
9. 2012 წლის 6 აგვისტოს ე.ტ. N105-12 ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3 356 230,52 ლარი, ხოლო დაკავებულმა სარეზერვო თანხამ 167 811,53 ლარი. სარეზერვო თანხის პირველი ნახევრიდან დეფექტების გამო დაკავდა 4132 ლარი, ხოლო დარჩენილი 79 773,6 ლარი დაბრუნებული იქნა. შესაბამისი აქტი გაფორმდა ახალი კონტრაქტორი მესამე პირის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ. მეორე ნახევარი, კერძოდ 83 905,76 ლარი დღემდე არ დაბრუნებულა.
10. 2012 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. N115-12 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზის კმ 24+440 - კმ29+365 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების (CPV45233142) განხორციელება.
11. ხელშეკრულების
ა) 2.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია ყოველ თვეში წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მთლიანი და ჯამური (დამატებული ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება საანგარიშო პერიოდსა და ნაზარდი ჯამის ჩვენებით.
ბ) 2.5. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების და დადასტურებული მოცულობის მიხედვით, მეღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 28 დღის განმავლობაში.
გ) 2.9. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ავანსის გაცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს გასაცემი ავანსის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს გასაცემი ავანსის დაქვითვამდე.
დ) მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებელი იქნება მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის შემსყიდველთან შეთანხმებული შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობისა და ხარისხზე არსებობს უშუალოდ შემსყიდველის და საამისოდ შერჩეული პირის (შპს ,,ს.გ.რ. და მ.ზ.დ–ა“) მიერ დადასტურებული აქტი.
ე) 2.17. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს ერთ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან/და უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე.
ვ) მე-5 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს სამუშაოს შესრულების პირობები და ვადები;
ზ) მე-9 მუხლით განსაზღვრულია ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, კერძოდ. 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით. 9.4. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს)
12. სს „თ.ბ–მა“ 2012 წლის 31 აგვისტოს #1893135-2183549 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გასცა საბანკო დარანტია და გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 175 620 ლარი. ამ შემთხვევაშიც ბენეფიციარს წარმოადგენდა შემსყიდველი, ხოლო უზრუნველყოფილი ვალდებულება - 2012 წლის 31 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით (ე.ტ. №115-12) შემსყიდველის (ბენეფიციარის) წინაშე მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულება.
13. 2012 წლის 11 სექტემბერს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ა.დ.გ.რ. N7-12 ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მონგირი-ახუთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენდა ერთ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. ამავე ხელშეკრულების 2.14 პუნქტის თანახმად, სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე.
14. მოსარჩელის მოთხოვნა (დაზუსტებული)
14.1. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა ე.ტ. N105-12 ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის 883 948,76 ლარის (საიდანაც დაუბრუნებელი სარეზერვო თანხაა 83 905,76 ლარი, დაუბრუნებელი სარეზერვო თანხის სარგებელი 75 252,3 ლარი, შესრულების გარანტიის განაღდებული თანხა 68 153 ლარი, შესრულების გარანტიაზე დარიცხული ჯარიმა/პროცენტი 22 450,4 ლარი, საავანსო გარანტიაზე დარიცხული ჯარიმა/პროცენტი 129 856 ლარი, ხელშეკრულების მოშლით (შეწყვეტით) მიუღებელი მოგება 504 331,2 ლარი) მოპასუხისთვის დაკისრება; ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაუბრუნებელ სარეზერვო თანხაზე - 83 905,76 ლარზე წლიური 15% სარგებლის გადახდა 2018 წლის 26 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე; ე.ტ. N115-12 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 96 109,4 ლარის (საიდანაც დაგვიანებით დაბრუნებული სარეზერვო თანხის სარგებელია 45 001,61 ლარი, შესრულების გარანტიის განაღდებული თანხა - 12 368,4 ლარი, შერსრულების განარტიაზე დარიცხული ჯარიმა/პროცენტი - 1708,1 ლარი, ხელშეკრულების შეწყვეტით მიუღებელი მოგება 37 031,29 ლარი) მოპასუხისთვის დაკისრება; შ.რ. N2-12 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 21 302,37 ლარის (რომელიც შეადგენს დაგვიანებით დაბრუნებული სარეზერვო თანხის სარგებელს) მოპასუხისთვის დაკისრება; ა.დ.გ.რ N7-12 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 13 640 ლარის (საიდანაც შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გადაუხდელი თანხაა 6 075,82 ლარი, სამუშაოთა აუნაზღაურებელი თანხის სარგებელი 4 858,99 ლარი, დაუბრუნებელი სარეზერვო თანხა 1 598,9 ლარი, დაუბრუნებელი სარეზერვო თანხის სარგებელი 1 106,53 ლარი) მოპასუხისთვის დაკისრება და ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გადაუხდელ და დაუბრუნებელ სარეზერვო თანხაზე - 7 674,72 ლარზე წლიური 15% სარგებლის გადახდა 2018 წლის 26 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე; ე.ტ. N37-12 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3 180,53 ლარის (რომელიც შეადგენს დაგვიანებით დაბრუნებული სარეზერვო თანხის სარგებელს) მოპასუხისთვის დაკისრება.
15. მოპასუხის პოზიცია
15.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების სახით 6 075,82 ლარის გადახდა; ასევე 2012 წლის 6 აგვისტოს და 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხის ჯამში - 85 504,66 ლარის გადახდა.
17. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
17.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
18.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
18.3. სასამართლომ ასევე მიუთითა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 6 აგვისტოს ე.ტ N105-12 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3 356 230,52 ლარი, ხოლო დაკავებულმა სარეზერვო თანხამ 167 811,53 ლარი. სარეზერვო თანხის პირველი ნახევრიდან დეფექტების გამო დაკავდა 4 132 ლარი, ხოლო დარჩენილი 79 773,6 ლარი დაბრუნებული იქნა. შესაბამისი აქტი გაფორმდა ახალი კონტრაქტორი მესამე პირის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ. მეორე ნახევარი, კერძოდ 83 905,76 ლარი დღემდე არ დაბრუნებულა. ამასთან, 2012 წლის 11 სექტემბრის ა.დ.გ.რ. N7-12 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხამ შეადგინა 1 598,9 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 31 978 ლარი, საიდანაც ანაზღაურდა მხოლოდ 25 902,18 ლარი. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 2012 წლის 6 აგვისტოსა და 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გააჩნია ჯამში 91 580,48 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც 6 075,82 ლარი შეადგენს 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, ხოლო 85 504,66 ლარი - დაუბრუნებელი სარეზერვო თანხის ღირებულებას (83 905,76+1598,9).
18.4. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე არ უარყოფს დაკისრებული სარეზერვო თანხების მოსარჩელისთვის გადახდის სამომავლო ვალდებულებას და აღნიშნავს, რომ იგი მხოლოდ ზედამხედველი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ აქტის (წერილის) წარმოდგენის შემდგომ იქნება უფლებამოსილი იმსჯელოს აღნიშნული თანხის გადახდის საკითხზე. სააპელაციო პალატამ აპელანტის მოცემული პრეტენზია არ გაიზიარა, დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში უნდა გამოვლინდეს ხარვეზები, რომლის აღმოფხვრის ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაბრუნების წინაპირობაა საგარანტიო ვადის გასვლა. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის საზედამხედველო კომპანიის შპს ,,ს.გ.რ. და მ.ზ.დ–ის“ წერილი შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ. სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მოპასუხის კონტრაქტორი საზედამხედველო კომპანიის მხრიდან აღნიშნული დასკვნა წარდგენილი არ ყოფილა არათუ სამუშაოების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, არამედ, როგორც მოპასუხე მიუთითებს, დღეის მდგომარეობითაც კი, ვერ მიიჩნევა სარეზერვო თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძვლად, ვინაიდან მოპასუხეს სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღებიდან დღემდე ხარვეზების შესახებ პრეტენზია არ განუცხადებია და ასეთის არსებობაზე არც ამჟამად მიუთითებს, ხელშეკრულება შეწყვეტილია და გასულია საგარანტიო ვადა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სახელშეკრულებო პირობების მხედველობაში მიღებით მართებულად მიიჩნია მოპასუხისათვის სარეზერვო თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება.
18.5. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული თანხაც მართებულად დააკისრა მოპასუხეს.
18.6. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ დამგდგარა, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია ინფორმაცია (ექსპერტის სათანადო დასკვნა) ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ.
18.7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა იმის შესახებ, რომ არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 12.07.2012წ. N1-1/1463 ბრძანება (რომლითაც დამტკიცებულია სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი) და არც სახელშეკრულებო პირობა, არ ითვალისწინებს მიმწოდებლის მხრიდან საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვალდებულებას. ხოლო იმ პირობებში, როდესაც, უდავოა მოპასუხის მიერ შესრულების მიღების ფაქტი, დადასტურებულია შესაბამისი ანგარიშფაქტურა 31 978 ლარზე, საიდანაც ანაზღაურებულია 25 902,18 ლარი და აპელანტი სადავოდ არ ხდის თანხის სამომავლოდ გადახდის ვალდებულებას, დაუსაბუთებელია პრეტენზია, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ ინფორმაციის წარდგენამდე (ექსპერტის სათანადო დასკვნა ფაქტობრივი დანახარჯის ოდენობის შესახებ), მხარეს არ გააჩნია თანხის ანაზღაურების ვალდებულება.
18.8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მითითებულ ნორმათა არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
19. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
19.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
19.2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართალია სწორად გამოიყენეს კანონი, მაგრამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს მას. მოპასუხემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას უარი არ განუცხადებია შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და სარეზერვო თანხების მოსარჩელისთვის ანაზღაურებაზე, თუმცა, აღნიშნული ვალდებულება მას ეკისრება შესრულებული სამუშაოების ხარისხის შესახებ შესაბამისი საექსპერტო დასკვნისა და ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ სათანადო დასკვნის მოსარჩელის მიერ წარდგენის შემდგომ. სპეციალური საზედამხედველო კომპანიის მიერ გაცემული აქტით უნდა დაზუსტდეს, შეასრულა თუ არა მიმწოდებელმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ხარისხიანად. ამდენად, ვინაიდან ამ გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი აქტები მოსარჩელის მიერ წარდგენილი არაა, მოპასუხის მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულებაც ამ ეტაპზე არ დამდგარა. მოპასუხისთვის უცნობია, ფაქტობრივად რა ოდენობის თანხა ექვემდებარება გადახდას.
20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
23. მოცემულ შემთხვევაში კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ ნარდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ღირებულების, ასევე, დაუბრუნებელი სარეზერვო თანხების მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ანაზღაურების ვალდებულება არ დამდგარა, ვინაიდან, მოსარჩელეს (მიმწოდებელს) არ წარუდგენია შესრულებული სამუშაოების ხარისხის შესახებ სპეციალური საზედამხედველო კომპანიის მიერ გაცემული შესაბამისი აქტი და ინფორმაცია ფაქტობრივი დანახარჯების თაობაზე (ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ სათანადო ექსპერტის დასკვნა).
24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ. სსკ 649-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა, მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია, გადაიხადოს საზღაური. აღნიშნული ნორმა საზღაურის გადახდის ვალდებულებას უკავშირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით სრულად შესრულებული სამუშაოს შემკვეთის მიერ მიღების ფაქტს (სუსგ საქმე №ას-1580-1579-2011, 3 მაისი, 2012 წელი).
25. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით მხარეთა შორის ხელშეკრულება შემკვეთის მიერ ცალმხრივად მოიშალა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებელი სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება (იხ. სუსგ-ები: #ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; ას-901-851-2015,5 თებერვალი, 2016 წელი; ას-981-926-2015,11 მარტი, 2016 წელი; #ას-399-383-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).
26. მენარდის სასარჩელო მოთხოვნიდან და მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა დაედგინა, შეასრულა თუ არა მენარდემ სამუშაო, რა მოცულობისა და ღირებულების იყო იგი და ხელშეკრულების პირობების თანახმად, იყო თუ არა შესრულებული ჯეროვნად. ასევე, ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და სარეზერვო თანხის დაბრუნების საფუძვლიანობის კვლევისას, უნდა დაედგინა ევალებოდა თუ არა მენარდეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარდგენა შესრულებული სამუშაოების თაობაზე.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
28. განსახილველ დავაში სააპელაციო სასამართლომ საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2012 წლის 6 აგვისტოსა და 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებების შესაბამისად, მოსარჩელე ასრულებდა სამუშაოებს, რომლებსაც იღებდა დამკვეთი. დადგენილია ასევე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დამკვეთს (მოპასუხეს) მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტთან და შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებია. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი მოპასუხეს (შემკვეთს) ეკისრება. სწორედ მისი მტკიცების ტვირთია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების შესრულების ღირებულების, ასევე, დაუბრუნებელი სარეზერვო თანხების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა.
29. აღს–იშნავია, რომ საკასაციო საჩივრის ავტორი ადასტურებს და არ უარყოფს სადავო თანხების მოსარჩელისთვის გადახდის სამომავლო ვალდებულებას, თუმცა, აღნიშნული ვალდებულების განხორციელებას გაწეული სამუშაოების ხარისხის შესახებ შესაბამისი აქტისა და ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ ინფორმაციის (ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ სათანადო ექსპერტის დასკვნა) მოსარჩელის მიერ წარდგენას უკავშირებს.
30. საკასაციო პალატა დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის ზემოაღნიშნულ მითითებას და ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შინაარსს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ნარდობის ხელშეკრულებებით განისაზღვრა მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების პირობები და ვადები, ასევე შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის განისაზღვრა საგარანტიო ვადა - ერთი წელი სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდებოდა სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი - საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე (იხ. 2012 წლის 6 აგვისტოს ე.ტ. N105-12 ხელშეკრულება, მუხლი 2.17-2.18, ტ. 1. ს.ფ 35; 2012 წლის 11 სექტემბრის ადგ.რ N7-12 ხელშეკრულება, მუხლი 2.13-2.14, ტ.3, ს.ფ 233). ამდენად, ხელშეკრულებების ზემოთ მითითებული პირობები შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაბრუნების წინაპირობად საგარანტიო ვადის გასვლას მიიჩნევს.
31. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება საგარანტიო ვადაში (სამუშაოების მიღებიდან ერთი წლის განმავლ
32. ობაში) შემკვეთის მიერ მენარდისათვის გაწეულ სამუშაოთა ხარისხთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის გაცხადების ფაქტი, ამ სახის პრეტენზია შემკვეთს არც საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ გამოუთქვამს. შემკვეთმა მიიღო მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო, ასევე დადასტურებულია შესაბამისი ანგარიშფაქტურა 31 978 ლარზე (საიდანაც ანაზღაურებულია 25 902,18 ლარი), სადავო არ არის მიღება-ჩაბარების აქტებზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობაც (იხ. ტ. 1, ს.ფ 136-142), შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ფაქტობრივი დანახარჯების თაობაზე სათანადო ინფორმაციის, ასევე გაწეულ სამუშაოთა ხარიხის შესახებ სპეციალური საზედამხედველო კომპანიის მიერ გაცემული დასკვნის წარუდგენლობის გამო არსებობდა სარეზერვო თანხების დაბრუნებასა და სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურებაზე შემკვეთის მიერ უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებებში არსებული ჩანაწერი, რომელთა შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ობიექტზე შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ხარისხის შემოწმებასა და მიღება-ჩაბარებაზე შემსყიდველის მიერ უშუალოდ საამისოდ შერჩეული პირის (საზედამხედველო კომპანიის) მეშვეობით (იხ. 2012 წლის 6 აგვისტოს ე.ტ. N105-12 ხელშეკრულება, მუხლი 4.4, ტ. 1. ს.ფ 36; 2012 წლის 11 სექტემბრის ადგ.რ N7-12 ხელშეკრულება, მუხლი 4.4, ტ.3, ს.ფ 234), არ შეიძლება მივიჩნიოთ ხელშეკრულების იმგვარ დათქმად, რომელიც მოპასუხეს საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის ლეგიტიმურ საფუძველს მისცემდა.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე № ას-243-231-2017 , 12 იანვარი, 2018 წელი; №ას-746-714-2016 , 8 მაისი, 2017 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.რ.გ. და ი.ს.ს.ს.დ.ს.გ.დ–ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე