Facebook Twitter

¹ბს-573-541(კს-06) 1 ნოემბერი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ მ. ა-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი, მოპასუხე ძირითად სარჩელზე) და ს. გ-ი (მოპასუხე ძირითად სარჩელზე)

წარმომადგენელი _ მ. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე: 1. დ. გ-ი (მოსარჩელე, მესამე პირი შეგებებულ სარჩელზე); 2. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა (მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

მესამე პირი შეგებებულ სარჩელზე _ ე. ტ-ა-რ-ა

დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 აგვისტოს განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 29 ივლისს დ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობაში ს. გ-ისა და მ. ა-ის მიმართ და მიუთითა შემდეგზე:

1998 წლის 4 აგვისტოს მან შეიძინა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში, ლილოს დასახლება, ... ქ. 92-ში, რომელიც მის სახელზე იყო აღრიცხული საჯარო რეესტრში. ხსენებულ ნაკვეთზე ძირითადი ლიტერ «ა» ნაგებობის გარდა, მეორე ლიტერ «ბ» ნაგებობაც მდებარეობდა, რომელიც ს. გ-სა და მის ოჯახს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. მოსარჩელე, როგორც მესაკუთრე, ხსენებული ნაგებობის გამოთავისუფლებასა და მისთვის გადაცემას მოითხოვდა.

2003 წლის 15 ოქტომბერს მ. ა-მა შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე _ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის, მესამე პირების: ე. რ-ა-ტ-ასა და დ. გ-ის მიმართ და სამგორის რაიონის გამგეობის 1998 წლის 29 ივლისის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც სადავო ლიტერ «ბ» ნაგებობა ე. რ-ს დაუკანონდა.

შეგებებული სარჩელის ავტორი განმარტავდა, რომ იგი 1968 წლიდან ლილოს დასახლებაში, ... ქ. 74-ში ცხოვრობდა, ამავე ქუჩაზე, ... ქ. 92-ში ცხოვრობდა ე. რ-ა ოჯახთან ერთად. 1992 წელს ამ უკანასკნელმა შინაურული ხელშეკრულებით, მეზობლების თანდასწრებით, მ. ა-ს 200000 მანეთად მიჰყიდა თავისი დაუკანონებელი ლიტერ «ბ» ნაგებობა, რომელშიც მ. ა-ი ოჯახთან ერთად შესახლდა და დღემდე ცხოვრობს, მან ჩაატარა სარემონტო სამუშაოები და კომუნალურ გადასახადებსაც თავად იხდიდა.

1992 წელს იმავე ქუჩის ¹92-ში მდებარე ლიტერ «ა» ნაგებობაში შესახლდა დ. გ-ი, რომელიც თითქმის არ ცხოვრობდა სადავო სახლში.

მ. ა-ი აღნიშნავდა, რომ მისთვის მხოლოდ სასამართლო უწყების მიღების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ე. რ-ს სადავო შენობა დაუკანონებია და იგი შემდგომში დ. გ-ისთვის მიუყიდია.

შეგებებული სარჩელის ავტორი განმარტავდა, რომ მის მიერ სადავო ნაგებობის შესყიდვის ფაქტი, მეზობლების ჩვენებების გარდა, ხელწერილითაც დასტურდებოდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მან ე. რ-საგან 200000 მანეთად იყიდა სადავო ფართი. სამგორის რაიონის გამგეობამ კი ისე მოახდინა სადავო შენობის ე. რ-ს სახელზე აღრიცხვა, რომ იგი, როგორც დაინტერესებული პირი, საერთოდ არ გაუფრთხილებია ამის თაობაზე, ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. ამდენად, მ. ა-ი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე, 1998 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი შენობიდან გამოსახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე უარი ეთქვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი არასათანადო მოსარჩელე იყო და მას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა არ შეეძლო, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ ლილოს დასახლებაში, ... ქ. 92-ში მდებარე ლიტ «ბ» საკუთრების უფლებით დ. გ-ს ეკუთვნოდა, ხოლო მ. ა-მა ვერ შეძლო წარმოედგინა რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება სადავო ფართის მის კუთვნილებაში ყოფნის თაობაზე.

ხსენებული გადაწყვეტილება მ. ა-მა და ს. გ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და მიუთითეს, რომ საქმეში წარმოდგენილი სამგორის რაიონის 1998 წლის 29 ივლისის ამონაწერი სხდომის ოქმიდან არ წარმოადგენდა სათანადო წესით გაფორმებულ გამგეობის გადაწყვეტილებას, რითაც დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 51-53-ე მუხლები. აპელანტები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, კვლავ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ისინი, ამასთან, განმარტავდნენ, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი ფაქტების გაყალბების გზით იყო შედგენილი, კერძოდ, ოქმში მითითებული იყო, თითქოს ნაგებობის დაკანონების თაობაზე გამგეობას ე. რ-მ მიმართა, რაც რეალურად არ მომხდარა.

მ. ა-ი და ს. გ-ი აქვე დაამატებდნენ, რომ, მიუხედავად მათი თხოვნისა, რაიონულ სასამართლოს არ დაკითხავს ის მოწმეები, რომლებიც ე. რ-სათვის თანხის გადაცემის ფაქტს დაადასტურებდნენ.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის განჩინებით საქმე ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ნაწილში განსჯადობით განსახილველად ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას გადაეცა, რომელმაც 2004 წლის 28 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი ვერ იქნებოდა მიჩნეული იმის მტკიცებულებად, რომ ე. რ-საგან მ. ა-მა შეიძინა სადავო ლიტერ «ბ» ნაგებობა და გადაიხადა 200000 მანეთი. ამასთან, სადავო ლიტერ «ბ» ნაგებობის მესაკუთრედ დ. გ-ი იყო საჯარო რეესტრში აღრიცხული.

სასამართლომ აქვე განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი აპელანტების ინტერესებს არ შეეხებოდა და მათ მისი ბათილად ცნობის მოთხოვნა არ შეეძლოთ.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებასაც მიაქცია, რომ 1992 წელს სადავო ლიტერ «ბ» ნაგებობა დაუკანონებელი იყო, რის გამოც მისი სამოქალაქო ბრუნვაში მიქცევა და გასხვისება არ დაიშვებოდა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტების მიერ წარმოდგენილ ე. რ-ას განცხადებაზე, რომელშიც იგი განმარტავდა, რომ 1992 წელს მან მართლაც მიჰყიდა დაუკანონებელი სახლი ლიტერ «ბ» მ. ა-ს და მიიღო 200000 მანეთი, ასევე მიუთითებდა, რომ 1992 წლიდან საერთოდ აღარ დაბრუნებულა საქართველოში და ლიტერ «ბ» ნაგებობის გაყიდვის თაობაზე მინდობილობა ა. ბ-სათვის არ მიუცია. სასამართლომ მესამე პირის მიერ შეგებებული სარჩელის ცნობა არ გაიზიარა.

ზემოხსენებული განჩინება მ. ა-მა და ს. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და განმარტეს, რომ სამგორის რაიონის გამგეობის 1998 წლის 29 ივლისის ადმინისტრაციული აქტით მათ უშუალო ზიანი მიადგათ, ვინაიდან 1992 წელს ე. რ-ასაგან შეიძინეს დაუკანონებელი სადავო შენობა და ადმინისტრაციული აქტის მიერ ლიტერ «ბ» ნაგებობის კვლავ ე. რ-აზე აღრიცხვითა და მისი დ. გ-ზე მიყიდვით ილახებოდა მათი უფლება. ამასთან, ყურადღებას ამახვილებდნენ იმ გარემოებაზე, რომ ე. რ-ა-ტ-ა აღიარებდა მათ სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებდა, რომ სადავო ლიტერ «ბ» ნაგებობა მის მიერ არც დაკანონებულა და არც გაყიდულა. კასატორებმა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით ე. რ-ა-ტ-ას წარმომადგენელმა თ. გ-მაც გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი 1998 წლის 29 ივლისის ადმინისტრაციული აქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 20 აპრილის განჩინებით მ. ა-ისა და ს. გ-ის, ასევე ე. რ-ს წარმომადგენელ თ. გ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2006 წლის 1 აგვისტოს მ. ა-მა და მ. ა-ისა და ს. გ-ის წარმომადგენელმა მ. ბ-მ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დ. გ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ლილოს დასახლება, ... ქ. ¹92, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ყადაღის დადება მოითხოვეს.

განმცხადებლების განმარტებით, მ. ა-ისა და ს. გ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ დ. გ-ი ყიდდა მიწის ნაკვეთს, რომელიც მოიცავდა ასევე მათ მიერ ე. რ-ა-ტ-ასაგან ნაყიდ ლიტერ ,,ბ" ნაგებობას, მდებარეს ქ. თბილისში, ... ქ. ¹92-ში. აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა ხსენებული ქონების გაყიდვის შესახებ გაზეთ ,,.. .." გამოქვეყნებული განცხადებით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის წამოჭრილ დავასთან დაკავშირებული საქმე იყო სასამართლო წარმოებაში, დავის საგანს კი წარმოადგენდა უძრავი ქონება _ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისში, ლილოს დასახლება, ... ქუჩის ¹92-ში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე გამოყენებული უნდა ყოფილიყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში, გაიყიდებოდა დავის საგანი, რაც, თავის მხრივ, არათუ გააძნელებდა, არამედ შეუძლებელს გახდიდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მ. ა-ის და მ. ა-ისა და ს. გ-ის წარმომადგენელ მ. ბ-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოსარჩელე დ. გ-მა მოპასუხეების _ მ. ა-ისა და ს. გ-ის მიმართ. ამრიგად, ძირითად სარჩელზე მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა დ. გ-ი, ხოლო მოპასუხეები იყვნენ მ. ა-ი და ს. გ-ი. შეგებებული სარჩელი თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში აღძრა მოპასუხე მ. ა-მა მოპასუხე ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ და მესამე პირებად მიუთითა დ. გ-სა და ე. რ-ა-ტ-ზე. ამდენად, შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელეს წარმოადგენდა ძირითად სარჩელზე მოპასუხე მ. ა-ი, მოპასუხე მხარეს _ ქ. თბილისის ისანი-სამგორის გამგეობა, მესამე პირები კი იყვნენ დ. გ-ი და ე. ტ-ა-რ-ა, ხოლო დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 20 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება ს. გ-ისა და მ. ა-ის გამოსახლების ნაწილში შეჩერდა ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო საქმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რაც არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ განმცხადებელი ს. გ-ი არ წარმოადგენდა მოსარჩელე მხარეს ძირითად ან შეგებებულ სარჩელზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტ ს. გ-ის და მისი წარმომადგენლის, მ. ბ-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაუშვებლად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, ვინაიდან ძირითად სარჩელზე მოპასუხე ს. გ-ს სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით მიმართვის საპროცესო უფლებამოსილება არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაც შეეხებოდა მ. ა-ის განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, იგი არ შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც ურუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას. ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ «ლილოს დასახლებაში, ...ის ქუჩა ¹92-ში მცხოვრებ მოქ. ე. რ-ს სახელზე რიცხულ სახლთმფლობელობაზე მომხდარი ცვლილებების დაკანონების შესახებ» თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 1998 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამდენად, აპელანტ მ. ა-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების, ანუ სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა არ გააძნელებდა ან შეუძლებელს ვერ გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას და არ გაძნელდებოდა ან შეუძლებელი ვერ გახდებოდა ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. ა-მა და მ. ა-ისა და ს. გ-ის წარმომადგენელმა მ. ბ-მ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ს. გ-ი არ წარმოადგენს მოსარჩელე მხარეს ძირითად ან შეგებებულ სარჩელზე, რის გამოც მას არ გააჩნია სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით მიმართვის საპროცესო უფლებამოსილება.

კერძო საჩივრის ავტორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ «ლილოს დასახლებაში, ...ის ქუჩა ¹92-ში მცხოვრებ მოქ. ე. რ-ს სახელზე რიცხულ სახლთმფლობელობაზე მომხდარი ცვლილებების დაკანონების შესახებ» თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 1998 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ამდენად, აპელანტ მ. ა-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების, ანუ სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა არ გააძნელებს ან შეუძლებელს ვერ გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და არ გაძნელდება ან შეუძლებელი ვერ გახდება ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აგვისტოს განჩინებით მ. ა-ისა და მ. ა-ისა და ს. გ-ის წარმომადგენელ მ. ბ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს და ამავე დროს სარჩელზე მოპასუხე ს. გ-სა და მის წარმომადგენელ მ. ბ-ს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვის საპროცესო უფლებამოსილება არ გააჩნდათ და მათი განცხადება იყო დაუშვებელი, ვინაიდან აპელანტი ს. გ-ი განსახილველ დავაში არ წარმოადგენდა მოსარჩელეს ძირითად ან შეგებებულ სარჩელზე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის შეეძლო მიემართა მოსარჩელეს და არა მოპასუხეს.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ, ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ, «ლილოს დასახლებაში, ...ის ქუჩა ¹92-ში მცხოვრებ მოქ. ე. რ-ას სახელზე რიცხულ სახლთმფლობელობაზე მომხდარი ცვლილებების დაკანონების შესახებ» თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 1998 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დავის საგნის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მ. ა-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების, ანუ სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა ვერ გააძნელებდა ან შეუძლებელს ვერ გახდიდა აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხოლოდ მ. ა-ი წარმოადგენს მოსარჩელე მხარეს შეგებებულ სარჩელზე, რადგან ს. გ-ს შეგებებული სარჩელი არ წარუდგენია. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს არა აღნიშნულ გარემოებას, არამედ იმას, რომ დ. გ-ი არის არა მოპასუხე, არამედ მესამე პირი შეგებებულ სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის სამოქალაქო-საპროცესო ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მხოლოდ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე და ამასთან, მხოლოდ მოპასუხის მიმართ, იმ მიზნით, რომ მოხდეს მოპასუხის მიერ თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა. ამდენად, აღნიშნული საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება შეუძლებელია მესამე პირის მიმართ, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით დაუშვებელია მესამე პირისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების დაკისრება. შესაბამისად, მ. ა-ის და მ. ა-ისა და ს. გ-ის წარმომადგენელ მ. ბ-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ არის დასაშვები.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების კანონისმიერ შეჩერებას სარჩელის წარმოებაში მიღების მომენტიდან. როგორც მოცემული საქმის მასალებიდან დგინდება, შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას ზემოაღნიშნული აქტის შეჩერების საწინააღმდეგო საჩივარი (შუამდგომლობა) სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ა-ისა და მ. ა-ისა და ს. გ-ის წარმომადგენელ მ. ბ-ს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ა-ისა და მ. ა-ისა და ს. გ-ის წარმომადგენელ მ. ბ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 აგვისტოს განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.