საქმე №ას-107-2019 2 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საკასაციო პალატამ განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება საკასაციო სასამართლოს განჩინებასა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ.ჩ–ის, დ.ბ–ისა და ნ.ჩ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ სს „პ.ბ–ის“ სარჩელის გამო, შ.ჩ–ის, დ.ბ–ისა და ნ.ჩ–ის მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, კასატორებს შ.ჩ–ის, დ.ბ–ისა და ნ.ჩ–ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.02.2019 წ. განჩინებით გადავადებული ბაჟის - 1190,17 აშშ დოლარის 30%-ის - 357,05 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა. ხსენებულ განჩინებაზე 2020 წლის 8 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
საკასაციო პალატას 2020 წლის 1 ივნისს ა-1466-20 განცხადებით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და აღნიშნა, რომ 2020 წლის 8 მაისის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული იყო უსწორობა, კერძოდ, არასწორად იყო მითითებული მოვალეების პირადი ნომრები. რის გამოც, მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობა. ამასთანავე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 13 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა და 2020 წლის 8 მაისის სააღსრულებო ფურცელში კასატორების (მოვალეების) პირადი ნომრები არასწორადაა მითითებული. შესაბამისად, სახეზეა ტექნიკური ხასიათის უსწორობა რაც ექვემდებარება შესწორებას. აღნიშნულ განჩინებასა და სააღსრულებო ფურცელში ნაცვლად შ.ჩ–ი (პ/ნ.....), ნ.ჩ–ი (პ/ნ ........), დ.ბ–ი (პ/ნ.........), უნდა იყოს მითითებული შ.ჩ–ის პ/ნ ......, ნ.ჩ–ის პ/ნ......., დ.ბ–ის პ/ნ.......
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის №ას-107-2019 განჩინების სარეზოლუციო ნაწილსა და მის საფუძველზე 2020 წლის 8 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, განჩინების მე-2 პუნქტში, ასევე სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალეები: შ.ჩ–ი (პ/ნ.......), ნ.ჩ–ი (პ/ნ......., დ.ბ–ი (პ/ნ......) შეცვალოს შემდეგით: კასატორები (მოვალეები) შ.ჩ–ი (პ/ნ ......), ნ.ჩ–ი (პ/ნ.....), დ.ბ–ი (პ/ნ.....).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე