საქმე №ას-1109-2018 13 მაისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე
კასატორი _ შპს „კ–ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ზ.ჯ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ.ლ–ი, ა.ყ–ი, ა.მ–ი, მ.შ–ი, დ.ზ–ძე, ტ.ა–ი, ტ.დ–ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ თ.გ–ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი _ შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ზ.ლ–მა, ა.ყ–მა, ა.მ–მა, მ.შ–მა, დ.ზ–ძემ, ტ.ა–მა და ტ.დ–მა (შემდგომში _ მოსარჩელეები, აპელანტები, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები ან დასაქმებულები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „კ–ის“ (შემდგომში_ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვეს შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის 2015 წლის 31 დეკემბრის #176 ბრძანების ბათილად ცნობა, დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელეების აღდგენა, გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის (ზ.ლ–ის სასარგებლოდ 450 ლარის, ა.ყ–ის სასარგებლოდ 620 ლარის, ა.მ–ის სასარგებლოდ 620 ლარის, მ.შ–ის სასარგებლოდ 525 ლარის, დ.ზ–ძის სასარგებლოდ 620 ლარის, ტ.ა–ის სასარგებლოდ 620 ლარისა და ტ.დ–ის სასარგებლოდ 620 ლარის) ანაზღაურება, ყოველთვიური ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის მისაცემი თანხის 0,07%-ის, შრომითი ურთიერთობის უკანონოდ მოშლის გამო კომპენსაცის სახით 2 თვის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება და მოსარჩელეთა მიმართ ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები წლების განმავლობაში იყვნენ დასაქმებული მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ: ზ.ლ–ი _ მეეზოვედ და აქვს მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება, ა.ყ–ი _ ჩამომყრელ-დამფასოებლის თანამდებობაზე, აქვს მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება, ა.მ–ი _ ელექტრო მონტიორის თანამდებობაზე, აქვს 15-წლიანი გამოცდილება, მ.შ–ი _ ელევატორის მუშად, აქვს 8-წლიანი გამოცდილება, დ.ზ–ძე _ ელევატორის მუშად, აქვს 43-წლიანი გამოცდილება, ტ.ა–ი _ მეეზოვედ, აქვს 20-წლიანი გამოცდილება, ტ.დ–ი _ მეეზოვედ, აქვს 23-წლიანი გამოცდილება. სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებისას დასაქმებულებისათვს ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან მოპასუხე უარს ამბობდა მათთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე. ყველა დასაქმებული ან 60 წლის ასაკს მიღწეულია, 60 წელს ზევითაა, ან მაქსიმუმ 3 წელში შეუსრულდება 60 წელი და დამსაქმებელს აქვს უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა 60 წელს მიღწეული თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნისა, რასაც ადგილი ჰქონდა წინა წლებშიც. დასაქმებულებმა, რომლებიც გათავისუფლების საფრთხეში იმყოფებოდნენ, სამსახურის შენარჩუნებაში დახმარების თხოვნით მიმართეს პროფესიული კავშირების გაერთიანებას. სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის წერილის მიუხედავად დამსაქმებლის მიმართ, არ მოეხდინა ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაცია და არ გაეთავისუფლებინა მრავალი წლის გამოცდილების მქონე თანამშრომლები დაკავებული თანამდებობიდან, 2016 წლის 1 იანვრიდან მოპასუხე კომპანიის დირექციამ ყველა მოსარჩელე დაითხოვა სამსახურიდან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების საფუძვლით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 1 და 2 მაისს დასაქმებულებმა განცხადებით მიმართეს მოპასუხეს კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, განსაზღვრული ვადით დასაქმების თხოვნით. გარდა ამისა, ჯერ კიდევ 2015 წლის 1 მაისს მოსარჩელეებმა წერილობით დააფიქსირეს საკუთარი ნება, 2016 წლის 1 იანვრამდე შეესრულებინათ კონკრეტული სამუშაოები. ამ შემთხვევაში, მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულებები არ გაფორმებულა. 2015 წლის 1 თებერვლისათვის მოსარჩელეები უკვე 60 წლის ასაკს მიღწეულები იყვნენ, თუმცა, დამსაქმებელმა, ამ ფაქტის მიუხედავად დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა დასაქმების თაობაზე, შესაბამისად, სარჩელში მითითებული ასაკის ნიშნით პირთა დისკრიმინაციის ფაქტი სრულიად დაუსაბუთებელია. 2015 წლის 21 აპრილის #61 ბრძანების შინაარსით ირკვევა მოსარჩელეთა მიერ შესასრულებელი სამუშაოები: დამსაქმებლის ტერიტორიის დასუფთავება, კედლის აშენება, გამწვანების _ გაზონის, ვარდებისა და ხე-მცენარეების დარგვა და სხვა. 2015 წლის 24 დეკემბრის აქტით დასტურდება, რომ კონკრეტული მოცულობის სამუშაოები, სადაც დასაქმებული იყვნენ მოსარჩელეები, შესრულდა. დამსაქმებლის საქმიანობა ხორბლის გადამუშავებაა, შესაბამისად, ხეხილის, ვარდების, გამწვანებისა თუ კედლის აშენების საჭიროება აღარ არსებობს. საწარმოს ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, 2010 წლიდან მოყოლებული ცვლილებები შედის საშტატო განრიგში, ხორციელდება რიგი საამქროების დემონტაჟი. 2016 წლის 4 ინავრისათვის კვლავ გაუქმდა საშტატო ერთეულები, მათ შორის ის თანამდებობები, რომლებიც მოსარჩელეებს 2014-2015 წლებში ეკავათ. მოპასუხემ 2015 წლის 1 მაისს ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა, გაწეული სამუშაოებისათვის გადაუხადა შრომის ანაზღაურა დასაქმებულებს, ამასთან, თუკი კვლავ იარსებებს დამატებითი სამუშაოს შესრულების საჭიროება, მოსარჩელეები არ იქნებიან შეზღუდული, დასაქმების თხოვნით კვლავ მიმართონ კომპანიას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2015 წლის 31 დეკემბრის #176 ბრძანება მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და ზ.ლ–ი აღდგენილ იქნა შპს „კ–ში“ მეეზოვედ და აუნაზღაურდა იძულებით განაცდური 2015 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 450 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), ა.ყ–ი _ დამფასოებლად და აუნაზღაურდა იძულებით განაცდური 2015 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 620 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), ა.მ–ი _ დამხმარე მუშად და აუნაზღაურდა იძულებით განაცდური 2015 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 620 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), მ.შ–ი _ ელევატორის ოპერატორად და აუნაზღაურდა იძულებით განაცდური 2015 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 525 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), დ.ზ–ძე _ ელევატორის ოპერატორად და აუნაზღაურდა იძულებით განაცდური 2015 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 620 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), ტ.ა–ი _ დამხმარე მუშად და აუნაზღაურდა იძულებით განაცდური 2015 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 620 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), ტ.დ–ი _ დამხმარე მუშად და აუნაზღაურდა იძულებით განაცდური 2015 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 620 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით). ყოველთვიურად მისაცემი ანაზღაურების დაყოვნებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაცემი თანხის 0,07%-ის გადახდის, ორი თვის კომპენსაციის დაკისრებისა და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება, შეამოწმა საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის ცალმხრივი ნების, გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე მოსარჩელეთა აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დამსაქმებლისათვის დაკისრების კანონიერება. სააპელაციო პალატის დასკვნით, მხარეები ფაქტობრივად უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, რომელიც არამართლზომიერად მოშალა მოპასუხემ, შესაბამისად, არსებობდა დასაქმებულთა დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენის, ასევე, იძულებითი მოცდენის პერიოდში მიუღებელი შემოსავლის დამსაქმებლისათვის დაკისრების წინაპირობები, რასაც არ ეთანხმება კასატორი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს, რომელიც ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან, როგორც მატერიალური, ისე _ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას ემყარება (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის უვადო შრომითი ურთიერთობა არ წარმოშობილა, ხელშეკრულებიდან გასვლა კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა და არ არსებობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საფუძველი, გარდა ამისა, საკასაციო საჩივრით შედავებულია იმ საშტატო ერთეულების არსებობა, რომლებზეც სააპელაციო პალატამ აღათდგინა დასაქმებულები (ანაზღაურების დაყოვნების გამო პირგასამტეხლოსა და კოპმენსაციის დაკისრებაზე, ასევე, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერება საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი არ გახდება).
1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. მოსარჩელეები წლების განმავლობაში დასაქმებული იყვნენ მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. მათთან მუდმივად ფორმდებოდა შრომითი ხელშეკრულებები ერთი წლის ვადით, ბოლო ხელშეკრულება კი გაფორმდა 6 თვის ვადით, კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად. კერძოდ, მოსარჩელე ზ.ლ–ი 2010 წლის 2 აგვისტოდან დასაქმებული იყო მეეზოვედ; ა.ყ–ი _ ჩამომყრელ-დამფასოებლად 02.08.2010 წლიდან; ა.მ–ი _ ელექტრო მონტიორად 22.11.2011 წლიდან; მ.შ–ი _ ელევატორის მუშად 02.08.2010 წლიდან; დ.ზ–ძე _ ელევატორის მუშად 25.10.2010 წლიდან; ტ.ა–ი და ტ.დ–ი _ მეეზოვედ 02.08.2010 წლიდან. დასაქმებულები ექვსთვიან პერიოდში იმავე მოცულობის სამუშაოს ასრულებდნენ, რასაც ერთწლიანი ხელშეკრულებების არსებობის პირობებში;
1.2.2. 2015 წლის 1 მაისის #63 ბრძანების თანახმად, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სამსახურიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო;
1.2.3. მოსარჩელეებს 2015 წლის 1 მაისს დაწერილი აქვთ განცხადება კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად დასაქმების მოთხოვნით იმავე პოზიციაზე, რაზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ხსენებული განცხადებები, არ წარმოადგენდა მათი რეალური ნების გამოვლენას;
1.2.4. დამსაქმებლის 2015 წლის 24 დეკემბრის აქტის თანახმად, სამუშაოები, რომლებიც განსაზღვრული იყო 2015 წლის 21 აპრილის #61 ბრძანებით, შესრულდა;
1.2.5. მოპასუხის 2015 წლის 31 დეკემბრის #176 ბრძანების მიხედვით (დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ), აპელანტები გათავისუფლდნენ დაკავებული პოზიციებიდან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების გამო;
1.2.6. საქმეში წარმოდგენილი დამსაქმებლის საშტატო განრიგის მიხედვით, აპელანტთა მიერ დაკავებულ პოზიციებზე შტატები გაუქმებული არ არის და საწარმოში არსებობს იმავე დასახელების, ფუნქციურად იმავე დატვირთვის მქონე საშტატო ერთეულები, რომელთა დაკავებითაც აპელანტები შეუფერხებლად განახორციელებენ სამსახურიდან გათავისუფლებამდე მათ მოვალეობაში შემავალ საქმიანობას;
1.2.7. გათავისუფლებულ თანამშრომლებს ანაზღაურება მიეცემოდათ ფიქსირებული ხელფასის სახით, კერძოდ - ზ.ლ–ს 450 ლარის, ა.ყ–ს - 620 ლარის, ა.მ–ს - 620 ლარის, მ.შ–ს - 525 ლარის, დ.ზ–ძეს - 620 ლარის, ტ.ა–ს - 620 ლარისა და ტ.დ–ს - 620 ლარის ოდნეობით (დარიცხული).
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. ვიდრე საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობას შეამოწმებდეს, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე _ შეჯიბრებითობაზე. სამოქალაქო სამართალწარმოების თავისებურება სწორედ იმით ხასიათდება, რომ მხარის მოთხოვნის წარმატებას განაპირობებს მისი მხრიდან მოთხოვნისა თუ შესაგებლის საფუძვლიანობის დადასტურება. ხსენებული პროცესი სრულიად მხარეზეა დამოკიდებული და იმის მიხედვით, თუ რამდენად წარმატებით ახორციელებს საკუთარ საპროცესო უფლება-მოვალეობებს, სამართლებრივი შედეგებიც შესაბამისად დგება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგულირებული პრინციპი (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედს და თითოეული საპროცესო ნორმის განმარტება ამ პრინციპის ჭრილში ხორციელდება. მოპასუხის საკასაციო შედავებათა საფუძვლიანობის კვლევისას საკასაციო სასამართლომ ზეპირ განხილვაზე განუმარტა მხარეებს შესაგებლის საპროცესო ინსტიტუტის დანიშნულება და წინამდებარე განჩინებაში კიდევ ერთხელ შეჩერდება მასზე: შესაგებელი წარმოადგენს რა სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალებას, მას არა ფორმალური, არამედ _ არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ მოპასუხის მიერ გამოთქმულ შედავებაზეა დამოკიდებული მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტების შესაბამისად, როგორც მტკიცების საგნის განსაზღვრა, ისე _ მტკიცების ტვირთის განაწილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საქმის მომზადების დასრულების ეტაპისათვის მოპასუხე ვალდებულია ცხადად განსაზღვროს, როგორც სადავო ფაქტები, ისე _ გამოთქვას მათ წინააღმდეგ არსებითი შედავება, ვინაიდან საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მას აღარ გააჩნია ახალი ფაქტების მოყვანისა და შესაგებლისაგან განსხვავებული შედავების გამოთქმის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი ქაოსურ სახეს მიიღებს, ხოლო, გადაწყვეტილება არ იქნება დაფუძნებული სამართლებრივ სიცხადეზე. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის მიზანს წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების გზით მხოლოდ საქმის მომზადების ეტაპზე შედავებული ფაქტების დადგენა. სარჩელში მოხმობილი, შესაგებელში შეუდავებელი ფაქტები მხარეთა შორის უდავო ძალას იძენს და მხოლოდ სადავო გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახდენს მოსამართლე უდავო, ასევე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სუბსუმირებას მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებთან და ამ გზით წყვეტს უფლების საკითხს. ამდენად, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კასატორის შედავებათა საფუძვლიანობას სწორედ შესაგებელში გამოთქმული პრეტენზიების ფარგლებში შეამოწმებს.
1.3.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეები მოპასუხესთან იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში განუსაზღვრელი ვადით. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 მუხლით, რომლის თანახმადაც, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. ნორმის გამოყენებისათვის კანონი შეიცავს შესაბამის დათქმას _ აღნიშნული რეგულაციის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის (12.06.2013, №729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის (12.06.2013, №729) ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის (12.06.2013, №729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ. საკასაციო პალატის ხსენებული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.1.). ამ მხრივ, მართალია, კასატორი აღნიშნავდა შპს „კ–ის“ მხრიდან იმ საწარმოს აქტივის შეძენას, რომელშიც ადრე დასაქმებული იყვნენ მოსარჩელეები და აპელირებდა იმაზე, რომ მოპასუხე წინა დამსაქმებლის უფლებამონაცვლეს არ წარმოადგენს, თუმცა, პალატა ამ ფაქტს შეფასების გარეშე ტოვებს, რადგანაც იგი შესაგებლის პრეტენზიას არ წარმოადგენდა, უფრო მეტიც, მოპასუხის მიერ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შედავებიდან ირკვევა, რომ დამსაქმებელი ჯერ კიდევ 2010 წლიდან მოყოლებული საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე მსჯელობს და უთითებს, რომ შტატების შემცირება სწორედ ამ დროიდან დაიწყო (იხ. აღწერილობითი ნაწილის პ.პ. 2). ასეთ ვითარებაში კი, გასათვალისწინებელია მოსარჩელეთა მითითება მოპასუხე საწარმოში დასაქმების ვადის თაობაზე, რაც თითოეულის უვადო შრომით ურთიერთობაში ყოფნაზე მეტყველებს იხ. აღწერილობითი ნაწილის პ.პ. 1.2.)
1.3.3. გარდა ხსენებულისა, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კასატორს დასაბუთებულად არ უარუყვია ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა დროებით სამუშაოზე დასაქმების შესახებ მოსარჩელეთა ნების ნამდვილობასთან დაკავშირებით. ამ ფაქტს სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელიც ემყარება, თუმცა, მხარე, რომლის მტკიცების ტვირთსაც წარმოადგენდა ნების ნამდვილობის დადასტურება (სსსკ-ის 102-ე მუხლი), ვერ ხსნის, თუ რა საფუძველი შეიძლება ედოს უვადო შრომით ურთიერთობაში მყოფი პირის მოთხოვნას, დაასაქმონ იგი დროებით სამუშაოზე. ამ მხრივ გასაზიარებელია დასაქმებულთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ ერთსა და იმავე დღეს, ერთი და იმავე შინაარსის განცხადების დაწერა ყველა დასაქმებულის მხრიდან, დამსაქმებლის თავს მოხვეული ნების და არა დასაქმებულთა სურვილის გამოხატულებაა. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატის დასკვნები სარწმუნოა და კასატორის მხრიდან საპირისპიროს დაუდასტურებლობის გამო, დროებით სამუშაოზე დასაქმების მოთხოვნის თაობაზე გამოვლენილი დასაქმებულთა ნება მიიჩნევა ბათილად, ვინაიდან ეწინააღმდეგება კანონს (სკ-ის 54-ე და შკ-ის 37-ე მუხლები).
1.3.4. რაც შეეხება დამსაქმებლის ცალმხრივ ნებას, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისკენ, ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს თავად ნების სამართლებრივ საფუძველს: ბრძანების თანახმად, შრომითი ურთიერთობა შეწყდა ვალდებულების შესრულებით. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის მოშლის საფუძველი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებაა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც შრომითი ხელშეკრულება, ამავე კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, დადებულია განსაზღვრული ვადით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას), სხვა შემთხვევაში, თუკი პირი უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფება, მასთან ამ ურთიერთობის მოშლა სამუშაოს შესრულების მოტივით ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს, რამდენადაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი იძლევა სახელშეკრულებო ურთიერთობის მოშლის ლეგალურ საფუძვლებს და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა. დასმული საკითხის სრულყოფილად შეფასების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილ და საკასაციო სასამართლოს სხდომაზე დასაქმებულთა მიერ დადასტურებულ იმ გარემოებაზე, რომ ე.წ დროებითი დასაქმების პირობებში მოსარჩელეები კომპანიაში ასრულებდნენ იმავე სამუშაოს, რასაც წლების განმავლობაში, შესაბამისად, სამუშაოს შესრულების მოტივით ხელშეკრულების შეწყვეტა ამ მხრივაც გაუმართლებელია, საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ დამსაქმებლის ცალმხრივი ნება, ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, უცილოდ ბათილია და მას სამართლებრივი შედეგები არ გააჩნია.
1.3.5. საკასაციო სასამართლო შეჩერდება შრომითი ურთიერთობის მოშლისკენ მიმართული ნების ბათილობის თანმდევ შედეგებზე: მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენს იმ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად განხორციელების პირობებში. ხსენებული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზღვრავს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგების ზემოხსენებული კლასიფიკაცია თანმიმდევრობით შემოწმებას ექვემდებარება, კერძოდ, სასამართლო ვალდებულია, თავდაპირველად იმსჯელოს დასაქმებულის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის არსებობაზე, უარყოფით შემთხვევაში კი, კვლევა უნდა გაგრძელდეს კანონში მითითებული საშუალებების თანმიმდევრობით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გათავისუფლებამდე მოსარჩელეების მიერ დაკავებული თანამდებობები არსებობს და ვაკანტურია. ამ ფაქტს არ ეთანხმებოდა კასატორი, თუმცა, საკასაციო სასამართლოს სხდომაზე დადგინდა, რომ მას, როგორც მტკიცების ტვირთის მატარებელ სუბიექტს (სსსკ-ის 102-ე მუხლი), ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეთავაზების მიუხედავად არ წარუდგენია საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, მოსარჩელეთა იმავე თანამდებობებზე აღდგენის ნაწილში, სადაც გათავისუფლებამდე იყვნენ დასაქმებულები, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას.
1.3.6. რაც შეეხება განაცდურის ანაზღაურების წინაპირობას, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც საფუძვლიანად მიიჩნევს სასარჩელო მითხოვნას და აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვინაიდან ორგანული კანონი არ ადგენს ზიანის ანაზღაურების სპეციალურ წესს, მისი პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საკითხი სამოქალაქო კოდექსის მოწესრიგების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, ნორმის წინაპირობები დადასტურებულია (მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ბრალეული დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ქონებრივი დანაკლისი და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის). ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიუღებელი ხელფასით ზიანის ოდენობის განსაზღვრა არ იწვევს მოვალის გადამეტებულ პასუხისმგებლობას, რამდენადაც, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელფასის ოდენობა და მისი გაცემის საკითხი დამსაქმებლისათვის არ წარმოადგენს უცხო მოვლენას და იგი სრულად ექცევა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ მოვალის ინტერესების დაცვის ფარგლებში.
1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), საკასაციო სასამართლო უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რადგანაც მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაამტკიცა მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო, პალატა თვლის, რომ არ არსებობს ამ ინსტანციის სასამართლოში გაწეული პროცესის ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთანავე, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი