Facebook Twitter

საქმე № ა-1180-შ-30-2020 28 მაისი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბ.შ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ფ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის პრედგორნის რაიონის #2 სასამართლოს 09.07.2018წ. გადაწყვეტილება (#2-837-31-524/2018წ.)

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის პრედგორნის რაიონის #2 სასამართლოს 09.07.2018წ. (#2-837-31-524/2018წ.) გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ.ფ–ის სარჩელი ბ.შ–ას მიმართ განქორწინების თაობაზე. შეწყდა კ.ფ–ს (დაბადებული 22.03.1991წ.) და ბ.შ–ას (დაბადებული 30.11.1988წ.) შორის საქართველოში, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 09.09.2013წ. რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი #01133005978).

2. 11.03.2020წ. ბ.შ–ამ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, სტავროპოლის მხარის პრედგორნის რაიონის #2 სასამართლოს 09.07.2018წ. გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.03.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. რუსეთის ფედერაციის, სტავროპოლის მხარის პრედგორნის რაიონის #2 სასამართლოს 09.07.2018წ. (#2-837-31-524/2018წ.) გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ.ფ–ის სარჩელი ბ.შ–ას მიმართ განქორწინების თაობაზე. შეწყდა კ.ფ–ს (დაბადებული 22.03.1991წ.) და ბ.შ–ას (დაბადებული 30.11.1988წ.) შორის საქართველოში, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 09.09.2013წ. რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი #01133005978).

5. გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 11.08.2018წ.. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში "კონვენცია").

კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.

8. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).

9. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია და გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა კონვენციის 51-55-ე მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.შ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის პრედგორნის რაიონის #2 სასამართლოს 09.07.2018წ. გადაწყვეტილება (#2-837-31-524/2018წ.), რომლითაც დაკმაყოფილდა კ.ფ–ის სარჩელი ბ.შ–ას მიმართ განქორწინების თაობაზე. შეწყდა კ.ფ–ს (დაბადებული 22.03.1991წ.) და ბ.შ–ას (დაბადებული 30.11.1988წ.) შორის საქართველოში, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 09.09.2013წ. რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი #01133005978).

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი