საქმე №ას-228-2020 29 მაისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ.ც–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,გ.გ–ი’’ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, რაც ამ უკანსკნელმა გაასაჩივრა საჩივრით.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინება გაუქმდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 30 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება შეჩერდა.
3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მოპასუხემ, რაც არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინება გაუქმდა და განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი. ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჩივრის შეტანა შეიძლება, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე.
8. სსსკ-ის 1971 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ადგენენ საჩივრის განხილვის წესს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 და 197-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ განჩინებათაგან ერთ-ერთი, ხოლო, სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილი კი, განსაზღვრავს საჩივრის განხილვის წესს ზემდგომ სასამართლოში. მითითებული ნორმის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
9.საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კვლავ გასაჩივრების პროცესუალური შესაძლებლობა.
10. საქმის მასალების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა და სარჩელზე გამოყენებულ იქნა უზრუნევლყოფის ღონისძიება. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის მიერ ამ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა და იგი განსახილველად გადაუგზავნა ზემდგომ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
11. სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი და დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა და მასზე საჩივარი წარადგინა, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეებს მიუთითა, რომ განჩინება არ საჩივრდებოდა.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 1971 მუხლით მოწესრიგებულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურები, კერძოდ, სსსკ-ის 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
13. ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. შესაბამისად, მის კანონიერებას დამატებით მესამე ინსტანცია აღარ შეამოწმებს. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, რომელიც პროცესუალური შედეგის განმსაზღვრელად მიიჩნევს სსსკ-ის 419-ე მუხლს, სადაც ერთმნიშვნელოვანი დათქმაა ზემდგომი სასამართლოს განჩინებით საჩივრის განხილვის დასრულებაზე (სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
14. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საჩივრის თაობაზე საბოლოოა და მისი გასაჩივრება არ დაიშვება.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ განჩინება, შესაბამისად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში, შეუძლებელია, რაიმე ფორმით შევიდეს მესამე ინსტანცია - საკასაციო სასამართლო.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, სსსკ-ის 1971-ე და 419-ე მუხლებიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლოს მიერ საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად სამართლებრივი შედეგისა, საბოლოოა და არც ერთი მხარის მიერ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ №ას-737-737-2018, 05.06.2018წ.; №ას-625-597-2016, 29.07.2016წ.; №ას-471-439-2017, 19.04.2017წ.; №ას-226-215-2017, 05.04.2017წ.).
17. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საჩივრით ასაჩივრებს მოპასუხის საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, რომელიც, როგორც ითქვა, საბოლოოა და არ საჩივრდება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს მოსარჩელის საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი, შესაბამისად წარდგენილი საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,გ.გ–ის’’ საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე