Facebook Twitter

№ ას-600-600-2018 26 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.რ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.მ–ი, მ.რ–ძე (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა და ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ვ.რ–ძე გარდაიცვალა 1973 წლის 30 აგვისტოს. მას ანდერძი არ დაუტოვებია. მას დარჩა კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე - ნ.რ–ძე, შვილები: ი.რ–ძე (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“), თ.რ–ძე და თ.რ–ძე.

2. ვ.რ–ძის გარდაცვალებამდე მასთან ერთად ცხოვრობდნენ მეუღლე ნ.რ–ძე და შვილი თ.რ–ძე, რომლებიც ფაქტობრივად დაეუფლნენ ვ.რ–ძის სამკვიდროს, უძრავ ქონებას. ამასთან, საქმეში წარდგენილი, 1974 წლის 1 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ნ.რ–ძემ მიიღო მემკვიდრეობა მეუღლის ვ.რ–ძის ანაბარზე.

3. ნ.რ–ძის საკუთრებას მის გარდაცვალებამდე წარმოადგენდა მეუღლის ვ.რ–ძის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნახევარი და თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილი.

4. ნ.რ–ძე გარდაიცვალა 2008 წლის 12 სექტემბერს. შესაბამისად, 2008 წლის 12 სექტემბერს გაიხსნა სამკვიდრო ნ.რ–ძის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.

5. სამკვიდრო ქონებას დაეუფლა ნ.რ–ძის შვილი თ.რ–ძე, რომელთან ერთად ოჯახში ცხოვრობდა მისი მეუღლე - მ.მ–ი (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“) და შვილი - მ.რ–ძე (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხეები“).

6. ნ.რ–ძის შვილები - მოპასუხე და თ.რ–ძე ცხოვრობდნენ რუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადში. ისინი არ დაუფლებიან ნ.რ–ძის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით და არც ნოტარიუსისთვის მიუმართავთ განცხადებით - სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით.

7. თ.რ–ძე გარდაიცვალა 2015 წლის 14 სექტემბერს.

8. თ.რ–ძის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რომელიც მოიცავდა გარდაცვლილი დედის, ნ.რ–ძის სამკვიდრო ქონებას, მდებარე: ქ. ზესტაფონში, ...... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“), რომელიც თ.რ–ძეს მიღებული ჰქონდა ფაქტობრივი ფლობით.

9. თ.რ–ძეს ანდერძი არ დაუტოვებია და დარჩა ორი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე: მეუღლე და შვილი, მოსარჩელეები.

10. 2017 წლის 3 აპრილს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვეს სადავო უძრავ ქონებაზე თ.რ–ძის მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა, საკუთრების უფლების აღიარება და აღნიშნული ქონების მესაკუთრედ ცნობა.

11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

12. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელეების მიმართ და მოითხოვა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

13. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განმარტებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მან თავის ძმას თ.რ–ძეს მისცა მისი წილი სამკვიდროს ღირებულება - 13 000 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ძმას გარდაცვლილ თ.რ–ძეს მისი წილი სამკვიდრო ქონების სანაცვლოდ უყიდა 2-ოთახიანი ბინა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მათი დაკრძალვის ხარჯები მან გაიღო, პატრონობდა სამკვიდრო ქონებას, დაეუფლა მშობლების კუთვნილ მოძრავ ნივთებს: ე.წ. „ბლუდუჩკებს“, დეკორატიულ თეფშს, ოქროს ბეჭედს, წიგნებს და სხვა.

14. შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი არ ცნეს.

15. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგენილ იქნა ვ.რ–ძისა და ნ.ნ-რ–ძის სახელზე რიცხულ სადავო უძრავ ქონებაზე გარდაცვლილი თ.რ–ძის მიერ მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღების ი–დიული ფაქტი; მოსარჩელეები ცნობილ იქნენ ვ.რ–ძისა და ნ.ნ–-რ–ძის სახელზე რიცხული, ფაქტობრივად დაკავებული სამკვიდრო სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ. მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

16. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

18. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტები და დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

18.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხნენ მოწმეები. მოწმე რ.თ–ძის ჩვენებით, რომელიც ორივე მოდავე მხარეს იცნობს, ნ–თან ერთად ცხოვრობდნენ თ.რ–ძე და მისი მეუღლე, პირველი მოსარჩელე, შვილთან ერთად. გარდაცვალებამდე ნ. იყო ავად, ორი წელი მწოლიარე ავადმყოფს უვლიდა პირველი მოსარჩელე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ნ. გარდაცვალების შემდეგ პირველმა მოსარჩელემ მეუღლესთან ერთად განაგრძო იქ ცხოვრება. მოწმემ არ იცის მოპასუხე დაეუფლა თუ არა ოჯახში რაიმე მოძრავ ნივთს;

18.2. მოწმე.ნ.მ–მა განმარტა, რომ ის ხშირად სტუმრობდა რ–ძეების ოჯახს, ნ. ყოველთვის წუხდა შვილების (ი–სა (მოპასუხე) და თ–ს) მონატრების გამო, რომლებიც ცხოვრობდნენ რუსეთში. ნ– უვლიდნენ პირველი მოსარჩელე და მისი მეუღლე, ისინი იღებდნენ ყოველგვარ ხარჯს, მათ გაიღეს როგორც ნ. მოვლის, ისე ნ. დაკრძალვის, ორმოცისა და წლისთავის ხარჯები. მოწმის განმარტებით, პირველი მოსარჩელე და მისი მეუღლე 3 წლის მანძილზე უვლიდნენ ნ–ს, რომელიც იყო მწოლიარე მდგომარეობაში. მისთვის არ არის ცნობილი მოპასუხე დაეუფლა თუ არა ოჯახში რაიმე ნივთს, ოქროს ბეჭედს და სხვა. ნ–ს გარდაცვალების შემდეგ ოჯახში ცხოვრება განაგრძეს პირველმა მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ შვილთან ერთად;

18.3. მოწმე თ.ზ–ძის ჩვენებით, ნ.რ–ძის დაკრძალვის, ორმოცის ხარჯი გაიღო პირველმა მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ. მოპასუხე არც ორმოცზე და არც წლისთავზე გამოჩენილა. რაიმე ნივთი მოპასუხემ წაიღო თუ არა, არ იცის;

18.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, სასამართლოს შეკითხვაზე, თუ როდის დაეუფლა იგი მშობლის სამკვიდროს, მოპასუხემ განაცხადა, რომ მის მიერ დასახელებული მოძრავი ნივთები დედამ მას გარდაცვალებამდე გადასცა (ანუ სწორედ გარდაცვალებამდე გადაცემული ნივთების დაუფლებას თვლის მოპასუხე სამკვიდროს დაუფლებად).

19. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1328-ე და 1421-ე მუხლებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით მოპასუხის პრეტენზია მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ მან ნ.რ–ძის სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ან თუ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა სამკვიდრო ქონებას და ამ გზით მიიღო მემკვიდრეობა.

20. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე მხარემ შეძლო უტყუარად დაედასტურებინა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტი, რაც ვერ შეძლო მოპასუხე მხარემ. ქონების მფლობელობის შესახებ ამ უკანასკნელის არგუმენტები მტკიცებულებებით გამყარებული არ იყო.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

22. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

22.1. სასამართლომ არ იმსჯელა იმ საკითხზე, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კასატორი წარმოადგენს პირველი რიგის მემკვიდრეს;

22.2. სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებისთვის სავალდებულო არაა პირი რეგისტრირებული იყოს ან ცხოვრობდეს მამკვიდრებლის ბინაში. მთავარია, იგი რაიმე ფორმით სარგებლობდეს სამკვიდრო ქონებით, ან მისი ნაწილით და არ დაუშვას სხვა პირების მიერ ამ ქონებით სარგებლობა. მოცემულ შემთხვევაში კასატორი დედის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა გარდაცვლილი მშობლების კუთვნილ მოძრავ ნივთებს: ხალიჩას ანგელოზების ნაქარგით; 12 წყვილ დანა-ჩანგალს; ჭურჭელს: დოქს, თეფშებს, ე.წ. „ბლუდუჩკებს“, დეკორატიულ თეფშს; ოქროს ბეჭედს, წიგნებს და სხვა ნივთებს, რაც მის მიერ მთლიანი სამკვიდრო ქონების მიღებაზე მიუთითებს;

22.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 1457-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თანამემკვიდრეთა შეთანხმებით შესაძლებელია მთელი სამკვიდროს გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე, რომელიც, თავის მხრივ, მოვალეა, სხვა თანამემკვიდრეებს მისცეს შესაბამისი კომპენსაცია. კასატორმა თანამემკვიდრეებს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გადასცა მათი სამკვიდრო ქონების წილების კომპენსაცია. კასატორმა შეთანხმებისამებრ თავის გარდაცვლილ ძმას, თ.რ–ძეს გადასცა მისი წილი სამკვიდროს ღირებულება 13 000 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ძმას აწ გარდაცვლილ თ.რ–ძეს თავისი წილი სამკვიდრო ქონების სანაცვლოდ შეუძინა 2-ოთახიანი ბინა, შესაბამისად, მოსარჩელე მხარე სადავო უძრავ ქონებაზე უსაფუძვლოდ აყენებს პრეტენზიას.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

27. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, კანონით მინიჭებული მემკვიდრეობის უფლების პრაქტიკულად განხორცილებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია მემკვიდრის მიერ ზემოაღნიშნული ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლი ადგენს დროს, რომლის განმავლობაში მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი - სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

28. აღნიშნული ნორმები სამკვიდროს მიღებას უკავშირებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლების სურვილს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაცაა დანაშთი ქონების ფაქტობრივად მიღება და მართვა. ამდენად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია ი–დიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები: სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. პალატა განმარტავს, რომ ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა).

29. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორს დედის, ნ.რ–ძის სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადებით არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსთვის და არც ფაქტობრივად დაუფლებია მის სამკვიდრო ქონებას.

30. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ იგი დედის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა გარდაცვლილი მშობლების კუთვნილ მოძრავ ნივთებს, რაც მის მიერ მთლიანი სამკვიდრო ქონების მიღებაზე მიუთითებს.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

32. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის მტკიცების ტვირთი მემკვიდრეს ეკისრება.

33. მოცემულ შემთხვევაში კასატორი მიუთითებს, რომ იგი დედის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა გარდაცვლილი მშობლების კუთვნილ მოძრავ ნივთებს, თუმცა აღნიშნული გარემოება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებით კი სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი ვერ დადასტურდება.

34. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორის ვერც იმ შედავებას, რომ მან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თანამემკვიდრეებს გადასცა მათი სამკვიდრო ქონების წილების კომპენსაცია, რადგან მხარეს არც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგენია სასამართლოსათვის.

35. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

36. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1045-985-2015, 1 აპრილი, 2016 წელი; №ას-773-740-2016, 8 მაისი, 2017 წელი; №ას-281-266-2017, 19 მაისი, 2017 წელი; №ას-1215-1174-2016, 5 მაისი, 2017 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.რ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ ი.რ–ძეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 18 მაისს გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე