Facebook Twitter

№ ას-168-158-2017 20 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ–ო" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ვალდებულების შესრულებულად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2013 წლის 12 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდგომში - „კასატორი“, „მოპასუხე“, „სამინისტრო“ ან „შემსყიდველი“) და შპს „ვ–ოს“ (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“, „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) შორის დაიდო №155 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება შემსყიდველისათვის 60 დღის ვადაში მიეწოდებინა 8 500 ცალი მატრასი.

2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 592 000 ლარს, რომელიც მოსარჩელეს 2013 წლის 26 აპრილს ჩაერიცხა ავანსის სახით. ხელშეკრულება მოქმედებდა 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით (ტ. I, ს. ფ. 17-24, 130). ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, ერთი ერთეული მატრასის ღირებულება შეადგენდა 69,6470588 ლარს (ტ. I, ს. ფ. 24).

3. 2013 წლის 24 მაისს მიმწოდებელმა მიმართა შემსყიდველს და მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ ქარხანამ, რომელსაც მან მატრასების დამზადება შეუკვეთა, დაუძლეველი ძალის გამო დაარღვია წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი (ტ. I, ს. ფ. 48).

4. 2013 წლის 29 მაისის წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს უარი უთხრა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე და მიუთითა, რომ მიმწოდებელი ვალდებული იყო საქონლის მიწოდება განეხორციელებინა შეთანხმებულ ვადაში (ტ. I, ს. ფ. 107).

5. 2013 წლის 11 ივნისს მიმწოდებელმა განმეორებით მიმართა შემსყიდველს და მოითხოვა საქონლის მიწოდების ვადის 30 დღით გაგრძელება (ტ. I, ს. ფ. 49). სადავო არ არის, რომ აღნიშნულ წერილზე შემსყიდველს წერილობითი პასუხი არ გაუცია.

6. 2013 წლის 14 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი N22, რომლითაც შემსყიდველმა ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 855 ერთეული მატრასი, ღირებულებით 59548,235274 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ აღნიშნული მატრასები ბაზაზე შეტანილი და განთავსებული იყო 2013 წლის 11 ივნისის დროებითი შენახვის აქტების საფუძველზე (ტ. I, ს. ფ. 60). აღნიშნული 855 ერთეული მატრასის მიღება მხარეთა შორის სადავო არ არის.

7. 2013 წლის 17 ივნისს გაფორმდა N41 დროებითი შენახვის აქტი, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა შემსყიდველს დროებით შესანახად გადასცა 160 ერთეული მატრასი (ტ. I, ს. ფ. 128).

8. 2013 წლის 28 ივნისს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მიმწოდებლის წარმომადგენელმა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების სურსათ-სანოვაგისა და სანივთე დაგეგმვის ოფიცერს ჩააბარა 404 ერთეული მატრასი. აქტი არ შეიცავს მითითებას მიღებული მატრასების ერთეულის ან/და მათი ჯამური ღირებულების, საქონლის ბაზაზე განთავსების და დროებითი შენახვის აქტის გაფორმების თაობაზე (ტ. I, ს. ფ. 61).

9. საქმეში წარმოდგენილია მიმწოდებლისა და შემსყიდველის საამისოდ უფლებამოსილ პირებს შორის 2014 წლის 20 იანვარს, 1 თებერვალს და 22 თებერვალს შედგენილი აქტები მასზედ, რომ სანივთე ბაზის საცავებიდან მიმწოდებელმა გაიტანა დროებით შესანახად განთავსებული მატრასები, ჯამში 904 ცალი (2014 წლის 20 იანვარს – 250 ცალი, 2014 წლის 1 თებერვალს – 260 ცალი, ხოლო 2014 წლის 22 თებერვალს – 394 ცალი) (ტ. I, ს. ფ. 75-77).

10. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა:

10.1. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტის აღიარება 904 ერთეული მატრასის ოდენობით - ღირებულებით 62 960,89 ლარი;

10.2. სამინისტროსთვის ხელშეკრულების ფარგლებში მისაწოდებელი მატრასების 7 596 ერთეულის მიღების დავალდებულება.

11. მოსარჩელის განმარტებით:

11.1. მოსარჩელე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუმცა მოპასუხის მიერ უკანონოდ იქნა შეწყვეტილი აღნიშნული ხელშეკრულება. შედეგად, მიმწოდებელს მიადგა მატერიალური ზიანი, რომელიც წარმოიშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიუღებლობის გამო დამზადებული საქონლის რეალიზების შეუძლებლობითა და სამინისტროს მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის ამოქმედებით;

11.2. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო შემსყიდველისათვის არასტანდარტული, მაღალხარისხიანი მატრასების დამზადება, რის გამოც მიმწოდებლის მიერ დამზადებული მატრასები სხვა ორგანიზაციებს არ გამოადგებოდათ;

11.3. მოსარჩელემ ეტაპობრივად მიაწოდა საქონელი სამინისტროს, რის შესახებ ფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. სულ მიწოდებული პროდუქციის რაოდენობამ შეადგინა 1759 ცალი. მოპასუხემ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ შესრულებულად ჩათვალა, მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ნაწილის გადახდა, რომლის ანაზღაურების ვალდებულება რეგრესის წესით დაეკისრება მიმწოდებელს;

11.4. სამინისტრომ მიმწოდებელს ფაქტობრივად მიღებული მატრასები დაუბრუნა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. აღნიშნულ ფაქტზე აქტები შედგენილია ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 6 თვის შემდეგ, რაც ადასტურებს შემსყიდველის გულგრილ დამოკიდებულებას;

11.5. სამინისტროს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა არ მომხდარა კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელემ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეიტყო შემსყიდველის მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის გაგზავნილი მოთხოვნის შედეგად. მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა ვერ იქნებოდა სავარაუდო, ვინაიდან სამინისტრო, მიუხედავად მიწოდების ვადის დარღვევისა, განაგრძობდა მიმწოდებლის მიერ დამზადებული მატრასების მიღებას, რაზედაც დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ახორციელებდა ავანსად გამოყოფილი თანხის მიზნობრივ ხარჯვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის სრულად მიწოდების უზრუნველსაყოფად;

11.6. სასამართლოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივ შესრულებულად აღიარების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიისადმი სამინისტროს მოთხოვნის ოდენობა შემცირდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, რის შედეგადაც, შემცირდება სადაზღვევო კომპანიის რეგრესული მოთხოვნის ოდენობაც.

12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:

12.1. სამინისტრომ არ მიიღო 904 ცალი მატრასი და უკან დაუბრუნა მიმწოდებელს ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფინანსო დოკუმენტაციის წარუდგენლობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის დარღვევისა და თვით ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო;

12.2. მიმწოდებლის მიერ, 855 ცალი მატრასის მოწოდების გარდა, არაჯეროვნად და, უფრო მეტიც, საერთოდ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №155 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი 564 ერთეული მატრასის ოდენობით - ღირებულებით 39 280.90 ლარი; მოსარჩელის მოთხოვნა იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7 596 ერთეული მატრასის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღების დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

14. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 11.1. პუნქტით განსაზღვრულია მიმწოდებლის მიერ საქონლის გადაცემისა და შემსყიდველის მიერ მისი მიღების დადასტურების წესი, რომლის თანახმად, მიწოდებული საქონლის გადაცემის და მიღების ფაქტის დადასტურება უფლებამოსილი პირების ხელმოწერით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უნდა მომხდარიყო, ხოლო ხელშეკრულების 11.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი საქონლის საბოლოო მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენდა და ანგარიშსწორების ვალდებულებას არ წარმოშობდა.

15. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტრომ მხარეთა შორის შეთანხმებული წესით, გარდა 2013 წლის 14 ივნისს მიწოდებული 855 ცალი მატრასისა, 564 ცალი მატრასიც მიიღო, რაც დადასტურებული იყო 2013 წლის 17 ივნისისა და ამავე წლის 26 ივნისის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებით. რაც შეეხება დარჩენილი 340 ცალი მატრასის მიღების საკითხს, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ 2013 წლის 24 ივლისის №65 დროებითი შენახვის აქტის თანახმად, მიმწოდებელმა სამინისტროს სანივთე ბაზის უფლისციხის საცავში დროებით შესანახად შეიტანა 340 ცალი მატრასი, რაც ვერ ჩაითვლებოდა სამინისტროს მიერ 340 ცალი მატრასის მიღების დადასტურებად, ვინაიდან ხელშეკრულების 11.3 პუნქტით საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი საქონლის საბოლოო მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენდა და ანგარიშსწორების ვალდებულებას არ წარმოშობდა.

16. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა. მან არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევა ფორს-მაჟორული გარემოებებით იყო გამოწვეული.

17. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის მოთხოვნა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტის აღიარების შესახებ 564 ერთეულ მატრასთან დაკავშირებით (ღირებულებით 39 280,90 ლარი) არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მე-11 მუხლი ადგენდა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების სპეციალურ წესს. პირველ ეტაპზე საქონლის მიღება ხდებოდა დროებითი შენახვის აქტის საფუძველზე, რომელიც საქონლის საბოლოო მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენდა და ანგარიშსწორების ვალდებულებას არ წარმოშობდა (11.3. პუნქტი), ხოლო შემდეგ ხდებოდა მიწოდებული საქონლის გადაცემისა და მიღების ფაქტის დადასტურება უფლებამოსილი პირების ხელმოწერით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების 11.4. პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლით [შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე, თუ: იგი უხარისხოა, მიწოდებულია ხელშეკრულებაში მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები, სრული მოცულობით არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ხარვეზების გამოსწორება შეუძლებელია, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში] უარს არ განაცხადებდა საქონლის მიღებაზე.

20. სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, 855 ცალი მატრასის საბოლოოდ მიღება განხორციელდა 2013 წლის 14 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით, თუმცა საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ აღნიშნული საქონელი დროებით შენახვისათვის სამინისტროს მიეწოდა 2013 წლის 11 ივნისს (ტ. I, ს. ფ. 60) ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადაში და, სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად ამ მატრასების საბოლოო მიღებას.

21. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 17 ივნისისა (ტ. I, ს. ფ. 128) და ამავე წლის 24 ივლისის აქტები (ტ. I, ს. ფ. 129), რომლებიც შედგა 160 და 340 ერთეული მატრასის დროებით შენახვაზე, არ წარმოადგენდა საქონლის საბოლოო მიღების დამადასტურებელ დოკუმენტებს, ისევე როგორც 2013 წლის 28 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. I, ს. ფ. 61), მიუხედავად სახელწოდებისა. ისინი წარმოადგენდა საქონლის დროებითი შესანახად მიწოდების აქტებს.

22. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გარდა აღნიშნულისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, კონტრაჰენტები იმთავითვე სადავოდ არ ხდიდნენ, 855 ცალი მატრასის გარდა, მიწოდებული 904 მატრასის შემსყიდველის მიერ დროებით შესანახად მიღების ფაქტს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი იყო მიმწოდებლისა და შემსყიდველის საამისოდ უფლებამოსილ პირებს შორის 2014 წლის 20 იანვარს, ამავე წლის 1 თებერვალსა და 22 თებერვალს შედგენილი აქტები იმის თაობაზე, რომ სანივთე ბაზის საცავებიდან მიმწოდებელმა გაიტანა დროებით შესანახად განთავსებული მატრასები, რომელთა ოდენობაც ჯამში შეადგენდა 904 ცალს ანუ იმ რაოდენობას, რაც ჯამში მიწოდებული იქნა სამინისტროსათვის მიღებულად ჩათვლილი 855 ცალი მატრასის გარდა (20.01.2014წ. - 250 ცალი, 01.02.2014წ. – 260 ცალი, 22.02.2014წ. – 394 ცალი) (ტ. I, ს. ფ. 75-77).

23. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გამხდარა როგორც სამინისტროს, ისე მიმწოდებლის მხრიდან საქმეში წარმოდგენილ აქტებზე ხელმომწერი პირების უფლებამოსილება. ის ფაქტი, რომ ხელმომწერი პირები უფლებამოსილი სუბიექტები იყვნენ, მხარეებმა დაადასტურეს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზეც.

24. სააპელაციო პალატის მითითებით, დგინდებოდა, რომ სადავოდ გამხდარი 904 ერთეული მატრასი სამინისტრომ ხელშეკრულების 11.3 პუნქტის შესაბამისად მიიღო დროებით შესანახად, თუმცა არ განხორციელდა მათი საბოლოოდ მიღება. როგორც სამინისტრო განმარტავდა, მიწოდებული საქონლის მიღებაზე უარი დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ისინი მიწოდებულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ და, ამასთან, ნაკლები იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობაზე, რაც ხელშეკრულების 11.4. პუნქტის საფუძველზე, შემსყიდველს საქონლის მიღებაზე უარის თქმის უფლებას აძლევდა.

25. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ: ა) ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების კონკრეტული ვადა დადგენილი ფორმით მხარეთა შორის გაგრძელებული არ ყოფილა; ბ) დადგენილი იყო 2013 წლის 17 ივნისს, ამავე წლის 28 ივნისსა და 24 ივლისს მატრასების ვადის დარღვევით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ბევრად ნაკლები რაოდენობით მიწოდება; გ) დადგენილი იყო მიმწოდებლისათვის მატრასების უკან დაბრუნება და სამინისტროს საცავიდან მათი გატანა, არ არსებობდა 904 მატრასის მიწოდებაზე მოსარჩელის ვალდებულების შესრულებულად აღიარების საფუძველი.

26. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ უარი თქვა ვალდებულების შესრულებულად აღიარებაზე 564 ერთეული მატრასის (ღირებულებით 39 280,90 ლარი) მიწოდებასთან დაკავშირებით (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი).

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, ხოლო 2016 წლის 21 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში.

28. საკასაციო სასამართლოს მითითებით, დამატებით კვლევას და დასაბუთებას საჭიროებდა ხელშეკრულების მე-11, მე-14, მე-16, მე-17 და 21-ე პუნქტებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა სამინისტროს მიერ 39 280,90 ლარის ღირებულების საქონლის მიღებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით მოქმედებდა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზუსტებული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, დამატებით კვლევასა და შეფასებას საჭიროებდა მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები - 2013 წლის 17 ივნისის 160 ერთეული მატრასისა და იმავე წლის 28 ივნისის - 404 ერთეული მატრასის მიწოდების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებით კვლევას საჭიროებდა ხელშეკრულების ვადის დარღვევით რა საფუძვლით მიიღო შემსყიდველმა საქონელი, ასევე რამ განაპირობა დაწუნებული საქონლის დაბრუნება 6-7 თვის გასვლის შემდეგ. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი იყო სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 115-ე მუხლის გათვალისწინებით, სამოქალაქო ბრუნვაში მხარეთა კეთილსინდისიერი მოქმედების, სამოქალაქო უფლებათა ბოროტად გამოყენების არიდების თვალსაზრისით, ასევე, შესაფასებელი იყო, საქონლის მიწოდების აქტებზე კონკრეტული რეკვიზიტების არარსებობა თუ მონაცემების მიუთითებლობა, რამდენად შეიძლება დადებოდა საფუძვლად ვალდებულების შესრულებულად აღიარების უარყოფას იმ პირობებში, როდესაც დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე აქტებზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება სადავო არ გამხდარა.

30. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

31. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

32. სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მიმწოდებელს შემსყიდველის წინაშე შესრულებული ჰქონდა 39 280,90 ლარის ღირებულების 564 ერთეული მატრასის მიწოდების ვალდებულება, რაც აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი იყო. აღნიშნული დასკვნა დაეფუძნა შემდეგ მსჯელობას:

32.1. 2013 წლის 17 ივნისისა და ამავე წლის 28 ივნისის აქტების შესაბამისად, შემსყიდველს საქონელი მიეწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების 60-დღიანი ვადის დარღვევით, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ხელშეკრულება მოქმედებდა 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით;

32.2. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გამხდარა როგორც სამინისტროს, ისე მიმწოდებლის მხრიდან საქმეში წარმოდგენილ აქტებზე ხელმომწერი პირების უფლებამოსილება. ის ფაქტი, რომ ხელმომწერი პირები იყვნენ უფლებამოსილი სუბიექტები, მხარეთა (წარმომადგენელთა) მიერ დადასტურებულ იქნა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც აქტებზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა, 2013 წლის 28 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტში კონკრეტული რეკვიზიტების არარსებობა თუ მონაცემების მიუთითებლობა, არ შეიძლება დადებოდა საფუძვლად ვალდებულების შესრულებულად აღიარების უარყოფას. შესაბამისად, დასტურდებოდა მიმწოდებლის მიერ 404 ერთეული მატრასის მიწოდების ვალდებულების შესრულება;

32.3. შემსყიდველის განმარტებით, მიწოდებული საქონლის მიღებაზე საბოლოოდ მისი უარი დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ისინი მიწოდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ და, ამასთან, ნაკლები იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობაზე, რაც ხელშეკრულების 11.4. პუნქტის საფუძველზე შემსყიდველს საქონლის მიღებაზე უარის თქმის უფლებას აძლევდა. სამინისტრო არ მიუთითებდა მიწოდებული საქონლის უხარისხობაზე ან/და უფლებრივ ნაკლზე, რაც შემსყიდველს საქონლის მიღებაზე უარის თქმის უფლებას მიანიჭებდა. მართალია, სსკ-ის 488-ე მუხლის მე-2 ნაწილი ნივთობრივ ნაკლს უთანაბრებს მცირე რაოდენობით მიწოდებას, თუმცა იქვე ადგენს გამონაკლისს, როცა ეს წესი არ ვრცელდება - ეს არის შემთხვევები, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე. ამ კუთხით გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ შემსყიდველს მიღებული ჰქონდა მიწოდებული პროდუქციის ნაწილი - 855 ერთეული მატრასი და უდავო იყო, რომ მიღებულ პროდუქციასა და მის ხარისხზე რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამ ნაწილში ვალდებულების შესრულება აღიარებულია. პრეტენზია არ ყოფილა გამოთქმული არც იმ კუთხით, რომ მიწოდებული პროდუქცია ნაკლები იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობაზე. მიწოდებული საქონელი (მატრასები) ისეთი სახის მოძრავი ნივთებია, რაც მცირე რაოდენობით მიწოდების შემთხვევაშიც შესაძლებელს ხდის მათ მიზნობრივ გამოყენებას. ისეთ პირობებში, როდესაც შემსყიდველს არ ჰქონდა პრეტენზია მიწოდებული საქონლის ხარისხზე, დაუსაბუთებელი იყო საქონლის მიწოდებიდან 6-7 თვის შემდეგ მისი უკან დაბრუნება და შესრულების მიღების უარყოფა. ის, რომ საქონელი მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იყო მიწოდებული, შემსყიდველისათვის იმთავითვე ცნობილი იყო, თუმცა ამის გამო მას უარი არ უთქვამს საქონლის საწყობში მიღებაზე.

33. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 361.2 და 427-ე მუხლებით, ხელშეკრულების მე-11 მუხლით, სსკ-ის მე-8 მუხლით დადგენილი კეთილსინდისიერების პრინციპის განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის №ას-1338-1376-2014 განჩინების შესაბამისად და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების გაფორმების მიმართ შემსყიდველის ინტერესი მის ჯეროვან შესრულებასა და საქონლის მიღებაში მდგომარეობდა, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის ამოწურვიდან რამდენიმე დღეში, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, საქონლის მიღება, დასაწყობება, მის ხარისხზე პრეტენზიის არქონა და 6-7 თვის გასვლის შემდეგ მისი უკან დაბრუნება ეწინააღმდეგებოდა კონტრაჰენტის კეთილსინდისიერად ქმედების პრინციპს, რაც აგრეთვე წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან (უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა).

34. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

35. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

35.1. სასამართლო სამინისტროს იმ საქონლის ღირებულების ანაზღაურებას ავალდებულებს, რომელიც მიმწოდებლის მიერ სამინისტროსთან გაფორმებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გატანილია უკან სასამართლო დავის დაწყებამდე. სასამართლოს არც კი უმსჯელია, რამდენად იქნება გადაწყვეტილება აღსრულებადი, რადგან, გარდა იმისა, რომ მატრასები ფიზიკურად სამინისტროში აღარ არის, უცნობია, მიმწოდებელ მხარეს ფიზიკურად აქვს თუ არა ეს მატრასები (ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ დევს);

35.2. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის საფუძველზე, მიმწოდებელს ერთ ეტაპად, ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, 2013 წლის 11 ივნისამდე, უნდა უზრუნველეყო 8500 ერთეული მატრასის მიწოდება, თუმცა, მოსარჩელემ შემსყიდველს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მხოლოდ 855 ერთეული მატრასი მიაწოდა, ხოლო 904 ერთეულის მიწოდება უზრუნველყო სამ ეტაპად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ, რაზეც გაფორმდა დროებითი შენახვის მიღება-ჩაბარების აქტები. 6741 ერთეული მატრასი კი საერთოდ არ მიუწოდებია;

35.3. ხელშეკრულების 11.3 პუნქტის თანახმად, საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს საქონლის საბოლოოდ მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს და არ წარმოშობს ანგარიშსწორების ვალდებულებას. ხელშეკრულების 11.4 პუნქტით, შემსყიდველი უფლებამოსილია, განაცხადოს უარი საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მისი ღირებულების ანაზღაურებაზე, თუ ხელშეკრულების 11.4.3. და 11.4.4 პუნქტების შესაბამისად, მიწოდებულია ხელშეკრულებაში მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები საქონელი ან/და სრული მოცულობით არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა, როგორც საქონლის არასრული მოცულობით, ისე დოკუმენტაციის გარეშე მიწოდების ფაქტი, ასევე გასათვალისწინებელია, რომ მათი შეტანა განხორციელდა ხელშეკრულების ვადების დარღვევით. შესაბამისად, შემსყიდველს სრული უფლება ჰქონდა არ მიეღო წარმოდგენილი საქონელი და დაებრუნებინა მიმწოდებლისთვის, რაც განხორციელდა კიდეც;

35.4. არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 2013 წლის 17 ივნისს მიწოდებულ 160 ერთეულ მატრასსა და 28 ივნისს მიწოდებულ 404 ერთეულ მატრასზე მხარეებს შორის გაფორმდა საქონლის საბოლოოდ მიღების შესახებ აქტები, სულ 564 ერთეულზე. სამინისტროს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მიწოდებული 904 ერთეული მატრასი დროებით შესანახად ჰქონდა და აქედან არცერთ ერთეულზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა. ამას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 17 ივნისის №41, ამავე წლის 28 ივნისისა და 24 ივლისის დროებით შესანახად მიღების აქტები, ასევე მითითებული საქონლის უკან გატანის აქტები - 2014 წლის 20 იანვრის №09 აქტი (250 ერთეულზე), 1 თებერვლის აქტი (260 ერთეულზე) და 22 თებერვლის №40 აქტი (394 ერთეულზე). საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მიწოდებული 904 ერთეული საქონლის უკან გატანის სამივე აქტში მითითებულია სიტყვები: „საცავიდან გატანილ იქნა დროებით შენახვაზე დადებული ქვემოთ ჩამოთვლილი მატერიალური ქონება ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო“.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

37. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

38. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].

39. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილი]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები [სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი]. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილი].

40. კასატორი სადავოდ ხდის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას 564 ერთეული მატრასის მიწოდებასთან დაკავშირებით და ხელშეკრულების 11.3 [საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს საქონლის საბოლოოდ მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს და არ წარმოშობს ანგარიშსწორების ვალდებულებას] პუნქტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მას ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მიწოდებული 904 ერთეული მატრასი დროებით შესანახად ჰქონდა და აქედან არცერთ ერთეულზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი არ გაუფორმებია.

41. დადგენილია, რომ 2013 წლის 17 ივნისს გაფორმდა N41 დროებითი შენახვის აქტი მასზედ, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს დროებით შესანახად მიაწოდა 160 ერთეული მატრასი, ხოლო 2013 წლის 28 ივნისს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მიმწოდებლის წარმომადგენელმა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების სურსათ-სანოვაგისა და სანივთე დაგეგმვის ოფიცერს ჩააბარა 404 ერთეული მატრასი.

42. დადგენილია ასევე, რომ სამინისტრომ მხარეთა შორის 2013 წლის 14 ივნისს გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიიღო 855 ერთეული მატრასი, ღირებულებით 59548,235274, ხოლო მატრასების დარჩენილი ნაწილი მიმწოდებელს უკან დაუბრუნა. კერძოდ, მიმწოდებლისა და შემსყიდველის საამისოდ უფლებამოსილ პირებს შორის 2014 წლის 20 იანვარს, 1 თებერვალს და 22 თებერვალს შედგენილი აქტების თანახმად, სანივთე ბაზის საცავებიდან მიმწოდებელმა გაიტანა დროებით შესანახად განთავსებული მატრასები, ჯამში 904 ცალი (2014 წლის 20 იანვარს – 250 ცალი, 2014 წლის 1 თებერვალს – 260 ცალი, ხოლო 2014 წლის 22 თებერვალს – 394 ცალი) (ტ. I, ს. ფ. 75-77).

43. სამინისტრო საკასაციო საჩივარში საქონლის დაბრუნების რამდენიმე მიზეზს ასახელებს: საქონლის მიწოდება არასრული მოცულობით, დოკუმენტაციის გარეშე და ხელშეკრულების ვადების დარღვევით, რაც ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად [შემსყიდველი უფლებამოსილია, განაცხადოს უარი საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე, თუ ხელშეკრულების 11.4.3. და 11.4.4 პუნქტების შესაბამისად, მიწოდებულია ხელშეკრულებაში მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები საქონელი ან/და სრული მოცულობით არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია], შემსყიდველს საქონლის მიღებაზე უარის თქმის უფლებას აძლევდა.

44. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ მიმწოდებლისთვის სადავო მატრასების უკან დაბრუნება უნდა შეფასდეს, როგორც ხელშეკრულებიდან გასვლა [სსკ-ის 355-ე მუხლი: ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით]. აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასვლის გაცხადება ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოხატვაა [სსკ-ის 51.1 მუხლი: ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა] და ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. გასვლის გაცხადება არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ ფორმას და შესაძლებელია ასევე კონკლუდენტური მოქმედებებითაც, მათ შორის, მიღებული საგნის დაბრუნებით (იხ. gccc.ge - სსკ-ის 355-ე მუხლის კომენტარი).

45. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მის მიერ ნაწილობრივ შესრულებულად აღიარების საფუძვლად მიუთითებს სწორედ სამინისტროს მიერ ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტაზე. შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შემოწმდეს, რამდენად კანონიერად გავიდა ხელშეკრულებიდან სამინისტრო.

46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის დისპოზიციური ნორმები. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში შეიძლება ვიგულისხმოთ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალურში – დამატებითი ვადის დაწესება და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება.

47. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ 60-დღიან ვადაში მოპასუხეს 8500 ცალი მატრასიდან მიაწოდა 855 ცალი, ხოლო მიწოდების ვადის დარღვევით - დამატებით 904 ცალი ანუ ჯამში შეასრულა ნაკისრი ვალდებულების დაახლოებით 1/5 ნაწილი (8500 ცალი მატრასიდან მოსარჩელეს შესასრულებელი დარჩა 6741 ცალი მატრასის მიწოდების ვალდებულება (8500-855-904)). ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას [სსკ-ის 361-ე მუხლი]. მხოლოდ ასეთი შესრულებით წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა. საქონლის არასრული მოცულობით მიწოდება უთანაბრდება ნივთობრივ ნაკლს [სსკ-ის 488.2 მუხლი: ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე]. გამომდინარე აქედან, სახეზეა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევა [სსკ-ის 405.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა] და სადავო არ არის ხელშეკრულებიდან გასვლის მატერიალური საფუძვლის არსებობის ფაქტი.

48. რაც შეეხება ხელშეკრულებიდან გასვლის ფორმალურ საფუძვლებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილია ხელშეკრულებიდან გასვლის წესი.

49. სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად [თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ], მხარეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება (ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება) წარმოეშობა ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ვინაიდან „მთავარია ვალდებულების შესრულება და არა პასუხისმგებლობა შეუსრულებლობისათვის. სადაც კი ურთიერთობის ბუნება იძლევა დამატებითი ვადის დანიშვნის შესაძლებლობას, ყველგან შეიძლება მისი გამოყენება“ (იხ. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი მესამე, ვალდებულებითი სამართალი, ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 434). ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც იწვევს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ანულირებას, არ შეიძლება განხორციელდეს მოვალისათვის ვალდებულების შესასრულებლად ხელმეორე შესაძლებლობის მიცემის გარეშე. ამასთან, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება [სსკ-ის 405.1. მუხლის მე-2 წინადადება]. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს.

50. სსკ-ის 405-ე მუხლით დადგენილი დამატებითი ვადა ნასყიდობის ხელშეკრულების ნაკლიანი შესრულებისას ნაკლის გამოსწორებას ან მისი უნაკლოთი შეცვლას ემსახურება [სსკ-ის 490.1 მუხლი: თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში]. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ ჩაივლის, მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, ფასის შემცირება თუ შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება. ამდენად, დამატებითი შესრულების მოთხოვნა გამომრიცხავ კონკურენციას წარმოშობს სხვა მეორად მოთხოვნებთან მიმართებით. კერძოდ, თუ დამატებითი შესრულების მოთხოვნა არ მომხდარა, სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორც წესი, არ წარმოიშობა. ხოლო, თუ დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, ასეთ შემთხვევაში მყიდველს დამატებითი წინაპირობების გათვალისწინებით შესაძლოა ჰქონდეს ხელშეკრულებიდან გასვლის, ფასის შემცირების ან შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომლებიც, თავის მხრივ, ალტერნატიულ კონკურენციაში იმყოფებიან ერთმანეთთან (იხ. www.gccc.ge - სსკ-ის 490-ე მუხლის კომენტარი).

51. თუმცა 490-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, როგორც სხვა მეორადი მოთხოვნების წარმოშობის აუცილებელი წინაპირობა, შეიძლება გამოირიცხოს, თუ სახეზეა 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები [ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა], რომელიც ვადის განსაზღვრის ვალდებულებას გამორიცხავს (იხ. www.gccc.ge - სსკ-ის 490-ე მუხლის კომენტარი).

52. ამასთან, ვალდებულების ნაწილობრივი დარღვევის შემთხვევა, რაც განსახილველი დავის სპეციფიკურ გარემოებას წარმოადგენს, როგორც წესი, არ იძლევა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს. სსკ-ის 405.1 მუხლის მესამე წინადადების თანახმად, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ შემსყიდველმა ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულებისას დაკარგა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების ინტერესი, ხელშეკრულებიდან გამსვლელ მხარეზეა. განსახილველ შემთხვევაში, შემსყიდველს აღნიშნული გარემოება არ დაუსაბუთებია. შესაბამისად, მას არ ჰქონდა უფლება გასულიყო ხელშეკრულებიდან.

53. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებისას ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ კრედიტორისთვის დაკარგა ინტერესი [სსკ-ის 405.1], მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულებიდან გასვლა მართლზომიერად.

54. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 491-ე მუხლში [მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით] ნახსენები „ხელშეკრულების მოშლა“ თავისი შინაარსით წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, ვინაიდან მიუთითებს სსკ-ის 352-ე მუხლზე, რომელიც ეხება ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგებს [თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)]. სსკ-ის 352-ე მუხლი არის გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (გსკ) 346-ე პარაგრაფის ანალოგი, რომელიც ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) წინაპირობებს, რაც მოიცავს ხელშეკრულებიდან გასვლის როგორც კანონისმიერ, ისე - სახელშეკრულებო დათქმის საფუძველს და განიმარტება, როგორც ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით ვალდებულებითი ურთიერთობის უკუქცევა (იხ. იან კროპჰოლერი, გსკ-ის კომენტარი, 2014 წ. გამოცემა, ს.ფ. 242-243). ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულების შესრულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის კრედიტორად და რესტიტუციის მოვალედ (იხ. სუსგ №ას-1209-1169-2016, 12 ივლისი, 2017 წელი).

55. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამასთან, ხელშეკრულებიდან ნაწილობრივ გასვლა სამართლებრივად შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-793-742-2017, 2018 წლის 17 იანვარი). „სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ხელშეკრულებიდან ნაწილობრივ გასვლის უფლებას. თუ ამას დავუშვებდით, ეს იქნებოდა არა ხელშეკრულებიდან გასვლა, არამედ ხელშეკრულების შეცვლა, რადგან მისი ნაწილი კვლავ ძალაში დარჩებოდა და მხარეები ვალდებული იქნებოდნენ შეესრულებინათ იგი. ამიტომ კანონი უშვებს ხელშეკრულებიდან მხოლოდ მთლიანად გასვლას“ [იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მესამე. ვალდებულებითი სამართალი, ზოგადი ნაწილი. გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 232-233].

56. განსახილველ შემთხვევაში შემსყიდველმა შესრულება მიიღო ნაწილობრივ (855 ცალი მატრასის ნაწილში), ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით მიწოდებული საქონელი (564 მატრასი) უკან დააბრუნა. აღნიშნული მოქმედებით შემსყიდველი ფაქტობრივად ხელშეკრულებიდან ნაწილობრივ გავიდა. როგორც ითქვა, ხელშეკრულებიდან ნაწილობრივ გასვლის უფლება არ წარმოიშობა. სსკ-ის 352-ე მუხლით განსაზღვრული ორმხრივი რესტიტუციის შემთხვევაში, სამინისტროს სრულად უნდა დაებრუნებინა მიღებული მატრასები მიმწოდებლისთვის.

57. ამასთან, შემსყიდველს შეეძლო კანონით გათვალისწინებული წინაპირობების დაცვით გამოეყენებინა ფასის შემცირების მეორადი უფლება, თუ დაინტერესებული იყო საგნით (ნაკლიანი ნივთით). „ხელშეკრულებიდან გასვლისაგან განსხვავებით, ფასის შემცირება მიმართულია არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებაზე ფინანსური ადაპტაციის გზით“ [ვ.ბ–ი, დამატებითი შესრულების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფასის შემცირების მეორადი მოთხოვნის უფლებები ნასყიდობაში (საქართველოსა და გერმანიის სამართლის მიხედვით), ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008 წელი, გვ. 187]. თუმცა, სსკ-ის 492-ე [თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი] და 493.1 მუხლების [ მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ გამყიდველმა მას მიაწოდა საქონელი იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თუ მყიდველი მიიღებს ასეთ საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად] გამოყენების წინაპირობა წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი არ ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლას.

58. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შემსყიდველი ხელშეკრულებიდან გავიდა საქონლის მიწოდებიდან 6-7 თვის შემდეგ, რაც, სასამართლოს აზრით, არღვევს ქონების ვარგისიანობის შემოწმების გონივრულ და სამართლიან ფარგლებს და, ამასთან, ეწინააღმდეგება კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს - კეთილსინდისიერების პრინციპს.

59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, განსახილველ შემთხვევაში, სამინისტრო არ წარმოადგენს სსკ-ის 495-ე მუხლით გათვალისწინებულ მეწარმე სუბიექტს და მასზე ვერ გავრცელდება ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულება [თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება], თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არამეწარმე სუბიექტთან დაკავშირებით ნივთობრივი ნაკლის შემოწმების განუსაზღვრელი ვადა არსებობს. გასათვალისწინებელია, რომ განსახილველ შემთხვევაში ის ნაკლი (საქონლის მიწოდება არასრული მოცულობით, დოკუმენტაციის გარეშე და ხელშეკრულების ვადების დარღვევით), რაზეც მიუთითებს შემსყიდველი, თვალსაჩინოა და ამის შემოწმებისთვის სამინისტროს არ სჭირდებოდა ექვსთვიანი ვადა. ზოგადად, შემოწმების ვადა შეიძლება მერყეობდეს იმის მიხედვით, თუ ნივთის რა ნაკლია შესამოწმებელი (ფარული თუ თვალსაჩინო). იმისათვის, რომ შემსყიდველს შეეტყო მატრასების რაოდენობისა და დოკუმენტაციის გარეშე ან ვადის დარღვევით მათი მიწოდების შესახებ, ექვსთვიანი ვადის გასვლა არ იყო აუცილებელი. მოცემულ შემთხვევაში სამინისტროს, როგორც ხელშეკრულების კონტრაჰენტის ქცევა ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს და შესაძლოა შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად. მატრასების ექვსი თვის შემდეგ დაბრუნება იმ პირობებში, როდესაც თვალსაჩინო იყო მათი მიწოდება ხელშეკრულების ვადის დარღვევით და ასევე ნაკლები რაოდენობით, წარმოადგენს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი გულისხმიერების პრინციპის დარღვევას.

60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას (იხ. სუსგ №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

61. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს (იხ. სუსგ №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

62. უდავოა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ სამინისტროს მოლოდინი ხელშეკრულების გაფორმების მიმართ მდგომარეობდა მის ჯეროვან შესრულებაში, ხელშეკრულების ვადის დარღვევით მიწოდებული საქონლის დაბრუნება მისი მიწოდებიდან 6-7 თვის შემდეგ, რომლის ხარისხის მიმართ პრეტენზია მას არ გამოუთქვამს, ვერ იქნება მიჩნეული კეთილსინდისიერ ქმედებად. უფლების განხორციელებისას პირმა უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება. სამინისტროს მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც კონტრაჰენტის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს უკიდურეს შემთხვევაში, უნდა შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან [სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას].

63. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა არის უკანონო და არამართლზომიერი. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მიმწოდებელს შემსყიდველის წინაშე შესრულებული აქვს 39 280,90 ლარის ღირებულების 564 ერთეული მატრასის მიწოდების ვალდებულება. ამასთან, მართალია, აღნიშნული საქონელი ამჟამად არ არის სამინისტროს საკუთრებაში, რადგან მან არამართლზომიერად დაუბრუნა ისინი მიმწოდებელს, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი], მას არ დაუკარგავს უფლება, გამყიდველს მოსთხოვოს ქონების გადაცემა.

64. საკასაციო პალატის ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სწორია, რაც გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

65. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. სსსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2013 წლის 17 ივნისის დროებითი შენახვის აქტი №41; 2013 წლის 28 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი; 2013 წლის 24 ივლისის დროებითი შენახვის აქტი №65; აქტი №09; 2014 წლის 1 თებერვლის აქტი; 2014 წლის 22 თებერვლის აქტი №40), მთლიანობაში „06“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 293-2971).

66. ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, ამასთან, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, არ არსებობს სასამართლო ხარჯების განაწილებაზე მსჯელობის წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. კასატორს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2013 წლის 17 ივნისის დროებითი შენახვის აქტი №41; 2013 წლის 28 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი; 2013 წლის 24 ივლისის დროებითი შენახვის აქტი №65; აქტი №09; 2014 წლის 1 თებერვლის აქტი; 2014 წლის 22 თებერვლის აქტი №40), მთლიანობაში „06“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 293-2971);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე