საქმე №ას-603-603-2018 14 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ზ.ყ–ი, გ.კ–ი, ს.ზ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2013 წლის 25 მარტს სს ,,ლ.ბ–სა“ (შემდგომი „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) და ზ.ყ–ს (შემდგომში „მოპასუხე“, „მსესხებელი“ ან „მოვალე“, „კასატორი“ ან საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის 2018 წლის 28 მარტამდე გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზე ბანკმა გასცა სესხი 9 200 ლარის ოდენობით, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 25 მარტს გ.კ–თან და ს.ზ–ძესთან (შემდგომში „თევდები პირები“, „მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ძირითად მოვალესთან ერთად იკისრეს დავალიანების დაფარვის თაობაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა. თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 29 249 ლარით.
3. მსესხებელმა ბანკის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2013 წლის 27 მარტიდან.
4. 2016 წლის 14 თებერვალს ბანკმა გაფრთხილების წერილით მიმართა მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს, გრაფიკით გათვალისწინებული თანხებისა და დარიცხული ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად განუსაზღვრა 5 სამუშაო დღე და განუმარტა განსაზღვრულ ვადაში დავალიანების გადაუხდელობის სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული შეტყობინება ადრესატებს ვერ ჩაბარდათ, რის შემდეგაც გაფრთხილების წერილი გამოქვეყნდა 2016 წლის 29-30 ივნისის გაზეთში „სიტყვა და საქმე“.
5. სესხზე საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი მოიცავს ვალდებულების დარღვევიდან - 2013 წლის 27 მაისიდან 2016 წლის 5 ივლისამდე პერიოდს, ანუ ძირითად დავალიანებას დაერიცხა 38 თვის სარგებელი და პირგასამტეხლო ამავე ვადაზე.
6. 2016 წლის 5 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება შეადგენდა 8 375.62 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6 039.35 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1 034.09 ლარი და პირგასამტეხლო - 1 302.18 ლარი.
7. ბანკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მსესხებლისა და თავდები პირების მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე დავალიანების 8375.62 ლარის (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6039.35 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1034.09 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილი - 1302.18 ლარი) მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება.
8. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი მსესხებელმა მიუთითა, რომ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7 473.44 ლარის (სესხის ძირითადი თანხა 6 039.35 ლარი, სარგებელი - 1 034.09 ლარი და პირგასამტეხლო - 400 ლარი) გადახდა.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 464-ე, 868-ე, 873-ე, 895-ე მუხლებით და არ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებლის თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ოდენობა (წლიური 20%) არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთად.
13. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმას, რომ სარჩელში მითითებულ არცერთ გარემოებას მოპასუხეები მათ მიერ წარდგენილი შესაგებლებით კვალიფიციურად არ შედავებიან. ამდენად, არ არსებობდა მათი პრეტენზიის გაზიარებისა და წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
15. საკასაციო საჩივრის ავტორთა განცხადებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან ხელშეკრულება განსაზღვრავდა სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობას, შეუძლებელი იყო მისი შემცირება. მოქმედი კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად გათვალისწინებულია სარგებლისა და პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობა, რაც საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. მოცემულ შემთხვევაში კასატორთა პრეტენზია ეხება იმას, რომ ბანკის მიერ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი, წლიური 20% შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლოებს უნდა შეემცირებინათ იგი, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სარგებლის ზღვრული ოდენობა.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ პრეტენზიას საამისოდ ვარგისი სამართლებრივი საფუძვლის არარასებობის გამო და ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სადავო სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის (წლიური 20%) გონივრულ ოდენობად მიჩნევის თაობაზე. ამავე დროს, მიუთითებს დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზეც, რომლის შესაბამისად, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებელი 20% არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ამორალურ და საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო ოდენობად.
22. ერთ-ერთ საქმეში, სადაც სადავო იყო სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ოდენობა, საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ. ს.-ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. საბოლოოდ, საკასაციო პალატამ სამართლიანად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, წლიური 72%-ის 48%-მდე შემცირების თაობაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საკითხზე დადგენილი პრაქტიკა მიმართულია მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ავტონომიის პრინციპის გარკვეულწილად შეზღუდვისაკენ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია სესხის სარგებელის მიუღებელი, არაგონივრულად გაზრდილი ოდენობა (როგორიცაა, თუნდაც ზემოთ მოყვანილი გარიგებით დადგენილი სესხის წლიური სარგებელი – 72%), რასაც წინამდებარე დავაში ადგილი არ აქვს. საკასაციო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ 2013 წლის 25 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი – წლიური 20% მხარეთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ დასკვნის საფუძველს არ იძლევა, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, შესაბამისად, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს. მხოლოდ მითითება საპროცენტო განაკვეთის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე კი არ შეიძლება გასაჩივრებული განჩინების დასკვნების არასწორად მიჩნევისა და საკასაციო საჩივრის არსებითად დაშვების საფუძველი გახდეს.
24. ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი; საქმე №ას-894-834-2017, 3 ნოემბერი, 2017 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ.ყ–ის, გ.კ–ისა და ს.ზ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს ზ.ყ–ს (პ/ნ: .....), გ.კ–სა (პ/ნ: ......) და ს.ზ–ძეს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეთ ნ.ყ–ის მიერ 2018 წლის 25 მაისს №45 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე