Facebook Twitter

საქმე №ას-734-2019 19 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – რ.რ–ის უფლებამონაცვლეები ტ.რ–ი და დ.რ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ.რ–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.მ–ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ..... (საკადასტრო კოდი: .....) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“), მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

6. 2019 წლის 19 მარტს ტ. და დ.რ–ებმა, როგორც გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლეებმა, განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს საქმის წარმოების განახლება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება. საქმეზე მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ტ.რ–ი და დ.რ–ი.

8. სააპელაციო პალატის მითითებით, ტ. და დ.რ–ებმა წარადგინეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც ირკვეოდა, რომ ისინი იყვნენ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი საქმის დავის საგანს სწორედ მითითებული ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა წარმოადგენდა, შესაბამისად, არსებობდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში. მოცემულ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის საფუძველი იყო მოსარჩელის გარდაცვალება. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამკვიდრო ტ. და დ.რ–ებმა მიიღეს.

10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამართლებრივ ურთიერთობაში დასაშვებია უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, თუ თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა უფლებამონაცვლეობას არ კრძალავს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასაცემი უფლების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი უფლებამონაცვლეობას უშვებდა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა უფლებამონაცვლეობა.

12. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან საკუთრება ტ.რ–ის უკანონო ქმედებების გამო დაკარგა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდაა გამხდარი საკითხი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა მოსარჩელის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლეებად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ტ. და დ.რ–ების ცნობის საფუძველი.

17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

18. 2019 წლის 19 მარტს ტ. და დ.რ–ებმა, როგორც გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლეებმა, განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს საქმის წარმოების განახლება. განცხადებაზე დართული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ისინი არიან სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები. ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სამკვიდრო მოწმობა (იხ. ტ.2. ს.ფ. 150-151).

19. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად საქმეში ტ. და დ.რ–ების ცნობის შესახებ და აღნიშნავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

20. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილ იქნა გარდაცვლილი მოსარჩელის მემკვიდრეთა მიერ სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არსებობდა მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად მათი (ტ. და დ.რ–ების) საქმეში ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი.

21. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს კერძო საჩივრის ავტორის შედავება, რომ მან სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ტ.რ–ის უკანონო ქმედებების გამო დაკარგა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, გავლენას ვერ მოახდენს გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად ტ. და დ.რ–ების ცნობაზე.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე