Facebook Twitter

№ას-233-233-2018 30 ივლისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ს.ქ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან შემსყიდველი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სარჩელი შპს „ს.ქ–ისათვის“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე ან მიმწოდებელი) 2 328,98 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორის განმარტებით, 03.12.2013 წელს გაფორმებული N809 ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ: ა) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობების, ბ) საკონტროლო გამშვები პუნქტებისა და გ) მოსარჩელის ადმინისტრაციული კორპუსის გარე მინების წმენდაზე თვეში ერთხელ და აქვე მიუთითეს პირობაზე, საჭირო შემთხვევაში გასაწმენდი კალათით (კომპლექტში) უზრუნველყოფა თავდაცვის სამინისტროს ევალებოდა. კასატორის მტკიცებით, მომწოდებელმა 2014 წლის 31 იანვარს უკვე იცოდა, რომელი შენობების გასაწმენდად იყო საჭირო კალათა (კომპლექტში) და მას ამ პერიოდისათვის ვალდებულების ნაწილი შესრულებული უნდა ჰქონოდა დათქმულ ადგილას (ქ. თბილისი, .....).

2.2. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხისათვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, არც ისეთი ფორსმაჟორული გარემოებები არ წარმოშობილა, რასაც ხელშეკრულების მონაწილე მხარე ვერ გააკონტროლებდა, უფრო მეტიც, მხარეს შეეძლო, გონივრულად გაეთვალისწინებინა საწმენდი კალათის შესაძლო დაზიანება და შესაბამისი ალტერნატივაც უნდა შეემუშავებინა.

2.3. კასატორის განმარტებით, ვალდებულება მოვალემ ყოველთვის უნდა შეასრულოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისგან. მოპასუხემ თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და შესრულების რისკიც თავადვე უნდა გასწიოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. 2013 წლის 3 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის მე-2 და მე-3 მუხლების მიხედვით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და დანართი N1-ის (ტექნიკური დავალება, ფასების ცხრილი) შესაბამისად, 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 იანვრამდე, შემკვეთისათვის ქალაქ თბილისში, ...... შეესრულებინა 15 736,383 ლარად ღირებული მომსახურება, კერძოდ, გენერალური შტაბის (შემდგომში - პირველი ობიექტი) ადმინისტრაციული შენობებისა და საკონტროლო გამშვები პუნქტების გარე მინების ერთ ჯერზე 3 822 მ2, და შემსყიდველის ადმინისტრაციული კორპუსის გარე მინების ერთ ჯერზე, 1500 მ2, წმენდა, თვეში ერთხელ. ამავე ხელშეკრულების 13.1.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების მიუწოდებლობისათვის (მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე), მიმწოდებელს, შემსყიდველის სასარგებლოდ, წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,2%.

5.2.2. 2013 წლის 3 დეკემბრის ხელშეკრულების დანართი N1-ით განისაზღვრა, რომ მენარდეს წმენდისათვის საჭირო კალათით (კომპლექტში) შემკვეთი უზრუნველყოფდა (იხ. ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ.15-21). ხელშეკრულებით არ განსაზღვრულა, რომელი შენობა-ნაგებობის გარე მინების გასაწმენდად იყო საჭირო კალათა (კომპლექტი).

5.2.3. 2014 წლის 30 იანვარს მენარდემ შემკვეთს აცნობა, რომ, შემკვეთის მხრიდან წმენდისთვის საჭირო კალათების მიწოდების შეფერხების გამო, მენარდე ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა. (იხ. ტ.1. ს.ფ. 51).

5.2.4. 2014 წლის 27 მარტს მენარდემ შემკვეთს აცნობა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ვერ შესრულდებოდა, ვინაიდან შემსყიდველმა ვერ შეძლო მენარდის წმენდისთვის საჭირო კალათით (კომპლექტი) უზრუნველყოფა. მითითებული პირობა ხელშეკრულების არსებითი ნაწილი იყო, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უდიდესი ნაწილის შესრულებასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული. შემსყიდველის მხრიდან აღნიშნული პირობის შესრულების შეუძლებლობის გამო, წარმოექმნათ სპეციალისტების (მთასვლელის) დაქირავების აუცილებლობა, რაც ზრდიდა სამუშაოების შესრულების ხარჯს, შესაბამისად, ხელშეკრულების პირობები უნდა მისადაგებულიყო შექმნილ მდგომარეობას, სატენდერო თანხის შეუცვლელად (იხ. ტ.1.,ს.ფ.49-50).

5.2.5. 2014 წლის 28 მარტს მოსარჩელის მიერ მიმწოდებელისათვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ შემკვეთმა არ შეასრულა 2013 წლის 3 დეკემბრის ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული ვალდებულება, მენარდე უზრუნველეყო წმენდისათვის საჭირო კალათით (კომპლექტში). ამასთან, შემსყიდველმა ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნია მხოლოდ გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობებისა (სადაც, მისი აზრით, გარე მინების წმენდისთვის კალათა (კომპლექტში) არ იყო საჭირო), და საკონტროლო გამშვები პუნქტების გარე მინების გაწმენდის ვალდებულების შეუსრულებლობა მითითებული წერილით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მოსარჩელემ მოპასუხეს, დამატებით - შვიდი დღის ვადა განუსაზღვრა. (იხ. ტ. ს.ფ. 22-23).

5.2.6. 2014 წლის 29 აპრილს შემკვეთმა მენარდეს აცნობა, რომ, მენარდის მიერ ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ცალმხრივად წყვეტდა ხელშეკრულებას (იხ. ტ. 1. ს.ფ.24).

5.2.7. 2014 წლის 8 ოქტომბერს მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ შედგა N809-01 აქტი, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს 2013 წლის 3 დეკემბრის N809 ხელშეკრულების 13.1. პუნქტის საფუძველზე, 2014 წლის 1 თებერვლიდან 2014 წლის 15 აპრილამდე, ვალდებულების დარღვევის გამო, 2 328,98 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა (იხ. ტ.1, ს.ფ. 25). მოპასუხემ პირგასამტეხლო არ გადაიხადა.

6. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო –მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლის გამოყენების სამართლებრივი წინაპირობების არარსებობა განაპირობებს.

7. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს მოსარჩელე ორგანიზაციისათვის მინების წმენდის მომსახურების გაწევა წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის სსკ-ის 629-ე მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.) გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება დაიდო. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას. ზოგადი წესის თანახმად, მენარდეს შესრულების ვალდებულება წარმოეშობა მას შემდეგ, რაც შემკვეთი შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას (შეად. სკ-ის 369-ე მუხლი: იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა). აქედან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია, შეასრულა თუ არა შემკვეთმა მისი წილი სახელშეკრულებო ვალდებულება და წარმოეშვა თუ არა მას მენარდისგან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ნარდობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, სახელშეკრულებო ვალდებულება აერთიანებდა როგორც დაბალსართულიანი, ასევე მაღალსართულიანი შენობების მინების წმენდის სამუშაოებს, რომლის შესასრულებლადაც მაღალსართულიანი შენობების შემთხვევაში შემკვეთს მენარდე უნდა უზურნველეყო ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელი კალათებით (კომპლექტში). საქმის მასალები ცხადყოფს, რომ შემკვეთმა მენარდე ვერ უზრუნველყო მაღალსართულიანი შენობების შემთხვევაში მინების წმენდის სამუშაოების შესრულებისათვის აუცილებელი პირობებით და შემდგომში მენარდეს მხოლოდ დაბალსართულიანი შენობების მინების წმენდის სამუშაოების შესრულება მოსთხოვა, თუმცა მენარდის განმარტებით, მხოლოდ ამ მოცულობის სამუშაოს შესრულება მის ფინანსურ სახელშეკრულებო ინტერესს არ პასუხობდა და ამ პირობებით ის ხელშეკრულებას შემკვეთთან არ გააფორმებდა. გარემოებათა ამგვარი ერთობლიობა, ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა შემკვეთის ვალდებულების დარღვევის უკუშედეგს წარმოადგენდა. კონკრეტულ შემთხვევაში, კრედიტორი ვალდებული იყო მენარდე უზურნველეყო, ერთი მხრივ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობის სამუშაოთი, ხოლო, მეორე მხრივ, ამ სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელი ტექნიკური პირობებით, რაც მას არ შეუსრულებია. მხოლოდ დაბალსართულიანი შენობების მინების წმენდა კი, სახელშეკრულებო პირობათა ისეთ ცვლილებას გულისხმობდა, რომლის შესრულების მიმართ მენარდეს კომერციული ინტერესი არ გააჩნდა და მისი მხრიდან ხელშეკრულების შესრულებაზე უარს ამართლებდა. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ვალდებულება ყოველთვის უნდა შესრულდეს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მენარდეს უნდა შეესრულებინა მინების წმენდის სამუშაო, არამედ, თავის მხრივ, შემკვეთი ვალდებული იყო მენარდე უზრუნველეყო შეთანხმებული მოცულობის სამუშაოთი და ამ სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელი იმ პირობებით, რომელიც ხელშეკრულების თანახმად შეკვეთის ვალდებულებათა ფარგლებში იყო მოქცეული. მხოლოდ ამის შემდგომ წარმოეშობოდა მენარდეს სამუშაოს შესრულების ვალდებულება, ხოლო კრედიტორს/ შემკვეთს შესრულების მოთხოვნის უფლება ან ვალდებულების შეუსრლებლობასთან დაკავშირებული სხვა კანონისმიერი უფლებები. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მენარდის უარი ვალდებულების შესრულებაზე მართლზომიერია, რაც მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისების შესაძლებლობას გამოირცხავს. პალატის განმარტებით, პირგასამტეხლო როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი სანქცია, სწორედ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, მენარდეს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება ვალდებულების დარღვევად არ შეერაცხება, ვინაიდან ამ შედეგის დადგომაში თავად კრედიტორს მიუძღვის ბრალი, მან/შემკვეთმა იმგვარად დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც სსკ-ის 369-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის ფარგლებში მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების დაყოვნებას ან/და მასზე უარის თქმას ამართლებდა.

7.1. დავის გადაწყვეტისას, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მენარდემ, შემკვეთი ვერ უზრუნველყოფდა რა მას მაღალსართულიანი შენობების წმენდისთვის აუცილებელი კალათებით, შექმნილი ვითარების მოსაწესრიგებლად 2014 წლის 27 მარტის N003 წერილით მისგან მოითხოვა ზემოხსენებული შენობების გარე მინების გასაწმენდად მთასვლელების ჩართვა, გასაწევი მომსახურების ღირებულების შენარჩუნების პირობით, მომსახურების პერიოდის (13 თვის ნაცვლად, სამუშაოს 10 თვის განმავლობაში შესრულების) კორექტირების ხარჯზე, თუმცა შემკვეთმა 2014 წლის 28 მარტის წერილით საპასუხოდ მოითხოვა, გენერალური შტაბის დაბალსართულიანი ადმინისტრაციული შენობებისა და საკონტროლო გამშვები პუნქტების გარე მინების 7 დღის ვადაში გაწმენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალმხრივად შეწყვეტდა 2013 წლის 3 დეკემბრის ხელშეკრულებას. მენარდის ზემოხსენებული შეთავაზება, ცხადყოფს, რომ ის მოტივირებული იყო ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, თუმცა კრედიტრორმა მისი წინადადების უგულებელყოფით, ფაქტობრივად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა გამორიცხა.

8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

10. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი