Facebook Twitter

№ას-1147-1067-2017 29 დეკემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სს „ა.დ–ა“ (შპს „ს.კ.ა.ჯ–ის“ უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – კ.ზ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ს.კ.ა.ჯ–ი“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებას, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, კ.ზ–ის (შემდეგში - მოსარჩელე ან დამზღვევი) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 31 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორის მითითებით, ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისით, დაზღვეული იყო ავტომობილის დაზიანება მძღოლის როგორც ბრალით, ისე - ბრალის გარეშე, თუმცა დაზღვევის პოლისის „CASCO-ს სპეციალური სადაზღვევო დაფარვები“ მოიცავდა სრულ ჩამონათვალს, ბრალის რა შემთხვევები ექვემდებარებოდა ანაზღაურებას უფლებამოსილი მძღოლის გაუფრთხილებლობით გამოწვეული ავტოშემთხვევისას, კერძოდ კი, ასეთ შემთხვევებს განეკუთვნებოდა მძღოლის გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემდეგი ქმედებები: შუქნიშნის წითელი შუქის დაუმორჩილებლობა ან გზაჯვარედინზე პრიორიტეტულობის დაუცველობა; დაშვებულზე მეტი სიჩქარის განვითარება, არასწორი პარკირება; უწყვეტი ხაზის გადაკვეთა. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება არ განეკუთვნებოდა ხელშეკრულებით სადაზღვევო ანაზღაურებას დაქვემდებარებულ ბრალეულ ქმედებას, შესაბამისად, არ იკვეთებოდა ხელშეკრულებისა და სადაზღვევო პოლისის პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურების საფუძველი.

2.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, როდესაც „გზიდან გადასვლა“ უხეშ გაუფრთხილებლობად და „სტანდარტულ გამონაკლისად“ არ მიიჩნია, იმ მოტივით, რომ მძღოლი გზიდან არ გადასულა გადასწრების დროს. პოლისსა და ავტომობილის დაზღვევის პირობებში გაუფრთხილებლობით ჩადენილი ავტოშემთხვევების ცალკე გამოყოფა სხვა სახის, როგორიცაა, განზრახი და უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებებიდან, მიანიშნებს, რომ ყველა სხვა ქმედებით გამოწვეული ავტოშემთხვევები პოლისით და ავტომობილის დაზღვევის პირობებით მიეკუთვნებოდა ბრალის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავტოსაგაზო შემთხვევებს, რაც არ განიხილებოდა სადაზღვევო შემთხვევად და არ ანაზღაურდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუზუსტებიათ მზღვეველის პასუხისმგებლობის ფარგლები, არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ დაარღვია მანევრირების წესები, რადგანაც მანევრირების წესების დაცვით ავტომანქანა გზიდან ვერ გადავიდოდა. მანევრირების წესების დარღვევა კი, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, შეფასებული იყო უხეშ გაუფრთხილებლობად.

2.3. კასატორის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი არ იყო ზიანის ზუსტი ოდენობა, საქმეში არ არის დაცული ავტომანქანის განადგურების დოკუმენტი, ავტომანქანის შეკეთების ინვოისში მითითებულია მხოლოდ სათადარიგო ნაწილების გრძელი სია, რომელიც მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი მიმართვის საფუძველზე შედგა. აღნიშნულ საკითხზე არ არსებობდა სპეციალისტის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ზუსტ ოდენობას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. 2014 წლის 22 ივლისს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, ერთი წლის ვადით დაიდო მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების - "AUDI S8", სახელმწიფო ნომრით ..... (შემდეგში - დაზღვეული ავტომანქანა ან მოსარჩელის ავტომანქანა) დაზღვევის ხელშეკრულება. დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 35 000 აშშ დოლარით.

5.2.2. 2014 წლის 26 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევისას, დაზიანდა მოსარჩელის ავტომანქანა. ფაქტთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე დაჯარიმდა 250 ლარით. ოქმის თანახმად, წყნეთის გზატკეცილზე, ბაგებიდან წყნეთის მიმართულებით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ბეტონის ჯებირს.

5.2.3. მოსარჩელის ავტომანქანის აღდგენის ღირებულებამ შეადგინა მისი საბაზრო ღირებულების 70 პროცენტზე მეტი, რაც წარმოადგენდა დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრულ სრულ ზიანს.

5.2.4. დაზღვევის ხელშეკრულების მე-6 მუხლის „ლ“ პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევად არ ითვლება და სტანდარტულ გამონაკლისად მიიჩნევა: განზრახ დაზიანება; ავარია უფლებამოსილი მძღოლის მიერ ნორმების შემდეგი ან მსგავსი უხეში დარღვევით: რკინიგზის გადასასვლელზე შემობრუნება ან გასვლა, როცა შლაგბაუმი დაკეტილია ან იკეტება; დგომა-გაჩერება რელსებზე, გვირაბში, ხიდზე ან ესტაკადაზე მოსახვევში (იძულებითი გაჩერების გარდა); მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა; გასწრება: ა) უწყვეტი ხაზის გადაკვეთით გვირაბში ან ხიდზე, ბ) გასწრებაზე გასული ავტომობილისა, გ) გზიდან გადასვლით. დაზღვევის ხელშეკრულების მე-8 მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მზღვეველი უფლებამოსილია, გათავისუფლდეს მოვალეობისაგან, თუ ადგილი აქვს სტანდარტულ გამონაკლისს.

5.2.5. სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს უარი განუცხადა, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურებაზე, ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლის მიერ მანევრირების წესების უხეში დარღვევით.

6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები.

7. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაზღვევო ხელშეკრულება ფარავდა დამზღვევის ბრალით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, თუმცა ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული არ იყო, თუ რა სახის ბრალეული ქმედება წარმოუშობდა მზღვეველს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით), შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დამზღვევის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სახელშეკრულებო საფუძველს მარტივი გაუფრთხილებლობა წარმოადგენდა. კასატორის მოსაზრებით, დამზღვევი ავტოსაგზაო შემთხვევისას მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რამაც მზღვეველის პასუხისმგებლობა სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ზიანის ანაზღაურების თაობაზე გამორიცხა. საკასაციო პალატა სადავო გარემოების (წარმოიშვა თუ არა სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულება) გამორკვევის მიზნით, ყურადღებას მიაქცევს, დაზღვევის ხელშეკრულების მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტს. მხარეთა შეთანხმების ეს ნაწილი იმ საგამონაკლისო შემთხვევებს განსაზღვრავს, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას გამორიცხავს. მითითებული სახელშეკრულებო დათქმები მკაფიოდ განსაზღვრავს გარემოებათა იმ ზუსტ ჩამონათვალს, რომელსაც ხელშეკრულების მხარეები, ერთი მხრივ, სახელშეკრულებო პირობების და, მეორე მხრივ, კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევად მიიჩნევენ. ერთ-ერთ ასეთ გარემოებას კი, გასწრებას გზიდან გადასვლით მიაკუთვნებენ. შესაბამისად, მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულება, ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებად არა მძღოლის გზიდან გადასვლის ყოველ შემთხვევას, არამედ მხოლოდ გასწრების მანევრის დროს ავტომანქანის გზიდან გადასვლის შემთხვევას განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, გზიდან გადასვლა, რომელიც მიზნად არ ისახავს სხვა ავტომანქანისათვის გასწრებას, მძღოლის მიერ მარტივი გაუფრთხილებლობით ჩადენილ დარღვევად უნდა შეფასდეს. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალები ცხადყოფს, ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანი გასწრების მანევრის შესრულებისას გზიდან გადასვლას არ მოჰყოლია შედეგად. მართალია, მოსარჩელე გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, თუმცა მძღოლის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების ამგვარი გადახვევა/უგულებელყოფა პალატის განსჯით, დაზღვევის ხელშეკრულებით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენდა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის დროს მოძრაობდა საკუთარ ზოლში, დასაშვები სიჩქარით, იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მას არ მიუმართავს გასწრების მანევრირებისთვის, თუმცა მოსარჩელის ახნა-განმარტების თანახმად, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან არიდების (გასწრებაზე გასული შემხვედრ ავტომანქანასთან შეჯახების თავიდან არიდების) მიზნით ის იძულებული გახდა გზიდან გადასულიყო, რის შემდეგაც საჭე ვერ დაიმორჩილა და შეეჯახა ბეტონის ჯებირს. სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. სუსგ ას-745-713-2014, 30/04/2015), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

8. პალატის განმარტებით, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შინაარსის კომპლექსურად გაანალიზების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული, რაც შეეხება მძღოლის მიერ ჩადენილი ქმედების ბრალის ფორმას, როგორც ითქვა განსახილველ შემთხვევაში მხარეებს ხელშეკრულებით არ განუსაზღვრავთ რა ეს საკითხი საკანონმდებლო მოწესრიგებისგან განსახვავებულად, ივარაუდება, რომ განსახილველ სადაზღვევო ურთიერთობაზე ვრცელდება სსკის 829-ე მუხლის დანაწესი.

9. კასატორის ერთ-ერთი საკასაციო პრეტენზია ზიანის ოდენობას და მისი განსაზღვრის წესს შეეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მზღვეველს, არც შესაგებლით და არც სააპელაციო საჩივრით არ წარმოუდგენია შედავება ზიანის ოდენობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დამზღვევს შესაბამისი რაოდენობის ზიანი მიადგა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საქმეში წარმოდგენილია კომპანია „ი.ს–ის“ მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვარვს დეტალურ ჩამონათვალს დამზღვევის ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების და მისი ღირებულების თაობაზე, რაც განმსაზღვრელია ზიანის ჯამური ოდენობის დასადგენად. მოპასუხეს აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული მონაცემების გასაქარწყლებლად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ წარმუდგენია დასაშვები და სარწმუნო მტკიცებულებები ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იმსჯელებს ზიანის ოდენობაზე წამოყენებულ საკაციო პრეტენზიაზე. ვინაიდან საკასაციო სასამართლო შებოჭილია და შემოიფარგლება მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების სამართლებრივი ანალიზით, რაზეც მხარეებს წამოყენებული აქვთ შედავება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში სამართალწარმოების ეტაპზე.

10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. საქმე N ას-1306-1226-2015, 1 ივლისი 2016 წელი).

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 3879.22 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3879.22 ლარის, საგადახდო დავალება #4273, გადახდის თარიღი 11.09.2017), 70% – 2715.45 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ა.დ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ა.დ–ას“ (ს/კ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3879.22 ლარის, საგადახდო დავალება #4273, გადახდის თარიღი 11.09.2017) 70% – 2715.45 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი