Facebook Twitter

№ას-1698-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – ბ.ც–ძე, ი.ჩ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „კ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, ბ.ც–ძისა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, მსესხებელი, კერძო საჩივრის ავტორი) და ი.ჩ–ძის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მესაკუთრე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სს „კ.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კრედიტორი, შეგებებული სარჩელის ავტორი) შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოსარჩელესა და მეორე მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ, დავალიანების - 1099.82 ლარის გადახდა, მათ შორის: სესხის ძირი თანხა 737.55 აშშ დოლარი, სარგებელი - 306.28 აშშ დოლარი, სადაზღვევო პრემია - 5.99 აშშ დოლარი, ჯარიმა - 50 აშშ დოლარი; დავალიანების დასაფარად დადგინდა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, მოპასუხის სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, ამასთან - თუკი იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა მოპასუხის მიმართ ვალდებულებას, მოხდებოდა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონების რეალიზაციაც.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ მოსარჩელეებს შუამდგომლობების საფუძველზე რამდენჯერმე გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა, თუმცა არ შეუვსიათ. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 368-ე და 374-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

4. ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მისი გაუქმება და მათი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვეს.

4.1. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მათ მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განახევრებულიყო, ვინაიდან მაგისტრატი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ასევე, არასწორია მათთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება, შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე - იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ, რადგან არ არის ცალკე მოთხოვნა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, კერძო საჩივრის ავტორებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ისე დააკისრა, რომ მათი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არ გაითვალისწინა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

7. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია კერძო საჩივრის ავტორების მსჯელობა, რომელიც შეეხება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, მათთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების კანონშეუსაბამობას. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 40.2 მუხლზე (თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება). აღნიშნული ნორმიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ სადავო საგნის ღირებულება სარჩელის მოთხოვნათა ჯამიდან მაშინ უნდა განისაზღვროს, თუკი საქმე გვექნება სარჩელის დამოუკიდებელ მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუკი, მოსარჩელეს ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებული რამდენიმე მოთხოვნა აქვს დაყენებული, მას თითოეულ ამ მოთხოვნაზე ცალ-ცალკე ბაჟის გადახდა ვერ მოეთხოვება, რამდენადაც სახეზე არ იქნება „სხვადასხვა მოთხოვნა“, რაზეც ხსენებული ნორმის დისპოზიციაშია საუბარი. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრებასთან ერთად, დავის საგანია, იპოთეკის ხელშეკრულების საგნის სარეალიზაციოდ მიქცევა (ს.ფ. 86-101). ეს უკანასკნელი არ არის დამოუკიდებელი მოთხოვნა, იგი ხსენებული სესხის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულების საგნის რეალიზაციას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს, სადავო საგნის ღირებულება, სწორედ მოთხოვნილი თანხის შესაბამისად უნდა განესაზღვრა.

8. მიუხედავად ამისა, კერძო საჩივარი ვერ დაკმაყოფილდება, რადგან მოსარჩელეებს არც იმდენი სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდიათ, რამდენიც მათი მოსაზრებით, კანონიერი იქნებოდა. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ მოსარჩელეთა მძიმე ეკონომიური მდგომარეობა არ გაითვალისწინა და მათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარი არასწორად უთხრა, თუმცა აქ უნდა განიმარტოს შემდეგი: საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, პასუხობს სსსკ-ის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102.1 მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103.1 მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს თავიანთი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზანშეწონილობის საკითხი. მათ არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ შუამდგომლობაში მითითებული გარემოების დასადასტურებლად და სასამართლოს მხოლოდ სიტყვიერად, იმ გარემოებაზე მიუთითეს, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე ხშირად ავადმყოფობდა და ამის შედეგად, მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა (ს.ფ. 236). მოგვიანებით, ისინი გადახდისუუნარობის ფაქტის დასამტკიცებლად იმაზე აპელირებდნენ, რომ მათ მოპასუხისათვის გადასახდელი თანხის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნდათ (ს.ფ. 265). ზემოთ დასახელებული საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე, მხარის მხოლოდ სიტყვიერი განმარტება საკმარისი ვერ იქნება სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის და ყველა ასეთი გარემოება ჯეროვნად უნდა დამტკიცდეს, რაც კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საკითხზე კანონშესაბამისად იმსჯელა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის დადგენისა და ამ ვადის გაგრძელების შესახებ 2019 წლის 17 ივნისის, 2019 წლის 22 ივლისისა და 2019 წლის 19 აგვისტოს განჩინებებში (ს.ფ. 247-252; 260-262; 266-270), რაც, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოს ხდის კერძო საჩივრის ავტორთა მიერ იმ გარემოებაზე მითითებას, რომ სასამართლომ მხარეთა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფაქტი არ გაითვალისწინა.

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინება არსებითად სწორია, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.ც–ძისა და ი.ჩ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი