Facebook Twitter

საქმე №ას-139-2020 28 მაისი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ტ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.ტ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და გ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, „კასატორი“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე არის ავტომანქანა „პეჟოს“, სახელმწიფო ნომრით …..

(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო მოძრავი ნივთი“) მესაკუთრე. მოპასუხეები ფლობენ სადავო მოძრავ ნივთს და მესაკუთრეს არ აძლევენ შესაძლებლობას ისარგებლოს კუთვნილი ნივთით.

3. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელემ 2016 წელს მიმართა სასამართლოს პირველი მოპასუხის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით. 01.06.2016წ. განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით პირველმა მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის გადაეხადა 2500 აშშ დოლარი, რის შემდეგაც სადავო მოძრავი ნივთი გადაფორმდებოდა მის სახელზე. განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და იძულებითი აღსრულების წესით პირველ მოპასუხეს ვალის ნახევარზე მეტი უკვე დაფარული აქვს. ამდენად, არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომელიც მიღებულია იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დასაბუთება:

გორის რაიონული სასამართლოს 30.03.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო მოძრავი ნივთი, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. მოსარჩელეს და პირველ მოპასუხეს შორის არსებობდა დავა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე. აღნიშნულ დავაზე გორის რაიონული სასამართლოს 01.06.2016წ. განჩინებით დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: პირველმა მოპასუხემ ვალდებულება აიღო მოსარჩელისთვის 01.08.2016წ.-მდე გადაეხადა 2500 აშშ დოლარი. თავის მხრივ, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, მორიგების პირობების შესრულების შემდეგ პირველი მოპასუხის სახელზე გადაეფორმებინა სადავო მოძრავი ნივთი.

4.2. შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. სადავო მოძრავი ნივთი პირველ მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცემოდა მხოლოდ მორიგების აქტით აღებული ვალდებულების შესრულების შემდეგ, რაც როგორც სასამართლო სხდომაზე დადგინდა, არ მომხდარა. ამდენად, ნივთის მესაკუთრეს მოსარჩელე წარმოადგენს.

4.3. სადავო მოძრავი ნივთი მოპასუხეების მფლობელობაშია.

4.4. მოპასუხეებმა ვერ დადასტურეს, რომ მათ გააჩნიათ ნივთის ფლობის უფლება.

4.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ იმყოფება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში და უფლებამოსილია გამოითხოვოს მისი კუთვნილი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. არ არსებობს სადავო მოძრავი ნივთის მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოებები.

გორის რაიონული სასამართლოს 30.03.2018წ. გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო საჩივრით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.06.2019წ. განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (ტ.2, ს.ფ. 84-88).

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2019წ. განჩინებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 30.03.2018წ. გადაწყვეტილება.

7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

7.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 249-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. სასამართლოს მოტივაცია შემოიფარგლება მხოლოდ საკანონმდებლო ნორმების აღწერით და განჩინებაში ასახული არ არის სამართლებრივი შეფასება.

7.2. მოსარჩელეს და პირველ მოპასუხეს შორის მიმდინარეობდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა, დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლითაც პირველმა მოპასუხემ ვალდებულება აიღო მოსარჩელისთვის გადაეხადა 2500 აშშ დოლარი, რის შემდეგაც სადავო მოძრავი ნივთი უნდა გადაფორმებულიყო პირველი მოპასუხის სახელზე. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება და პირველ მოპასუხეს ვალის ნახევარზე მეტი უკვე დაფარული აქვს.

7.3. კასატორი არასათანადო მოპასუხეა. სასამართლოს 01.06.2016წ. განჩინებით მორიგება დამტკიცდა მოსარჩელეს და პირველ მოპასუხეს შორის. კასატორი აღნიშნული საქმის განხილვაზე მიწვეულიც კი არ ყოფილა.

7.4. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კასატორის მიერ სადავო მოძრავი ნივთის ფლობის ფაქტს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018, 20.03.2018წ.).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია მოძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს, რომელთა მიხედვით დადგენილია ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ზემოთ მითითებული სამივე წინაპირობის არსებობა. აღნიშნული მსჯელობის უარსაყოფად კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

13. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ სადავო მოძრავი ნივთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია მის სახელზე.

14. კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პრეტენზიას აცხადებს იმ საფუძვლით, რომ იგი არ ფლობს სადავო მოძრავ ნივთს. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გორის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მეორე მოპასუხის მიერ მოძრავი ნივთის ფლობის ფაქტი სადავოდ გამხდარი არ ყოფილა (ტ.1, ს.ფ.57-66). კასატორს არც სააპელაციო საჩივრით განუცხადებია პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე მოპასუხეთა მიერ ნივთის ფლობის შესახებ (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ.162-171).

ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მსჯელობა მასზე, რომ იგი არ წარმოადგენს მოძრავი ნივთის მფლობელს. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ თუნდაც გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კასატორი ფლობს მოძრავ ნივთს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ის სამართალწარმოების შედეგით ვერ იქნებოდა დაინტერესებული, რადგანაც მის მიმართ ვერ მოხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ. იხ.: №ას-850-2019, 26.07.2019წ.).

15. რაც შეეხება კასატორის მითითებას მოსარჩელესა და თავდაპირველ მოპასუხეს შორის არსებულ სასამართლო დავაზე და ამ დავის ფარგლებში დამტკიცებული მორიგების პირობების შესრულების კვლევის აუცილებლობაზე, პალატა მიუთითებს, რომ კასატორი არ წარმოადგენს აღნიშნული მორიგების მხარეს და შესაბამისად, მოსარჩელეს და პირველ მოპასუხეს შორის შეთანხმებული მორიგების პირობების შესრულების თუ არაჯეროვნად შესრულების საკითხი გავლენას ვერ მოახდენს კასატორის ფლობის უფლების მართლზომიერებაზე. რაც შეეხება უშუალოდ პირველ მოპასუხეს, მისი სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.06.2019წ. განჩინებით დარჩა განუხილველად, შესაბამისად, მას არც საკასაციო საჩივარი წარმოუდგენია.

16. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ., ).

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: № ას-799-799-2018, 13.07.2018წ.; № ას-246-246-2018, 20.03.2018წ; სუსგ № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

პაატა ქათამაძე