Facebook Twitter

№ას-83-79-2017 29 დეკემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – მ.ჩ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ხ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ჩ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გამყიდველი, მარწმუნებელი, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით გამყიდველის სარჩელი ხ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მყიდველი ან მოპასუხე) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ნასყიდობის საგნის კვლავ მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს არ უმსჯელია, მხარეთა შორის შედგა თუ არა რეალურად ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარიგება, გარდა ამისა, გარიგება იყო არა მარტო მართლსაწინააღმდეგო და ამორალური, ასევე, დადებული იყო გავლენის ბოროტად გამოყენებით. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა სსკ-ს 477-ე მუხლის დანაწესის შესატყვისად, მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა თუ არა შეთანხმებული ფასი. კასატორის მტკიცებით, მოპასუხეს ხელშეკრულებაში მითითებული 500 ლარიც კი, არ გადაუხდია გამყიდველისათვის.

2.2. კასატორის პრეტენზიით, მოსარჩელის წარმომადგენელმა, 18 900 ლარად შეფასებული ქონების 500 ლარად გასხვისებით დადო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული ამორალური, კანონისა და ზენობის საწინააღმდეგო ბათილი გარიგება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.2.1. 2014 წლის 19 დეკემბერს გამყიდველმა მ.ტ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გამყიდველის წარმომადგენელი ან რწმუნებული) სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით მიანიჭა უფლებამოსილება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...... მდებარე 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ს/კ-ით №...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება, სადავო ქონება ან უძრავი ნივთი) დაერეგისტრირებინა მარწმუნებლის საკუთრების უფლება, შემდეგ კი , საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა (გაეყიდა, გაეჩუქებინა) და თავად განესაზღვრა გარიგების პირობები, მათ შორის - ფასიც (იხ. ს.ფ. 50-51).

5.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2015 წლის 11 მარტს მოსარჩელის სახელზე დარეგისტრიდა სადავო მიწის ნაკვეთი.

5.2.3. რწმუნებულმა პირმა მარწმუნებლის სახელით 2015 წლის 27 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ხელშეკრულება) საფუძველზე, სადავო ქონება საკუთრებაში გადასცა მოპასუხეს; ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 500 ლარით, რომელიც გარიგების დადების მომენტისათვის გადაიხადა მყიდველმა (იხ. ს.ფ.14-15). ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველი 2015 წლის 29 სექტემბერს, საჯარო რეესტრში სადავო ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

5.2.4. შპს ,,ბ-ის” 2015 წლის 30 სექტემბრის აუდიტორული დასკვნის მიხედვით, სადავო ქონების საბაზრო ღირებულება მოპასუხისათვის მიყიდვის დროისთვის 18 900 ლარს შეადგენდა.

6. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თავდაპირველი მესაკუთრის სახელზე უძრავი ნივთის აღრიცხვის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ უსაფუძვლობას სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით) წინაპირობების არ არსებობა განაპირობებს.

7. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე მასსა და მყიდველს შორის დადებული გარიგების ბათილობის დასასაბუთებლად სსკ-ის 54-ე მუხლს მოიხმობს და ნასყიდობის ფასის ნასყიდობის საგნის საბაზრო ღირებულებასთან შეუსაბამობის გამო რწმუნებულის მიერ მისი სახელით დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას ამორალურ, უზნეო და კანონსაწინააღმდეგო გარიგებად მიიჩნევს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობისათვის, საქმის გარემოებებითა და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უცილობლად უნდა დასტურდებოდეს გარიგების ამორალური და უზნეო ბუნება თუ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი.

8. მოსარჩელის მიერ რწმუნებულისათვის მიცემული მინდობილობის შინაარსიდან ერთმნიშვნელოვნად ირკვევა, რომ გამყიდველმა წარმომადგენელს უფლებამოსილება მიანიჭა საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა მარწმუნებლის ქონება, რაც იმას ნიშნავს, რომ რწმუნებული შეზღუდული არ იყო თავად განესაზღვრა უძრავი ქონების გასხვისების პირობები, მათ შორის ფასი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში მოსარჩელეს შედავება არ წარმოუდგენია თავად რწმუნებულის წინააღმდეგ და არც მინდობილობის შინაარსი და მინდობილობის ამგვარი ფორმულირების მიმართ საკუთარი ნების გამოვლენის ნამდვილობა გაუხდია სადავოდ. კასატორის საკასაციო პრეტენზია მიმართულია მხოლოდ ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის წინააღმდეგ, რომელმაც ქონების საბაზრო ღირებულების არაშესატყვისი ღირებულებით უძრავი ნივთის შესყიდვით დადო კანონსაწინაააღმდეგო, ამორალური და უზნეო გარიგება. საკასაციო პალატა კასატორის ამ მოსაზრებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ეფუძნება რა სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებისა და სტაბილურობის პრინციპს, მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში განსაზღვრავენ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის პირობებს. მხარეთა თავისუფალი შეთანხმების საგანს წარმოადგენს ნასყიდობის საგნის ფასიც, რომელიც სავალდებულო არაა შეესატყვისებოდეს საბაზრო ღირებულებას. ამა თუ გარემოებათა გათვალისწინებით გამყიდველი შესაძლოა დაინტერესებული იყოს ნასყიდობის საგნის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით უფრო ნაკლებ ფასად გასხვისებით, ან სულაც სიმბოლურ ფასად გაასხვისოს ქონება, ხოლო მყიდველი ყოველთვის დაინტერესებულია დადოს ხელსაყრელი გარიგება, ქმედებათა ამგვარი წყება საბაზრო ურთიერთობებში ჩვეულებრივი მოვლენაა. განსახილველ შემთხვევაში, მინდობილობის შინაარსიდან არ იკვეთება გამყიდველის ნება მისი ქონების საბაზრო ღირებულების შესატყვის თანხად გასხვისების თაობაზე, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ გამსხვისებელს ჰქონდა მოლოდინი რწმუნებულის მხრიდან ამგვარი მოქმედებისა, შესაბამისი გარემოების დამტკიცების შემთხვევაში (რწმუნებულმა გადაუხვია მარწმუნებლის ნების გამოვლენას და მისი ინტერესების საზიანოდ იმოქმედა) მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის ადრესატს არა მყიდველი, არამედ შესაძლოა რწმუნებული წარმოადგენდეს. ნასყიდობის საგნის ფასზე ოფერტს ახორციელებს გამყიდველი და შესაბამისად, ფასის არასწორად განსაზღვრის შედეგებზეც თავად არის პასუხისმგებელი. რაც შეეხება, კასატორის პრეტენზიას, რომ მყიდველისათვის ცნობილი იყო ქონების შესასყიდი ფასის მიზერულობა მის საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის საკმარის სამართლებრივ არგუმენტად არ განიხილება.

9. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია მოპასუხემ ნამდვილად გადაიხადა თუ არა ნასყიდობის ფასი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ეს გარემოება მხოლოდ სააპელაციო სასამართალწარმოების ეტაპზე გახადა სადავო და პირველი ინსტანციის სასამართლოში მას ამ ფაქტის თაობაზე არ მიუთითებია.

10. სსსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით, საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა დაცვითი პოზიციები სარჩელსა და შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე მითითებული გარემოებებით უნდა შემოიფარგლოს, გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმგვარი ფაქტის მიღება, რომლის მითითებაც საქმის მომზადების ეტაპზე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდულნი არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში, ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. ამდენად, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა, ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელობის ფაქტსა და ამ გარემოების დამდგენ მტკიცებულებებზე მითითება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა წესის დაცვით, ან ამგვარ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების დაყოვნების შემთხვევაში, შემდგომში სასამართლოს წინაშე შესაბამისი ქმედების განმაპირობებელი საპატიო მიზეზის არსებობის დადასტურება.

11. სსსკ-ის 380.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აპელანტს ნასყიდობის საგნის საფასურის გადაუხდელობის ფაქტსა და მტკიცებულებაზე მიუთითებლობის საპატიო მიზეზი არ დაუსახელებია. კასატორს არც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე არ აქვს ამ ნაწილში წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იყო ვალდებული გაეთვალისწინებინა მოპასუხის მტკიცება მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელობის თაობაზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა ნასყიდობის საფასური სრულად გადაიხადა. შესაბამისად, მოსარჩელეს ნასყიდობის საფასურზე შედავების საპროცესო კანონმდებლობის პროცედურული წესის დაცვით წარმოდგენის შემთხვევაში, მართებდა სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით გაექარწყლებინა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული. ამ დავის ფარგლებში მოსარჩელეს მყიდველის მიერ ნასყიდობის ღირებულების გადაუხდელობის დამადასტურებელ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამ ფაქტის დადასტურებაც ვერ შეცვლიდა დავის სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობა არა გარიგების ბათილობის, არამედ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნის ან სსკ-ის 405-ე მუხლის წინაპირობების დაცვით ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველია.

12. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა დავის საგნის გამოსაკვლევად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ხოლო კასატორმა არაკვალიფიციური შედავების ფარგლებში ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები. საკასაციო პალატის განსჯით, ვინაიდან დავაზე არ გამოიკვეთა გარიგების ბათილობის სამართლებრივი წანამძღვრები, შესაბამისად, სსკ-ის 976.1-ე-979-ე მუხლების საფუძველზე უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრის განკარგვის სფეროში დაბრუნების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (945 ლარის) 30%-ის, 283.50 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსდეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 55.2-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ.ჩ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (945 ლარის) 30%-ის, 283.50 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსდეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი