Facebook Twitter

№ას-108-104-2016 31 მაისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ნ.ე–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - საწარმოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.ე–ძემ (შემდეგში: შემძენი, პარტნიორი, მოპასუხე) შპს ,,ბ–ას“ (შემდეგში: შპს, საწარმო, საზოგადოება) დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელისაგან გ.ა–ძისაგან (შემდეგში: გამსხვისებელი, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) 2009 წლის 28 ივლისს სანოტარო აქტის საფუძველზე, შეიძინა შპს-ს 50-პროცენტიანი წილი. ნასყიდობის ხელშეკრულება სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2011 წლის 22 სექტემბერს.

2. 2015 წლის 10 მარტს მოსარჩელემ, შესაძლო თაღლითობის საფუძვლით, საჩივრით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას საწარმოს წილის ნასყიდობის სადავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

4. მოსარჩელის მტკიცებით, ნათესავებისა და მის მიმართ მუქარისა და შანტაჟის გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ხელშეკრულების 3.4. მუხლის თანახმად, ხელმოწერისთანავე ძალა დაკარგა მხარეთა შორის ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებულმა ყველა შეთანხმებამ. ცხადია, ასეთ დათქმას წინ უსწრებდა გარიგება, რომლის საგანი იყო წილის დათმობის სანაცვლოდ, მოსარჩელის ნათესავისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ხოლო მოსარჩელის შვილის ხელშეუხებლობის სანაცვლოდ - ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მოპასუხისათვის გადაფორმება. შესაბამისად, მოპასუხემ, ასევე ვითომდა სასყიდლიანი გარიგებით, გადაიფორმა დიდ დიღომში მოსარჩელის შვილის მიწის ნაკვეთი. მას შემდეგ, რაც მოპასუხემ მიმართა სასამართლოს საწარმოს წინააღმდეგ, მოსარჩელემ შეიტყო, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის შემდეგ წილი მაინც დაურეგისტრირებია სამეწარმეო რეესტრში, ხოლო რეგისტრაციიდან სამი წლის შემდეგ ითხოვს საზოგადოების საქმიანობაში ჩართვას.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი და მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ საწესდებო კაპიტალი გასხვისდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და მოპასუხეს მოსარჩელე არც მოუტყუებია და არც დაუშანტაჟებია. მოსარჩელის შვილის მიერ უძრავი ქონების გასხვისება, ხოლო თავად მოსარჩელის მიერ საწარმოს წილის გასხვისება ადასტურებს არა მათზე ძალადობის ფაქტს, არამედ იმას, რომ მათ მაშინ ჰქონდათ გარკვეული ფინანსური ვალდებულებები, რომელთა გადასახდელად კუთვნილი აქტივები გაასხვისეს. ამასთან, წარმოუდგენელია, რომ მოძალადეს წილის წართმევისას მოსარჩელისათვის დაეტოვებინა წილის ის ნაწილი, რომლითაც ამ უკანასკნელს საშუალება აქვს, ზეგავლენა მოახდინოს შპს-ს საქმიანობასა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე. ალოგიკურია მოპასუხეს არ შეეცვალა საზოგადოების დირექტორი და მენეჯმენტი. ძალადობის შემთხვევაში, მოპასუხე წილს სრულად დაათმობინებდა ან სულ მცირე, საკონტროლო პაკეტს გადაიფორმებდა.

რაც შეეხება რეგისტრაციას, მოპასუხის მტკიცებით, საზოგადოება არ ფუნქციონირებდა, რის გამოც ცვლილებების რეგისტრაცია საჩქარო არ იყო.

მოპასუხის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რამდენადაც ხელშეკრულების დადებიდან ხუთ წელზე მეტი იყო გასული. ამასთან, გასული იყო იძულებით დადებული გარიგების შეცილების ერთწლიანი ვადაც.

6. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის საოქმო განჩინებით წინამდებარე საქმე გაერთიანდა ნ.ე–ძის სარჩელის (2013 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 20 იანვრამდე საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ამავე პერიოდში შედგენილი დოკუმენტების ასლის გადაცემის მოთხოვნით) საფუძველზე წარმოებულ საქმესთან.

7. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით - შემძენის სარჩელი საზოგადოების მიმართ დაკმაყოფილდა;

7.1. შპს-ს დაეკისრა 2013 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 20 იანვრამდე საზოგადოების საქმიანობის შესახებ პარტნიორისათვის ინფორმაციის მიწოდება და მოთხოვნილი დოკუმენტების ასლების მისთვის გადაცემა.

7.2. სარჩელი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

9. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 50-ე , 81-ე, 89-ე, 129-ე, 130-ე, 316-ე, 317-ე მუხლები და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეათე და მეთერთმეტე პუნქტები, 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი და მიიჩნია, რომ შპს-ს პარტნიორს მოთხოვნა გასცნობოდა საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას და მიეღო შესაბამისი დოკუმენტების ასლები სრულად, შეესაბამება მეწარმეთა შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ ეფუძნებოდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს და არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით.

9.1. სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულება დაიდო 2009 წელს, დარეგისტრირდა - 2011 წელს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გასული იყო შეცილების ერთწლიანი ვადა. სასამართლომ სადავო წილის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან მიმართებით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაც გასულად მიიჩნია.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შემძენის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

11.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმის მასალებით დაუდასტურებელია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შპს-ს დირექტორის მიერ გამოხატული ნება არ არის ნამდვილი და გამოწვეულია ძალადობით, იძულებით, მუქარით ან სხვა გარემოებებით. ერთადერთი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც აპელანტი გარიგების დადების იძულების ფაქტის დადასტურებას ცდილობს, არის ე.წ. „განცხადება“, რომელში მითითებული ფაქტების დასადასტურებლად აპელანტს არანაირი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, არ უშუამდგომლია, თუნდაც მოწმის სახით განცხადებაში მითითებული პირის ან სხვა პირთა დაკითხვის შესახებ სასამართლოს წინაშე.

11.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შემძენის სარჩელის დაკმაყოფილების პირველი ინსტანციის მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

13.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის დასაბუთება მხოლოდ ზეპირ ახსნა-განმარტებაზეა დამყარებული, არასწორია. მოთხოვნის მართებულობა სარჩელში მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან შეიძლება დადგინდეს, მაგალითად, მოპასუხე სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობაში არ ჩართულა და პარტნიორის შესაბამისი აქტივობა არ გამოუვლენია, რაც უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს წილის ნასყიდობა სჭირდებოდა მოსარჩელეზე ზეგავლენის მოსახდენად, რასაც მიაღწია კიდეც, ვიდრე მოსარჩელემ საკუთარი უფლებების აღდგენის მიზნით პროკურატურას არ მიმართა. მხოლოდ პროკურატურაში საჩივრის წარდგენის შემდეგ გააქტიურდა მოპასუხე და მოითხოვა საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

13.2. სასამართლოს აუცილებლად უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა მოსარჩელის პრეტენზია, რომლის თანახმად, ხელშეკრულების დათქმა - ხელმოწერისთანავე ძალა დაკარგა მხარეთა შორის ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებულმა ყველა შეთანხმებამ, მოლაპარაკებამ, მიმოწერამ - ცხადყოფდა, რომ მხარეთა შორის იმთავითვე ბათილი გარიგებები არსებობდა და შემდგომი გარიგებებიც არ დაიდებოდა, მეორე მხარეს ძალაუფლება ბოროტად რომ არ გამოეყენებინა და მოსარჩელეს არ დამუქრებოდა. ამ შეცილებული გარემოების შეფასება-გამოკვლევა აუცილებლად მოახდენდა გავლენას სასამართლოს შინაგან რწმენაზე.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, როგორც გასაჩივრებული განჩინება, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და სარჩელი დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

16. მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი საწარმოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები მოცემულია სსსკ-ის 180-ე მუხლში. ამ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ მომავალში დარღვევის ვარაუდი, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. ამდენად, თუ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე სასამართლო გამოარკვევს, რომ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა შესაძლებელია, სასამართლომ აღიარებითი სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიიღოს და არ უნდა განიხილოს.

17. აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების თაობაზე საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ: მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება ამ უფლებას. აქედან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) - საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით მხარე გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელის აღძვრა. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (შდრ. სუსგ, საქმე №ას-551-522-2015, 14.08.2015; საქმე №ას-937-887-2015, 10.11.2015).

18. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე არ უთითებს აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესზე, რაც, როგორც ითქვა, ასეთი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუმცა, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ მისი იურიდიული ინტერესია სადავო გარიგებით განკარგული ქონების დაბრუნება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ ზემოხსენებული გარიგების ბათილად ცნობით, მოსარჩელე ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებით სადავო ქონება მოსარჩელეს საკუთრებაში არ დაუბრუნდება და, შესაბამისად, ვერც აღსრულება ვერ მიექცევა მასზე.

19. ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებზე, რომლის თანახმადაც კონვენციის მე-6 მუხლი არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც გულისხმობს იმასაც, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვაა. აღნიშნული კი მოიაზრებს იმასაც, რომ ეროვნული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იყოს აღსრულებადი: სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებადობა „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 (§1) მუხლის გაგებით (Bourdov c. Russie, §34); სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (Apostol v. Georgia; §54).

20. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება რომ აღსრულებადი იყოს, აუცილებელია მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, სადავო ქონების დაბრუნების მოთხოვნით. ასეთი სარჩელი მოსრჩელეს არ აღუძრავს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის 7.2 მუხლი) მაშინ, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მოცემულ საქმეში ასეთი შემთხვევა ისაა, რომ მოსარჩელეს არ აღუძრავს მიკუთვნებითი სარჩელი, მაშინ, როდესაც ასეთი სარჩელის აღძვრა შესაძელებლი იყო. ეს კი, მოსარჩელის აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.

21. ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს, რომ, სსსკ-ის 248-ე მუხლის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით კი, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 284-ე, 285-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ა–ძის სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც გ.ა–ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ბ.ალავიძე