Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-57-59-კს-03 8 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: საგადასახადო დავალიანების სოლიდარულად დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 12 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ მოპასუხეების: სს “... ფაბრიკის”, სს “კ. ა-ის”, სს “ს-ს”, სს “ლ-ს” მიმართ, სს “კ. ა-ის” საგადასახადო ვალდებულების _ 505194,96 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე. ამავე სარჩელით ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ ითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეთა უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 12 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტით ყადაღა დაედო მოპასუხეთა უძრავ-მოძრავ ქონებას.

აღნიშნული განჩინება ყადაღის დადების ნაწილში ცალ-ცალკე კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს სს “ს-მ”, სს “... ფაბრიკამ” და სს “ლ-მ”.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ 1997წ. 27 ნოემბერს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.6 მუხლის საფუძველზე სს “კ. ა-ი” ნატურით გაიყო სამ სააქციო საზოგადოებად. სამივე ახლად შექმნილი საწარმო რეგისტრაციაში გატარდა სასამართლოს დადგენილებით. გაყოფის მომენტში კანონი სოლიდარულ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებდა. “მეწარმეთა შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა 1999წ. 1 სექტემბერს და ამ ნორმისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება სკ-ს მე-6 მუხლისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია.

გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის კომენტარების თანახმად, ახალი მესაკუთრე (კონკრეტულ შემთხვევაში ნატურით გაყოფის შედეგად შექმნილი საწარმოები) შეიძლება გათავისუფლდეს შეძენილი საწარმოს (ყოფილი სს “კ. ა-ი”) ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობისაგან და ასეთ შეთანხმებას მესამე პირისთვის (ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია) მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, თუ ეს შეთანხმება რეგისტრაციაში გატარდება სამეწარმეო რეესტრში.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეთა კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებაც არასწორი იყო. აღნიშნულით სს “ს-ს”, სს “... ფაბრიკასა” და სს “ლ-ს” ადგებათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სსკ-ს 199-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორებმა ითხოვეს სასამართლოს მოეთხოვა მოსარჩელისათვის სს “... ფაბრიკისათვის”, სს “ლ-სა” და სს ს-სთვის” მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის სახით სადეპოზიტო ანგარიშზე 500000 ლარის შეტანა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 14 აპრილის განჩინებით სს “ს-ს”, სს “... ფაბრიკისა” და სს “ლ-ს” კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ კერძო საჩივრები ეხებოდა განსახილველი ადმინისტრაციული დავის ძირითად არსს, მის კანონიერებას, რაც ამ ეტაპზე სასამართლო კოლეგიის მსჯელობის საგანი ვერ იქნებოდა. კერძო საჩივრებში არ იყო მითითებული, თუ რის საფუძველზე უნდა გათავისუფლებულიყო მოპასუხეთა უძრავ-მოძრავი ქონება ყადაღისგან ან რომელი სამოქალაქო საპროცესო ნორმა დაირღვა გასაჩივრებული განჩინების მიღებისას.

აღნიშნულის გამო, სასამართლო კოლეგიამ კერძო საჩივრები მიიჩნია დაუსაბუთებლად, რის გამოც სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრებისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებაზე, ამიტომ ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრების ავტორთა მოსაზრებას, რომ, რადგანაც მათ მიაჩნიათ სასარჩელო მოთხოვნა უკანონოდ, ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეთა კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებაც არასწორია. აღნიშნული არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

რაც შეეხება კერძო საჩივრების ავტორთა მიერ სსკ-ს 199-ე მუხლზე მითითებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის საოლქო საგადასახდო ინსპექციას, როგორც სახელმწიფო ორგანოს, არ სჭირდება მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის სახით სადეპოზიტო ანგარიშზე გარკვეული თანხის შეტანა, რადგანაც ყადაღის დადებით მიყენებული ზარალის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სახით, არის გარანტი და ვალდებული აუნაზღაუროს ზიანი კერძო საჩივრის შემტან საწარმოებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ს-ს”, სს “... ფაბრიკისა” და სს “ლ-ს” კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 12 მარტისა და 14 აპრილის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.