№ას-184-177-2016 12 დეკემბერი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
პირველი კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) - შპს „ა.გ–ი“
წარმომადგენლები - დ.ჯ–ი, მ.ჯ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ო“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე), მ.გ–ი, ზ.ზ–ი (მოსარჩელეები)
წარმომადგენლები - დ.ჯ–ძე, ლ.ბ–ძე, ი.გ–ძე
მეორე კასატორი - შპს „მ–ო“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე), მ.გ–ი, ზ.ზ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.გ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე), ნოტარიუსი ხ.კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის საოქმო განჩინებები
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა, იპოთეკის ხელშეკრულებების შეწყვეტილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ზიანის ანაზღაურება (სარჩელში), ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ა.გ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეიჯარე, მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) და შპს „მ–ომ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოიჯარე, მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) 2013 წლის 30 მაისს დადეს იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეიჯარემ მოიჯარეს 2019 წლის 30 ივნისამდე სარგებლობაში გადასცა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ..... მდებარე 83 780 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე არსებული სასათბურე მეურნეობა (შენობა - ნაგებობები და ინვენტარი). მოსარჩელემ მიღება - ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ იჯარის საგანი შეესატყვისებოდა შეთანხმებულ ხარისხს.
2. ხელშეკრულების თანახმად, პირველი სეზონის (2013 წლის 30 მაისიდან 2014 წლის 30 ივნისამდე) განმავლობაში, მოიჯარეს ქირა - 300 000 აშშ დოლარი ეტაპობრივად, 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ყოველთვიურად 75 000 აშშ დოლარის (დღგ-ს გარეშე) ეკვივალენტი ლარი უნდა გადაეხადა (2013 წლის 21 ოქტომბერს იჯარის ხელეკრულებაში შევიდა ცვლილება. მხარეები შეთანხმდენენ, რომ კომუნალურ გადასახადებს გადაიხდიდა მეიჯარე, რისთვისაც იჯარის თანხას დაემატებოდა შესაბამის თვეში კომუნალური გადასახადების გადახდისათვის საჭირო თანხა, რომელსაც მოიჯარე მეიჯარეს გადასახადის გადახდისათვის დადგენილ თარიღამდე ორი დღით ადრე გადასცემდა).
3. მეიჯარემ და ზ.ზ–მა (შემდეგში - მესაკუთრე) 2013 წლის 30 მაისს დადეს იპოთეკის ხელშეკრულებები (№130536997, №130536984) და იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ თბილისში, სოფელ ..... მდებარე ორი უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით ......; ......), რომელმაც იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი მოიჯარის ვალდებულება უზრუნველყო. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეიჯარეს უფლება ჰქონდა, მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
4. მეიჯარემ და მ.გ–მა (შემდეგში - მესაკუთრე), რომელიც წარმოდგენილი იყო მეორე მოსარჩელით, 2013 წლის 30 მაისს დადეს (№130537017) იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მესამე მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ თბილისში, .... სასწავლ საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით ......). იპოთეკის ხელშეკრულებამ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი მოიჯარის ვალდებულება უზრუნველყო, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეიჯარეს უფლება ჰქონდა, მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
5. 2013 წლის 9 დეკემბერს საიჯარო ქონების ნაწილი - 33 000 კვ. მეტრზე გაშენებული სასათბურე მეურნეობის კონსტრუქცია ჩამოიშალა, სხვა დამხმარე 11 000კვ. მეტრზე მდგომი ნაგებობა არ დაზიანებულა.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:
6.1 მიუღებელი შემოსავლის - 2 071 620 ლარის ანაზღაურება;
6.2. ძირითადი საშუალებების განადგურებით მიყენებული ფაქტობრივი ზიანის - 46 190 ლარის ანაზღაურება;
6.3. მოსარჩელის მიერ გაღებული და აუნაზღაურებელი ხარჯის - 731 547 ლარის ანაზღაურება;
6.4. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის საიჯარო ქირის სახით გადასახდელი 525 000 ლარის - როგორც ზიანის ანაზღაურება.
6.5. 2014 წლის 24 იანვრიდან იჯარისა და იპოთეკის ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარება.
7. პირველი მოსარჩელის მტკიცებით, სასათბურე მეურნეობა, როგორც შემდეგ გაირკვა, აშენებული იყო სამშენებლო ნორმების დარღვევით. ექსპლუატაციისათვის ვარგისი არ იყო არც სათბურის გათბობის სისტემა, რის გამოც სათბურმა ვერ გაუძლო ნალექის სახით მოსულ თოვლს და დაინგრა. მოსარჩელეს გაუნადგურდა სათბურებში მოყვანილი მოსავალი, იქ არსებული ძირითადი საშუალებები. ამასთან, ვერ მიიღო ის შემოსავალი, რომელსაც ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის პირობებში მიიღებდა.
8. მოპასუხემ მოთხოვნის წარმოშობის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სათბურის მშენებლობისას დაცული იყო სამშენებლო ნორმები. სათბურში დამონტაჟებული გათბობის სისტემაც ექსპლუტაციისათვის ვარგისი იყო. მართალია, ის ავტომატურად ასრულებდა დავალებებს, მაგრამ მუდმივად ესაჭიროებოდა კონტროლი რეალურ ტემპერატურულ რეჟიმზე დროულად რეაგირების მიზნით, რაც გამოიხატებოდა კომპიუტერული მართვის პანელიდან ახალი დავალებების მიცემით. ამასთან, მოიჯარემ საიჯარო ქონება მის ჩაბარებამდე შეამოწმა და შენიშვნა არ ქონია.
9. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა სათბურის დანგრევის შედეგად მიყენებული ზიანის - 1 345 096 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მისი მტკიცებით, იჯარით გადაცემულ ქონებაში მოსარჩელემ დაარღვია გათბობის სისტემის ექსპლუატაციის წესები, რის გამოც სათბურის საფარზე თოვლი არ დადნა, დაგროვდა და კონსტრუქცია დაინგრა.
10. მოიჯარემ შეგებებული სარჩელი არ ცნო. მისი მტკიცებით, იმის შემოწმება, გათბობის სისტემა უზრუნველყოფდა თუ არა თოვლის დნობას, შეუძლებელი იყო, რადგან ქონება მაისში გადაეცა. 2013 წლის ნოემბერში გათბობის სისტემის სრული დატვირთვით ჩართვის შემდგომ მოიჯარემ შეამჩნია, რომ ის ვერ უზრუნველყოფდა სათბურში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას. მოსარჩელემ მიმართა მესაკუთრეს, რათა მას ნაკლი გამოესწორებინა, მაგრამ უშედეგოდ. ამასთან, ქონების გადაცემის დროს მოიჯარისათვის შეუძლებელი იყო იმის დადგენა, სათბური პროექტის მიხედვით იყო აშენებული თუ არა. შენობის პროექტთან შეუსაბამობა მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ გახდა ცნობილი.
11. ნოტარიუსმა მეიჯარის მიმართვის საფუძველზე, იპოთეკის ხელშეკრულებათა შესაბამისად, 2014 წლის 7 მარტს (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 194173.18 ლარი), 14 მარტსა (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 130 000 ლარი) და 21 მარტს (ვალდებულების მოცულობა - 70 000 ლარი) სააღსრულებო ფურცლები გასცა, რომლითაც დადგინდა იპოთეკის საგანთა რეალიზაცია.
12. 2014 წლის 22 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხისა და ნოტარიუს ხ.კ–ის (შემდეგში - ნოტარიუსი) წინააღმდეგ სააღსრულებო ფურცლების გაუქმების მოთხოვნით.
12.1. მოსარჩელის მტკიცებით, ხელშეკრულება, რომელსაც უძრავი ქონება უზრუნველყოფდა, შეწყვეტილია მეიჯარის მიერ მოიჯარისათვის ზიანის მიყენების გამო. ამდენად, მოპასუხეა ვალდებული აუნაზღაუროს ზიანი მოიჯარეს, რის გამოც იპოთეკის ხელშეკრულებებიც უნდა შეწყდეს.
12.2. ამასთან, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა მოვალის მიერ ვადამოსული მოთხოვნის შეუსრულებლობისას. სააღსრულებო ფურცლებშივეა მითითებული, რომ ვალდებულება მოიჯარის მიერ უნდა შესრულდეს არაუგვიანეს 2019 წლის 30 ივნისისა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია ქონების რეალიზაცია იმ ვალდებულებისათვის, რომლის შესრულების დრო ჯერ არ დამდგარა. მოსარჩელის პრეტენზია ისიცაა, რომ სააღსრულებო ფურცლები არ შეიცავს კანონით დადგენილ რეკვიზიტებს, მასში არ არის მითითებული აღსასრულებელი მოთხოვნის შესახებ.
13. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის შეწყვეტილია მხოლოდ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გასაწევი საიჯარო მომსახურება. უდავოა, რომ 30.05.2013 წლიდან 09.12.2013 წლამდე მოიჯარე სარგებლობდა საიჯარო ქონებით, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, მეიჯარე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, რომელიც შემდეგ ამ უკანასკნელისათვის უნდა აენაზღაურებინა მოიჯარეს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს დღემდე არ გადაუხდია არც საიჯარო ქირა და არც კომუნალური გადასახადები.
14. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განჩინებით იპოთეკის ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნის არასათანადო მოსარჩელე - მოიჯარე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით - მესაკუთრეებით.
15. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, ზიანის ანაზღაურების, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების შეწყვეტილად ცნობის თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
15.1. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოიჯარეს დაეკისრა ზიანის სახით სათბურის ლითონ-კონსტრუქციების, ელგაყვანილობის, გათბობის, სარწყავი და ვენტილაციის სისტემის ღირებულების -1 345 096 ლარის ანაზღაურება მეიჯარის სასარგებლოდ;
15.2. მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის (სახელმწიფო ბაჟი, წარმომადგენლის მომსახურების ხარჯი, საექსპერტო და სააუდიტო მომსახურების ხარჯი) - 23 425 ლარისა და 65 თეთრის ანაზღაურება.
16. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 316-ე, 317-ე, 394-ე, 405-ე, 408-ე, 412-ე, 427-ე, 532-ე, 573-ე, 581-ე მუხლები და დაასკვნა:
16.1. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელისათვის ნივთობრივი ნაკლის მქონე ქონების გადაცემა. სასათბურე ნაგებობა აკმაყოფილებდა მდგრადობისა და სიმტკიცის პირობებს. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სათბურის ნგრევა გამოიწვია მშენებლობის დროს სამშენებლო ნორმების დარღვევამ, სამშენებლო პროექტისგან გადახვევამ და მშენებლობის პროცესში უხარისხო მასალის გამოყენებამ.
16.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 19 მაისის ექსპერტიზისა (შემდეგში - შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა) და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები (შემდეგში - ტექნიკური უნივერსიტეტის დასკვნა) და დაადგინა, რომ სათბური დაინგრა თავად მოპასუხის მიერ გათბობის სისტემის არასწორი ექსპლუატაციის გამო. სასამართლოს აზრით, ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმით გამოიხატა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სათბურში შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნება, რის გამოც სათბურის საფარზე დაგროვდა თოვლი, რომელიც ვერ დადნა, კონსტრუქციამ განიცადა ზენორმატიული სტატიკური და დინამიკური დატვირთვა და ჩამოინგრა.
16.3. სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სასათბურე მეურნეობაში მიმდინარე ტექნოლოგიური ციკლის, მათ შორის, წყლისა და ჰაერის ტემპერატურული რეჟიმის აღმრიცხველი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის ამონაწერის ასლით გამოარკვია, რომ 2013 წლის 9 დეკემბერს სათბურში ტემპერატურული რეჟიმი დაირღვა - ღამის საათებში + 10 C-ეც კი დაეცა. ამ დროისათვის სათბურის გათბობის სისტემის მუშაობაზე ზედამხედველი პირი სათბურის შიგნით შექმნილ ტემპერატურას არ აკონტროლებდა. ეს ფაქტი დაადასტურა თავად ზედამხედველობაზე პასუხისმგებელმა პირმა, რომლის განმარტებით, 2013 წლის 9 დეკემბრის 03.00 საათიდან 08.00 საათამდე ეძინა.
16.4. ამასთან, მოპასუხემ დამატებით წარმოადგინა შპს „პ–ის“ 2014 წლის 26 მარტის საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული სასათბურე ნაგებობის მზიდი კონსტრუქციები აკმაყოფილებს სიხისტის, სიმტკიცისა და მდგრადობის პირობებს იმ ნორმირებულ დატვირთებზე, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
16.5. რაც შეეხება ზიანს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, სარჩელში მითითებული რაოდენობით პომიდვრის მოყვანის და შესაბამის ფასად რეალიზაციის, ასევე მის მიერ მოთხოვნილი მოგების მიუღებლობის ფაქტი. მოსარჩელემ ვერც ნგრევის შედეგად 46 190 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობის განადგურება დაამტკიცა.
16.6. იჯარის გადაუხდელი თანხის, 525 000 ლარის, როგორც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ, რადგანაც მოპასუხეს ვალდებულება არ დაურღვევია, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, მოსარჩელის გამოვლენილი ნება მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის საფუძვლით, ნამდვილი (იურიდიული ძალის მქონე) ვერ იქნებოდა.
16.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს იპოთეკის ხელშეკრულებების შეწყვეტილად ცნობის მიმართ, იპოთეკის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, არ ჰქონდათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი. ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი არის ვალდებულების შესრულება, მოსარჩელეს კი, საიჯარო ქირის დავალიანება ჰქონდა, რის გამოც იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტას ვერ მოითხოვდა.
16.8. სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარეობდა და, სსკ-ის 573-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დააკმაყოფილა.
17. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით - სარჩელი სააღსრულებო ფურცლების გაუქმების მოთხოვნით დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 7 მარტს (№140204251), 2014 წლის 14 მარტსა (№140231748) და 2014 წლის 21 მარტს გაცემული (№140267464) სააღსრულებო ფურცლები.
17.1. სასამართლომ იხელმძღვანელა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით, მე-40 მუხლის პირველი, მე-2, მე-6 პუნქტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის” 72-ე მუხლით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით და მიუთითა, რომ, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოვალე შესაძლოა, წარმოადგენდეს მხოლოდ ერთ პირს, სამი სააღსრულებო ფურცლის გაცემა არ დაიშვებოდა.
17.2. ამასთან, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში ,,აღსასრულებელი ვალდებულების სახედ“ მითითებულია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მაშინ, როცა მითითებული ნორმების თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების სახე უნდა შეიცავდეს შეუსრულებელი, ძირითადი ანდა დამატებითი ვალდებულებების შესახებ მონაცემებს (იჯარის ქირა, პირგასამტეხლო, კომუნალური გადასახადი და ა.შ) და არა - ამ ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბუნდოვანი იყო, კონკრეტულად რომელი შეუსრულებელი ძირითადი თუ დამატებითი ვალდებულების დაკმაყოფილების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
18. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება მოიჯარემ და მესაკუთრეებმა (შემდეგში ასევე ერთად მოხსენიებული, როგორც მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
18.1. მოიჯარის მტკიცებით, სადავო სათბური არ იყო აშენებული შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით: სათბურის მშენებლობა დაიწყო და დამთავრდა 2009 წელს, სამშენებლო პროექტი კი, მომზადდა და მშენებლობის ნებართვა გაიცა 2010 წელს. ამდენად, სათბური აშენდა სამშენებლო ნორმების უხეში დარღვევით, რამაც გამოიწვია მისი ნგრევა.
18.2. არასწორია რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სასათბურე მეურნეობა აკმაყოფილებდა მდგრადობისა და სიმტკიცის პირობებს. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნათაგან მხოლოდ ორის მიხედვით არის გამოკვლეული უშუალოდ ნგრევის მიზეზები: შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნის თანახმად, სათბური დაინგრა პროექტირებისას და მშენებლობისას დაშვებული შეცდომების გამო, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური დასკვნის თანახმად, აშენებულია მშენებლობის ნებართვაში მითითებული პარამეტრებისა და მოთხოვნების უხეში დარღვევით, რამაც ერთობლივად გამოიწვია მზიდი ელემენტების გადაძაბვა და მდგრადობის დაკარგვა.
18.3. საქმის მასალებით დგინდება, რომ სათბურის ნგრევის დღეს თოვლის მაქსიმალურმა ზეწოლამ შეადგინა 65-70 კგ/მ, ხოლო ქარის ზეწოლამ - 10.6 კგძ/მ; სათბურის სამშენებლო პროექტის თანახმად კი, სათბურს უნდა გაეძლო თოვლისა და ქარის ზეწოლისათვის კგ/მ 70 კგძ/მ კომბინირებულად. შესაბამისად, სათბური არ დანგრეულა თოვლის/ქარის ზენორმატიულ დატვირთვით, რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ სათბურის გარდა გარშემო არსებული შენობა-ნაგებობები მყარად იდგა.
18.4. სასამართლომ გათბობის სისტემიდან ამონაწერებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ სათბურში ჰაერის ტემპერატურა 10 C-მდე იყო დაცემული. ამგვარი ტემპერატურა გათბობის სისტემაში არ დაფიქსირებულა. ამასთან, შენობის მდგრადობა არ არის დამოკიდებული მის შიგნით არსებულ ტეპერატურაზე, რომლის სათანადო დონის შენარჩუნება მნიშვნელოვანია მხოლოდ სათბურში არსებული მცენარეების ზრდა-განვითარებისათვის.
18.5. მოპასუხემ გათბობის სისტემასთან დაკავშირებით წარმოადგინა 4 დასკვნა: ინდივიდუალური მეწარმე რ.დ–იძის (რომელიც წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სპეციალისტია) მიერ შედგენილი 2 დასკვნა და თურქული კომპანიის 2 დასკვნა, რომელმაც გაიყვანა და შემდგომში გადააკეთა გათბობის სისტემა. ამდენად, ოთხივე დასკვნა არაკომპეტენტური და საქმის შედეგით დაინტერესებული პირების მიერ მომზადებულია. ამასთან, დასკვნები არის უზუსტო და ზოგადი, კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რა დაარღვია მოიჯარემ, რა უნდა გაეკეთებინა გათბობის სისტემის სრულფასოვნად მუშაობისათვის და არ გააკეთა.
18.6. სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო შპს ,,ნ-ა–ის” დასკვნა, რომელიც ეფუძნებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი სათანადო დოკუმენტაციის ანალიზს 2013-2014 წლებში პომიდვრის ოდენობისა და სარეალიზაციო ფასების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს მომსახურებას უწევდა ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური ჰოლანდიური კომპანია, რომლის მუდმივი მეთვალყურეობითა და დავალებების შესრულებით მოსარჩელეს 2013 წლის 9 დეკემბრისათვის მოყვანილი ჰქონდა 1მ-ზე 4.57 კგ პომიდორი.
18.7. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იჯარის ქირის სახით გადასახდელი თანხის 525 000 ლარის ზიანის ანაზღაურებას შესახებ მოთხოვნაზე. ასევე დაუსაბუთებლად უარყო მოსარჩელის მიერ 731547 ლარი ხარჯის გაწევისა და 46190 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებების განადგურების თაობაზე შპს ,,ნ-ა–ის” დასკვნა. დასკვნა შეიქმნა არა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, არამედ - სხვა საწარმოებიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან, ,,ორისის“ ელექტრონული პროგრამიდან ამოღებული ინფორმაციით, საკონტროლო სალარო აპარატების ქვითრებითა და სხვ.
19. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
19.1. კრედიტორის მოთხოვნები, რომელზედაც გამოიწერა სააღსრულებო ფურცლები, ვადამოსული იყო, რადგან 2013 წლის 9 დეკემბრამდე დარიცხული საიჯარო ქირა (მათ შორის - კომუნალური გადასახადები) უნდა გადახდილიყო 2014 წლის 1 იანვრიდან.
19.2. მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავდა ნოტარიუსს, გაეცა რამდენიმე სააღსრულებო ფურცელი, თუნდაც ერთი მოვალის პირობებში, რადგან სახეზე იყო სსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებული საერთო იპოთეკა, როცა კრედიტორს შეეძლო, საკუთარი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა არჩევით, იპოთეკით დატვირთული ნივთებიდან ცალ-ცალკე. ამდენად, სამი სააღსრულებო ფურცლის გაცემა, პირიქით, ემსახურებოდა მოვალის ინტერესის დაცვას და გამორიცხავდა კრედიტორის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას.
19.3. სააღსრულებო ფურცლები შეიცავდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა რეკვიზიტს და მათში მონაცემების ასახვისას არ დაშვებულა არსებითი ხასიათის უსწორობა.
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.
21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით - მეიჯარისა და ნოტარიუსის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
21.1. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების გაუქმების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
21.2. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და განახლდა შეჩერებული სააღსრულებო საქმეების (№A14023497; №A14023511; №A14023552) წარმოება;
21.3. მეორე აპელანტთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
21.4. მოიჯარის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) 2013 წლის 30 მაისის იჯარის ხელშეკრულება ჩაითვალა შეწყვეტილად 2014 წლის 24 იანვრიდან;
ბ) მოპასუხეს დაეკისრა 30023.5 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;
გ) მოპასუხეს დაეკისრა 1346553 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;
დ) მოპასუხეს დაეკისრა 8255 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;
ე) მოპასუხეს დაეკისრა 13000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;
ვ) მოპასუხეს დაეკისრა 10000 ლარის გადახ და მოსარჩელის სასარგებლოდ.
21.5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
21.6. მესაკუთრეთა სარჩელი 2013 წლის 30 მაისს დადებული იპოთეკის №130536997, №130536984 და №130537017 ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
21.7. მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) მოიჯარეს დაეკისრა 470783.6 ლარის გადახდა მეიჯარის სასარგებლოდ;
ბ) მოიჯარეს დაეკისრა 2030 ლარის გადახ და მეიჯარის სასარგებლოდ;
გ) მოიჯარეს დაეკისრა 2450 ლარის გადა ხდა მეიჯარის სასარგებლოდ;
დ) მოიჯარეს დაეკისრა 4600 ლარის გადახდა მეიჯარის სასარგებლოდ.
21.8. დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
22.1 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მეიჯარის პოზიცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, სამშენებლო საქმიანობისას გამოიყენება სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმები, წესები და რეგულირების სხვა დოკუმენტები, მათ შორის - „სათბურები“ (СНИР 2.10.04.-85). პირველი აპელანტის მტკიცებით, ამ აქტების თანახმად, საქართველო გეოგრაფიულად მდებარეობს მეორე კატეგორიის ზონაში, რის გამოც სათბურზე თოვლის საფარის ნორმატიული დატვირთვა, ზოგადად, შეადგენს 15 კგძ/მ-ზე და არ აღემატება 21 კგძ/მ-ზე. ამ ნორმაზე დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წლის 9 დეკემბერს სათბურზე მოსული თოვლის საფარი 1 მ-ზე აღემატებოდა 100 კგ-ს, ექსპერტებს უნდა გამოეკვლიათ სათბურის არსებული ნაგებობის შესაბამისობა სწორედ ზემოთ მითითებული, სპეციალური ნორმატიული აქტის სტანდარტებთან და თოვლის ზენორმატიული დატვირთვის (რასაც ემატებოდა ქარის სიჩქარეც) პირობებში ნგრევის მიზეზად მშენებლობის წესების დარღვევა აღარ უნდა მიეჩნიათ.
სააპელაციო სასამართლომ ამ მოსაზრების საპირისპიროდ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმატიული აქტით, მართალია, დაწესებულია გარკვეული ნორმატივები, თუმცა აშკარაა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის, ეს ნორმატივები არასაკმარისია. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ აჭარა გამოირჩევა ყოველწლიური ნალექების (მათ შორის - თოვლის) სიუხვით, რის დასადასტურებლადაც საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები.
22.2. სააპელაციო სასამართლომ იმაზეც მიუთითა, რომ სადავო სათბურის მშენებლობისას მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის - „მშენებლობის ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება და სხვა) თანახმად, მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელი იყო მეიჯარეს, დადგენილი წესით, შეექმნა სამშენებლო დოკუმენტაცია (მათ შორის - არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტი), მოეპოვებინა მშენებლობის ნებართვა და მხოლოდ ამის შემდგომ აეშენებინა სათბური. უდავოა, რომ სათბური აშენდა 2009 წელს, სამშენებლო დოკუმენტაცია კი, შეიქმნა 2010 წელს. ამდენად, სათბური თავიდანვე უკანონოდ აშენდა.
22.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთთა, რომ პალატა ვერ უარყოფდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს იმ მოტივით, რომ ექსპერტებმა უგულებელყვეს მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის გამოკვლევის მეთოდოლოგია (,,შენობა- ნაგებობების მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევის წესები”, СП 13-102-2003), რადგან ეს მეთოდოლოგია არ არის ჩამოყალიბებული რომელიმე ნორმატიულ აქტში და, შესაბამისად, ვერ იქნება ექსპერტიზისას სავალდებულოდ შესასრულებელი. ამასთან, ორივე დასკვნაში ლოგიკური თანმიმდევრობითა და დასაბუთებულად არის გადმოცემული საკვლევ საკითხთან დაკავშირებული ფაქტები და მათი შეფასება სპეციალური ცოდნის გამოყენებით. ამ დასკვნების საწინააღმდეგო, იმავე სახის მტკიცებულება სათბურის ნგრევის მიზეზის კვლევასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
22.4. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო სათბური 2009 წელს აშენდა კანონდარღვევით, არქიტექტურულ - სამშენებლო პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე. ამასთან, ფაქტობრივად აშენებული შენობა - ნაგებობა არ იყო სათანადოდ მდგრადი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული კლიმატური პირობებისადმი. მართალია, სადავო სათბურზე 2010 წელს დამუშავდა სამშენებლო დოკუმენტაცია და 2011 წელს იგი ვარგისად აღიარეს, რაზედაც არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები, თუმცა ეს ვითარებას არ ცვლის, რადგან ისიც უდავოა, რომ ფაქტობრივად აშენებული შენობა-ნაგებობის პარამეტრები არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტს, რის გამოც ობიექტი არ უნდა ყოფილიყო ვარგისად აღიარებული.
22.5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე მტკიცების საგნის შემდეგი ელემენტი იყო - სათბურში დამონტაჟებული გათბობის სისტემა უზრუნველყოფდა თუ არა კონსტრუქციაზე არსებული თოვლის დნობას; დამოკიდებული არის თუ არა კონსტრუქციის მდგრადობა შენობის შიგნით შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის შექმნაზე; და თუ არის, უნდა დადგინდეს - გააკეთა თუ არა ყველაფერი მოიჯარემ ამ რეჟიმის შესაქმნელად.
22.6. პალატამ აღნიშნა, რომ მეიჯარემ ვერც კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარადგინა და ვერც რომელიმე სამართლებრივ ნორმაზე ვერ მიუთითა იმის დასადგენად, რომ შენობის კონსტრუქციული მდგრადობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობა შენობის შიგნით შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის შექმნა იყო. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა მოიჯარის მოსაზრება, რომ სათბურში შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის შექმნა, ძირითადად, აუცილებელი იყო მასში მცენარეთა აღმოცენება-მოყვანისათვის.
22.7. საქმეში წარმოდგენილია ფოტოსურათები, რომლებიც გადაღებულია 2013 წლის 9 დეკემბერს, სათბურის დანგრევამდე რამდენიმე საათით ადრე, სადაც ჩანს, რომ სათბურის სახურავზე არსებული პოლიეთილენის საფარი მრავალ ადგილას იყო გახეული. სურათებზე ისიც ჩანს, რომ ერთი პიროვნება აღადგენს საფარს. უდავო და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ზამთარში, ცივ ამინდში, შენობის ჰერმეტულობის დარღვევისას, შენობაში არსებული სითბო გაედინება გარეთ და შენობის შიგნით არსებული ტემპერატურა მნიშვნელოვნად იკლებს.
22.8. პალატამ მეიჯარესთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი მოწმეთა (რომლებიც განმარტავდნენ, რომ გათბობის ქვაბებზე მიცემული იყო ბრძანება - მაქსიმალურად გაცხელებულიყო სათბურში გამავალ მილებში არსებული წყალი თოვლის გასადნობად) ჩვენება საკმარისად არ მიიჩნია იმ ფაქტის დასამტკიცებლად, რომ გათბობის სისტემა 2013 წლის 8-9 დეკემბერს მუშაობდა სრული წარმადობით, ხოლო სხვა მოწმეებმა მიუთითეს, რომ ნგრევამდე რამდენიმე საათით ადრე მოპასუხე კომპანიის დირექტორი და თანამშრომელი იმყოფებოდნენ სათბურში და მოიჯარეს მისცეს რეკომენდაცია - გაეზარდა მილებში წყლის ტემპერატურა და აღედგინა დარღვეული საფარი.
22.9. ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, შენობის კონსტრუქციის მდგრადობა, ზოგადად, არ შეიძლება იყოს დამოკიდებული შენობის შიგნით შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის შექმნაზე, თუმცა, როდესაც კონსტრუქციაზე დაგროვდერბა თოვლი, შესაძლებელია, გათბობის სისტემის გამოყენებით ეტაპობრივად დადნეს და საწვიმარი ღარების მეშვეობით გადმოიღვაროს კონსტრუქციიდან, რითაც, თოვლის სიმძიმის გამო, შენობა აღარ დაინგრევა.
22.10. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა ნივთობრივად ნაკლიანი საიჯარო ქონება. სათბურის ნგრევის უპირველესი მიზეზი იყო მისი კონსტრუქციული არამდგრადობა, რაზედაც მთლიანად პასუხისმგებელი იყო მოპასუხე. მოსარჩელეს კი შეეძლო, სათბურში დამონტაჟებული გათბობის სისტემის დროულად და სრულად ამოქმედებით, აგრეთვე - სათბურის სახურავიდან თოვლის მექანიკურად გადმოყრით, თავიდან აეცილებინა სათბურის ნგრევა, რაც არ გაუკეთებია. ამდენად, სათბურის ნგრევის შედეგად მხარეებისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია ორივე მხარე, ანუ - ვლინდება ე.წ. შერეული ბრალი, რომლის შესაბამისად უმეტესი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მეიჯარეს. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა პასუხისმგებლობის ოდენობა ერთმ–ეთისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით შემდეგნაირად განსაზღვრა: მოპასუხე – 65%, მოსარჩელე – 35%.
22.11. სასამართლომ მიუთითა, რომ სასათბურე მეურნეობა აღარ არსებობს და მისი აღდგენა შეუძლებელია. სათბური დაინგრა 2013 წლის 9 დეკემბერს. მას შემდეგ, 2014 წლის 24 იანვრამდე, მხარეთა შორის მიმდინარეობდა მიმოწერა საიჯარო ქონების აღდგენისა და საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე, თუმცა - უშედეგოდ. მხარეები ვერ შეთანხმდნენ და დაიწყეს დავა სასამართლოში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოიჯარის მიერ 2014 წლის 24 იანვრიდან იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა ანუ - უარი ხელშეკრულებაზე, რასაც ფაქტობრივად დაეთანხმა კიდეც მეიჯარე, კანონიერი იყო.
22.12. რაც შეეხება სააღსრულებო ფურცლებს, პალატამ მიუთითა, რომ მათში თარიღი ასახული ვალდებულების შესრულების დროდ შეცდომით იყო დაფიქსირებული და წარმოადგენდა არაარსებით, ტექნიკური ხასიათის უზუსტობას. თანხა (394173.24 ლარი), რომელიც ასახულია გასაჩივრებულ სააღსრულებო ფურცლებში, სწორედ 2013 წლის 9 დეკემბრისათვის მოიჯარის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირა იყო, კომუნალური გადასახადების ჩათვლით. ამდენად, არ არსებობდა სააღსრულებო ფურცლების გაუქმების საფუძველი.
23. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
23.1. საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს მეორე კასატორის ბრალის არარსებობას მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 394-395-ე მუხლები, არასწორად გამოიყენა სსკ-ის 408-ე და 415-ე მუხლები. უსწორო განმარტება კი, გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენამ.
23.2. მთავარი სამმართველოს დასკვნა მის წინაშე დასმულ საკითხზე, სულ ცოტა, პასუხის სამ სხვადასხვა ვარიანტს შეიცავს, სავარაუდო შინაარსისაა და მასზე დაყრდნობით რომელიმე ფაქტობრივი გარემოების დადგენა შეუძლებელია. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „პ–ის“ კვლევის შედეგის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სათბურის ნაგებობის მდგრადობა დადგენილია ამ ტიპის ნაგებობისათვის საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტით დაწესებული მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხოლო შსს-ის და ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, სათბურის ნაგებობის მდგრადობა შედარებულია შპს „მ–ის“ მიერ მომზადებულ პროექტის მონაცემებთან. არცერთი საპროექტო ორგანიზაცია, მათ შორის - არც მ–ი, არ ადგენს იმ ნორმებს, რომელიც სავალდებულო მოთხოვნის სახით წაეყენება ამა თუ იმ ტიპის შენობა-ნაგებობას. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ ნორმატიული აქტი СНИП 2.01.07-85 – „სათბურები“ ადგენს იმ ნორმატიულ მოთხოვნებს, თუ რა ტიპის დატვირთვას უნდა გაუძლოს სათბურის ნაგებობამ. აქტის მიხედვით, საქართველოში სათბურის ნაგებობაზე თოვლის საფარის ნორმატიული დატვირთვა შეადგენს 15 კგძ/მ2, ხოლო სათბურის სახურავის დახრის კოეფიციენტის გათვალისწინებით თოვლის საფარის დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 21 კგძ/მ2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, 2013 წლის 9 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოსული თოვლის საფარი აჭარბებდა 100 კძმ/მ2-ს, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის 2014 წლის დასკვნის მიხედვით - თოვლის საფარის დატვირთვა 1მ2-ზე შეადგენდა 65-70 კგ/მ2-ს. ზემოაღნიშნული მტკიცებულებათა გაანალიზებით შესაძლებელია მხოლოდ ერთი დასკვნა - ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზითაც კი, 2013 წლის 9 დეკემბერს სათბურის ნაგებობაზე დაგროვდა 3.3 ჯერ უფრო მეტი თოვლის მასა, ვიდრე ეს დასაშვებია ამ ტიპის ნაგებობაზე СНИП 2.01.07-85 – „სათბურების“ მიხედვით.
23.3. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი, რომ მოიჯარემ 2013 წლის 9 დეკემბერს ვერ შეძლო სათბურის მეურნეობის ეფექტური მართვა: ა. დროულად ვერ უზრუნველყო სათბურის პოლიეთილენის გადახურვის ფირის ჩამოხეული მონაკვეთების აღდგენა; ბ. გაზზე მომუშავე გათბობის ბოილერი ამუშავა მხოლოდ 47 % დატვირთვით; გ. ვერ უზრუნველყო სათბურის შიგნით საჭირო ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება; დ. ვერ უზრუნველყო სათბურის სახურავიდან ჭარბი თოვლის მასის მოცილება. ამის გამო სათბურის კონსტრუქციებს დააწვა ნორმატიული აქტით დასაშვებად მიჩნეულ თოვლის სიმძიმეზე სულ ცოტა 3.3-ჯერ მეტი, რეალურად 6-ჯერ მეტი თოვლის მასა, რამაც, საბოლოოდ, გამოიწვია სათბურის ნგრევა.
23.4. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება მხარეს შესაძლებელია, დაეკისროს მხოლოდ მისი ბრალეული ქმედებისას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი ზიანი აუცილებლად წინასწარ სავარაუდო უნდა იყოს მოვალისათვის. მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა მის მიერ Bilanicia Horticulture Projects BV-ისთან დადებულ ხელშეკრულებასა და მისი დაკვეთით შპს „ნ.ა–ის“ მომზადებულ გათვლას. სათბურის 1 მ2 ფართზე 40 კგ სარეალიზაციო პომიდვრის მოყვანის თაობაზე მხოლოდ ხელშეკრულების მხარის სახელშეკრულებო დაპირება არ არის საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ეს პირობა ამ სახით აუცილებლად იქნებოდა რეალიზებული. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების ჩადენის შემთხვევაშიც კი, მოპასუხე ვერ ივარაუდებდა მიუღებელი შემოსავლის სახით 2 071 620 ლარის ზიანს. ეს თანხა მიღებულია 1მ2 ფართობზე 40 კგ სარეალიზაციო პომიდვრის მოყვანისა და მისი 3.45 ლარად ჰიპოთეტური დაანგარიშებით, მაშინ, როდესაც იმავე სათბურში იმავე პირობებში სამი სეზონის განმავლობაში თავად მოპასუხის მიერ მოყვანილი პომიდვრის მოცულობა არ აღემატებოდა 1მ2 -18 კგ-ს, ხოლო იმავე პერიოდში 1 კგ პომიდვრის საბითუმო სარეალიზაციო ფასი არ აღემატებოდა 1.29 ლარს.
23.5. 46 190 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებების განადგურების ნაწილში მოსარჩელის მხრიდან მტკიცებულებად მხოლოდ მისი ახსნა-განმარტებაა წარმოდგენილი, რომელსაც მოპასუხის უარყოფა უპირისპირდება. ამდენად, მოსარჩელეს ეკისრებოდა ზაინის მოცულობის მტკიცების ტვირთი, რაც მ– სათანადოდ ვერ უზრუნველყო.
23.6. მოიჯარე 2014 წლის 24 იანვრის ჩათვლით იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა საიჯარო ქონებას და არ იხდიდა საიჯარო ქირას. იგი ვალდებული იყო, გადაეხადა 394 173.24 ლარი, რაზეც გაიცა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი. პირველი კასატორის მოსაზრებით, ვიდრე მოსარჩელე სრულად არ შეასრულებს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, საიჯარო ურთიერთობა შეწყვეტილად არ უნდა მიჩნეულიყო.
24. მეორე აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ორივე სარჩელის სრულად დაკმაყოფილების, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად უარყოფის მოთხოვნით.
24.1. არც მოწინააღმდეგე მხარეს მიუთითებია და არც სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მოიჯარემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, მოიჯარემ კანონისმიერი ვალდებულებების დარღვევით მიაყენა ზიანი მეიჯარეს, მაშინ, როდესაც მოიჯარის მიერ მიყენებული ზიანის ფაქტი საერთოდ არ დგინდება. თავად მხარეს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რა გააკეთა მოიჯარემ არასწორად და მართლსაწინააღმდეგოდ. ამდენად, არ არსებობს სსკ-ის 992-ე მუხლის წინაპირობები, შესაბამისად, არც სსკ-ის 415-ე მუხლით გათვალისწინებული შერეული ბრალი.
24.2. სააპელაციო სასამართლო თავადვე უთითებს, რომ სადავო სათბური აშენდა კანონდარღვევით, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე, ფაქტობრივად აშენებული შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული ელემენტები არ იყო სათანადოდ მდგრადი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული კლიმატური პირობებისადმი.
24.3. ამასთან, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ა) მოიჯარემ ვერ უზრუნველყო დაზიანებული სათბურის პოლიეთილენის საფარის აღდგენა, „რის გამოც დაეცა ტემპერატურა“; ბ) მოიჯარემ გათბობის სისტემა სრული წარმადობით დაგვიანებით აამუშავა; გ) აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია სათბურის კონსტრუქციის ნგრევა; დ) არსებობდა 33 000 კვ.მ ფართობის მქონე სათბურის თოვლის ნალექისაგან მექნიკური გათავისუფლების შესაძლებლობა.
ა) სასამართლოს მსჯელობა დაზიანებული პოლიეთილენის საფარის აღდგენასთან დაკავშირებით არასწორია, რამდენადაც ფოტოსურათები, რომელიც მეიჯარემ გადაიღო, სადაზღვევო კომპანიისთვის ესაჭიროებოდათ და არა იმ ფაქტის დასადასტურებლად, რა სამუშაო მიმდინარეობდა ფირის აღდგენისათვის. შესაბამისად, გადაღების დროს მომუშავე პირებმა შეაჩერეს სამუშაოები, რათა ხელი არ შეეშალათ დაზიანებული საფარის გადაღებაში, აღნიშნული დაადასტურეს მოწმეებმაც.
ბ) ისიც გაუგებარია, სასამართლომ რის საფუძველზე დაადგინა, რომ აირზე მომუშავე ქვაბი არადროულად გამოიყენა მოიჯარემ. მტკიცებულებებით დასტურება, რომ მოიჯარემ დანადგარი (ბოილერი) ჩართო კლიმატური პირობების გაუარესებამდე, თოვლის მოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე.
გ) სასამართლო თავადვე ასკვნის, „მეიჯარემ ვერც კონკრეტული მტკიცებულება წარმოადგინა და ვერც რომელიმე სამართლებრივ ნორმაზე მიუთითა იმის დასადგენად, რომ შენობის კონსტრუქციული მდგრადობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობაა შენობის შიგნით შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის შექმნა“.
დ) სასამართლო უთითებს, რომ მოსარჩელეს შეეძლო, სათბურიდან თოვლი მექანიკურად გადმოეყარა. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ამის შესაძლებლობა გამორიცხულია. სათბურის საფარი 33 000 კვ.მ იყო, შესაბამისად, მასზე იქნებოდა დაახლოებით 2 145 000 კგ თოვლის მასა.
24.4. შსს-ს დასკვნით დადგინდა სათბურის ნგრევის მიზეზი, სადაც მითითებულიც კი არ არის მოიჯარის, როგორც სათბურის ექსპლუატაციაზე ვალდებული პირის პასუხისმგებლობაზე.
24.5. მოპასუხის ფინანსური მენეჯერის ჩვენება გახდა ის ძირითადი მტკიცებულება, რომლითაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მეიჯარემ მოიჯარეს მოსთხოვა, მოემატებინა ტემპერატურა. სასამართლომ არ გამოიკვლია ამავე მოწმის განმარტება, რომ მოიჯარემ სათბურის გათბობისათვის უფრო მეტი რესურსი გახარჯა, ვიდრე მეიჯარემ ანალოგიურ პერიოდში.
24.6. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 408-ე მუხლი. მართალია, მოსარჩელემ მიუთითა, რომ აუდიტორმა გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ შეძენილი ქონების ღირებულება, რომლის საფასური ჯერ არ იყო გადახდილი, მაგრამ ამ საქონლის განადგურებით, ცხადია, მოსარჩელე არ გათავისუფლებულა, მესამე პირთა წინაშე ვალდებულებისაგან გადაეხადა საქონლის ღირებულება. ამდენად, სასამართლოს არ უნდა გაემიჯნა უკვე გაწეული და გასაწევი ხარჯი, არამედ უნდა დაედგინა ფაქტობრივად გაწეული და მომავალში გასაწევი ხარჯი წარმოშობილი იყო თუ არა მეიჯარის ბრალეული ქმედების შედეგად.
24.7. მეორე კასატორმა მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც მოსარჩელეს დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით, 51 000 ათასი აშშ დოლარის განთავსება.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით - საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია ხოლო მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, პირველი კასატორის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მეორე კასატორის სარჩელი კი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმების გამოყენებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასება-დადგენის თვალსაზრისით, მეორე კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, პირველმა კასატორმა კი, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა.
27. მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშვა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელზეც სსკ-ის 592-ე მუხლის (სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაეცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი) თანახმად, ვრცელდება იჯარის წესები. იჯარის ხელშეკრულების მიმართ კი, გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (581.2 მუხლი).
28. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოთხოვნის, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 537.1 (თუ ნაკლი, რომელიც ნივთის ვარგისიანობას ამცირებს, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებობს ან შემდგომში აღმოჩნდება იმ გარემოებათა გამო, რაზედაც გამქირავებელი პასუხს აგებს, ან, თუ გამქირავებელი ნაკლის გამოსწორებას დააყოვნებს, დამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ისე, რომ არ ეკარგება ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლები.
29. სსკ-ის 537.1 მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობებია:
ა) ქირავნობის საგანში უფლებრივი ან ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულების დადების მომენტში, ანუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის უკვე უნდა არსებობდეს მოგვიანებით დამდგარი ზიანის საფრთხის წყარო;
ბ) ნაკლის აღმოჩენა ქირავნობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, გამქირავებლის ბრალის არსებობისას;
გ) გამქირავებლის მიერ ნაკლის გამოსწორების დაყოვნება.
30. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მეიჯარემ დაარღვია მოიჯარისათვის ნივთობრივად უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება. მოპასუხემ ამის შესახებ ხელშეკრულების დადებისას იცოდა, რამდენადაც მ. სათბური თავადვე ააშენა. მოიჯარის მტკიცებით, სათბურის მშენებლობის დროს სამშენებლო სტანდარტები იყო დარღვეული. ამასთან, სათანადოდ არ მუშაობდა სათბურში არსებული გათბობის სისტემა, კერძოდ, ვერ უზრუნველყოფდა თოვლის დნობას.
31. ნივთობრივი ნაკლის შეფასებისას უპირატესობა ენიჭება მხარეთა შეთანხმებას, კერძოდ, სსკ-ის 595-ე მუხლის (მეიჯარემ საიჯარო ქონება მოიჯარეს უნდა გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში) თანახმად, იჯარის საგნის ხარისხის განმსაზღვრელია მისი შესაბამისობა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქმიანობასთან. იჯარის ხელშეკრულებაში მხარეებმა პირდაპირ მიუთითეს გაქირავებული ნივთით სარგებლობის მიზანი - სასათბურე მეურნეობის წარმოება.
32. 2013 წლის 30 მაისს, მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენლებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2013 წლის 30 მაისის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მეიჯარემ ჩააბარა, ხოლო მოიჯარემ ჩაიბარა საიჯარო ქონება. აქტის მიხედვით, „მხარეები ადასტურებენ, რომ იჯარით გადაცემული საიჯარო ფართი იმყოფება ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში, იჯარით გადაცემული შენობა-ნაგებობები და სასათბურე მეურნეობა დასურათებულია. მიღება-ჩაბარების პროცესში იჯარის საგანთან (მათ შორის, იქ არსებულ ინვენტართან) დაკავშირებით მოიჯარეს არ გამოუთქვამს პრეტენზია. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ვარგისია ექსპლუატაციისათვის (იჯარით გადაცემული შენობა-ნაგებობები არის კაპიტალურ მდგომარეობაში, კაპიტალურ მდგომარეობაშია ასევე 33 000 კვ.მ სასათბურე მეურნეობა)“.
33. მითითებული მტკიცებულების გასაბათილებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ საიჯარო ქონება გადაცემისას ნაკლიანი იყო, მოსარჩელემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნები. პალატა მიუთითებს, რომ დასკვნები არ არის ძირითადი მტკიცებულების - მიღება-ჩაბარების აქტის საპირწონე მტკიცებულება და ვერ აბათილებს მას.
33.1. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა, რომლითაც გამოკვლეულია სასათბურე ნაგებობის პროექტთან შესაბამისობა და შესწავლილია, ნაგებობის პროექტირებისას სათანადოდ იყო თუ არა გათვალისწინებული თოვლის დატვირთვა. პალატა მიუთითებს, რომ „მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარების თაობაზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის N05 ბრძანება სადავოდ არ გამხდარა. ვინაიდან ძალაშია ბრძანება, რომლითაც სასათბურე მეურნეობა აღიარებულ იქნა ვარგისად, მიიჩნევა, რომ ნაგებობა საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით აშენდა. მოცემული დავის ფარგლებში კი, სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლო ვერ შეამოწმებს ვერც სადავო ნაგებობის სამშენებლო პროექტთან შესაბამისობას და ვერც პროექტის ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობას. ამდენად, წარმოდგენილი დასკვნით არ არის გამოკვლეული ის სადავო გარემოება, რომლის დასამტკიცებლადაც ის იქნა წარდგენილი. შესაბამისად, ეს უკანასკნელი სადავო საკითხის დასამტკიცებლად არარელევანტური მტკიცებულებაა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნაც, რომ სათბური უკანონოდ აშენდა, არასწორია. დავის საგანი მშენებლობის კანონიერება არ არის.
33.2. ასეც რომ იყოს და სასამართლო სამშენებლო ნორმების დაცვას ამოწმებდეს, მას სწორედ რომ ნაგებობის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობა უნდა ეკვლია (კონკრეტულ შემთხვევაში, „საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №1-1/251 ბრძანების შესაბამისად მოქმედ СНиП 2.10.04-85 „სათბურებით“ დადგენილი თოვლის საფარის ნორმატიულ დატვირთვასთან შესაბამისობა). შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, მართალია, ნორმატიული აქტით, დაწესებულია გარკვეული ნორმატივები, თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მშენებლობის განსახორციელებლად ეს ნორმატივები არასაკმარისია. პალატა მიუთითებს, რომ მხარეს მშენებლობისას იმაზე მეტი მოთხოვნა ვერ წაეყენება, ვიდრე სამშენებლო საქმიანობაზე კონკრეტული ნორმატიული აქტითაა დაწესებული.
33.3. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა, ისევე, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის დასკვნა, არ არის კატეგორიული და ეფუძნება ვარაუდს, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნაში მითითებულია, რომ „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასათბურე მეურნეობის ნაგებობის ნგრევა გამოიწვია მასზე მოსულმა პროექტით გათვალისწინებულზე ზედმეტმა დატვირთვებმა“. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დასკვნის კვლევით ნაწილში, მართალია, გამოთქმულია ვარაუდები, თუმცა დასკვნის შეფასებისას გადამწყვეტია სარეზოლუციო ნაწილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერტის დასკვნასთან მიმართებით. სსსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე არ არის შებოჭილი ექსპერტის დასკვნით. დასკვნა ფასდება მისი შინაარსისა და დამაჯერებლობის კუთხით. ვარაუდის შედეგად გამოტანილი დასკვნები კი, ნაკლებ დამაჯერებელია. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები გარდა შინაარსისა, ვერც დამაჯერებლობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.
34. ამასთან, ტექნიკური უნივერსიტეტის დასკვნას - „შექმნილი იყო საკმარისი წინაპირობა სათბურის პერიმეტრზე განლაგებული სვეტების, განსაკუთრებით „ფ“ ღერძზე, მდგრადობის დაკარგვისათვის, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა კონსტრუქციების პ–ირებადი ნგრევა“ აქარწყლებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 26 მარტის საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული სათბურის მზიდი კონსტრუქციები აკმაყოფილებს სიხისტის, სიმტკიცისა და მდგრადობის პირობებს იმ ნორმირებულ დატვირთებზე, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
35. პალატა არ იზიარებს მოსარჩელის არც იმ პრეტენზიას, რომ სათანადოდ არ მუშაობდა სათბურში არსებული გათბობის სისტემა, რადგან ვერ უზრუნველყოფდა თოვლის დნობას. გათბობის სისტემა, რომ გამართულად მუშაობდა, დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი „Yildiz Termo Mekanik“-ის 14.03.2014 წლის დასკვნით (ტ.3. ს.ფ. 261-267), რომლის მიხედვით, გათბობის სისტემას თოვლის დნობა რომ უზრუნველეყო, ტემპერატურის გაზრდა იყო საჭირო, სისტემის სრული დატვირთვით ამუშავება. ამასთან, დასკვნითვე დგინდება, რომ გათბობა ემსახურებოდა არა მხოლოდ მცენარეთა მოყვანას, არამედ თოვლის დნობას.
35. მოცემულ შემთხვევაში, ნივთის ნაკლის დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთი ეკისრება მოიჯარეს (სსსკ-ის 102.1 მუხლი), ის ვალდებული იყო, დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით დაესაბუთებინა ნივთობრივი ნაკლის საქონლის გადაცემის დროისათვის არსებობის ფაქტი. მ– გასაგებად და დამაჯერებლად ვერ გააქარწყლა მისივე ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის ჩანაწერი, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგისი იჯარის საგანი ჩაიბარა და ვერ დაამტკიცა, რომ შესრულება არაჯეროვანი - ნაკლიანი იყო.
36. ასეც რომ არ იყოს და მეიჯარეს მოიჯარისათვის ნაკლიანი ნივთი გადაეცა, მოთხოვნა დაკმაყოფილებადი მაინც არ იქნებოდა, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სათბურის ნგრევა გამოიწვია სათბურის მშენებლობის დროს სამშენებლო ნორმების დარღვევამ ანდა სამშენებლო პროექტისგან გადახვევამ. ანაზღაურებას კი, ექვემდებარება მხოლოდ ნაკლის შედეგად გამოწვეული ზიანი - ნაკლის უშუალო შედეგი. სსკ-ის 408-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით, ანაზღაურებადია მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მიზეზშედეგობრივად გამომდინარეობს დამზიანებლის პასუხისმგებლობის წარმომშობი ქმედებიდან.
37. სააპელაციო სასამართლომ, მართალია, დაადგინა, რომ სათბური კანონისა და პროექტის დარღვევით აშენდა, თუმცა სასამართლო არ მიუთითებს, რომ შენობის კანონის შესაბამისად აშენების შემთხვევაში, ის არ დაინგრეოდა (მოქმედება შედეგის მიზეზობრივია, თუ მისი გამორიცხვისას გამორიცხულია შედეგიც) ან ცალკე აღებული კანონდარღვევით შენობის აშენება დანგრევისათვის საკმარისი იყო (ორმაგი კაუზალობა), პირიქით, გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, ნგრევა მოიჯარის ქმედებამ (უმოქმედობამ) გამოიწვია. სააპელაციო პალატის მითითებით, მოიჯარემ დააგვიანა სათბურში დამონტაჟებული გათბობის სისტემის ამუშავება სრული წარმადობით, ვერ უზრუნველყო აღედგინა სათბურის დაზიანებული პოლიეთილენის საფარი, რის გამოც სათბურში დაეცა ტემპერატურა, ვერ დადნა კონსტრუქციაზე განთავსებული თოვლი, რამაც გამოიწვია ნგრევა. ამასთან, სასამართლო ცალსახად ასკვნის, რომ გათბობის სისტემის დროული, სრული დატვირთვით ამუშავებისა და სათბურის დაზიანებული პოლიეთილენის საფარის აღდგენის შემთხვევაში, სათბურის კონსტრუქციაზე 2013 წლის 9 დეკემბერს თოვლის გადნობა და შენობის დანგრევის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო (უმოქმედობა მიზეზობრივია შედეგისათვის, თუ მოქმედების შემთხვევაში შედეგი არ დადგებოდა). შესაბამისად, შენობა „კონსტრუქციულად არამდგრადიც“ რომ ყოფილიყო, აღნიშნული ფაქტი ნგრევის მიზეზი არ გამხდარა. ამასთან, იმ ვარაუდის შემთხვევაშიც კი, რომ შენობის პროექტისა და სამშენებლო ნორმების შეუსაბამობის გამო, მომავალში შესაძლოა, სათბური მაინც დანგრეულიყო (აღნიშნულზე ტექნიკური უნივერსიტეტის დასკვნაშიც არის მითითებული), მოპასუხეს ზიანი ვერ შეერაცხება, რამდენადაც ეს მიზეზი სინამდვილეში არ რეალიზებულა. ჰიპოთეტური მიზეზობრიობა (კაუზალობა) კი, არ არის საკმარისი ზიანის შერაცხვისათვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 415-ე მუხლი, რამდენადაც მიზეზშედეგობრიობა ამ შემთხვევაშიც 412-ე მუხლის მიხედვით განისაზღვრება.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 1 866 953.68 ლარის დაკისრების თაობაზე.
39. პალატა მიიჩნევს, რომ სათბურის ნგრევა გამოიწვია მოიჯარის არასწორმა და არათამიმდევრულმა ქმედებამ (უმოქმედობამ), რითაც მეიჯარეს მიადგა ზიანი. როგორც კანონის დანაწესი (სსკ-ის 573-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება - გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება), ისე სახელშეკრულებო ვალდებულება (4.2.3. მოიჯარემ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ უნდა დააბრუნოს საიჯარო ქონება ბუნებრივი ცვეთის, ამორტიზაცისაა და შესრულებული სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით; 4.2.5 მოიჯარეს უფლება აქვს აღჭურვოს საიჯარო ქონება საჭირო ინვენტარით, მოწყობილობით ან/და დანადგარებით იმდაგვარად რომ ზიანი არ მიაყენოს მეიჯარის ქონებას) მეიჯარეს ამგვარი ზიანისაგან იცავდა.
40. პირველი კასატორის მოთხოვნა მოიჯარისათვის 1 345 096 ლარის დაკისრების თაობაზე ეფუძნება სსკ-ის 595-ე მუხლის მეორე წინადადებას (მოიჯარემ საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელოს ქონების მიმდინარე რემონტი, შეაკეთოს საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, გზები, თხრილები, მილები, ღობეები. იგი ვალდებულია იჯარით აღებული ქონება გამოიყენოს სამეურნეო დანიშნულებით), სსკ-ის 602-ე (მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ იჯარით აღებული ქონება დააბრუნოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს დაბრუნებამდე არსებული მეურნეობის სათანადოდ გაგრძელებას), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებს.
41. აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტისას მეიჯარე უფლებამოსილია, მოითხოვოს იჯარით გადაცემული ნივთები, ხოლო მოიჯარე ვალდებულია, მეიჯარეს დაუბრუნოს იჯარის საგანი. ამასთან, კანონი სპეციალურად ადგენს უკან დასაბრუნებელი ქონების მდგომარეობას - ეს უკანასკნელი უნდა დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს დაბრუნების მომენტისათვის არსებული მეურნეობის სათანადოდ გაგრძელებას.
42. მოცემულ შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო საწარმოში შედიოდა სამეურნეო ნაგებობა - სათბური, რომლის მოვლა-პატრონობა ევალებოდა მოიჯარეს. ამ უკანასკნელმა ეს ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც იჯარის საგანი განადგურდა. იჯარის საგნის ნაცვლად მათი ღირებულების მოთხოვნაზე კი, მეიჯარე უფლებამოსილი ხდება მხოლოდ მაშინ, თუკი იჯარით გადაცემულმა ნივთებმა ფიზიკურად შეწყვიტა არსებობა ან იმდენად დაკარგა საჭირო თვისებები, რომ მათი გამოყენება შეუძლებელია (შდრ. სუსგ №ას-42-40-2013, 28.03. 2013წ.).
43. საკსაციო პალატა არ იზიარებს მეორე კასატორის მტკიცებას, რომ მას სახელშეკრულებო ვალდებულება არ დაურღვევია და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნების (ინდმეწარმე რ.დ–იძის 14.03.2014 წლისა და 22.05.2014 წლის დასკვნები, „Yildiz Termo Mekanik“-ის 14.03.2014 წლისა და 25.08.2014 დასკვნები), მოწმეთა ჩვენებების, წარდგენილი ფოტომასალისა და ,,სოკარ ჯორჯია გაზი აჭარის“ ამონაწერის საფუძველზე სწორად დაადგინა ფაქტი, რომ მოიჯარემ დააგვიანა სათბურში დამონტაჟებული გათბობის სისტემის ამუშავება სრული წარმადობით (გათბობის ქვაბი ჩაირთო მხოლოდ 8 დეკემბერს 21:00 საათზე, ბოილერი კი მუშაობდა 47 %-იანი სიმძლავრით, 95%-იანის ნაცვლად) და ვერ უზრუნველყო სათბურის დაზიანებული პოლიეთილენის საფარის აღდგენა. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა.
44. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს იმას, რომ მოიჯარემ დაარღვია იჯარის საგნის მოვლა-პატრონობის კანონისმიერი ვალდებულება და სწორედ ამ– გამოიწვია ნაგებობის დანგრევა. სამეურნეო ნაგებობის მოვლის, ტემპერატურის ზედამხედველობისა და კონტროლის ვალდებულების დარღვევით ზუსტად ის საფრთხე რეალიზდა, რომელიც თავიდან უნდა აცილებულიყო დარღვეული ვალდებულებით. სათანადო მენეჯმენტის პირობებში კი, ზიანი თავიდან იქნებოდა აცილებული. ამდენად, ზიანი მოიჯარის ქმედებათა (უმოქმედობათა) ერთობლიობის უშუალო შედეგია.
45. ამდენად, მეიჯარეს არ დაურღვევია ვალდებულება. მ– მიაწოდა მოიჯარეს შეთანხმებული ხარისხის იჯარის საგანი. ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც, როგორც აღინიშნა, ეს ტვირთი ვერ დაძლია. მოიჯარემ არჯეროვანი - ნაკლიანი შესრულება ვერ დაადასტურა. ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორმა დაამტკიცა მოიჯარის მიერ ვალდებულებათა დარღვევა, რაც იჯარის საგნის სათანადოდ მოვლა-პატრონობის ვალდებულების დარღვევით გამოიხატა.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოიჯარისათვის ზიანის დაკისრების თაობაზე მეიჯარის მოთხოვნა დასაბუთებულია. რაც შეეხება სათბურის დანგრევით მეიჯარისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, პირველმა ინსტანცის სასამართლომ დაადგინა, რომ მეიჯარეს სათბურის დანგრევით 1 345 096 ლარის ზიანი მიადგა, რაც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც. ზიანის ოდენობას საკასაციო საჩივრით არ შედავებია არც მოიჯარე. ამდენად, შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოიჯარეს უნდა დაეკისროს 1 345 096 ლარის გადახდა მეიჯარის სასარგებლოდ.
47. რაც შეეხება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოიჯარის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმით (2014 წლის 24 იანვარს) შეწყდა ხელშეკრულება.
მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ საიჯარო ურთიერთობა ვადამდე შეწყდა, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ საიჯარო ურთიერთობა დამთავრებულია არა მოიჯარის მიერ ხელშეკრულების მოშლით, არამედ მეიჯარის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე მოშლით.
მართალია, მოსარჩელე სსკ-ის 399.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულების მოშლის უფლებამოსილების გამოყენებაზე მიუთითებს (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები - ტ.4, ს.ფ.50), თუმცა პალატა განმარტავს, რომ სასათბურე ნაგებობის ჩამონგრევა ვერ გახდებოდა მოიჯარისათვის ხელშეკრულების მოშლის პატივსადები საფუძველი, რამდენადაც, ვალდებულების დარღვევის გამო, იჯარის საგნის განადგურებაზე მთლიანად თვითონ არის პასუხისმგებელი.
ამასთან, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ იჯარის ხელშეკრულების მოშლით მოიჯარე თავისუფლდება სამომავლოდ გადასახდელი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან და არ თავისუფლდება საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან იმ პერიოდისათვის, როდესაც იგი ფლობდა იჯარის საგანს. ამდენად, მხარეები არასწორად უკავშირებენ ხელშეკრულების მოშლას, მოშლამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანებისაგან გათავისუფლებას.
48. რაც შეეხება მესაკუთრეთა, იპოთეკის ხელშეკრულებათა შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნას, მოსარჩელის განმარტებით, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოიჯარის ვალდებულება, რომელსაც უძრავი ქონება უზრუნველყოფდა, აღარ არსებობს, კერძოდ, მეიჯარის მიერ მოიჯარისათვის ზიანის მიყენების გამო, მოპასუხეა ვალდებული, აუნაზღაუროს მოსარჩელეს ზიანი. აქედან გამომდინარე, მესაკუთრეთა მოთხოვნით, უნდა შეწყვეტილიყო იპოთეკის ხელშეკრულებებიც. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა ამ მოთხოვნას საფუძველი გამოეცალა, რამდენადაც დადგინდა, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა არსებობს და ის დაკმაყოფილებული არ არის. შესაბამისად, არც იპოთეკის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
49. რაც შეეხება ნოტარისუსის სააღსრულებო ფურცლებს, მოსარჩელე მათ გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მათში სრულყოფილად არ არის ასახული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, არ არის მითითებული აღსასრულებელი მოთხოვნის სახე, რაც კრედიტორს მისცემს უფლებას, მომავალში ბოროტად ისარგებლოს მინიჭებული უფლებით. მოსარჩელის პრეტენზია ისიცაა, რომ სააღსრულებო ფურცლები გაიცა მოთხოვნაზე, რომელიც ვადამოსული არ იყო.
50. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, იმ პირობებში, როდესაც სააღსრულებო ფურცლებში მითითებული აღსასრულებელი ვალდებულობის მოცულობა რეალურად არსებული ვალდებულების (2013 წლის 9 დეკემბრისათვის მოიჯარის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირისა და კომუნალური გადასახადების) ტოლია და სააღსრულებო ფურცლებში არ არის დაშვებული შინაარსობრივი შეცდომა, ისეთი რეკვიზიტის მიუთითებლობა, რომელიც არ ქმნის აღსრულების ბარიერს, არ შეიძლება, გახდეს მათი გაუქმების საფუძველი. აღნიშნული განპირობებულია იმითაც, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე საკანონმდებლო დანაწესები (სსკ-ის 300-ე, 302.31 მუხლები, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5 მუხლი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი) ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის გამარტივებას, დავის სწრაფად მოგვარებასა და სასამართლოთა განტვირთვას. სანოტარო წესით გაცემული დოკუმენტის საფუძველზე მოთხოვნის იძულებით განხორციელების თაობაზე მხარეთა შეთანხმება, სწორედ საქმის სასამართლო წესით განხილვის თავიდან არიდებას ემსახურება. ამასთან, საიჯარო ქირასა და კომუნალურ გადასახადებს (რომელთა თაობაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი) მეიჯარე მოითხოვდა იმ ვადის პროპორციულად, რა პერიოდშიც ისარგებლა მოიჯარემ საიჯარო ქონებით (2014 წლის იანვრამდე). სააღსრულებო ფურცლები კი, გაიცა 2014 წლის მარტში. ამდენად, კრედიტორის მოთხოვნა ვადამოსული იყო.
51. გარდა ამისა, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცელთა გაუქმების მიმართ იურიდიული ინტერსი არ აქვს, რამდენადაც მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც ისინი გაიცა, ნამდვილია. შესაბამისად, უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცლების გაუქმების შემთხვევაშიც კი, მოვალისათვის არაფერი შეიცვლება, რამდენადაც აღსასრულებელ მოთხოვნაზე გაიცემა ახალი სააღსრულებო ფურცლები.
52. მეორე კასატორი მოითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმებასა და სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 51000 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას.
დადგენილია, რომ სარჩელზე გამოყენებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის განჩინებით, მოპასუხეს აეკრძალა ქობულეთში - დაბა ...., ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .... და ქ. ბათუმში მდებარე უძრავ ქონებათა გასხვისება და სანივთოსამართლებრივი უფლებით (იპოთეკით, უზურფრუქტით, სერვიტუტით) დატვირთვა.
მითითებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვისათვის მოსარჩელეს დაევალა - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადეპოზიტო ანგარიშზე 51000 აშშ დოლარის განთავსება. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ ინვესტორი კომპანია შპს ,,B.s. დ. თ–ის“, სთავაზობდა მოპასუხეს, 1 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ბათუმში მდებარე უძრავი ქონების შეძენას, რომლის გასხვისების უფლებაც მოპასუხეს უზრუნველყოფის ღონისძიებით აკრძალული ჰქონდა. შეთავაზება ძალაში იყო 2014 წლის ოქტომბრამდე. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ, ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, მიიღებდა სულ მცირე 51 000 აშშ დოლარის სარგებელს რეალიზაციიდან მიღებული თანხის დეპოზიტზე განთავსების გზით და განცხადება დააკმაყოფილა.
პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლით ორი უფლებაა გარანტირებული. პირველი - მოსარჩელის მიერ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს სარჩელის უზრუველყოფით და მეორე - მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. პირველ უფლებას ფაქტობრივად უზრუნველყოფს მეორე უფლება, კერძოდ, იმის მიხედვით, თუ რამდენად გამართლებული გამოდგება დროებითი ღინისძიება, სსსკ-ის 199.3 მუხლი (თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.) მოპასუხეს ამ ღონისძიებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებით აღჭურავს. სწორედ ამიტომ კანონი ითვალისწინებს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფას, მისი ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვას, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა. ვინაიდან მოპასუხეს არ დაუკარგავს სსსკ-ის 199.3 მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, არ არსებობს უზრუნველყოფის გარანტიის გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი არც სსსკ-ის 57.1. (თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მ– ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად) და 58-ე (თუ მოიხსნება საფუძველი, რომლის გამოც განხორციელდა უზრუნველყოფა,მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა ასეთი უზრუნველყოფა, ვალდებულია დააბრუნოს უზრუნველყოფის გარანტია) მუხლებიდან გამომდინარე.
53. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებული ნაწილი (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-9 და მე-10 პუნქტები), ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მათ მიერ გასაჩივრებულ ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-7, მე-8, მე-11, მე-12 პუნქტები) გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება: მოსარჩელეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო მეიჯარის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
54. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
55. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველმა კასატორმა სახელმწიფო ბაჟისათვის, ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისა და იურიდიული მომსახურებისათვის გადაიხადა 31 425.65 ლარი, შესაბამისად, მოპასუხის სასარგებლოდ, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 31 425.65 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საქმისწარმოებისათვის გაღებული საპროცესო ხარჯის ასანაზღაურებლად.
56. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 1991-ე მუხლის საფუძველზე აუქმებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 53-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „მ–ოს“, მ.გ–ისა და ზ.ზ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-9 და მე-10 პუნქტები;
3. შპს „ა.გ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7, მე-8, მე-11, მე-12 პუნქტები და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
5. შპს „მ–ოს“, მ.გ–ისა და ზ.ზ–ის სარჩელი იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
6. შპს „ა.გ–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
7. შპს „მ–ოს“, შპს „ა.გ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 1 345 096 (მილიონ სამას ორმოცდახუთი ათას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა;
8. შპს „მ–ოს“, შპს „ა.გ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 31 425.65 (ოცდათერთმეტი ათას ოთხას ოცდახუთი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საქმის წარმოებისათვის გაღებული საპროცესო ხარჯის ასანაზღაურებლად;
9. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „ა.გ–ს“ აეკრძალა შემდეგი უძრავი ქონების: ა) მდებარე ქობულეთი,....., . (საკადასტრო კოდი: ......); ბ) მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ..... (საკადასტრო კოდი: .....); გ) მდებარე ქ.ბათუმი, ...... (საკადასტრო კოდი: .......) - გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებით (იპოთეკით, უზურფრუქტით, სერვიტუტით) დატვირთვა;
10. შპს „მ–ოს“ უარი ეთქვას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმებაზე, რომლითაც მოსარჩელე შპს „მ–ოს“ დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით, 51 000 ათასი (ორმოცდათეტრთმეტი ათასი) აშშ დოლარის განთავსება;
11. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი