Facebook Twitter

28 სექტემბერი, 2017 წელი,

№ას-203-192-2017 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი (მოპასუხე) – შპს „ტ.უ.ს–ო“

წარმომადგენელი - დ.კ–ძე, თ.პ–ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ჯ.ე–ი“

წარმომადგენელი - დ.მ–ი, გ.დ–ი

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „ჯ.ე–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ტ.უ.ს–ო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ,,ტ.უ.ს–ო“ (შემდეგში: მენარდე, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი),,თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობისა და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის შესახების“ (BOT) 6.09.2005 წლის ხელშეკრულების საფუძველზე 2005 წლის პირველი ნოემბრიდან მართავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს.

2. შპს „ჯ.ე–მა“ (შემდეგში: ავიაკომპანია, შემკვეთი, მოსარჩელე), რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა - გადაზიდვის მომსახურებას კომპანიის მფლობელობაში არსებული საჰაერო ხომალდებით და ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით, 2005 წლის პირველ ნოემბერს მოპასუხესთან დადო ხელშეკრულება სააეროპორტო მომსახურებაზე, რომლითაც განისაზღვრა აეროპორტში არსებული სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობის პირობები.

3. 2013 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ მიყენებული ზიანის - 4 571 576.10 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

3.1. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებას - უზრუნველეყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სათანადო ინფრასტრუქტურით, რათა ოპერატორ კომპანიებს შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ეფრინათ, სისტემატურად არღვევდა. აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისასვლელი გზის საფარის უხარისხობისა და დანაგვიანების გამო, ზიანდებოდა მოსარჩელის საჰაერო ხომალდები. ასაფრენი ზოლის ფილები დაბზარულია, ფილების შეერთების ადგილები ზოგგან დაზიანებული და ჩამოტეხილია, ფილები შეერთებულია ე.წ „გუდრონით“, რომელიც დაშლილი და ამოყრილია. ფილების შეერთების ადგილები ამოვსებულია მტვრით, გუდრონის ნაწილაკებითა და წვრილი კენჭებით, რომელიც უბრალო შეხებითაც კი იფანტება. ასეთივეა საჰაერო ხომალდის სამიმოსვლო და პარკირების ბილიკის საფარიც.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე, საჰაერო ხომალდების სამიმოსვლო გზების სიახლოვეს არსებობს დაუმთავრებელი (მშენებარე) ასაფრენი ზოლი, რომელიც მოხრეშილია და ხშირი ქარის პირობებში ბევრი მტვერი და სხვადასხვა წვრილი ნაწილაკები გადმოაქვს ასაფრენ და სამიმოსვლო გზებზე.

3.2. მოსარჩელემ რამდენჯერმე შეაკეთა საჰაერო ხომალდის დაზიანებული ძრავა და სანაცვლო ძრავა იჯარით აიღო. ძრავის იჯარისა და რემონტისათვის გადახდილმა თანხამ მხოლოდ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში შეადგინა 4 571 576.10 აშშ დოლარი, რაც პირდაპირი შედეგია მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა. ამ დარღვევების შესახებ არაერთხელ ეცნობა როგორც მოპასუხეს - ისე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომელმაც არაერთხელ გააფრთხილა მოპასუხე, თუმცა - უშედეგოდ.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოპასუხე ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს სათანადოდ და არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვალდებულების დარღვევის ფაქტს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აეროდრომს შეუჩერდებოდა სერტიფიკატის მოქმედება. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აეროდრომის ხელოვნური საფარი მოწმდება „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის „აეროდრომის“, და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაოს) ოფიციალური გამოცემის DOC-9774 აეროდრომების სერტიფიცირების სახელმძღვანელოს მოთხოვნათა შესაბამისად, მინიმუმ ოთხჯერ დღეში. რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ სუფთავდება და წესრიგდება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამიმოსვლო ბილიკები საექსპლუატაციოდ ვარგისია და სრულიად შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მოთხოვნებს.

4.1. უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება, თითქოს, ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისასვლელი გზის დაბინძურების გამო გაწია გარკვეული ხარჯები. საჰაერო ხომალდის ძრავის რემონტი და იჯარით აღება შესაძლოა, ბევრმა ფაქტორმა განაპირობოს. არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დაუკავშირებდა ძრავის დაბინძურებას. არცერთ სხვა საჰაერო ხომალდს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით დაფრინავს, მსგავსი პრეტენზია არ განუცხადებია. ამდენად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს დაადასტურებდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 3 839 253. 81 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

6. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 412-ე მუხლები და საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-2, მე-3, მე-8 მუხლები გამოიყენა.

6.1. სასამართლომ დაასკვნა, რომ მენარდემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, აეროპორტის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების მოწესრიგება და უსაფრთხო ფრენა ვერ უზრუნველყო. მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ არსებობდა აეროდრომის დასუფთავების პრობლემა - აეროდრომის ხელოვნურ საფარზე კენჭებისა და მტვრის სახით. ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების დაბინძურების გამო დაზიანდა მოსარჩელის საჰაერო ხომალდების ძრავები და სხვა ნაწილები, რაც დასტურდებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური 2014 წლის 11 სექტემბრის N 004899414 დასკვნით (შემდეგში - სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა), აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის ოქმით, შემკვეთის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსათვის მიწერილი წერილებით, სატელევიზიო გამოსვლების ჩანაწერებითა (სადაც მოპასუხე ადასტურებს ხარვეზის არსებობას) და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

6.2. მოპასუხემ აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლსა და სამიმოსვლო ბილიკებზე არსებულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მოპასუხეს ჰქონდა სერტიფიკატი, რომლის მოქმედებაც არ შეჩერებულა, ვერ აბათილებს აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლსა და სამიმოსვლო ბილიკებზე ხარვეზის არსებობას.

7. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით მოითხოვა:

7.1. 2012 წლის 25 დეკემბრისა და 2013 წლის 19 აგვისტოს ბრძანებებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისა და სერტიფიცირების წესები“ ავიაკომპანიებს ავალდებულებს საჭირო დოკუმენტების შენახვას. მოპასუხემ არაერთხელ ჯერ კიდევ მოსამზადებელ სტადიაზე, წერილობით იშუამდგომლა შესაბამისი საბუთების გამოთხოვა, რომელიც უშუალოდ მოსარჩელე მხარესთან ინახება, მაგრამ სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ მათი გამოთხოვა.

7.2. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წერილი (13.08102) ნამდვილად არ ადასტურებს ზიანის არსებობას. წერილში მითითებული ხარვეზები დაკავშირებული იყო პერიმეტრის ღობესთან და არაფერი აქვს საერთო აეროდრომის დაბინძურებასთან. ამასთან, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მოსარჩელისაგან წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა დაზიანებებსა და რა ხარჯებზე იყო საუბარი, თუმცა მოსარჩელე მხარემ საერთოდ არ უპასუხა. განხილვის ოქმი კი, შედგენილია 2012 წლის 12 ოქტომბერს და მოიცავს მხოლოდ 2012 წლის აგვისტო-სექტემბერს. არც ოქმში და არც სხვა დოკუმენტში არაფერია მითითებული სადავო - 2009–2012 წლებზე. წარსულის ფაქტის დაკავშირება ახლანდელ ვითარებასთან კი შეუძლებელია. რაც შეეხება აღსრულების ეროვნული სააგენტოს ფაქტის კონსტატაციის დოკუმენტს, სწორედ იმას ადასტურებს, რომ დასკვნის დაწერისას მიმდინარეობდა აეროდრომის მოვლა-შეკეთებისა და დასუფთავების სამუშაოები.

7.3. რაც შეეხება სატელევიზიო გამოსვლებს, რომლის ჩანაწერები ახლავს საქმის მასალებს, მოპასუხე ადასტურებს ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას, რაც გულისხმობს ახალი, მაღალი კატეგორიის ასფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის საჭიროებას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ყველა ტიპის საჰაერო ხომალდი. ხოლო სასამართლოს მითითება, რომ სიტყვა - არადამაკმაყოფილებელი ნიშნავს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცუდ მდგომარეობას, რასაც შეუძლია, რაიმე საფრთხე შეუქმნას საჰაერო ხომალდებს ან მის რომელიმე ნაწილს, არ არის სწორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაკეტავდა აეროდრომს და მოპასუხეს ექსპლუატაციის სერტიფიკატს შეუჩერებდა.

7.4. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2010-2012 წლებში მოსარჩელეს რამდენჯერმე მოუწია არაგეგმურად საჰაერო ხომალდის ძრავის შეკეთება, თუმცა რის საფუძველზე დაასკვნა სასამართლომ, რომ შეკეთება არაგეგმური იყო, გაუგებარია, ვინაიდან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.

7.5. საქმის მასალებში, ძრავებთან მიმართებით არსებულ ერთადერთ დოკუმენტში გვხვდება მხოლოდ და მხოლოდ ტერმინი მტვერი, თუმცა სასამართლო და სასამართლოს ექსპერტები რატომღაც საუბრობენ კიდევ სხვა საგნებზე, რომელიც არცერთი დოკუმენტით არ დგინდება და არის მათი ფანტაზიის ნაყოფი. საქმეში არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც რომელიმე ექსპერტმა შეიძლება, მსგავსი რამ დაასკვნას. მიზეზობრივი კავშირი ანუ ძრავის მტვრის გამო დაზიანება შეიძლებოდა დადასტურებულიყო მხოლოდ ერთადერთი უტყუარი დოკუმენტით - ძრავაში არსებული და აეროდრომის დერიტორიაზე არსებული მტვრის შედარებითი ანალიზით.

7.6. მოპასუხის მტკიცებით, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის კუთვნილი საჰაერო ხომალდების ფრენა იმ ადგილებში, სადაც ბევრი მტვერია და მიჩნეულია, რომ საჰაერო ხომალდების ძრავებს დაჩქარებულად ცვეთს.

7.7. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ექსპერტმა ა.მ–ძემ (შემდეგში - ექსპერტი) შეისწავლა 2009-2012 წლების მონაცემები და დაადგინა, რომ თურმე მოსარჩელეს აღნიშნული მიმართულებით მხოლოდ მიმოსვლის 3% აქვს შესრულებული, მაგრამ დაუზუსტებელი და უცნობია, რომელი ბორტითა და ძრავით, სინამდვილეში 3% თუ მეტი. ეს ინფორმაცია და მონაცემები საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც ექსპერტიზის დასკვნაში არ არის ნახსენები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ერთმა ფრენამაც შესაძლოა, დააზიანოს ძრავი, არათუ 3%–მა.

8. მოსარჩელემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

8.1. მოსარჩელის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დასტურდებოდა, რომ გადახდილი თანხა ეკუთვნოდა სწორედ შემკვეთს და ამ უკანასკნელის დავალებით გადარიცხა სალიზინგო კომპანიამ. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ 732 322. 29 აშშ დოლარიც მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანია და სასამართლოს ის მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით:

- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა აეროდრომის სამიმოსვლო ბილიკისა და ასაფრენ- დასაფრენი ზოლის დანაგვიანების გამო მოსარჩელის მფლობელობაში არსებული საჰაერო ხომალდების ძრავების, საბურავებისა და სხვა ნაწილების დაზიანების შესახებ.

10.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალები ასახავდა აეროპორტის ინფრასტრუქტურას, წარდგენილი სატელევიზიო გადაცემის ჩანაწერში კი, ავიაკომპანიის წარმომადგენელები აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაუმართაობის შესახებ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ, თავად მოპასუხეც საუბრობდა ახალი აეროპორტის აშენებაზე.

10.2. მოსარჩელის საპრეტენზიო წერილის პასუხად სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 13.08.2012 წლის წერილში მითითებულია, რომ სააგენტომ მოპასუხის მიმართ არაერთხელ გამოიყენა მკაცრი ადმინისტრაციული ღონისძიება მსგავსი ფაქტების დაფიქსირებისას, ხოლო აეროპორტში არსებულ მდგომარეობაზე მოსარჩელის შენიშვნასთან დაკავშირებით, სააგენტომ აღნიშნა, რომ, მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად და ფრენების უსაფრთხოებისათვის, მაქსიმალურ ზომებს გამოიყენებდა აეროპორტის ექსპლუატანტის მიმართ.

10.3. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააგენტოს 2012 წლის 12 ოქტომბრის ოქმზე, რომელიც მოსარჩელის 28.09.2012 წლის წერილის განხილვისას შედგა. ოქმის მიხედვით, მსჯელობის საგანი იყო აეროდრომის ხელოვნურ საფარზე არსებულ კენჭებსა და დასუფთავებასთან დაკავშირებული პრობლემები და მენარდის მიერ საჰაერო ხომალდების სადგომებზე განათების სისტემის მოუგვარებლობა. მოპასუხის წარმომადგენლებმა არსებული ხარვეზი არ უარყვეს და განაცხადეს, რომ ოთხივე ძველ განათებაზე შეიცვლებოდა პროჟექტორები და დამატებითი ანძა აღიმართებოდა მოპასუხესთან. მათ ისიც აღნიშნეს, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე შეკეთდებოდა ავიაკომპანიის მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდების სადგომებთან არსებული ხელოვნური საფარი.

10.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც ,,მოცემული პერიოდისთვის, წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მთლიანად დასტურდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და სადგომების დანაგვიანება (ქვიშით, კენჭებით, ბეტონის საფარის ნამტვრევებით, ბეტონის ფილათშორისი სიცარიელების შემავსებელი ნარევის დაშლის პროდუქტებით, ხელოვნური საფარის საწმენდი მანქანის ჯაგრისებით და სხვა)“.

10.5. მოპასუხის შედავების მიხედვით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მიზეზობრივ კავშირს არ ადასტურებდა, ვინაიდან აეროდრომის სამიმოსვლო ბილიკები და ასაფრენ-დასაფრენი ზოლი არ იყო იმდენად დაბინძურებული, რომ მოსარჩელის საჰაერო ხომალდის ძრავები დაეზიანებინა. მოპასუხის მტკიცებით, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს სამხარაულის ექსპერტის დასკვნა, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტ მარკ მაკქლოის განმარტებები და კომენტარები, წინასწარი და დამატებითი ანგარიში სადავო საკითხებზე აბათილებს სამხარაულის ექსპერტის მოსაზრებებს მოსარჩელის საჰაერო ხომალდების ძრავების დაზიანების გამომწვევი მიზეზების თაობაზე. პალატამ ექსპერტ მ.მ–ის განმარტებებზე მიუთითა, რომ ვარაუდებს ეფუძნებოდა და არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. შესაბამისად, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ექპერტის პოზიცია გამოსაკვლევ გარემოებათა შეფასებისას.

10.6. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ 2010-2011 წლებში (2011 წლის ივლისამდე) ძრავის რემონტისა და სათადარიგო ძრავის იჯარის მომსახურებისათვის კომპანია „პ.ე.ვ–ის“ გადაუხადა 2 647 101,03 აშშ დოლარი, ხოლო 2011 წლის აპრილიდან მოსარჩელეს იმავე მომსახურებას უწევდა კომპანია „ტ.მ.ე.ე–ი“, რომელსაც 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით 1 924 475.07 აშშ დოლარი გადაუხადა.

10.7. მომსახურე კომპანიის 16.05.2012 წლის ანგარიშის თანახმად, ძრავას აბინძურებს მტვერი მიწაზე ექსპლუატაციის დროს. „ბოინგ 737-ზე“ ძრავა უფრო დაბლაა და ახლოსაა მიწასთან, რაც ხელს უწყობს მიწიდან ნარჩენების შეწოვას. მოსარჩელის საჰაერო ხომალდების ძრავების დაზიანების იგივე მიზეზია მითითებული სამხარაულის ექსპერტის დასკვნაშიც.

10.8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხომაზე მოწვეულმა ექსპერტმა განმარტა, რომ შეისწავლა 2009 - 2012 წლების მონაცემები. საქმის მასალების, 16.05.2012 წლის ანგარიშისა და მოსარჩელის მონაცემთა ბაზიდან ძრავებთან დაკავშირებით არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცის შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ ერთი და იგივე დაზიანება აქვს ხუთივე ძრავის საპასუხისმგებლო დეტალს დაბინძურების შედეგად. ყველა ძრავას ექსპლუატაციის თავისი დრო ჰქონდა, მაგრამ დაბინძურების გამო საჭირო გახდა მათი ვადაზე ადრე მოხსნა და შეკეთება. მარკ მაკქლოის მოსაზრებაზე ექსპერტმა განმარტა, რომ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკონტროლი, რომელიც რეისების შესრულების უფლებას იღებს და წინასწარ აფრთხილებს ავიაკომპანიებს, არ შევიდნენ საშიშ ზონაში. მოსარჩელის თვითმფრინავების მხოლოდ 3% დაფრინავდა სხვა ქვეყნების, მაგალითად, უდაბნოს, საშიშ ზონებში და განსაკუთრებულად რთულ პერიოდში საჰაერო ხომალდები ასეთ ადგილებში ევროკონტროლის გამო ვერ იფრენდნენ.

10.9. პალატის მითითებით, გარემოება, რომ მოპასუხის სერტიფიკატი არ შეჩერებულა არ აქარწყლებს მოპასუხის ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, ვინაიდან სერთიფიკატის შეჩერება მის მიმართ შესაბამისი ორგანოს დისკრეციაა. მარკ მაკქლოის განმარტებებსა და კომენტარებთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ სპეციალისტის მოსაზრებები ზოგადია, არ ეფუძნებოდა კონკრეტულ ფაქტებს და ეყრდნობოდა ვარაუდებს. მისი შეფასებები არ იყო კატეგორიული. პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სპეციალისტის წინასწარი და დამატებითი ანგარიში სამხარაულის ექსპერტის დასკვნაზე, ვერ აბათილებდა ექსპერტის განმარტებებს მოსარჩელის საჰაერო ხომალდების ძრავების დაზიანების გამომწვევი მიზეზების თაობაზე.

10.10. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ მოსარჩელის მიერ კომპანია "პ.ე.ვ–თვის" გადახდილი 2 647 101,03 აშშ დოლარიდან 732 322.29 აშშ დოლარი სალიზინგო თანხაა, რომელიც ლიზინგის გამცემმა ორგანიზაციამ გადაიხადა და მოსარჩელეს მისი მოთხოვნის უფლება არ აქვს. საბოლოოდ, პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს ვალდებულების არასათანადოდ შესრულების გამო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 3 839 253.81 აშშ დოლარის გადახდა.

10.11. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინებებსა (რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობები თარჯიმნის მოწვევისა და საქმეზე წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენის თაობაზე) და 2015 წლის 21 მაისის საოქმო განჩინებას (რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა დამატებითი განმარტების მისაცემად ექსპერტის მ–ძისა და განმარტების მისაცემად მ.მ–ის დაკითხვის თაობაზე), პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე არაერთი მოსამზადებელი სხდომა გაიმართა, ასევე ექსპერტმა მისცა სასამართლოს განმარტება, რა დროსაც მხარეებს შეეძლოთ, დაესვათ მისთვის შეკითხვები. ამასთან, მოპასუხემ საფუძვლიანად ვერ დაასაბუთა გამოსათხოვი მტკიცებულებების კავშირი დავის საგანთან. რაც შეეხება თარჯიმნის მოწვევის საკითხს, პალატის განმარტებით, თუკი მოპასუხე მიიჩნევდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულების წარმოდგენილი თარგმანი არ იყო სწორი, მას შეეძლო, მოსამზადებელ ეტაპზე წარმოედგინა იმავე მტკიცებულებების სხვა თარგმანი. ამასთან, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე შუამდგომლობის წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე ვერ მიუთითა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას არაერთხელ იშუამდგომლა, სასამართლოს მოსარჩელისაგან გამოეთხოვა სადავო ძრავების ბოროსკოპიული შემოწმების ჩანაწერები, რომელთა შემოწმებისას შესაძლებელი იქნებოდა ძრავების დაზიანების რეალური მიზეზის დადგენა. ამასთან, კანონის თანახმად, საჰაერო ხომალდს უნდა ჰქონდეს საბორტო ჟურნალი, სადაც ფიქსირდება ამა თუ იმ ნაწილის პრობლემები გაფრენისას. სასამართლომ არც ჟურნალი არ გამოითხოვა მოსარჩელისაგან.

11.2. დავის საგანი წარმოიშვა 2011 წლამდე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი, 2013-2014 წლის ვითრებას ასახავს. ამდენად, საქმეში არ არის წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც, თუნდაც ირიბად, მიუთითებდა, რომ მენარდე 2009-2012 წლებში აეროდრომის მოვლა-პატრონობასა და ფრენის უსაფრთხოებას ვერ უზრუნვეყოფდა. დარღვევებს უკუქცევითი ძალა ვერ ექნება.

11.3. საქმეში წარმოდგენილი „McLarens Aviation“-ის ექსპერტიზის დასკვნები რადიკალურად განსხვავდება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნისაგან. სასამართლომ არ შეისწავლა და არ გამოიძია, თუ რა მეზეზით განსხვავდება ისინი ერთმანეთისაგან. სასამართლომ ფაქტები დაადგინა არასწორად მხოლოდ სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის განმარტებებზე დაყრდნობით, ისე რომ არ გამოურკვევია 2009-2012 წლებთან დაკავშირებით რა მნიშვნელოვანი მასალა შეისწავლა და გამოიკვლია ექსპერტმა, ხოლო „ა–ის“ დასკვნა და მ. მ–ის განმარტებები არასწორად შეაფასა. ამ უდიდესი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ საჭიროა მასალების შესწავლა და დამატებით მტკიცებულებების გამოკვლევა ძრავების დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით.

11.4. რომც დავუშვათ, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, ვალდებულების დარღვევასა და შედეგს შორის არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი. სასამართლო ამ კავშირს ვერ დაადგენდა, რამდენადაც რაიმე საბუთი რომელიც ამას დაადასტურებდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

12. მოსარჩელემ შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

12.1. შემკვეთის მითითებით, სასამართლომ, ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სალიზინგო კომპაანიის მეშვეობით თანხა გადაიხადა, მეორე მხრივ კი, მიუთითა, გადახდილი თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულების საქმეში არარსებობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილია სალიზინგო ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ ძრავის ექპლუატაციის პერიოდში მოსარჩელე უხდიდა სალიზინგო საზღაურის ნაწილს სალიზინგო კომპანიას იმ მიზნით, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ამ თანხიდან დაფარულიყო ძრავის რემონტის ხარჯები და არ შეყოვნებულიყო იჯარა. სწორედ ამ სახით დაგროვებული თანხიდან დაიფარა ძრავის რემონტის საფასური - 732 322.29 აშშ დოლარი, ანუ ეს იყო მოსარჩელის კუთვნილი თანხა, რომელიც გადაიხადა საჰაერო ხომალდის ძრავების დაზიანების გამო ვადამდელი, დაუგეგმავი და საკმაოდ ძვირი სარემონტო სამუშაოებისათვის.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ისინი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

20. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

21. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გაეწია საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისა და პარკირების მომსახურება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. მოპასუხის ვალდებულება - ხელშეკრულების შესაბამისად ინფრასტრუქტურით უზრუნველეყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მათ შორის, სათანადოდ მოეწესრიგებინა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და მისასვლელი გზა, მხარეთა შორის სადავო არ არის. კასატორი დავობს, რომ იგი სათანადოდ ასრულებდა აეროდრომის მოვლა-პატრონობის ვალდებულებას და მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის, უფრო ზუსტად კი, 2009-2012 წლებში ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

22. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას სახელშეკრულებო ვალდებულება არ დაურღვევია.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 11 სექტემბრის დასკვნაში ცალსახადაა მითითებული, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და სადგომების დანაგვიანება (ქვიშით, კენჭებით, ბეტონის საფარის ნამტვრევებით, ბეტონის ფილათშორისი სიცარიელების შემავსებელი ნარევის დაშლის პროდუქტებით, ხელოვნური საფარის საწმენდი მანქანის ჯაგრისებით და სხვა) წარდგენილი მასალებით დასტურდებოდა.

დასკვნის მომზადებისას ექსპერტი სხვა მასალებთან ერთად ეყრდნობა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აეროპორტის ტერიტორიაზე ჩატარებული ფაქტების კონსტანტაციის მასალებს, კერძოდ, მასზე თანდართულ ფოტოსა და ვიდეომასალას, რომლიდანაც, ექსპერტის მითითებით, ნათლად ჩანს ბეტონის საფარის ეროზიის კვალი საკმარისად დიდ ფართობზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება ქვიშა, კენჭები, ბეტონის ნატეხები და სხვა პროდუქტები, რაც ზემოთ აღწერილი გზებითა და მიზეზებით ხვდება თვითმფრინავის ძრავების ჰაერ-აირულ ტრაქტში. ვიდეომასალაში ჩანს ფილად შორის სივრცეებში უამრავი კენჭი და ქვიშა, რომლებსაც გრიგალში მოხვედრისას თავისუფლად აიტაცებს და შეიტანს ჰაერტურბინული ძრავის აერმიმღებში. ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს ბეტონის საფარიდან ამოწეული სადენები, ყოველივე ზემოაღნიშული ნათლად მიუთითებს ბეტონის საფარის ინტესიურ ცვეთასა და ეროზიაზე, რომლის შედეგადაც ჭარბად მიიღებოდა დაშლის პროდუქტები, რომელთა ნაწილი, ცხადია, მოხვდებოდა თვითმფრინავის ჰაერ-აირულ ტრაქტში...

23. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მითითებული მტკიცებულებები 2013-14 წლების ვითარებას ასახავს, მოსარჩელე კი, ზიანის ანაზღაურებას 2009-2012 წლებში ძრავების დაზიანების გამო ითხოვდა.

სწორედ 2012 წლის აგვისტოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მოსარჩელისათვის მიწერილ წერილში მითითებულია, რომ სააგენტომ მოპასუხის მიმართ არაერთხელ გამოიყენა მკაცრი ადმინისტრაციული ღონისძიება მსგავსი ფაქტების დაფიქსირებისას, ხოლო აეროპორტში არსებულ მდგომარეობაზე მოსარჩელის შენიშვნასთან დაკავშირებით სააგენტომ დააფიქსირა, რომ მაქსიმალური ზომები მიიღებოდა აეროპორტის ექსპლუატანტის მიმართ, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორებულიყო და ფრენას საფრთხე არ შექმნოდა. ამდენად, წერილიდან ირკვევა, რომ დარღვევები 2012 წლამდეც არსებობდა. ის, რომ ძრავები შეაკეთეს 2012 წელს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ წინა წლებში არ სრულდებოდა აეროპორტის ხელოვნური საფარის მოვლის ვალდებულება.

24. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სადავო საკითხის განხილვის ოქმიც, სადაც მოპასუხის წარმომადგენლები არ უარყოფენ ხარვეზის არსებობას, 2012 წელს არის შედგენილი და არა - 2013 -2014 -წლებში.

საქმეში წარმოდგენილ მოპასუხის მენეჯერის ახსნა-განმარტებას ერთვის ცხრილი (N3), რომელშიც ასახულია აეროდრომის ხელოვნური საფარის დეფექტები და სარემონტო სამუშაოები (ცხრილი N6) წლების მიხედვით. ცხრილებიდან დგინდება, რომ ხელოვნული საფარი უფრო მეტად დაზიანებული სწორედ 2009-2012 წლებში იყო, ამასთან, საგულისხმოა, რომ ყველაზე ნაკლები სარემონტო სამუშაო სწორედ ამ პერიოდში შესრულდა.

25. ასეც რომ არ იყოს, რომ მოპასუხე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში 12.10.2012 წელს სადავო საკითხის განხილვისას, ისე - სატელევიზიო გამოსვლებისას და მოსარჩელისათვის მიწერილ წერილში ადასტურებს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მძიმე ვითარებას. აქედან გამომდინარე ივარაუდება, რომ იგივე პრობლემა 2012 წლამდეც არსებობდა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მოპასუხე თავის ახსნა-განმარტებასა თუ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც წარმოაჩენენ, რომ 2010-2011 წლებში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და მისასვლელი ბილიკი სათანადოდ მოვლილი იყო. მარტოოდენ მოპასუხის მითითება კი, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით მხოლოდ 2013-14 წლების დარღვევები დასტურდებოდა, არ არის საკმარისი იმ ვარაუდის გასაქარწყლებლად, რომ წინა წლებშიც ასეთივე ვითარება იყო ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე.

26. რაც შეეხება, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის უშუალო შედეგს, საქმეში წარმოდგენილია ძრავების შემკეთებელი კომპანიის „ტაპ მეინთენანს ენდ ენჟინირინგის“ მიერ გაცემული 16.05.2012 წლის ანგარიში, სადაც ასახულია ძრავების დაზიანების მიზეზი, ესაა - ძრავის დაბინძურება მტვრით, მიწაზე ექსპლუატაციის დროს.

ძრავების დაზიანების იგივე მიზეზია მითითებული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში. დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საჰაერო ხომალდის ძრავები, დაზიანებული იყო ძრავების ჰაერ-აირულ ტრაქტში გარეშე საგნების მოხვედრით, თუ რა გზით და როგორ მოხვდა უცხო სხეულები (ქვიშა, კენჭების, ბეტონის საფარის ნამტვრევები და სხვა) ძრავებში მითითებულია დასკვნის კვლევით ნაწილში.

27. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტების ანალიზის საფუძველზე, პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის კუთვნილი საჰაერო ხომალდების ძრავების დაზიანება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის სამიმოსვლო ბილიკისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დანაგვიანებამ და არასათანადო მოვლამ გამოიწვია.

28. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ მის მიერ წარმოდგენილი „McLarens Aviation“-ის დასკვნები არსებითად განსახვავდება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნისაგან. სასამართლომ კი, არ შეისწავლა განსხვავების მიზეზი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არის წარმოდგენილი ერთმანეთის საწინააღმდეგო ექსპერტთა დასკვნები, არამედ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი „McLarens Aviation“-ის 2015 წლის 24 მარტის „წინასწარი ანგარიში“, 2015 წლის 24 მარტის „მოსაზრებები და კომენტარები ექსპერტების დასკვნებზე“ და 2015 წლის 7 მაისის „McLarens Aviation“-ის დამატებითი ანგარიში სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის ერთგვარი შეფასებაა და არა - სადავო გარემოებასთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიზა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი, რომ ძრავები გაფუჭდა რაიმე სხვა მიზეზით, არც ის არის დადგენილი, რომ ძრავები არ დაზიანებულა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხელოვნური საფარის დაბინძურების გამო.

მათში განვითარებული მსჯელობა, რომ ძრავების დაზიანება ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არსებული მტვრის გარდა შესაძლოა, სხვა ფაქტორებსაც გამოეწვიათ, არ არის კატეგორიული და ეფუძნება ვარაუდსა და აბსტრაქტულ მსჯელობებს. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა კი, ერთმნიშვნელოვანი და მტკიცე პასუხია გამოსაკვლევ საკითხზე. ამასთან, დასკვნა დამაჯერებელია, რამდენადაც მასში ასახულია ის გზები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექსპერტი მივიდა შესაბამის დასკვნამდე. ამასთან, მითითებულია საფუძვლები და წინაპირობები, რომელსაც ეყრდნობა ექსპერტი. საექსპერტო კვლევა გამართლებულია საქმის სხვა მასალებითაც (მოსარჩელის მიერ 27.07. 2012 წლის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსათვის მიწერილი წერილით; სააგენტოს 13.08.2012 წლის საპასუხო წერილით; სააგენტოსათვის ავიაკომპანიის მიერ 28.09.2012 წელს მიწერილი წერილით; სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოსარჩელის 28.09.2012 წლის წერილის განხილვის 12.10.2012 წლის ოქმით; აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის ოქმით; მოპასუხის მიერ ტელეეთერით გაკეთებული განცხადებებით; აეროდრომის მენეჯერის ახსნა-განმარტებებითა და სხვ.).

29. რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნისა და „McLarens Aviation“-ის მიერ მომზადებული მოსაზრებების შინაარსობრივი განსხვავებულობის შემოწმებას, პალატა განმარტავს, რომ ასახული ტექნიკური დეტალები მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, რომელიც სასამართლოს არ გააჩნია, შესაბამისად, აღნიშნული სცილდება სასამართლოს კომპეტენციას. ამასთან, მათი გამოკვლევა არაარსებითია საქმისათვის, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, სამხარაულის ექსპერტის დასკვნა კატეგორიული და მეტად დამაჯერებელია. ტექნიკური დეტალების გამოკვლევა შესაძლოა, მნიშვნელოვანი ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს შეპირისპირებული მტკიცებულებებიდან არცერთი არ იქნებოდა მეორეზე მეტად დამაჯერებელი.

30. პალატა არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ ძრავების დაზიანების მიზეზი იყო ის, რომ მოსარჩელის კუთვნილი საჰაერო ხომალდები დაფრინავდნენ ადგილებში, სადაც მტვერი მომატებულია. აღნიშნულის დამტკიცების ვალდებულება მენარდეს ჰქონდა, რამდენადაც მოპასუხეს ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელსაც ეყრდნობა მისი კვალიფიციური შესაგებელი. მოპასუხემ ძრავების დაზიანებასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის ხელოვნური საფარის დაბინძურებას შორის მიზეზობრივი კავშირის გასაქარწყლებლად მითითებული გარემოებები ვერ დაამტკიცა.

31. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოსარჩელისაგან მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ საფუძვლიანად ვერ დაასაბუთა გამოსათხოვი მტკიცებულებების დავის საგანთან კავშირი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს სწორად ეთქვა უარი მტკიცებულებათა გამოთხოვაზე, ვინაიდან, მოპასუხის მიერ დასახელებული გამოსათხოვი დოკუმენტები არ არის განკუთვნადი მტკიცებულებები და არ არის მიმართული სადავო ფაქტის დადასტურებისაკენ (სსსკ-ის 104-ე მუხლი).

32. ამდენად, ძრავების დაზიანებასა და მოპასუხის მიერ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის/სამიმოსვლო ბილიკების არასათანადო მოვლას შორის მიზეზობრივი კავშირის დასადგენად, სასამართლომ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები - ძრავების დაზიანების მიზეზთან დაკავშირებული ანგარიშები, შეფასებები, ექსპერტიზის დასკვნა, მოისმინა სასამართლო პროცესზე დაკითხული ექსპერტის განმარტებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის შესახებ.

33. სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 732 322.29 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელემ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ ეს თანხა მისთვის მიყენებული ზიანია. მოსარჩელე შეგებებულ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ძრავის ექპლუატაციის პერიოდში მოსარჩელე სალიზინგო კომპანიას უხდიდა სალიზინგო საზღაურის ნაწილს იმ მიზნით, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ამ თანხიდან დაფარულიყო ძრავის რემონტის ხარჯები და არ შეყოვნებულიყო ძრავის იჯარა. სწორედ ამ თანხით დაიფარა ძრავის რემონტის საფასურის ნაწილი - 732 322.29 აშშ დოლარი. შემკვეთის არც ამ მსჯელობიდან არ გამომდინარეობს, რომ 732 322.29 აშშ დოლარი მისთვის მიყენებული ზიანია. სალიზინგო კომპანიის მიერ სარემონტო სამუშაოებისათვის გადახდილი 732 322.29 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანად, შესაძლოა, მიჩნეულიყო იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი სარწმუნოდ დაასაბუთებდა, რომ, თუ ძრავა არ დაზიანდებოდა და სარემონტო სამუშაოები არ დასჭირდებოდა, თანხა სალიზინგო კომპანიიდან დაუბრუნდებოდა. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნული ვერ დაასაბუთა. ამდენად, უსაფუძვლოა მტკიცება, რომ 732 322.29 აშშ დოლარი იყო მოსარჩელის კუთვნილი თანხა, რომლიც მას უნდა აუნაზღაურდეს.

26. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარსა და შეგებებულ საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ.უ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ჯ.ე–ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი