№ას-357-342-2016 8 ივნისი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი (მოპასუხეები) - ნ.ბ–ძე, მ.პ.გ.გ.დ.მ–ა“
წარმომადგენლები - ი.ნ–ა, გ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - პ.კ–ი, ლ.ბ–ა, ვ.გ–ა, ნ.ხ–ი, ი.ხ–ი, გ.ხ–ა, გ.თ–ი, თ.დ–ძე, მ.ქ–ძე
წარმომადგენელი - ლ.ჩ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინება, ამავე სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ყრილობის ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქ.დ.მ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ან პარტია) მთავარმა კომიტეტმა 2014 წლის 19 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რაიონული ორგანიზაციების შექმნისა და მათი დებულების დამტკიცების თაობაზე. ასევე დადგინდა, რომ 2014 წლის 6 მაისს რიგგარეშე ყრილობაზე მონაწილეობის მისაღებად პარტიის ყოველ სამ წევრზე არჩეულიყო ერთი დელეგატი. აღნიშნულის საფუძველზე, პარტიის რაიონულ ორგანიზაციებში ჩატარდა კონფერენციები და კონფერენციაზე დასასწრებად დასახელდა 365 დელეგატი.
2. 2014 წლის 6 მაისს, რიგგარეშე ყრილობაზე, რომლის დღის წესრიგს წარმოადგენდა: თავმჯდომარის არჩევა; მთავარი კომიტეტის წევრების არჩევა; გენერალური მდივნის არჩევა; სარევიზიო კომისიის არჩევა; იურიდიული მისამართის შეცვლა (ცვლილება წესდებაში), მიიღეს გადაწყვეტილება ქ.დ.მ–ის თავჯდომარედ ნ.ბ–ძის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, კასატორი) არჩევის, პარტიის გენერალური მდივნის, მთავარი კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში ცვლილებებისა და პარტიის იურიდიული მისამართის შეცვლის თაობაზე.
3. 2014 წლის 7 აგვისტოს რიგგარეშე ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ცვლილება, რომლის შესაბამისად, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ქ.დ.მ–ას“ შეეცვალა სახელი და დაერქვა მ.პ.გ.გ.დ.მ–ა“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, კასატორი).
4. პ.კ–მა, ლ.ბ–ამ, ვ.გ–ამ, ნ.ხ–მა, ი.ხ–მა, გ.ხ–ამ, გ.თ–მა, თ.დ–ძემ და მ.ქ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს ნ.ბ–ძისა და მ.პ.გ.გ.დ.მ–ის“ წინააღმდეგ (შემდეგში ერთობლივად ასევე მოხსენიებული როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) და მოითხოვეს 2014 წლის 6 მაისის ყრილობის ოქმის (შემდეგში - სადავო ოქმი) ბათილად ცნობა.
5. მოსარჩელეთა მტკიცებით, 6.05.2014 წლის ყრილობა გაიმართა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და პარტის წესდებით დადგენილი წესების დარღვევით. მას არ ესწრებოდნენ პარტიის წევრები, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები, რადგან არ ეცნობათ ყრილობის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გადასცემია ყრილობის დელეგატთა სია, რაც, წესით, ყრილობის ოქმს უნდა ერთვოდეს. ყრილობის თავმჯდომარედ არჩეული მეორე მოპასუხეც არ იყო პარტის წევრი.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი პარტიის წევრები და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები არიან. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და პარტიის წესდების მიხედვით, წევრებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნებში. ყრილობის არალეგიტიმურად გამართვით მოსარჩელეთა ეს უფლება დაირღვა. ყრილობის შედეგების ბათილობის შემთხვევაში, პარტიის წევრებს უფლება ექნებათ, თავად აირჩიონ ან/და არჩეულ იქნან ხელმძღვანელ თანამდებობებზე დადგენილი წესით.
6. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ პარტიის წევრებს რიგგარეშე ყრილობის შესახებ ეცნობათ დადგენილი წესის შესაბამისად. ყრილობა ჩატარდა კანონისა და პარტიის წესდების მიხედვით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 6 მაისის N1 ყრილობის ოქმი.
8. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი და დაასკვნა, რომ 2014 წლის 6 მაისს პარტიის ყრილობა გაიმართა ამ კანონისა და წესდების დარღვევით.
8.1. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეები სადავო ოქმის ბათილობას იმ საფუძვლით მოითხოვდნენ, რომ ყრილობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა პარტიის წევრთა მიერ, მასზე დამსწრები პირები არ იყვნენ ამ პარტიის წევრები. სასამართლომ, სსსკ-ის 102-ე, 103-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი გადაიტანა მოპაუხეებზე და მიუთითა, რომ მათ ვერ წარადგინეს იმ ძირითადი ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება, რასაც მოსარჩელეები სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითითებდნენ.
8.2. 2014 წლის 6 მაისის ყრილობაში მონაწილე დელეგატთა სიის მიხედვით, რომელიც პირველმა მოპასუხემ წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვის დროსაც, სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 1 მაისს პარტიაში 1912 წევრი იყო. ყრილობის დელეგატთა სია და საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 1 მაისის მონაცემებით შედგენილი პარტიის წევრთა სიის შედარებით დადგინდა, რომ ყრილობაზე მოწვეული დელეგატებიდან პარტიის წევრი მხოლოდ 11 დელეგატი იყო.
8.3. სასამართლოს მითითებით, გარემოება, რომ ყრილობას საკმარისი პარტიის წევრი ესწრებოდა, ვერც მოწმის ჩვენებით დადგინდა. მოწმედ დაკითხული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრის განმარტებით, ყრილობაში მონაწილეობას არ იღებდა და მისთვის უცნობია დამსწრე დელეგეტათა ვინაობა.
8.4. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ სათანადო მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, დაედგინა პარტიის 61 რაიონულ ორგანიზაციაში დასახელებული კანდიდატები ყრილობის მოწვევის დროისათვის, 2014 წლის 6 მაისისთვის, წარმოადგენდნენ თუ არა ამ პარტიის წევრებს.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
9.1. სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ წარადგინა პარტიის რაიონული კონფერენციების სრულყოფილი მასალები, სადაც ნათლად არის აღწერილი, თუ როგორ აირჩა დელეგატები პარტიის რიგგარეშე ყრილობაში მონაწილეობისათვის, რაც სრულად შეესაბამებოდა კანონისა და წესდების მოთხოვნებს.
9.2. „1912-წევრიანი“ სია არაზუსტია და იგი სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა. სასამართლომ მოპასუხეს მოსთხოვა 2014 წლის პირველი მაისის პარტიის წევრთა სიის წარდგენა. მოპასუხემ არაერთხელ განმარტა, რომ ასეთი სია არ არსებობდა, რამდენადაც 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ, პარტიის რეორგანიზაციისას, პარტია დატოვა მისი წევრების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და ნულოვანი შედეგის მქონე პარტიულ ორგანიზაციებში ხელმძღვანელი პირები შეიცვალნენ. ამდენად, რადგან 01.05.2014 წლისათვის არ არსებობდა პარტიის წევრთა სრულყოფილი და ზუსტი სია, სასამართლოს მოთხოვნით, მოპასუხე იძულებული გახდა, წარედგინა 2013 წლის არჩევნებზე წარდგენილი ძველი სია, რომელიც არასრული და ზოგადია. სწორედ ამის გამო, მოპასუხე მოითხოვდა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს გაეთვალისწინებინა პარტიის რაიონული კონფერენციების ოქმებიც, რომელთა თანახმად, პარტიის ყრილობის დელეგატები აირჩა კანონის სრული დაცვით და მასში უფრო ზუსტი მონაცემებია პარტიის წევრთა შესახებ.
9.3 აპელანტთა მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია არა პარტიის 11 დელეგატის, არამედ 42 დელეგატის უშუალო მონაწილეობა ყრილობაში. ამასთან, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ე.წ. „1912 წევრიან“ სიაში არ ირიცხებიან პარტიის არც მთავარი კომიტეტის წევრები და არც თავად მოსარჩელეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ეს სია მიიჩნევა ერთადერთ და უტყუარ მტკიცებულებად, მაშინ სასამართლომ უნდა შეაფასოს მოსარჩელეთა სათანადოობის საკითხი.
9.4. აპელანტების მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე მტკიცების ტვირთი არასწორად გადაანაწილა, რაც უკანონო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება.
10.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2013 წლის 18 დეკემბერს პარტიის მთავარმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება სტრუქტურული ქვედანაყოფის – რაიონული ორგანიზაციების გაუქმების შესახებ. მთავარი კომიტეტის ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პოლიტიკური მოძრაობის მიერ ნაჩვენები არასახარბიელო შედეგები. 2014 წლის 19 მარტს პარტიის მთავარმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რაიონული ორგანიზაციების შექმნისა და მათი დებულების დამტკიცების თაობაზე. სხდომაზე დამტკიცდა 46 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამასთან, მთავარმა კომიტეტმა იმსჯელა 2014 წლის 6 მაისს გასამართი რიგგარეშე ყრილობის დელეგატების არჩევის წესზე და დაადგინა, რომ ყოველ სამ წევრზე არჩეულიყო ერთი დელეგატი. სასამართლოს მითითებით, მოპასუხეებმა სასამართლოს წარუდგინეს მხოლოდ 17 რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის ოქმები პარტიის რიგგარეშე ყრილობის დელეგატების არჩევის შესახებ. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მითითება რაიონული ორგანიზაციების კონფერენციების ოქმების სრულყოფილად წარდგენის თაობაზე.
10.2. პალატის მითითებით, სარჩელი ეფუძნებოდა იმას, რომ ყრილობას არ ესწრებოდნენ პარტიის წევრები, შესაბამისად, ყრილობა უფლებამოსილი არ იყო, ემსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. ამასთან, სარჩელში მითითებული ამ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელეები სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდნენ სადავო ყრილობაზე მოწვეული და დამსწრე დელეგატთა სიის, ამ ყრილობაზე გაკეთებული ვიდეოჩანაწერისა და პარტიის წევრთა სიის გამოთხოვაზე პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარისგან, რადგან ამ მასალების გამოთხოვა მოპასუხისგან მათთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო. ამასთან დაკავშირებით, პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა პრეტენზია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა და განმარტა, რომ მოპასუხეებს მარტივად შეეძლოთ, სასამართლოსთვის მათ ხელთ არსებული ზემოთ მითითებული მტკიცებულებების წარდგენა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლის გაბათილება, რაც საკამარისი წინაპირობა იქნებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის სათქმელად.
10.3. სასამართლოს მითითებით, სადავო ყრილობის ოქმითვე დგინდებოდა, რომ არჩეული 365 დელეგატიდან ყრილობას ესწრებოდა 207 დელეგატი. წესდების შესაბამისად, იმისათვის, რომ 2014 წლის 6 მაისის ყრილობა გადაწყვეტილებაუნარიანი ყოფილიყო, მას უნდა დასწრებოდა მინიმუმ 183 დელეგატი (365-ის ნახევარი). ყრილობას ესწრებოდა პარტიის 11 წევრი. ამასთან, აპელანტების იმ მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომ ფორუმზე პარტიის 42 წევრი იმყოფებოდა, ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებები ვერ მიიჩნევა ლეგიტიმურად და ბათილია, რადგან, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარტიის წევრთა ან წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.
10.4. სასამართლომ სიის უზუსტობასთან დაკავშირებული პრეტენზია დაუსაბუთებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ წევრთა სია, ისევე, როგორც, 2014 წლის 6 მაისის სადავო ყრილობაში მონაწილე დელეგატების სია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2015 წლის 11 მარტს თავად პირველმა მოპასუხემ წარადგინა. ამასთან, მითითება ამ მტკიცებულების უზუსტობასთან დაკავშირებით, ისეთი ახალი ფაქტია, რაც მოპასუხეს, საპატიო მიზეზის გარეშე, არ წარუდგენია პირველი ინსტანციის სასამართლოში (სსსკ-ის 380 მუხლი).
10.5. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტების პრეტენზია, მოსარჩელეთა არასათანადოობასთან დაკავშირებითაც და მიუთითა, რომ წარდგენილ შესაგებლებში მოპასუხეები არათუ სადავოდ არ ხდიდნენ მოსარჩელეების პარტიულ კუთვნილებას, არამედ მიუთითებდნენ, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ისინი დასახელებული იყვნენ ადგილობრივი საკრებულოების წევრობის კანდიდატებად პარტიული სიით, რაც დასტურდება სარჩელზე დართული სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი პარტიული სიებითაც. მოსარჩელეთა პარტიის წევრობა სადავოდ არ გაუხდიათ მოპასუხეებს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის ზეპირი მოსმენით განხილვის სტადიაზე.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
11.1. საქმის განხილვისას აპელანტებმა სასამართლოში წარადგინეს მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოსათვის მოსარჩელეთა მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებას ადასტურებდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, გარკვეულ შემთხვევებში, დასაშვებად მიიჩნევს სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. 20.11.2005 წლის გადაწყვეტილება „იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ“ მოცემული საქმის მსგავსია იმ თვალსაზრისით, რომ პირების მცირე ნაწილმა ბოროტად გამოიყენეს სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, რამდენადაც ისინი არ იყვნენ ის სუბიექტები, რომელთა სარჩელის დაკმაყოფილებაც მათი უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვას გამოიწვევდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 115-ე მუხლი და ემსჯელა მოსარჩელეთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. სარჩელის აღძვრა არ ემსახურება მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესების დაცვას, რადგან სარჩელის დაკმაყოფილება არ გამოიწვევს პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე, არამედ - მხოლოდ უარყოფით შედეგს - საფრთხე შეექმნება პოლიტიკურ პლურალიზმს.
11.2. საქმის მიმდინარეობისას, მოსარჩელეებმა 2014 წლის ნოემბერში მოპასუხე პარტიის სახელით გამართეს ყრილობა კანონისა და წესდების სრული დარღვევით, რაც ეწინააღმდეგება მათ სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოში არ გააჩნდა ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია საპატიო მიზეზით.
11.3. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. ეს იმითაც გამოიხატა, რომ სასამართლო მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებას დაეყრდნო, რომელმაც ბოროტად ისარგებლა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით. ამასთან, სასამართლომ, ერთი მხრივ, მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებებები საკმარისად მიიჩნია სარჩელის დასაკმაყოფილებლად, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის სასარგებლოდ, მოწმის ჩვენებითაც კი, სადავო ფაქტობრივი გარემოება, თითქოს, ვერ დაადგინა.
11.4. სასამართლოს სსსკ-ის 380-ე მუხლი არ უნდა გამოეყენებინა ე.წ. „1912-კაციანი“ სიის შეფასებისას. სიის არასრულყოფილების შესახებ მოსაზრება სასამართლოს არ უნდა მიეჩნია ახალ გარემოებად და უნდა ემსჯელა მის შინაარსზე.
11.5. კასატორთა მტკიცებით, სარჩელი წარდგენილია გაყალბებული ხელმოწერებით. სააპელაციო სასამართლომ კი, უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა აპელანტთა შუამდგომლობა, იმ მტკიცებულებათა დართვის თაობაზე, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებდა. სასამართლომ არც შესაბამის ორგანოს არ მიმართა სათანადო რეაგირებისათვის.
12. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. მოსარჩელეები მოითხოვენ პარტიის 06.05.2016 წლის ყრილობის ოქმის ბათილად ცნობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყრილობის წევრთა მიერ გამოვლენილი ნება, წარმოადგენს სსკ-ის 50-ე მუხლით განსაზღვრულ მრავალმხრივ გარიგებას. შესაბამისად, ყრილობის ოქმზე ვრცელდება სსკ-ით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს) მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, თუმცა, რამდენადაც პროცესუალურსამართლებრივი თვალსაზრით, აღძრულია აღიარებითი სარჩელი, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებამდე, სასამართლო დავის მიმართ მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის არსებობას შეამოწმებს (რომელიც სამართლის საკითხია და, მიუხედავად მხარის პრეტენზიისა, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ის), ანუ პალატამ უნდა შეაფასოს, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა.
15. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა, ზოგადად, მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. სწორედ მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.
16. მოსარჩელეთა მტკიცებით, დაირღვა მათი პარტიის საქმიანობაში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება, რომელიც ასევე გარანტირებულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 5.1 (პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა) მუხლით. თავის მხრივ, პარტიის 2012 წლის წესდების თანახმად, პარტიის წევრობა სხვა უფლებებთან ერთად გულისხმობს წევრის უფლებას, აირჩიოს და არჩეულ იქნეს პარტიის ნებისმიერ ხელმძღვანელ, აღმასრულებელ თუ მაკონტროლებელ ორგანოში; დაასახელოს კანდიდატურა პარტიის ნებისმიერ ხელმძღვანელ, აღმასრულებელ თუ მაკონტროლებელ ორგანოში ასარჩევად.
სარჩელის მიხედვითვე, მოსარჩელეთა იურიდიულ ინტერესს, წარმოადგენს 06.05.2014 წლის ყრილობის გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობით პარტიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, კერძოდ, ახალი ყრილობის მოწვევისას არჩეულ იქნენ ხელმძღვანელ, აღმასრულებელ თუ მაკონტროლებელ ორგანოში.
რამდენადაც წესდების მიხედვით, პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ყრილობა, აღმასრულებელი ორგანო - მთავარი კომიტეტი, მაკონტროლებელი ორგანო კი - სარევიზიო კომისია, 06.05.2014 წლის ყრილობაზე კი, სწორედ მთავარი კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის წევრები აირჩა, მოსარჩელეებს გააჩნიათ სსკ-ის 180-ე (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) მუხლით განსაზღვრული ინტერესი, რომელიც მიმართულია მათი მართლზომიერი უფლების დაცვისა და განხორციელებისკენ. განსახილველ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება განაპირობებს ახალი ყრილობის კანონით დადგენილი წესით მოწვევას, რაც, თავის მხრივ, მოსარჩელეებს პარტიის საქმიანობაში სათანადო მონაწილეობის (მათ შორის, არჩეულ იქნენ ხელმძღვანელ, აღმასრულებელ თუ მაკონტროლებელ ორგანოებში) უფლების რეალიზაციას უზრუნველყოფს. აღნიშნული კი, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის ნამდვილობაზე მიუთითებს.
17. სსკ-ის 54-ე მუხლის კონტექსტით ყრილობის გადაწყვეტილების, როგორც მრავალმხრივი გარიგების, ნამდვილობის დადგენისათვის უნდა შემოწმდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: პარტიის წევრთა მოწვევა, კვორუმის არსებობა და სხვა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ დაცული იყო ყრილობის მოწვევის პროცედურული წესები, ყრილობას ესწრებოდნენ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარისი პარტიის წევრები და ამ საფუძვლით არ არსებობდა კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის საფუძველი.
18. დადგენილია, რომ 2014 წლის 19 მარტს პარტიის მთავარმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რიგგარეშე ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად პარტიის ყოველ სამ წევრზე ერთი დელეგატის არჩევის თაობაზე. რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებზე აირჩა 365 დელეგატი, რომელთაგან ყრილობას დაესწრო - 207.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 17.1 მუხლისა (ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარტიის წევრთა ან წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს) და პარტიის წესდების (ყრილობა უფლებამოსილია, შეუდგეს საქმიანობას თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევისა) თანახმად, ყრილობას უნდა დასწრებოდა 183 დელეგატი.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ყრილობას ესწრებოდა არჩეულ დელეგატთაგან ნახევარზე მეტი, თუმცა მოსარჩელეთა პრეტენზია ისაა, რომ თავად არჩეული დელეგატები არ იყვნენ პარტიის წევრები, კერძოდ, კვორუმისათვის საჭირო იყო, რომ დამსწრე 207 დელეგატიდან 183 (365-ის ნახევარი) პარტიის წევრი ყოფილიყო. სააპელაციო სასამართლომ ყრილობის დელეგატების სიისა და 2014 წლის 1 მაისის მონაცემებით, პარტიის წევრთა სიის შედარებით დაადგინა, რომ 207 დელეგატიდან მხოლოდ 11 იყო პარტიის წევრი.
19. მოპასუხეთა პრეტენზიის მიხედვით, რასაც ისინი საკასაციო სასამართლოშიც აფიქსირებდნენ (იხ. 19.05.2017 წლის საკასაციო სასამართლოს სხდომის ოქმი), 1.05.2014 წლის მონაცემებით, პარტიის წევრთა სია არაზუსტი, კერძოდ, არასრულყოფილი იყო და არჩეული 365 დელეგატიც პარტიის წევრია, რის გამოც ე.წ. „1912-წევრიანი“ სია (01.05.2014 წლის პარტიის წევრთა სია) და 365 დელეგატის სია სასამართლოს ერთიანად უნდა განეხილა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი კვალიფიციური შედავებისას, სწორედ მოპასუხეა ვალდებული, წარმოადგინოს საპირისპირო მტკიცებულება, რომლითაც დაარწმუნებს სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნის არამართებულობაში. მოპასუხეს ასეთი მტკიცებულება არ წარუდგენია. პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე და მიუთითებს, რომ, სსსკ-ის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, პოზიტიური მტკიცების ტვირთი ევალება იმ მხარეს, რომლის ინტერესებშიცაა ამ ფაქტის დადასტურება. ამასთან, მისთვის ობიექტურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულების წარდგენა. შესაბამისად, იმ პოზიტიური ფაქტის მტკიცება, რომ ყრილობაზე კვორუმი შედგა, სწორედ მოპასუხეს ევალებოდა. რამდენადაც პარტია აღრიცხავს მისი წევრების რაოდენობასა და ვინაობას, სწორედ მოპასუხე პარტიას ხელეწიფებოდა პარტიის სრულყოფილი სიის ან სხვა იმგვარი მტკიცებულების წარდგენაც, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ დამსწრე დელეგატთაგან 183 პარტიის წევრი იყო.
კასატორი, საკუთარი პოზიციის დამტკიცების მიზნით, ვერ მიუთითებს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულების - პარტიის სიის გამაქარწყლებელი წონადი მტკიცებულებების საქმეში არსებობასა და სასამართლოს მიერ მათი არასწორი შეფასების შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას პარტიის ყრილობის მოწვევის პროცედურის დარღვევისა და სადავო გადაწყვეტილებათა მისაღებად კვორუმის არარებობის თაობაზე.
20. კასატორებს ძირითადი პრეტენზია აქვთ მოსარჩელეთა მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებაზე. მათი აზრით, ამ მოტივით მოსარჩელეებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა შეეზღუდოთ. პალატა შედავებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე, რომლითაც გარანტირებულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სსსკ-ის მეორე მუხლი უზრუნველყოფს პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავო უფლების დასაცავად.
რაც შეეხება ამ უფლების ბოროტად გამოყენებას სსკ-ის 115-ე (სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას) მუხლის კონტექსტში, უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება ცალკეული შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების რაიმე მიზანი. კასატორები სწორედ ამგვარი მიზნის არარსებობაზე აპელირებენ და მიუთითებენ, რომ სარჩელის დაკმაყოფილება არ გამოიწვევს მოსარჩელეთა უფლებებსა და კანონიერი ინტერესებზე გავლენას. კასატორების ეს შედავება უსაფუძვლოა იმიტომაც, რომ დადგინდა მოსარჩელეთა ნამდვილი იურიდიული ინტერესი ყრილობის ოქმის ბათილად ცნობის მიმართ (იხ. პ. 16).
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, მისი ბოროტად გამოყენების მოტივით, პირს შეეზღუდება სასამართლოსათვის შინაარსობრივად ერთგვაროვანი განცხადებების მიმართვის შემთხვევაში, როდესაც თითოეული მათგანი წარმოადგენს მხოლოდ დავის გაგრძელებისა და საქმის სასამართლოს წარმოებაში ყოფნის გახანგრძლივების მცდელობას; როდესაც პირის მოქმედებები ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების ამოცანას, არამედ მიმართულია პროცესის გასაჭიანურებლად, რათა დაუსრულებელი განცხადებებითა თუ საჩივრებით მოწინააღმდეგე მხარეს მიადგეს ზიანი (შდრ სუსგ №ა-2696-ბ-15-2014, 22.09.2014; ა-746-ა-4-2011, 25.05. 2011 წელი). უდავოა, რომ ასეთი რამ მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება.
რაც შეეხება კასატორთა მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოხმობილ საქმეს - Jedamski and Jedamska v. Poland (30.11.2005), გადაწყვეტილება არ უკავშირდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებას, როგორც ამას კასატორები მიუთითებენ, არამედ, მოცემულ საქმეში, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, რადგან მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ეროვნულმა სასამართლომ მომჩივნებს დაუწესა, იყო იმდენად მაღალი, რომ მათ არაპროპორციულად შეეზღუდათ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება.
ზოგადად, ევროპული სასამართლო დასაშვებად მიიჩნევას სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას, თუ ის ემსახურება ლეგიმიტურ მიზანს და გამოყენებულ ღონისძიებასა და მისაღწევ მიზანს შორის დაცულია პროპორციულობა (Markovic and others v. Italy, 14.12.2006). ამასთან, შეზღუდვა შესაძლოა, მიზნად ისახავდეს სასამართლოს უფლების ბოროტად გამოყენებისაგან და განმეორებითი სამართალწარმოებისაგან თავის არიდებას (Ashingdane v. The United Kingdom, 28.05.1985). ამდენად, კასატორთა მითითება ევროსასამართლოს პრაქტიკასა და კონკრეტულ საქმეზე არარელევანტურია.
21. კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.12.2015 წლის საოქმო განჩინებას, რომლითაც მისი შუამდგომლობა, საქმეზე მტკიცებულებათა დართვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ სარჩელი წარდგენილია მოსარჩელეთა გაყალბებული ხელმოწერებით. საყურადღებოა, რომ 9 მოსარჩელიდან (მე-10 მოსარჩელის - დ.დ–ძის სასარჩელო განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.12.2015 წლის საოქმო გაჩინებით განუხილველად დარჩა) კასატორი 4 მოსარჩელის ხელმოწერის გაყალბებაზე აპელირებს. ხელმოწერები რომ მათ არ ეკუთვნოდათ, დაადასტურა ოთხივე მოსარჩელემაც, თუმცა, ვინაიდან ისინი დაეთანხმნენ სარჩელს და განაცხადეს, რომ დავის მიმართ გააჩნდათ ინტერესი, სსკ-ის 111.1 მუხლიდან (თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე) გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ მათ ნაწილში დავა უნდა გაგრძელებულიყო. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოცემული შემთხვევის მიმართ სსკ-ის 111.1 მუხლის გამოყენებას, რამდენადაც მატერიალურსამართლებრივი ნორმა ხელშეკრულებას შეეხება და სარჩელის მიმართ მისი განვრცობა არასწორია, იმიტომაც, რომ პროცესუალურ-სამართლებრივად (სსსკ-ის 275.1(ბ) მუხლის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება) განსხვავებული შედეგია დადგენილი. თუმცა კასატორთა პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ოთხი მოსარჩელის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვება არსებითად ვერ იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე, ისევე, როგორც ვერ იმოქმედა ერთი მოსარჩელის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვებამ, იმ პირობებში, როდესაც დანარჩენი ხუთი მოსარჩელის ხელმოწერა ნამდვილია. ამდენად, მოცემულ საპროცესო დარღვევას სააპელაციო პალატის მიერ უკანონო გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია და დავის განხილვის სამართლებრივ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
22. კასატორთა ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელეები არ არიან პარტიის წევრები, ამიტომ მათ სარჩელის აღძვრის უფლება არ ჰქონდათ. ეს პრეტენზია დაუსაბუთებელია ჯერ ერთი იმიტომ, რომ შესაგებლებში მოპასუხეები სადავოდ არ ხდიდნენ მოსარჩელეთა პარტიის წევრობას. აღნიშნული პრეტენზია არც სარჩელის ზეპირი მოსმენით განხილვის მომზადების სტადიაზე არ გაცხადებულა, შესაბამისად, სსსკ-ის 219-ე მუხლისა და 380-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ახალი გარემოებები, რადგან ისინი დაგვიანებით, საპატიო მიზეზის გარეშე წარედგინა სასამართლოს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა პარტიის წევრობა დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (იხ. პუნქტი 10.5). ამ ფაქტის მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, მათი პრეტენზია დასაშვებიც რომ იყოს, გაზიარებული ვერ იქნება დაუსაბუთებლობის გამო.
23. კასატორთა მიერ მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საქმის მიმდინარეობისას, მოსარჩელეებმა მოპასუხე პარტიის სახელით გამართეს ყრილობა კანონისა და წესდების სრული დარღვევით, პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავისათვის არარსებითია. ამ ფაქტის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, დავის განხილვის შედეგი არ შეიცვლება, რამდენადაც არ არის იმგვარი შესაგებელი, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს ყრილობის ოქმის ბათილად ცნობის მიმართ გააჩნდათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი. მოპასუხე მოსარჩელის მიერ მითითებულ და მოთხოვნის დამფუძნებელ გარემოებებს სათანადოდ ვერ შეედავა. შესაბამისად, პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ 2014 წლის 6 მაისის ყრილობის ოქმი ეწინააღმდეგება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, პარტიის წესდებას და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია.
25. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ბ–ძისა და მ.პ.გ.გ.დ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი