Facebook Twitter

№ას-369-353-2016 31 მაისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – გ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „თ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს ,,თ.ბ–სა“ (შემდეგში ტექსტი მოხსენიებული, როგორც ბანკი, კრედიტორი, მოსარჩელე) და გ.კ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მსესხებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) შორის 2009 წლის 25 აგვისტოს გაფორმებული საბანკო კრედიტის (საკრედიტო ბარათის) ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა მსესხებლის ანგარიშზე დაუშვა საკრედიტო ლიმიტი 3 000 ლარი, სარგებლის - წლიური 27%-ის დარიცხვით. მოპასუხეს ყოველი თვის 25 რიცხვამდე უნდა დაეფარა მინიმალური თანხა - ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%. საკრედიტო ბარათის ინდივიდუალური პირობების შესახებ წერილობით ინფორმაციაზე ხელმოწერით მოპასუხემ დაადასტურა, რომ იცნობდა და ეთანხმებოდა ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ხელშეკრულებას - „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“. ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებული იყო, გადაეხადა ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარი და 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2. მოგვიანებით, საკრედიტო ლიმიტი გაიზარდა და, სააბოლოოდ, მოპასუხემ 3 300.59 ლარი კრედიტი მიიღო.

3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მას 2011 წლის 28 დეკემბერს, 370 ლარის გადახდის შემდეგ, ბანკისთვის თანხა აღარ ჩაურიცხავს.

4. 2015 წლის 16 მარტს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და, მოითხოვა დავალიანების (2014 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით) - სესხის ძირითადი თანხის - 3 300.59 ლარის, პროცენტის - 2 978.74 ლარისა და პირგასამტეხლოს - 4 756.13 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. შემდგომში პირგასამტეხლო შეამცირა 475 ლარამდე (მოსარჩელის 26.06.2015 წლის განცხადება).

5. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ დაფარა დავალიანება.

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას ბანკის მიმართ დავალიანება არ აქვს, რამდენადაც ისესხა 3 300.59 ლარი და დააბრუნა 9 267.50 ლარი. ამასთან, ბანკის მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რადგან ხანდაზმულობის ვადა აითვლება თანხის გადახდის ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. 2011 წლის 31 დეკემბერს გადასახდელი თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 1 იანვარს და დასრულდა 2015 წლის 1 იანვარს. მოსარჩელემ კი, სარჩელი 2015 წლის 16 მარტს აღძრა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 3 300,59 ლარის, პროცენტის - 2 978,74 ლარისა და პირგასამტეხლოს - 475 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

8. პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 365-ე, 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე მუხლები და მიუთითა შემდეგი:

8.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით. მსესხებელმა მოსარჩელისგან განუსაზღვრელი ვადით, დროებითი სარგებლობით მიიღო თანხა, რისთვისაც ვალდებული იყო, გადაეხადა საპროცენტო სარგებელი, კერძოდ, ყოველთვიურად საბანკო ანგარიშზე განეთავსებინა წინა პერიოდში ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%. შესაბამისად, მსესხებელს უფლება ჰქონდა, კრედიტი განეკარგა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ხოლო მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, დაბრუნება მოეთხოვა ნებისმიერ დროს, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება არ იყო.

8.2. სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულება მოსარჩელეს ანიჭებდა უფლებას, და არ აკისრებდა ვალდებულებას, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა კრედიტის დაფარვა. მსგავსად არის მოწესრიგებული საკითხი სსკ-ის 365-ე მუხლითაც, რომელიც კრედიტორს ანიჭებს უფლებას, საკუთარი შეხედულების მიხედვით, ნებისმიერ დროს მოითხოვოს იმ ვალდებულების შესრულება, რომლის შესრულებისთვისაც დრო განსაზღვრული არ არის.

8.3. სასამართლომ მიუთითა, რომ ბანკს სარჩელის აღძვრამდე, 2009 წლის 25 აგვისტოს, ხელშეკრულების შეწყვეტისა და კრედიტის დაბრუნების მოთხოვნით მსესხებლისათვის არ მიუმართავს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შესაგებელი ბანკის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

8.4. სასამართლოს მითითებით უდავო იყო, რომ მსესხებელმა სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისათვის სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

8.5. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში თანხის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მსესხებელმა ამ ვადებს გადააცილა, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:

9.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ საკრედიტო ლიმიტის მოცულობა გაიზარდა 3 300,59 ლარამდე. საკრედიტო ბარათის პირობების შესახებ ინფორმაცია ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ მსესხებელზე გაიცა მხოლოდ 3 000 ლარი. მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საკრედიტო ლიმიტის გაზრდას, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

9.2. სასამართლოს არ უნდა მიეჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ მსესხებელი 16.8 პუნქტს (ფიქსირებული და ვადაგადაცილებული პირგასამტეხლოს შესახებ) იცნობდა და ეთანხმებოდა. ბანკს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების დროს ასეთი ხელშეკრულება ნამდვილად ჰქონდა განთავსებული ვებგვერდზე.

9.3. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოთხოვნასთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადის ათვლის დრო. ამასთან, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 365-ე მუხლი.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.1. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი 25.08.2009 წლის მოპასუხის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელშიც ასახულია ინფორმაცია საკრედიტო ბარათის ინდივიდუალური პირობების შესახებ. მითითებული პირობების შესაბამისად, ამ განაცხადის ხელმოწერით განმცხადებელი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტგვერდზე განთავსებულ საბანკო ოპერაციების შესახებ ხელშეკრულების პირობებს, ეთანხმება და უერთდება მას. ამდენად, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ბანკის ვებგვერდზე მის მიერ მოწონებული ხელშეკრულება არ იყო განთავსებული მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რასაც ამ უკანასკნელმა თავი ვერ გაართვა.

10.2. პალატის მითითებით, ხელშეკრულებით (18.7.2 პუნქტი) მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით, ბარათის მფლობელისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშზე დაუშვას საკრედიტო ლიმიტი, გაზარდოს უკვე დაშვებული ლიმიტი ან მოქმედების ვადა, რაზეც მფლობელი თანხმობას აცხადებს საკრედიტო ბარათზე ხელმოწერით. ამდენად, მხარეებს საკრედიტო ლიმიტის გასაზრდელად ახალი ხელშეკრულების დადება აღარ ესაჭიროებოდათ, რადგან მათ შორის დადებული ხელშეკრულების პირობები საკრედიტო ლიმიტის გაზრდას იმთავითვე ითვალისწინებდა.

10.3. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება უვადოდ იყო დადებული და, თავისი არსით, განსხვავდებოდა ვადიანი საკრედიტო ხელშეკრულებებისაგან, სადაც ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელია და როგორც ძირი თანხის ნაწილის დაფარვას, ისე - პროცენტისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდას მოიცავს. სასამართლოს მითითებით, საკრედიტო ბარათის სპეციფიკის გათვალისწინებით, მხარეთა შორის ისეთი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაა დადებული, როდესაც მსესხებელი საბანკო დაწესებულებისაგან, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, თუმცა დროებითი სარგებლობით იღებს თანხას, რისთვისაც იხდის წლიურ საპროცენტო სარგებელს. ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა კი, შეადგენს ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს და წინა პერიოდში დარიცხულ პროცენტს. ამდენად, მსესხებელი საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტამდე თანხას გამსესხებელ საკრედიტო დაწესებულებას კი არ უბრუნებს და ამით, პერიოდულ ვალდებულებებს კი არ ასრულებს, არამედ ამ თანხას კვლავ საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დებს. საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებით, მსესხებელი ნასესხებ თანხას განკარგავს იქამდე, სანამ ხელშეკრულება არ შეწყდება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ბანკის მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ პრეტენზიაზე მითითებით:

11.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, სწორად განისაზღვროს ხანდაზმულობის ვადის დაწყების დრო. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, ყოველი თვის ბოლოს შეეტანა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%, რაც 2012 წლის იანვრიდან აღარ შეუტანია. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს. სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ ბანკს უფლება აქვს, 20 წლის მერე შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოთხოვნის უფლება მაინც ექნება. ხელშეკრულების თანახმად, კლიენტის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება. შესაბამისად, თუ ვალდებულების დარღვევა იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების წარმოშობას, ეს დარღვევა რატომ არ უნდა განიხილებოდეს ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის მომენტად.

11.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სსკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე, ბანკს უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს შეეწყვიტა ხელშეკრულება და, შესაბამისად, ნებისმიერ დროს გააჩნდა მოთხოვნის უფლება, გამოიწვევს მახინჯი პრაქტიკის დამკვიდრებას.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხად გაცემული საბანკო კრედიტის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

15. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმომშობი ფაქტობრივი წინაპირობები კასატორს საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია. მისი პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია სსკ-ის 128.1-ე, 129.1-ე, 130-ე, 145-ე მუხლებიდან გამომდინარე და, შესაბამისად, შეუძლია, უარი თქვას შესრულებაზე სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამდენად, მოპასუხის მტკიცებით, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის გამო, მოთხოვნა განხორციელებადი არ არის.

16. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა განსაზღვრული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. სუსგ №ას-934-899-2016, 14.02.17).

17. უდავოა, რომ 25.08.2009 წლის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხი უნდა დაბრუნებულიყო შემდეგნაირად: მოპასუხეს ყოველი თვის 25 რიცხვამდე უნდა დაეფარა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%. შესაბამისად, მსესხებელს ბანკისათვის კრედიტი არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ უნდა დაებრუნებინა. ამგვარი გარიგება კი, სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს წარმოშობს. იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის განსხვავებული წესს ითვალისწინებს, კერძოდ, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და თითოეული ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია (სსკ-ის 129.2 მუხლი) (შდრ. სუსგ Nას-1432-1351-2012, 20.05.2013 წელი; Nას-1005-966-2014, 08.06.2015 წელი).

18. დადგენილია, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ბოლოს 2011 წლის 28 დეკემბერს შეასრულა. ხელშეკრულების თანახმად, მას თანხის გადახდის მომდევნო ვალდებულება 2012 წლის 25 იანვარს უნდა შეესრულებინა, ამიტომ, 2012 წლის 25 იანვარს ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 3 300.59 ლარის 10%-ის გადაუხდელობის გამო, კრედიტორს წარმოეშვა ამ თანხის მოთხოვნის უფლება 2012 წლის 26 იანვრიდან. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს შემდეგი გადახდა 2012 წლის 25 თებერვალს უწევდა. როგორც აღინიშნა, თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლაც თითოეულისთვის დამოუკიდებლად იწყება. შესაბამისად, 2012 წლის 25 იანვარს შესასრულებელი ვალდებულების 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2015 წლის 26 იანვარს, ხოლო ამავე წლის 25 თებერვალს შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის ვადა 2015 წლის 26 თებერვალს. ბანკმა სასამართლოში სარჩელი აღძრა 2015 წლის 16 მარტს. შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია ორი თვის (იანვრისა და თებერვლის) სესხის ძირი თანხისა და სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს მოპასუხის შესაგებელს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი ხანდაზმული იყო. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ 2012 წლის 25 მარტიდან წარმოშობილი დავალიანება. დადგენილია, რომ მსესხებელმა მიიღო კრედიტი - 3300.59 ლარი, რომლის 10 % - 330.05 ლარი უნდა დაეფარა ყოველთვიურად. შესაბამისად, ორი თვის გადასახდელი იყო 660.10 ლარი, რომლის მოპასუხისათვის დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხა 2640.49 ( 3300.59-660.10) ლარი.

19. რაც შეეხება სარგებელს, სსკ-ის 145-ე (მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა) მუხლიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად, ორი თვის სარგებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც გასულად მიიჩნევა, კერძოდ, თვიური სარგებელი შეადგენდა 82.74 (2978/36) ლარს, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას 165.44 (82.74X2) ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარგებლის - 2812.56 (2978-165.44) ლარის გადახდა.

20. კასატორს არ წარმოუდგენია პრეტენზია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 475 ლარის შემცირების თაობაზე. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ კასატორის ამგვარი პრეტენზიის შემთხვევაშიც, ამ ტიპის საკრედიტო ურთიერთობისათვის მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა (წლიური 2.7 %) არის საბანკო მომსახურების ტარიფების შესაბამისი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2015 წლის 16 მარტიდან გასულია ორ წელზე მეტი და, ცხადია, კრედიტის დაუბრუნებლობით ბანკს ადგება ზიანი, თუმცა მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პროცენტის დაკისრება არ მოუთხოვია.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. პალატა აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებას და, ახალი გადაწყვეტილებით, საკასაციო საჩივარს ნაწილობრივ აკმაყოფილებს.

22. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

23. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო საჩივარზე – 270 ლარი აქვს გადახდილი, საკასაციო საჩივარზე – 338.00 ლარი. მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 331.06 ლარი გადაიხადა.

24. საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეს (კასატორს), უნდა დაეკისროს 177.86 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გაღებული სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. რამდენადაც მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა (იხ.პ 4), მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 331.06 ლარის ნაწილი, 128.41 ლარი. მოსარჩელეს, მოპასუხის (კასატორის) სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 74.30 ლარის გადახდა სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ.კ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „თ.ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. გ.კ–ს, სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 5928.75 ლარის გადახდა;

5. გ.კ–ს, სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 177.86 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

6. სს „თ.ბ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 331.06 ლარის ნაწილი, 128.41 ლარი (გადახდის თარიღი – 12.03.2015, საგადასახადო დავალება №8);

7. სს „თ.ბ–ს“, გ.კ–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 74.30 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი