Facebook Twitter

23 სექტემბერი, 2016 წელი,

№ას-544-519-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ლ.ლ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - თ.გ–ი, ნოტარიუსი ე.შ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.ლ–ი (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი, მსესხებელი, მოვალე) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, მოვალის სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელსეკრულების შეწყვეტილად მიჩნევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2.1. კასატორის მოსაზრებით, კრედიტორს არა აქვს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დროს მოთხოვნის ნაწილობრივ დათმობის უფლება. კასატორის მტკიცებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 295-ე მუხლის დეფინიცია კრძალავს მოთხოვნის ნაწილობრივ გადაცემას და იგი ერთდროულად და ერთობლივად უნდა განხორციელდეს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. 2013 წლის 25 ივლისს თ.გ–სა (შემდეგში - მოპასუხე, კრედიტორი, გამსესხებელი, მოთხოვნის დამთმობი) და მოსარჩელეს შორის დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს ასესხა 17 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 5%-ის დარიცხვით და გადახდით, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის უძრავი ქონება. სესხის დაბრუნების ვადად 2014 წლის 25 იანვარი განისაზღვრა. იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

5.2.2. 2013 წლის 10 დეკემბერს კრედიტორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნიდან ნ.ბ–ს (შემდეგში - მოთხოვნის მფლობელი) 2000 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული სარგებლისა და შესაძლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნის უფლება დაუთმო.

5.2.3. 2014 წლის 7 თებერვალს ნოტარიუსმა მოთხოვნის მფლობელის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლითაც კრედიტორის დაკმაყოფილების მიზნით, იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია განისაზღვრა. აუქციონზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება 7 200 ლარად მსესხებელმა შეიძინა.

5.2.4. 2014 წლის 4 აგვისტოს მოთხოვნის დამთმობის სასარგებლოდ საღსრულებო ფურცელი გაიცა და კრედიტორის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია დადგინდა.

6. განსახილველ შემთხვევაში, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას სსკ-ის 427-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება)) მუხლის წინაპირობების არარსებობა განაპირობებს.

7. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხისგან 17 000 აშშ დოლარი ისესხა, საიდანაც 2014 წელს კრედიტორმა 2000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება მესამე პირს დაუთმო, ხოლო 15 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება გამსესხებელმა დაიტოვა. სსკ-ის 295-ე მუხლის (იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც. მოთხოვნის გადაცემა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ნამდვილად, როდესაც წერილობითი ფორმით დადებული გარიგება იპოთეკის დადგენის შესახებ ან იპოთეკის მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაეცემა ახალ კრედიტორს (ამ კოდექსის 289​4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით). მოთხოვნის გადაცემა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაცემულია იპოთეკის მოწმობა) დანაწესი ერთმნიშვნელოვანად განსაზღვრავს, რომ იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც. საკასაციო პალატა არ იზიარებს მითითებული ნორმის კასატორისეულ ინტერპრეტაციას და განმარტავს, რომ სსსკ-ის 295-ე მუხლი ადგენს არ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილობრივ დათმობის აკრძალვას, არამედ, განსაზღვრავს, რომ თუკი სასესხო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით, მაშინ გამსესხებლის მოთხოვნის უფლების დათმობის დროს (ნაწილობრივ იქნება ეს თუ სრულად), იმავდროულად მოთხოვნის მფლობელზე გადადის იპოთეკაც, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება და იპოთეკა ახალ მფლობელზე გადადის ერთდროულად და ერთობლვად. დაუშვებელია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება გადავიდეს ახალ მფლობელზე, ხოლო იპოთეკა დარჩეს კრედიტორის სახელზე. სსკ-ის 295-ე მუხლში დეფინირებული მიდგომა გამომდინარეობს და სამართლებრივ თანხვედრაშია თავად იპოთეკის როგორც აქცესორული უფლების არსთან. იპოთეკა, სანივთო სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას.

8. საკასაციო პალატის განმარტებით, მოთხოვნის ნაწილობრივ დათმობისას იპოთეკის საგანი უზრუნველყოფს როგორც მოთხოვნის ახალი მფლობელის, ისე თავდაპირველი კრედიტორის უფლებას, მოვალის მიერ სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაციით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. საკასაციო პალატა აქვე მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს სსკ-ის 3065.5 მუხლი (საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება), რომლის თანახმად, იპოთეკის საგნის რეალიზაციისას იპოთეკის საგნიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებას ინარჩუნებენ ის იპოთეკარები, რომლებიც რეგისტირებული არიან, იმ იპოთეკარის წინმსწრებად, ვისი მოთხოვნითაც განხორციელდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. კონკრეტულ შემთხვევაში, იპოთეკის საგანზე თავდაპირველად იპოთეკარად დარეგისტრირდა მოპასუხე, ხოლო 2000 აშშ დოლარის მოთხოვნის დათმობის შემდგომ მოთხოვნის მფლობელიც. 2014 წლის 7 თებერვალს იპოთეკის საგანი აუქციონზე გაიყიდა მოთხოვნის მფლობელის სამართლებრივი ინტერესის (2000 აშშ დოლარის და მასზე დარიცული პირგასამტეხოსა და საპროცენტო სარგებლის) დაკმაყოფილების მიზნით, თუმცა შემძენს საკუთრებაში გადაეცა არა იპოთეკისგან თავისუფალი, არამედ 15 000 აშშ დოლარის სასეხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად დატვირთული საგანი. შესაბამისად, კასატორის შედავებას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მოვალემ ამ დავის ფარგლებში ვერ შეძლო სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, რაც სსკ-ის 427-ე მუხლის შესატყვისად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გაუქმების კანონიერი საფუძველია.

9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 1778.20 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1778.20 ლარის, საგადახდო დავალება #5, გადახდის თარიღი 29.06.2016) 70% – 1244.74 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ლ.ლ–ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1778.20 ლარის, საგადახდო დავალება #5, გადახდის თარიღი 29.06.2016) 70% – 1244.74 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი