Facebook Twitter

№ას-638-609-2016 31 მაისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – დ.ს–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „თ.ს.კ–ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „თ.ს.კ–ასა“ (შემდეგში: დამსაქმებელი, კომპანია, საწარმო, მოპასუხე) და დ.ს–ს (შემდეგში: დასაქმებული, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) შორის 2013 წლის 19 ივლისს დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ სადგურის მორიგის თანამდებობაზე დაინიშნა. შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 3.34 ლარით საათში და ყოველთვიური დანამატი 50 ლარით.

2. 2015 წლის 11 იანვარს მოსარჩელე სამსახურში 45 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა. დროულად გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ დამსაქმებლისთვის არ უცნობებია. ამ უკანასკნელმაც ვერ შეძლო მოსარჩელესთან დაკავშირება, რადგან მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. საჭირო გახდა სარეზერვო მორიგის გამოძახება.

3. მოსარჩელეს მისმა უშუალო ხელმძღვანელმა ი.ბ–ძემ (შემდგომში: ხელმძღვანელი ან უფროსი) სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისთვის ახსნა-განმარტების დაწერა მოსთხოვა, რაზეც დასაქმებულმა უარი განაცხადა და ხელმძღვანელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვა თანამშრომლების თანდასწრებით. აღნიშნულის გამო, საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციამ მოსარჩელე დააკავა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 იანვრის დადგენილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში.

5. 2015 წლის 12 იანვარს დამსაქმებლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის („მოძრაობის სამსახურმა“) უფროსმა ჩაატარა დისციპლინური წარმოება ინციდენტზე და მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობრივი ინსტრუქციის 3.1 პუნქტის, საწარმოს შრომის შინაგანაწესის 3.1.1, 3.1.2 და 3.1.3 პუნქტების დარღვევისთვის, დასაქმებულის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.

6. შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან შეწყდა კომპანიის გენერალური დირექტორის 2015 წლის 13 იანვრის #01/1-3/2/89 ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ ქვეპუნქტის საფუძველზე.

7. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

7.1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2015 წლის 13 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობა;

7.2. სამუშაოზე აღდგენა;

7.3. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის 13 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე;

8. მოსარჩელის მტკიცებით, იგი წლების მანძილზე პირნათლად ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს, არცერთი დარღვევა ან გადაცდომა სამსახურებრივი საქმიანობის დროს არ ჩაუდენია და მისთვის უცნობია, რა გახდა გათავისუფლების მიზეზი. მისი მტკიცებით, გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, ის უნდა გაუქმდეს, მოსარჩელე აღდგეს პირვანდელ თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ, შრომის კანონმდებლობისა და ხელშეკრულების უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. დასაქმებულისათვის გათავისუფლების მიზეზი ცნობილი იყო, რამდენადაც გათავისუფლებას საფუძვლად მის მიერ ვალდებულებების უხეში დარღვევა დაედო. დამატებით, გათავისუფლების წერილობითი ფორმით დასაბუთების მოთხოვნით, მას კომპანიისათვის არ მიუმართავს.

მოსარჩელის მიმართ სხვა დროსაც გამოყენებულა დისციპლინური ზომები. რაც შეეხება 2015 წლის 11 იანვარს სამსახურში დაგვიანებას, მას ჰქონდა შესაძლებლობა, თუ თავისი ტელეფონით ვერ რეკავდა, სხვისთვის ეთხოვა დარეკვა, თუნდაც ცხელ ხაზზე შეტყობინების დატოვების გზით, მით უმეტეს, რომ მას მსგავსი დარღვევა უკვე ჰქონდა. დაგვიანების შემთხვევაში, სამსახურში შემცვლელის მოძებნა აუცილებელი ხდება, შესაბამისად, დროული რეაგირება აუცილებელია შეუფერხებლად მუშაობისათვის. მოსარჩელემ სამსახურის მიმართ უპასუხისმგებლობა აშკარად გამოავლინა. მიუხედავად სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისა, მან უარი განაცხადა უფროსის კანონიერ მოთხოვნაზე, დაეწერა ახსნა-განმარტება და შეურაცხყოფა მიაყენა მას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნები უკანონოა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვლინდებოდა ორი სახის დარღვევა - ერთი, მოსარჩელის მიერ სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება, როცა დაგვიანების მიზეზების თაობაზე უცნობი იყო დამსაქმებლისთვის, დასაქმებულთან კონტაქტი კი, შეუძლებელი, მობილური ტელეფონის გათიშვის გამო და მეორე - დამსაქმებელთან შეკამათება, რასაც უშუალო უფროსის მიმართ შეურაცხყოფა მოჰყვა.

10.2. სასამართლოს მითითებით, 2015 წლის 11 იანვრის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს პრეიუდიციული მნიშვნელობა ჰქონდათ წინამდებარე საქმეზე. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ მართლაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა უფროსს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს დარღვევა შეუძლებელს ხდიდა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას, არღვევდა სხვა ადამიანის უფლებებს. განსაკუთრებით, უშუალო უფროსის მიმართ გამოხატული შეურაცხყოფა, საფუძველი იყო დასაქმებულის მიმართ ისეთი მკაცრი ღონისძიების გატარებისა, როგორიცაა, სამსახურიდან გათავისუფლება.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

11.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს საფუძვლად დაუდო 2015 წლის 11 იანვარს უფროსისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, მსჯელობა იმის შესახებ, რომ არსებობს მისი ბრალეულობა კონფლიქტში, უსაფუძვლოა. სასამართლომ არ გაითვალისწინა კონფლიქტის რეალური გარემოებები. აპელანტის განმარტებით, ხელმძღვანელმა თავად მიაყენა შეურაცხყოფა მას და სწორედ მოსარჩელემ გამოიძახა პოლიცია.

11.2. ამასთან, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ორი პირი ერთმანეთს შეეკამათა და ერთი მეორის ხელმძღვანელია, კანონმდებლობით, გათავისუფლების საფუძველი არ არის.

11.3. აპელანტს არ ჩაჰბარებია ბრძანება, გათავისუფლების სრული ახსნა-განმარტებით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ ქვეპუნქტი.

12.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზიები და მიუთითა კომისიის დასკვნზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ ჩაიდინა კომპანიის თანამშრომლისთვის შეუფერებელი საქციელი, დააგვიანა სამსახურში და, თავისი დანაშაულის შეგნებისა და გაცნობიერების ნაცვლად, პირიქით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სადგურის უფროსს. საკითხის გადაწყვეტისას, გათვალისწინდა ის ფაქტიც, რომ დასაქმებულმა ადრეც არაერთხელ ჩაიდინა ანალოგიური დარღვევა, რის გამოც გამოეცხადა საყვედური და შენიშვნა. სასამართლომ აღნიშნა, რომ დისციპლინური წარმოებისას ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ, როგორც დასაქმებულსა და მის უფროსს, ისე, ფაქტის შემსწრე სხვა თანამშრომლებს. საკითხი განხილულ იქნა კომისიურად, სამსახურის უფროსთან თვით მოსარჩელის მონაწილეობით.

12.2. სასამართლომ იმაზეც მიუთითა, რომ მოპასუხე კომპანია უწყვეტად მოქმედი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია, რომლის მოვალეობა მოსახლეობის სწრაფი და უსაფრთხო გადაყვანაა. შესაბამისად, კომპანიის საქმიანობის სფერო უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, მისი გამართული საქმიანობა მუნიციპალური ტრანსპორტით უამრავი მოქალაქის სწრაფი, უსაფრთხო და უწყვეტად გადაადგილების უფლებებზე აისახება. ამით აიხსენება კომპანიის შინაგანაწესის მესამე პუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის ვალდებულება, სამუშაოზე მკაცრად განსაზღვრულ დროს გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ წინა დღით ან იმავე დღეს სამუშაო საათების დაწყებამდე დამსაქმებლის ინფორმირებაზე, სპეციალურ ნომერზე დარეკვით და უშუალო ხელმძღვანელისთვის შეტყობინებით. მართალია, ბმა ,,ლ–ს’’ თავმჯდომარის 11.01.2015 წლის განცხადებით ირკვევა, რომ 11.01.2015 წელს, 7 საათზე მოსარჩელე ლიფტის კაბინაში ჩაიკეტა, რაც ამ უკანასკნელის სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების მიზეზი გახდა, თუმცა აღნიშნული არ აქარწყლებს დასაქმებულის მიერ ჩადენილ გადაცდომას, რადგან მან სამსახურში დროული გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ არ აცნობა არც უშუალო ხელმძღვანელს და არც შეტყობინება არ დატოვა ასეთი შემთხვევებისთვის სპეციალურად განსაზღვრულ ცხელ ხაზზე. უფრო მეტიც, მისი ტელეფონი გათიშული იყო, რის გამოც დამსაქმებელმაც ვერ შეძლო დაკავშირება. ამასთან, სამსახურში 45 წუთის დაგვიანებით გამოცხადებულმა დასაქმებულმა, უშუალო ხელმძღვანელს, რომელმაც მას კანონიერად მოსთხოვა ახსნა-განმარტების დაწერა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვა თანამშრომლების თანდასწრებით და უარი განაცხადა ახსნა-განმარტების დაწერაზე. კონფლიქტის განსამუხტავად საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება. მოსარჩელის მიერ ამ დროს ჩადენილი ქმედება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით დაკვალიფიცირდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. ნიშანდობლივია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებულის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვისას ამ უკანასკნელმა აღიარა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

12.3. სააპელაციო სასამართლომ, სამსახურის სპეციფიკის, დარღვევის სიმძიმის, ხასიათის, სიხშირისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი უხეში დარღვევის ადეკვატურ ღონისძიებად მიაჩნია.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

13.1. კასატორი მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა არასწორად გამოიყენა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. მართალია, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ულტრა რაციოს“ პრინციპზე, თუმცა, საბოლოოდ, მან სწორად არ შეაფასა დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედება. სასამართლოს არ უმსჯელია დასაქმებულის მიერ გამოყენებული სანქციის პროპორციულობაზე ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით.

13.2. 2015 წლის 11 იანვარს ფორსმაჟორული გარემოების - ლიფტის კაბინაში ჩაკეტვის გამო, მან 45 წუთით დაიგვიანა სამსახურში. ამ პერიოდში მას დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა, რაც მისი ბრალეული ქმედებით არ იყო გამოწვეული, რამდენადაც ამ შედეგს ვერ გაითვალისწინებდა. ამ დროის განმავლობაში მისი მობილური ტელეფონი გამოსული იყო მწყობრიდან და ვერ მოახერხა დამსაქმებელთან დაკავშირება, თუმცა შესაძლებლობისთანავე სამსახურში გამოცხადდა.

13.3. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელის დროულად გამოუცხადებლობას ხელი არ შეუშლია საწარმოს მუშაობაში, რამდენადაც სამსახურს სათადარიგო მორიგის გამოძახების შესაძლებლობაც ჰქონდა, ამიტომ სამსახურში დაგვიანება უხეშ ქმედებად არ უნდა შეფასებულიყო.

13.4. რაც შეეხება სადგურის უფროსთან კონფლიქტს, ეს უკანასკნელი შემჩნეული იყო თანამშრომლებთან ცუდი დამოკიდებულებით, ხულიგნური ქცევებით, რის გამოც მოგვიანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

13.5. ამასთან, რამდენადაც დასაქმებულმა პირველად დაარღვია ვალდებულება, დამსაქმებელს შეეძლო, გამოეყენებინა შედარებით მსუბუქი სანქცია და არ მიემართა ყველაზე მკაცრი სასჯელისათვის.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სადავო ბრძანების ბათილად ცნობა და უფლებრივი რესტიტუცია სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევა. დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიხატა როგორც ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოვალეობების დარღვევით, ისე - შეუფერებელი ყოფაქცევით, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 იანვრის დადგენილებით, მოპასუხის განმარტებით, სამსახურის უფროსთან ჩატარებული განხილვის N2 ოქმით, თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათებითა და დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებით.

18. მართალია, მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ მისთვის უცნობი იყო სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, თუმცა სააპელაციო საჩივარში დაადასტურა უშუალო უფროსთან ინციდენტის ფაქტი, მაგრამ მიუთითა, რომ მას ბრალი არ მიუძღოდა ამ კონფლიქტში. კასატორი საკასაციო საჩივარშიც ამტკიცებს, რომ სადგურის უფროსი თავად იყო კონფლიქტური და გამოირჩეოდა თანამშრომლებთან უხეში დამოკიდებულებით. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 იანვრის დადგენილებაზე, რომლის მიხედვით, სწორედ მოსარჩელემ და არა - მისმა უფროსმა ჩაიდინა სამართალდარღვევა. ამასთან, დადგენილებითვე ირკვევა, რომ დასაქმებულმა აღიარა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ასეც რომ არ იყოს, მოსარჩელემ მოგვიანებით, ხელმძღვანელობის მიერ ამ ფაქტის მოკვლევისას დაწერილ ახსნა-განმარტებაში დაადასტურა, რომ, სამსახურში დაგვიანების გამო, მიუხედავად უფროსის მოთხოვნისა, ახსნა-განმარტების დაწერაზე უარი განაცხადა. დასაქმებულთან გაფორმებული ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, იგი ვალდებული იყო, უშუალო ხელმძღვანელის ეს მითითება შეესრულებინა, რაც ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის დარღვევის გარდა, სწორედ დასაქმებულის მიერ კონფლიქტური ვითარების წარმოქმნაზე მიუთითებს.

19. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირისპიროდ, სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაშვები და სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მის მიერ ჩადენილი გადაცდომების ფაქტს და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს გააბათილებდა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ამ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით.

20. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, რომ სამსახურში დაგვიანება სასამართლოს უხეშ დარღვევად არ უნდა შეეფასებინა, პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს სასამსახურში დაგვიანება განცალკევებულად, უხეშ დარღვევად არ შეუფასებია, თუმცა მიუთითა კომპანიის დანიშნულებიდან გამომდინარე სამსახურში დროულად გამოცხადების მნიშვნელობასა და, აქედან გამომდინარე, დასაქმებულის ვალდებულებაზე დროულად და დადგენილი წესით ეცნობებინა დამსაქმებლისათვის დაგვიანების თაობაზე, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. ამასთან, დაგვიანების გარდა, მოსარჩელემ ხელშეკრულების სხვა პირობაც დაარღვია, როგორც აღინიშნა, მან არ შეასრულა უშუალო უფროსის მითითება ახსნა-განმარტების დაწერის თაობაზე.

21. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ მის მიერ ჩადენილი დარღვევა არ იყო ისეთი ხასიათის, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებდა, რასაც პალატა არ იზიარებს. დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევა არის თუ არა „უხეში“, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ინდივიდუალური შეფასების საგანია, რაც ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით ფასდება, პირველ რიგში კი, სამსახურის დანიშნულებისა და დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებით, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ჩაიდინა ისეთი გადაცდომა, რომელიც, მიუხედავად სამსახურის დანიშნულებისა და დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებისა, მასთან ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებდა, კერძოდ, იგი უფროსის კანონიერ მოთხოვნას არა მარტო არ დაემორჩილა, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვა თანამშრომლების თანდასწრებით, თავისი საქციელით დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რის გამოც საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება და დასაქმებულის დაკავება. ამდენად, მოსარჩელემ არასათანადო პროფესიული ქცევის (პროფესიულ ვალდებულებათა მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, შეტყობინების გარეშე სამსახურში დაგვიანება, დამსაქმებლის ლეგიტიმური მითითებების დაუმორჩილებლობა) გარდა, ვალდებულებები შეუფერებელი ყოფაქცევით (საზოგადოებრივი წესრიგის საწინააღმდეგო ქმედება, უშუალო უფროსს სიტყვიერი შეურაცხყოფა, სამუშაო ადგილზე სიმშვიდისა და წესრიგის დარღვევა) ბრალეულად დაარღვია. გათავისუფლების საფუძვლების შემოწმების მიზნებისათვის კი, ბრალის ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს.

22. დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევის ხარისხის შეფასებისას, მნიშვნელოვანია ის საფრთხეც, რომელიც შესაძლებელია, უკავშირდებოდეს ასეთი სახის დამოკიდებულებას უფროსისა თუ ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ, სამსახურისა და შრომითი მოვალეობების მიმართ პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობას. პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევა იმდენად მძიმეა, რომ მისი განმეორებით ჩადენის, თუნდაც მცირე საშიშროება, შრომითი მოვალეობის გაგრძელებას მიუღებელს ხდის.

23. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დარღვევის სიმძიმის და შედეგის გათვალისწინებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებაა. მოსარჩელის ამგვარი საქციელი დამსაქმებელს ნდობას უკარგავს მუშაკის მიმართ. შესაფასებელი ქმედება არ წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელიც დამსაქმებლის მიერ გამაფრთხილებელი ზომის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოსწორდეს იმგვარად, რომ დამსაქმებელმა არ დაკარგოს მუშაკთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი. აღნიშნული კი, დასაქმებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას გამორიცხავდა და, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქმნიდა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისა და მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.

24. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ს–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი