Facebook Twitter

№ას-691-662-2016 24 ნოემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

თარჯიმანი - ნ.გ–ძე

კასატორი (მოსარჩელე) – მ.ე–ძე

წარმომადგენელი - პ.ჯ–ა

მოწინააღმდეგე მხარე:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ს.ა–ძე

2. გ.მ–ი (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)

წარმომადგენელი - თ.ა–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების უმკვიდროდ ცნობა, უმკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.02.2013 წლის ცნობა-დახასიათებით, ტ.შ–ის (იმავე ტ.შ–ის; შემდეგში - პირველი მესაკუთრის) სახელზე ირიცხება ...... ქ. 73-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი - ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) 20,64 კვ.მ და ლიტერი „ბ“ (საცხოვრებელი) 24,02 კვ.მ.

2. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 16.07.2008 წლის ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქ. თბილისში, ...... ქ. №73-ში ს.კ–ის (იმავე ს.კ–ის; შემდეგში - მეორე მესაკუთრის) და ა.ს–ის (იმავე ა.ს–ის; შემდეგში - მესამე მესაკუთრის) სახელზე აღრიცხულია შენობ-ნაგებობა, ლიტერი „ა“ 24,20 კვ.მ, ლიტერი „გ“–29,76 კვ.მ, ლიტერი „ვ“ - 37,28 კვ.მ, ლიტერი „ბ-ზ-დ-ს-ვც“ 51,00 კვ.მ.

3. პირველი მესაკუთრე გარდაიცვალა - 1976 წლის 7 სექტემბერს ხოლო მეორე მესაკუთრე - 1982 წლის 10 თებერვალს, მესამე მესაკუთრე გარდაცვლილად იქნა აღიარებული 2012 წლის 29 ოქტომბერს.

4. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან გაცემული ინფორმაციის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია მესაკუთრეთა სამკვიდრო ქონების თაობაზე. მესაკუთრის სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არც ანდერძისმიერ და არც კანონისმიერ მემკვიდრეს არ მიუმართავს.

5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დაცული მონაცემებით, ქ. თბილისში, ...... ქ. №73-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

6. მ.ე–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სადავო მისამართზე რეგისტრირებულია 1988 წლიდან, ხოლო ელექტროენერგიის გადამხდელის სააბონენტო ნომერი მინიჭებული აქვს 1996 წლიდან.

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და მისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, უმკვიდროდ იქნა ცნობილი მესაკუთრეთა სახელზე რიცხული სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სადგომი და უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში მოსარჩელეს. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით გ.მ–ის (შემდეგში - მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ან მოწინააღმდეგე მხარე) განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და საქმისწარმოება განახლდა.

10. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის მტკიცებით, მისი მეუღლე - ლ.გ–ი (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარის მეუღლე ან მამკვიდრებელი) სადავო საცხოვრებელი სახლის ნაწილის მოსარგებლე იყო, რაც დასტურდებოდა ამ უკანასკნელის სს „თ–ის“ აბონენტად 1996 წელს რეგისტრაციის ფაქტით. 2007 წლის 29 აპრილს გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო მან მიიღო, შესაბამისად, მოითხოვს, მეუღლის სადავო ფართზე მოსარგებლედ ცნობასა და საკუთრებაში გადაცემას.

11. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო. მესამე პირის სარჩელს არ დაეთანხმა არც მოსარჩელე.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, უმკვიდროდ ცნო სადავო ქონება. ამავე გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ქ. თბილისში, ...... ქ. 73, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ტექაღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებაში მესამე მესაკუთრის სახელზე (გარდა მეორე მესაკუთრის ნაწილისა) რიცხული ფართიდან ლიტერი ,,ა’’-24.2 კვ.მ, ლიტერი ,,ბ’’-29,76 კვ.მ, ლიტერი ,,ვ’’-37,28 კვ.მ, ლიტერი ,,ბზდვ’’-51 კვ.მ და პირველი მესაკუთრის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი ლიტერი ,,ა’’-20.64 კვ.მ და ლიტერი ,,ბ’’ - 24,02 კვ.მ. სასამართლომ მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნით მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი, კერძოდ ტექ-აღრიცხვის არქივში მეორე მესაკუთრის სახელზე აღრიცხული ქონება , ,,გაუმიჯნავად’’ (ამ ეტაპზე), უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა.

13. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1343-ე მუხლი, ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ’’ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონი) პირველი პრიმა მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის მე-4, მე-12 და მე-13 პუნქტები და წინამდებარე გადაწყვეტილების 1-9 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით დაასკვნა:

13.1 ქონების უმკვიდროდ ცნობის კანონისმიერი წინაპირობა არსებობდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მესამე მესაკუთრისა (გარდა მეორე მესაკუთრის ნაწილისა) და პირველი მესაკუთრის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ფართის მოსარგებლე იყო და მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი, გარდა მეორე მესაკუთრის წილისა, საკუთრებაში უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი სს ,,თ–ის’’ ინფორმაციით თ–ის მონაცემთა ბაზაში სადავო მისამართზე 1996 წლიდან აბონენტად რეგისტრირებული იყო მესამე პირის მეუღლე, რაც იმ ფაქტზე მიუთითებდა, რომ იგი მოსარგებლე იყო. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ფართის ნაწილით ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნით, რომელიც მოსარგებლის მეუღლე, ხოლო მოსარჩელის და იყო. მას ბინა გაქირავებული ჰქონდა. ამასთან, მართალია, ცნობა-დახასიათებით მეორე და მესამე მესაკუთრის წილები გამიჯნული არ იყო, მაგრამ ფაქტობრივად მათ ცალკ-ცალკე ჭიშკარი ჰქონდათ და შენობა გამოყოფილი იყო ერთმანეთისგან. შესაბამისად, მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნით, რომელიც მეორე მესაკუთრის (გაუმიჯნავად) სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის უფლებამონაცვლე იყო, მის მიერ დაკავებული უძრავი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისა და მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

14.1. აპელანტმა ყურადღება მესამე პირის მტკიცებაზე გაამახვილა, რომლის თანახმად, მისმა მეუღლემ სადავო სადგომი მეორე მესაკუთრისგან 1991 წელს შეიძინა. აპელანტის განმარტებით, მეორე მესაკუთრე ამ დროისათვის ცხრა წლის გარდაცვლილი იყო და, შესაბამისად, მესამე პირის მეუღლე სადგომს მესაკუთრისაგან ვერ შეიძენდა.

14.2. აპელანტის განმარტებით, სპეციალურ კანონი ზუსტად განსაზღვრავდა იმ გარემოებებს, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგება, კერძოდ, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობა უნდა დადასტურებულიყო სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით ან/და მესაკუთრისათვის საფასურის გადახდით. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მითითებით, არც მოსარჩელის და არც მესამე პირის მეუღლის მიერ საფასურის გადახდის ფაქტი არ დადასტურდა. ამასთან, არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირი და არც მისი მეუღლე არასოდეს ყოფილან რეგისტრირებული სადავო სადგომში. მხოლოდ ცნობა იმის შესახებ, რომ მამკვიდრებელი რეგისტრირებული იყო თ–ის აბონენტად 1996 წლიდან, აპელანტის მოსაზრებით, არ იყო საკმარისი სადავო სადგომზე საკუთრების მოსაპოვებლად, მითუმეტეს, რომ კანონი მიუთითებდა არა აბონენტად რეგისტრაციაზე, არამედ კომუნალური გადასახადების გადახდაზე.

14.3. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებით მესამე პირს მეორე მესაკუთრის სახლთმფლობელობა გაუმიჯნავად მიეკუთვნა, რაც დაუშვებელი იყო. გადაწყვეტილებაში ზუსტად უნდა ყოფილიყო მითითებული შენობის რა ნაწილი, რამდენი ოთახი და რა ფართი მიეკუთვნა მესამე პირს.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15.1 პალატამ შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასება და დასკვნა, რომ მესამე პირის მეუღლე სადავო მისამართზე მცხოვრები მოსარგებლე იყო, რომელმაც ეს უფლება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების საფუძველზე მიიღო.

15.2 ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ მიჩნევისათვის აუცილებელ წინაპირობებზე: მოსარჩელე უნდა იყოს მოსარგებლე; საცხოვრებელი სადგომი შედიოდეს სამკვიდრო მასაში; მესაკუთრე იყოს გარდაცვლილი; არ უნდა არსებობდეს მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო. სასამართლომ ამ წინაპირობების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონების თავდაპირველი მესაკუთრე გარდაცვლილი იყო, ხოლო სამკვიდრო ქონება არავის მიუღია, რაც მისი უმკვიდრო ქონებად მიჩნევის საფუძველი იყო, მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნით კი, მეორე მესაკუთრის სახელზე რიცხული ქონების მოსარგებლის მემკვიდრე იყო.

15.3 სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

16. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

16.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ, ვინაიდან და რადგანაც მოწინააღმდეგე მხარის მეუღლე 1996 წლიდან რეგისტრირებული იყო სს „თ–ის“ აბონენტად, ის სპეციალური კანონით განსაზღვრულ მოსარგებლეს წარმოადგენდა. კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ აბონენტად დარეგისტრირება არ ნიშნავს მოსარგებლეობას, არამედ ბინაში რეგისტრაცია და გადასახადების გადახდა განისაზღვრება მოსარგებლის სტატუსის დასადგენად კუმულაციურად აუცილებელი წინაპირობებად. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სპეციალური კანონი 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ ურთიერთობას აწესრიგებს, საქმეში არსებული ცნობით კი არ დასტურდება, შესაბამისი წლის 27 ივნისამდე მოწინააღმდეგე მხარის მეუღლის აბონენტად რეგისტრაცია. ამავდროულად, კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სპეციალური კანონი მოსარგებლის სტატუსის მოპოვებას უკავშირებს არა ამათუ იმ გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციას, არამედ კომუნალურის გადასახადების გადახდის ფაქტს. კასატორის განმარტებით, მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნით ამ დავის ფარგლებში სასამართლოში არ წარმოუდგენია არც 1996 წლის 27 ივნისამდე და არც შემდგომი პერიოდის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

16.2 კასატორმა სასამართლოს ყურადღება ამ დავის ფარგლებში მესამე პირის დამოუკიდებელი მოთხოვნით მტკიცებას მიაპყრო, რომლის თანახმად, მეორე მესაკუთრისაგან სახლთმფლობელობა მისმა მეუღლემ შეიძინა. შეძენის დროდ კი, მესამე პირი სამ სხვადასხვა თარიღს ასახელებს: 2014 წლის 3 თებერვლის ახსნა-განმარტებაში 1996 წელს, სარჩელში - 1980-იანი წლებს, სასამართლო პროცესზე კი - 1991 წელს. კასატორის განმარტებით, მესამე პირმა ზუსტად ვერ მიუთითა სადავო ქონების შეძენის თარიღი, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი, ამასთან კასატორმა დასძინა, რომ 1991 წელს მესამე პირის მეუღლე სადავო ქონებას მესაკუთრისაგან ვერ შეიძენდა, ვინაიდან მეორე მესაკუთრე 1982 წელს გარდაიცვალა.

16.3. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ დაამახინჯა საქმეზე გამოკითხული მოწმეთა ჩვენებები და მოწმეთა ჩვენებების საწინააღმდეგოდ, არარსებული ფაქტობრივი გარემოება დაადგინა. კასატორის მტკიცებით, საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მეუღლეს არც ცალკე და არც მესამე პირთან ერთად სადავო ფართში არ უცხოვრია. იგი სადავო მისამართთან ახლოს მშობლების სახლში ცხოვრობდა, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირიც მშობლების სახლში, ...... ქუჩა N55-ში ცხოვრობდა. სადავო ფართის გასაღები მუდმივად კასატორს ჰქონდა, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე და მისი მეუღლე მას კი არ უტოვებდნენ გასაღებს, როცა სხვაგან მიდიოდნენ, როგორც ეს სასამართლომ მიუთითა, არამედ, პირიქით კასატორისაგან თხოულობნენ დროებითი გამოყენების მიზნით.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

18. სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და მეორე მუხლის მეოთხე ნაწილი, შესაბამისად, არ გამოიკვლია ამ ნორმის სწორად გამოყენებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა და იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

20. მოცემულ საქმეში, როგორც მოსარჩელის, ისე დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის სასარჩელო მოთხოვნა, სადავო უძრავი ქონების უმკვიდროდ ცნობისა და მათ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ისინი საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეები არიან, ხოლო მესაკუთრეები გარდაიცვალნენ და მათი სამკვიდრო არავის მიუღია.

21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნათა სამართლებრივი საფუძველი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარეობს (საქმის განხილვის დროისთვის მოქმედი 25.06.1998 წლის რედაქცია), რომელიც აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

22. წინამდებარე გადაწყვეტილების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა ეფუძნება ხსენებული კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს (მოსარგებლე - პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, ან ადმინისტრაციული აქტით), მეორე მუხლის მეოთხე პუნქტს (გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა), ამავე მუხლის მე-12 პუნქტსა (თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება (უმკვიდრო ქონება), მოსარგებლე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა) და მეორე მუხლის მეცამეტე პუნქტს (ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე).

23. მოხმობილი საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში სპეციალური კანონის ნორმატიული დანაწესიდან ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს, რომ ამ კანონის შესატყვისად საკუთრების უფლების წარმოშობის ალტერნატიული საფუძვლებია:

1. უძრავ ქონებაზე ფორმის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება;

2. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის გარიგება, რომელიც თავის მხრივ უნდა დადასტურდეს საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით, ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული საფასურის გადახდით;

3. ადმინისტრაციული აქტი.

დასახელებულ რომელიმე წინაპირობასთან თანმხვედრად, საცხოვრებელი სადგომზე, როგორც უმკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია გამოირკვეს, რომ შესაბამისი საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და მამკვიდრებელს არ ჰყავს მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო.

24. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე და მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, სწორედ საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის დათმობის გარიგებაზე მითითებით ცდილობენ უმკვიდრო საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების მოპოვებას.

24.1. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის მტკიცებით, მისმა მეუღლემ მეორე მესაკუთრესთან დადო გარიგება და სადავო სადგომის ნაწილით სარგებლობის უფლება თანხის გადახდის სანაცვლოდ მიიღო. საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეობის დასადასტურებლად კი, მიუთითებს 1996 წლიდან მისი მეუღლის სს „თ–ის“ აბონენტად რეგისტრაციაზე და სადავო ქონების ფაქტობრივი დაუფლების/ფლობის ფაქტზე.

24.2. კასატორის ძირითადი პრეტენზია კი ისაა, რომ ამგვარი გარიგების დადების ფაქტი არც საცხოვრებელ სადგომში მესამე პირის მეუღლის რეგისტრაციითა და არც კომუნალური გადასახადების გადახდით არ დასტურდება. საკუთრივ კასატორი კი, 1988 წლიდან რეგისტრირებულია საცხოვრებელ სადგომში, აღრიცხულია გადასახადის გადამხდელად და იხდის კომუნალურ გადასახადებს.

25. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის ამ საკასაციო პრეტენზიის არსს და განმარტავს, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის გარიგებაზე მითითებით საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის კანონმა იმპერატიულად განსაზღვრა ორი წინაპირობის - საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციისა და კომუნალური გადასახადების გადახდის დადასტურების აუცილებლობა, ანუ სასამართლოს მიერ პირისათვის შესაბამისი საფუძვლით მოსარგებლის სტატუსის მინიჭება მხოლოდ კანონის მითითებული წინაპირობების დაკმაყოფილებით/შესრულებით მიიღწევა. საკასაციო პალატა დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარეს კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ამასთან, დადგენილია, რომ არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირი და არც მისი მეუღლე სადავო ბინაში რეგისტრირებული არ ყოფილან. მითითებულ ფაქტს არც თავად მესამე პირი არ ხდის სადავოდ, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი მეუღლის მოსარგებლეობის ფაქტი დასტურდება ამ უკანასკნელის სს „თ–ის“ აბონენტად 1996 წელს რეგისტრაციით. გარდა ამისა, იგი მიუთითებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც მის მიერ სადავო საცხოვრებელი სადგომის ფლობის დადასტურებას ცდილობს (გაქირავებული აქვს საცხოვრებელი სადგომი).

26. პალატა განმარტავს, რომ, ჯერ ერთი, მხოლოდ გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ადასტურებს მოსარგებლის სტატუსის მოსურნე პირის მიერ გადასახადების უცილობლად გადახდის ფაქტს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მივიჩნევდით, რომ მესამე პირის მეუღლე იხდიდა საცხოვრებელი სადგომის გადასახადებს, მხოლოდ ეს ფაქტი, საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციის გარეშე, არ არის საკმარისი სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის გარიგების დასადასტურებლად. საცხოვრებელი სადგომის ფლობის ფაქტზე აპელირება კი, არ ქმნის მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს და სცდება სპეციალური კანონით განსაზღვრულ სამტკიცებელი გარემოებების სამართლებრივ წრეს. პალატის განსჯით, სადავო საცხოვრებელი სადგომის ფლობის ფაქტი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნით დაადასტურებდა მის მეუღლესა და მეორე მესაკუთრეს შორის საცხოვრებელი სადგომის სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, თუმცა ამ დავის ფარგლებში ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დამდგენი გარემოება არ გამოვლენილა. ამასთან, მართალია, მესამე პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნით მიუთითა მეორე მესაკუთრისათვის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის სანაცვლოდ საფასურის გადახდაზე, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

27. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალური სამართლის ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სადავო გარიგების დადების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მხოლოდ ის იქნებოდა, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის მეუღლის სადავო ბინაში რეგისტრაციისა და კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტებს დაადასტურებდა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო პრეტენზია არგუმენტირებული და საფუძვლიანია, ვინაიდან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მის სასარჩელო მოთხოვნას სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობისა და სს“თ–ის“ აბონენტად რეგისტრაციის ფაქტის დადგენით არ უნდა გამოეტანა დასკვნა მოთხოვნის ნამდვილობის შესახებ.

29. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიჩნია აქვე მოიხმოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის თანახმად, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მიზნებისათვის მოსარგებლედ მიიჩნევა მხოლოდ ის პირი, რომელსაც მესაკუთრემ „დაუთმო“ საცხოვრებელი სადგომი. ამასთან, ამგვარი „დათმობა“ უნდა დასტურდებოდეს ან წერილობითი ფორმით დადებული გარიგებით ან ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც სარწმუნოდ მიუთითებს საცხოვრებელი სადგომის დათმობაზე. სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა, მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა, წარმოადგენს იმ ფაქტებს, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს საცხოვრებელი სადგომის დათმობის ფაქტი. ამასთან, დანაწესი იმპერატიული შინაარსისაა და ადგენს, რომ რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი ერთად უნდა არსებობდეს, რათა სასამართლომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება დაადგინოს (ას-347-332-2016, 30 ივნისი, 2016 წელი; ას-772-733-2013, 27 იანვარი, 2014 წელი; ას-695-651-2010, 10 მარტი, 2011 წელი).

30. ამრიგად, რადგანაც მესამე პირმა სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა, რომ თავისი მეუღლე სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე იყო, მისი მოთხოვნა, ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა.

31. რაც შეეხება კასატორს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ იგი სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრირებულია, დადგენილია მის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტიც. შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობა მოსარჩელემ სათანადო წესით დაამტკიცა, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მესაკუთრეთა სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეა. ამასთან, სამივე მესაკუთრე გარდაცვლილია. სააპელაციო სასამართლომ სათანადო წესით გამოიკვლია ქონების უმკვიდროდ ცნობის წინაპირობები და დაადგინა, რომ არც ანდერძისმიერ და არც კანონისმიერ მემკვიდრეებს სამკვიდრო არ მიუღიათ. ამდენად, სადავო უძრავი ქონების კასატორის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ყველა წინაპირობა დაცულია.

32. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს, ხოლო დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ.ე–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.ე–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი მ.ე–ძის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი - თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებით ა.ს–ისა (იგივე ა.ს–ისა) და ს.კ–ის (იგივე ს.კ–ის) სახელზე რიცხული უძრავი ქონება - მდებარე ქ.თბილისი, ...... ქ.#73, ლიტერი „ა“ – 24.20 კვ.მ, ლიტერი „ბ“ – 29.76 კვ.მ, ლიტერი „ვ“ – 37.28 კვ.მ, ლიტერი „ბ-ზ-დ-ს-ც“ – 51 კვ.მ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებით ტ.შ–ის (იგივე ტ.შ–ის) სახელზე რიცხული უძრავი ქონება - მდებარე ქ.თბილისი, ...... ქ.#73, ლიტერი „ა“ – 20.64 კვ.მ, ლიტერი „ბ“ – 24.02 კვ.მ.

3. უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი - თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებით ა.ს–ისა (იგივე ა.ს–ისა) და ს.კ–ის (იგივე ს.კ–ის) სახელზე რიცხული უძრავი ქონება - მდებარე ქ.თბილისი, ...... ქ.#73, ლიტერი „ა“ – 24.20 კვ.მ, ლიტერი „ბ“ – 29.76 კვ.მ, ლიტერი „ვ“ – 37.28 კვ.მ, ლიტერი „ბ-ზ-დ-ს-ვც“ – 51 კვ.მ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებით ტ.შ–ის (იგივე ტ.შ–ის) სახელზე რიცხული უძრავი ქონება - მდებარე ქ.თბილისი, ...... ქ.#73, ლიტერი „ა“ – 20.64 კვ.მ, ლიტერი „ბ“ – 24.02 კვ.მ, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მ.ე–ძეს და ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს

მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ;

4. დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის - გ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი