№ას-758-726-2016 29 დეკემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ნ.პ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – პრივატიზებული ბინის 3/4 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საბურთალოს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1985 წლის 5 ივნისს გაცემული ორდერის თანახმად, ქ. თბილისში, ....... №11 კორპუსში მდებარე №25 ბინის მოსარგებლე პირები იყვნენ ნ.გ–ი (შემდეგში: მოსარჩელე ან მემკვიდრე), მისი მეუღლე ნ.პ–ი (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი), მოსარჩელის მშობლები - გ.გ–ი (შემდეგში - მოსარჩელის მამა) და ე.ფ–ძე (ქორწინებამდელი გვარი), (შემდეგში - მოსარჩელის დედა).
2. მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 1989 წელს, ხოლო დედა - 2005 წელს. 2012 წლის 20 ივლისისა და 2012 წლის 3 ოქტომბრის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობების მიხედვით, მოსარჩელე მამისა და დედის სამკვიდროში არსებული უფლებების (სამკვიდრო აქტივი) და ვალდებულებების (სამკვიდრო პასივი) მემკვიდრედ არის ცნობილი, მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში.
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2014 წლის 9 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელესა და მოპასუხეს სადავო ბინა, საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადაეცათ საკუთრებაში. მათ საჯარო რეესტრში სადავო ბინა თანაბარი წილით თანასაკუთრების უფლებით დაირეგისტრირეს.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პრივატიზებული ბინის 3/4 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. მისი მტკიცებით, რადგან მშობლებისაგან მიღებული აქვს მემკვიდრეობა, თავისი წილი სადავო ბინაში მამკვიდრებელთა წილების გათვალისწინებით, ¾ - ს შეადგენს.
6. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ, მოსარჩელის მშობლები გარდაცვალების მომენტისათვის სადავო მისამართზე რეგისტრირებულნი არ იყვნენ, რის გამოც ნივთზე უფლება დაკარგული ჰქონდათ.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო ბინის 3/4 ნაწილის მესაკუთრედ.
8. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1336-ე, 1328-ე, 170.1, 173.1 მუხლები, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილება, საქართველოს მთვარობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება და დაასკვნა:
8.1. მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ნაწილის მიღება ნიშნავს იმას, რომ მემკვიდრეს მიღებული აქვს მთლიანი სამკვიდრო. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელის მშობლებს ფართზე უფლება არა აქვთ დაკარგული, რადგან არ არსებობს ამ გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. ამდენად, ორდერში მითითებული ოთხივე პირი სადავო ბინის ძირითადი დამქირავებელი იყო. ვინაიდან მოსარჩელის მშობლები გარდაცვლილები არიან, მოსარჩელე კი მათი ერთადერთი მემკვიდრეა, იგი თავის პირად წილთან ერთად იძენს მამკვიდრებლის კუთვნილ წილსაც. ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენს რა გარდაცვლილი მშობლების მემკვიდრეს, უძრავი ქონებიდან ეკუთვნის 3/4 წილი.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მოსარჩელის მშობლები ბინის პრივატიზებამდე გარდაიცვალნენ, ისინი უნდა ამოწერილიყვნენ ბინის ორდერიდან, შესაბამისად, მათი წილის მოსარჩელისათვის მიკუთვნება კანონშეუსაბამოა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
10.1. პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელიც, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე, კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე;
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მშობლები წარმოადგენდნენ სადავო ბინის დამქირავებლებს და კანონიერ მოსარგებლეებს და მათ მიერ ბინით სარგებლობის უფლება იყო თავიანთ სამკვიდროში შემავალი უფლება, რაც სსკ-ის 157-ე მუხლის საფუძველზე, მათი გარდაცვალების შემდეგ გადაეცა მემკვიდრეს - მოსარჩელეს. სსკ-ის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესიდან გამომდინარე კი, მოსარჩელემ მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო. მოსარჩელის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები, სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ იყო გამხდარი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
11.1. სადავო საკითხის გადაწყვეტა უწყებრივად სასამართლოს არ ექვემდებარება. მოსარჩელეს გამგეობისათვის უნდა მიემართა და მშობლების კუთვნილი წილის პრივატიზება მოეთხოვა. უარის შემთხვევაში, ჯერ მერიაშივე უნდა გაესაჩივრებინა ადმინისტრაციული აქტი, ხოლო შემდეგ სასამართლოსათვის მიემართა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვითაც, ამ საკითხთან მიმართებით სახელმწიფო ორგანოს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, შესაბამისად, გაურკვეველია, სასამართლო რამდენ და რომელი კანონის საფუძველზე აკუთვნებს წილს მოსარჩელეს.
მაგრამ საქმეში წარდგენილი განცხადების მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელემ მოითხოვა მხოლოდ თავისი წილის პრივატიზაცია და გადაეცა კიდეც თავის ყოფილ მეუღლესთან ერთად.
11.2. სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვალების მომენტისათვის მოსარჩელის მშობლებს დამქირავებლის სტატუსი ჰქონდათ. ეს სტატუსი გადავიდა მემკვიდრეზეც, ანუ მასზე გადავიდა პრივატიზაციის უფლება. მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობები უნდა წარედგინა გამგეობაში და მშობლების წილზე მოეთხოვა პრივატიზაცია, რაც მას არ გაუკეთებია. ამდენად, საპრივატიზებო ქონება პრივატიზაციის გარეშე გადაეცა მემკვიდრეს.
11.3. სარჩელი თავისი შინაარსით აღიარებითია, რომლის წარმოებაში მიღების წინაპირობა იურიდიული ინტერესისა და სხვა გზით მიზნის მიღწევის შეუძლებლობის დასაბუთება უნდა ყოფილიყო. მოსარჩელეს კი, არ მიუმართავს გამგეობისათვის, რადგან თავიდანვე არ ჰქონია სურვილი, მშობლების წილზეც მოეთხოვა პრივატიზება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მატერიალურსამართლებრივი ნორმა არასწორად გამოიყენა და განმარტა, რასაც შედეგად მოჰყვა იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.
14. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილება (შემდეგში: 107-ე დადგენილება), რომლითაც დადგინდა მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში, მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის - პრივატიზაციის წესი. აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.
15. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ, ისევე, როგორც მოპასუხემ, მითითებული კანონის საფუძველზე მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო ბინაზე. სადავოა მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობით მიღებული პრივატიზაციის უფლება და, შესაბამისად, მისი წილობრივი მონაწილეობის ოდენობა თანსაკუთრებაში.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ პრივატიზაციის უფლების მემკვიდრეობის მიღებისათვის სწორად გამოიყენა სსკ-ის 1328.1 (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე - მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის) და 1421-ე (1.სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2.მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი) მუხლები, თუმცა არასწორად განსაზღვრა პრივატიზაციის უფლების მქონე პირთა წრე.
17. N 107 დადგენილება, რომელმაც ბინების ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა დაადგინა, 1992 წლის პირველ თებერვალს არის მიღებული. დადგენილების მე-5 პუნქტით (საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან), განსაზღვრულია პრივატიზაციის უფლების სუბიექტთა ცნება, რომლითაც დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ის პირები, ვინც წარმოადგენენ ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს. ამ დროისათვის სადავო ბინის დამქირავებელი იყო მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე და მოსარჩელის დედა - დამქირავებლის ოჯახის წევრები. მართალია, მოსარჩელის მამა მოსარჩელის ოჯახის წევრად იყო მითითებული 1985 წელს გაცემულ ორდერში, თუმცა იგი გარდაიცვალა 1989 წელს, რის გამოც 107-ე დადგენილებით განსაზღვრული პრივატიზაციის უფლება მას არ წარმოშობია.
მოსარჩელის მამის გარდაცვალების დროისათვის მოქმედი „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსისა“ და „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის“ მიხედვით, ქირავნობის ურთიერთობის ნამდვილობისათვის განმსაზღვრელი იყო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ფაქტი (რომელიც, ერთ შემთხვევაში, წარმოიშობოდა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სხვა შემთხვევაში - დამქირავებელთან მცხოვრები ოჯახის წევრობის ინსტიტუტით შდრ. სუსგ №ას-724-692-2016, 24.02.2017). ცხადია, გარდაცვლილ პირი აღარ იყო მოსარგებლე და, შესაბამისად, მას აღარც დამქირავებლისა თუ მისი ოჯახის წევრის სტატუსი ჰქონდა. ამდენად, 1989 წელს გარდაცვლილი პირი 1992 წელს პრივატიზაციის უფლებას ვერ მოიპოვებდა. სსკ-ის 1328.1 მუხლის მიხედვით კი, სამკვიდროს აქტივში მხოლოდ ის ქონებრივი უფლებები შედის, რომელიც მამკვიდრებელს „სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა“. ამდენად, მართალია, მოსარჩელემ მემკვიდრეობით მიიღო მამის სამკვიდრო ქონება, თუმცა მასში სადავო ბინის პრივატიზაციის უფლება არ შედიოდა, განსხვავებით დედისგან მიღებული სამკვიდროსგან, რომელიც ამ უფლებას მოიცავდა. მოსარჩელის დედა იყო სადავო ქონების დამქირავებლის ოჯახის წევრი, 1992 წელს წარმოეშვა პრივატიზაციის უფლება, 2005 წელს გარდაიცვალა, უფლება შევიდა სამკვიდრო მასაში და მოსარჩელემ ის მემკვიდრეობით მიიღო. ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელის დედას თავის სიცოცხლეში არ გაუფორმებია საბინაო-სამშენებლო კოოპერატივთან პრივატიზაციის ხელშეკრულება ან/და არ შეუტანია პრივატიზაციის მოთხოვნით განცხადება, არ გულისხმობს იმას, რომ მან დაკარგა სადავო ბინაზე საკუთრების უსასყიდლოდ მოპოვების შესაძლებლობა. მოსარჩელის დედა წარმოადგენდა სადავო საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლეს და, შესაბამისად, პრივატიზაციის უფლების მქონე პირს. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს უფლება მის მემკვიდრეზე გადავიდა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს, გარდა თავისი პირადი 1/3 წილისა, ეკუთვნის დედისაგან მემკვიდრეობით მიღებული 1/3 წილი, რაც საბოლოო ჯამში სადავო ბინის 2/3-ს შეადგენს.
18. პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საკითხი არა სასამართლოს, არამედ მერიის გადასაწყვეტი იყო. პალატა განმარტავს, რომ უწყებრივი ქვემდებარეობა იმ უფლებამოსილებათა ერთობლიობა და ფარგლებია, რომელიც ამა თუ იმ ორგანოს აქვს განსაზღვრული. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ N189 დადგენილების მიხედვით, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას არაპრივატიზებული ფართის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. დადგენილება ითვალისწინებს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის და არა მისი წილების საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე, რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის შემთხვევაში, მათ გადაეცემათ მთლიანი ფართი თანასაკუთრებაში წილობრივი მონაწილეობის განსაზღვრის გარეშე. დავის არსებობის შემთხვევაში კი, სსსკ-ის 11-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე (სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის) სწორედ სასამართლო განსაზღვრავს თანამესაკუთრეთა წილობრივ მონაწილეობას, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე.
19. პალატა არ იზიარებს კასატორის არც იმ პრეტენზიას, რომ სარჩელი აღიარებითი ხასიათისაა და იგი წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო. აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების თაობაზე საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში. აქედან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) - საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით მხარე გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (შდრ. სუსგ, საქმე №ას-551-522-2015, 14.08.2015; საქმე №ას-937-887-2015, 10.11.2015).
მოსარჩელე სარჩელით ითხოვს თავისი დარღვეული უფლების აღდგენას, კერძოდ, სადავო ბინის 3/4 წილის მიკუთვნებას. ამდენად, სარჩელი მიკუთვნებითია და კასატორის პრეტენზია, რომ მისი დასაშვებობა სსსკ-ის 180-ე მუხლით უნდა შემოწმებულიყო, დაუსაბუთებელია.
20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. სადავო ბინის 2/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნეს მოსარჩელე, ხოლო 1/3 ნაწილის მესაკუთრედ - მოპასუხე.
21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
22. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა სადავო ბინის ¾ ნაწილის (75%-ის) მესაკუთრედ ცნობას, თუმცა, რადგან ბინის ნახევარი ისედაც მის საკუთრებაში იყო, სადავოა ბინის ¼ ნაწილი (25%). წინამდებარე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეკუთვნა ბინის 2/3 ნაწილი (66.66%). შესაბამისად, ბინის სადავო 25%-დან მან მოიგო 16.66 %, რაც სარჩელის 66.64%-ია (16.66x100/25), ხოლო წააგო - 8.34%, რაც სარჩელის 33.36 %-ია (8.34 x100/25). ბინის ¾ ნაწილის ღირებულება განსაზღვრულია 46 053 ლარით, შესაბამისად, სადავო 1/4 ნაწილის ღირებულება, ანუ დავის საგნის ფასი 15 351 ლარია.
23. მოსარჩელეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხადა 460.53 ლარი, გადაიხადა 1381.59 ლარი, შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი 921.06 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა (460.53 ლარი) და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი ბაჟის (50 ლარი) 66.64% - 340.22 ლარი.
მოპასუხემ სააპელაციო საჩივარზე 462.00 ლარი, საკასაციო საჩივარზე – 576.00 ლარი (სულ 1038.00 ლარი) გადაიხადა, რომლის მოგებული ნაწილი (33.36%) – 346.28 ლარი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ.
ამასთან, მოპასუხეს სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაზე 152.00 ლარით ნაკლები (უნდა გადაეხადა 614.04 ლარი, გადახდილი აქვს 462.00 ლარი), ხოლო საკასაციო საჩივრისათვის - გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაზე 191.55 ლარით ნაკლები (უნდა გადაეხადა 767.55 ლარი, გადახდილი აქვს 576.00 ლარი). ამდენად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 345.55 (152.00+191.55) ლარის გადახდა.
24. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხიც, კერძოდ, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 614.00 (15 351.00x4/100) ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული თანხის ასანაზღაურებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ.პ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ.გ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ქ.თბილისში, ........ მე-11 კორპუსში მდებარე #25 ბინის (ს/კ #........) 2/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნეს ნ.გ–ი (პ/ნ ......), ხოლო 1/3 ნაწილის მესაკუთრედ - ნ.პ–ი (პ/ნ ......);
5. ნ.გ–ს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე პ.კ–ძის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1431.59 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 31.10.2014) ნაწილი - 921.06 ლარი;
6. ნ.პ–ს (პ/ნ ......), ნ.გ–ის (პ/ნ ......) სასარგებლოდ, დაეკისროს 340.22 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
7. ნ.პ–ს (პ/ნ ......), ნ.გ–ის (პ/ნ ......) სასარგებლოდ, დაეკისროს 614.00 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული თანხის ასანაზღაურებლად;
8. ნ.გ–ს (პ/ნ ......), ნ.პ–ის (პ/ნ .......) სასარგებლოდ, დაეკისროს 346.28 ლარის გადახდა მოპასუხის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
9. ნ.პ–ს (პ/ნ .....), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს 343.55 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსდეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი