3 ივნისი, 2016 წელი,
№ას-983-928-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
პირველი კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) - შპს „ე.ს–სი“
წარმომადგენელი - ა.ღ–ი (ადვოკატი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - შპს „ა.მ–ი“
წარმომადგენლები - ა.ლ–ა (საწარმოს დირექტორი), ი.ჟ–ი (ადვოკატი)
მეორე კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - შპს „ა.მ–ი“
წარმომადგენლები - ა.ლ–ა (საწარმოს დირექტორი), ი.ჟ–ი (ადვოკატი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) - შპს „ე.ს–სი“
წარმომადგენელი - ა.ღ–ი (ადვოკატი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და ზიანის ანაზღაურება (სარჩელში); ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ა.მ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მენარდე, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) და შპს „ე.ს–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შემკვეთი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) 2008 წლის 17 მარტიდან 2012 წლის 26 იანვრამდე 45 ნარდობის ხელშეკრულება დადეს, რომელთა შორის სადავოა 2009 წლის 16 თებერვლის N157/25 ხელშეკრულებით, 2010 წლის 8 იანვრის N157/22 ხელშეკრულებითა და 2012 წლის 26 იანვარის N157/45 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება (ხოლო ანაზღაურება სადავოა ყველა ხელშეკრულებიდან გამომდინარე).
2. N157/25 ხელშეკრულებით მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ქ. ქუთაისში, ...... სს ,,ქ.რ.ბ.ნ.ქ–ის” ტერიტორიაზე (შემდეგში - ქარხნის ტერიტორიაზე), 3000 მ2 ფართობზე დიდი ტვირთამწეობის ა.მანქანების სადგომი მოედნებისა და სავალი გზების ორმაგი არმირების რკინაბეტონის საფარის დაგება. ხელშეკრულების ღირებულება 242 000 აშშ დოლარით (დღგ-ს გარეშე), ხოლო მოქმდების ვადა 6 თვით განისაზღვრა. ამასთან, დადგინდა სამუშაოების დაწყებამდე ავანსის სახით, ხელშეკრულების ღირებულების 50%-ის მენარდისათვის გადარიცხვა და დარჩენილი თანხის ეტაპობრივად ანაზღაურება. 2009 წლის 10 იანვარს შემკვეთმა მენარდეს 330 620 ლარი გადაურიცხა. 2009 წლის 16 მარტს ხელშეკრულებაში შესული ცვლილების თანახმად, მისი მოქმედების ვადა 2 წლით გაგრძელდა.
2.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებამდე ხელშეკრულება შემკვეთის ინიციატივით შეწყდა.
3. №157/22 ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ ქარხნის ტერიტორიის ჯართის დასაყრელ მოედანზე ამწე და ჯართის გადასაზიდი ვაგონეტების სავალი გზების (ლიანდაგის) მშენებლობის ვალდებულება იკისრა რ-65, რ50 და რ43 ტიპის რელსებისა და სპეციალური ამწეების სავალი გზების რკინა-ბეტონის კონსტრუქციების გამოყენებით. ხელშეკრულების ღირებულება 850.000 აშშ დოლარით განისაზღვრა.
4. №157/45 ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ ქარხნის ტერიტორიაზე 1425,5 გრძივი მეტრის სარკინიგზო ლიანდაგებისა და რ-65 ტიპის ისრული გადამყვანის (განძელების კომპლექტთან ერთად) მონტაჟის ვალდებულება იკისრა ბროწეულა-ქუთაისის გადასარბენზე. მენარდეს სამუშაო 11 თვეში უნდა დაესრულებინა, ხოლო შემკვეთს იგი სამუშაოების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნებართვით უნდა უზრუნველეყო.
4.1.შემკვეთმა ისრული გადამყვანის დამონტაჟებისათვის ნებართვა ვერ მოიპოვა.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:
5.1. შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 446 460.00 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება;
5.2. N 157/25 ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტით მიყენებული ზიანის - 41 259.00 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება;
5.3. N157/45 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 81 792.00 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნული ვალუტით მოპასუხისათვის დაკისრება;
5.4.მოპასუხისათვის 17 280.00 ლარად ღირებული, 64 რკინიგზის ლიანდაგქვეშა ბეტონის ფილის მოსარჩელისათვის დაბრუნების დავალება.
6. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მას და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებათა ფარგლებში სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები შეასრულა, რომელთა საერთო ღირებულებამაც 7 743 848.67 ლარი შეადგინა. მოპასუხემ აღიარა მხოლოდ 7 296 735. 30 ლარის სამუშაოები. მხარეთა შორის შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, ამავე თანხაზე მოსარჩელემ გამოწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელიც მოპასუხემ მიიღო და ჩათვლილი აქვს შესაბამისი დამატებითი ღირებულების გადასახადი. გარდა 7 296 735. 30 ლარისა, მოპასუხემ აღიარა და სამუშაოსათვის გადაიხადა 330 620.00 ლარი, რომელზეც არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტი. ამჟამად, აღიარებული სამუშაოს ღირებულებიდან - 7 627 355.00 ლარიდან (7 296 735. 30+330 620.00) მოპასუხეს გადახდილი აქვს 7 180 895.11 ლარი, დავალიანება კი, 446 460.00 (330 620.00+115 840) ლარია დღგ-ს ჩათვლით.
6.1. N 157/25 ხელშეკრულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ შეასრულა მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ, 3000 კვმ-ზე დაყარა ღორღი (ბალასტი) და მოაწყო ვაკისი, შეიტანა 984 კვ.მ ორმაგი არმირების რკინაბეტონის ფილა, საიდანაც დააგო 193,4 კვ.მ ფილა. ამის შემდეგ, მოპასუხემ შეაჩერებინა სამუშაოები, შეტანილი ფილები კი, მიითვისა. 2009 წლის 10 ივნისს, მოპასუხემ გადაიხადა იმ პერიოდისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 330 620.00 ლარი (რაც გადახდის დღეს არსებული კურსით შეადგენს 200 741.00 აშშ დოლარს). არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოპასუხე არ აძლევდა სამუშაოების დამთავრების შესაძლებლობას, ხოლო 2012 წლის 12 სექტემბერს, უკან დაუბრუნა შეტანილი ფილების ნაწილი - 48 კვ.მ. მოსარჩელის მტკიცებით, ხელშეკრულების ცალმხრივად, უმიზეზოდ შეწყვეტით მას 41 259.00 აშშ დოლარის ზიანის მიადგა.
6.2. № 157/45 ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელემ დაამონტაჟა 1425.5 გრძივი მეტრი რკინიგზა, ასევე, შეასრულა 80.6 გრძივ მეტრზე მიწის ვაკისის მოწყობისა და დაშენების სამუშაოები რ-65 ტიპის ისრული გადამყვანის მოსაწყობად, შეიძინა რ-65 ტიპის 1/11 ისარი და გადამყვანი რელსები, რომელიც მიტანილია ქარხნის ტერიტორიაზე. ვინაიდან მოპასუხემ ვერ შეძლო შესაბამისი ნებართვის მიღება, მოსარჩელეს ისრული გადამყვანის რკინიგზასთან მიერთების შესაძლებლობა არ მიეცა. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვდა 80.6 მეტრი ისრული გადამყვანის მოწყობის სამუშაოებისა და რ-65 ტიპის ისრული გადამყვანის ღირებულების - 81 792.00 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.
6.3. მოსარჩელე, N157/22 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისაგან მოითხოვდა, მშენებლობის პროცესში ქარხნის ტერიტორიაზე შეტანილი სარკინიგზო ლიანდაგქვეშა გამოუყენებელი 64 ფილის (რომელთა ღირებულება 17 280.00 ლარია) დაბრუნებას.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელეს 7 743 848,67 ლარის სამუშაოები შესრულებული არა აქვს. შემკვეთმა აღიარა 7 296 735,30 ლარად ღირებული სამუშაო, ხოლო მენარდისათვის როგორც შესრულებული, ასევე, შესასრულებელი სამუშაოებისათვის გადახდილი აქვს 7 400 894,11 ლარი. ამდენად, ზედმეტად გადახდილი თანხა 104 158,81 ლარია.
7.1. მოსარჩელემ აღიარა, რომ მოპასუხეს მისთვის გადახდილი აქვს 7 180 895.11 ლარი, თუმცა ამ თანხას არ მიუმატა ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი 220 000 ლარი. არც 19 706 ლარი აქვს ჩათვლილი, რომელიც მას ჩაერიცხა N157/11 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რომლითაც გათვალისწინებული იყო 400 მეტრი სიგრძის ლიანდაგის დაგება, მაგრამ არ შესრულებულა, რადგან მის ნაცვლად დაიდო ახალი N157/20 და N157/45 ხელშეკრულებები იმავე საგანზე, მაგრამ განსხვავებული მოცულობით.
7.2. ამასთან, მოპასუხის მიერ გადახდილი 330 620.00 ლარი შესრულებული სამუშაოებისთვის გადახდილი თანხა კი არა, N 157/25 ხელშეკრულების შესაბამისად გადახდილი ხელშეკრულების ღირებულების წინასწარ ანაზღაურებული ავანსია.
7.3. მხარეებს შორის დადებული N157/45 ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 1425,5 გრძივი მეტრის ლიანდაგის დაგება, ხოლო N157/20 ხელშეკრულებით 200 გრძივი მეტრის, სამუშაოების შესრულება-მიღება დადასტურებულია შესაბამისი გადახდებით. რ-65 ტიპის ისრული გადამყვანების მონტაჟი ხელშეკრულების საერთო მოცულობით განსაზღვრულ სამუშაოთა შემადგენელი ნაწილია და იგი ცალკე ანაზღაურებას არ ექვემდებარება, რადგან მის გარეშე აზრი დაეკარგებოდა საერთოდ ლიანდაგების დაგებას. ხოლო მოპასუხე აიღებდა თუ არა ნებართვას ისრული გადამყვანების მონტაჟზე, მოცემული დავისთვის არაარსებითია, რადგან სამუშაოები შესრულებული და ანაზღაურებულია.
7.4. შესრულებული და ანაზღაურებულია N157/22 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. შემოტანილი ზედმეტი ფილები განლაგებულია მოპასუხის ტერიტორიაზე და მისი წაღება მოსარჩელეს თავისივე სახსრებით ნებისმიერ დროს შეუძლია.
8. შემკვეთმა შეგებებული სარჩელი წარადგინა და მოითხოვა:
8.1 მენარდისათვის 442 719,88 ლარის დაკისრება;
8.2. მიუღებელი შემოსავლის - 1 004 513,40 ლარის ანაზღაურება;
8.3. №157/25 ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მის საფუძველზე გადახდილი თანხის (330 620 ლარის) დაბრუნება.
9.1. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ, ავანსად 330 620 ლარის გადარიცხვის მიუხედავად, მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არ შეუსრულებია.
9.2. შემკვეთი მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა 112 099.88 ლარია, რომელსაც იგი უკანონოდ ფლობს. ეს თანხა მოპასუხის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახულია, როგორც დებიტორული დავალიანება. შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პირველი მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი თანხის 442 719,88 (330 620+112 099.88) ლარის უკან დაბრუნებაა.
9.3. შემკვეთის მტკიცებით, №157/25 ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია არა დირექტორის, არამედ არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც, სსკ-ის 54-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, გარიგების ბათილობის საფუძველია.
10. მენარდემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არ იზიარებს შემკვეთის პ. 9-ში მითითებულ არგუმენტებს შესრულებულ სამუშაოსა და თანხის გადახდასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელმოწერის ნამდვილობას, შეგებებული სარჩელის ა.რს სალაროს გასავლის ორდერებსა და ე.წ. ,,ვაუჩერებზე” ჯ.ბ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე კომპანიის დირექტორის) ხელმოწერების ნამდვილობა, მის დაკითხვამდე სადავოდ არ გაუხდია. მენარდის მტკიცებით, ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით:
11.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
11.1.1. მოპასუხეს 446 460 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ;
11.1.2. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის მისი კუთვნილი 17 280 ლარად ღირებული 64 ცალი რკინიგზის ლიანდაგქვეშა ბეტონის ფილის დაბრუნება;
11.1.3. სარჩელი ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის - 41 259 აშშ დოლარისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 81 792 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
11.2. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
11.2.1. მენარდეს 20 000 ლარის გადახდა დაეკისრა შემკვეთის სასარგებლოდ;
11.2.2. შეგებებული სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
12. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 24 დეკემბრის ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიჩნია, რომ სადავო ხელმოწერა შესრულებული იყო კომპანიის დირექტორის მიერ, რის გამოც არ არსებობდა სსკ-ის 54-ე და 59-ე მუხლებით სადავო ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები.
12.1 სასამართლომ ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია შეგებებული სარჩელი მენარდისათვის თანხის დაკისრების შესახებ, რადგან ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ 20 000 ლარის 11.08.2008 წლის სალაროს გასავლის ორდერზე ხელმოწერა კომპანიის დირექტორის მიერ იყო შესრულებული. შესაბამისად, მენარდეს 20 000 ლარის გადახდა დააკისრა შემკვეთის სასარგებლოდ.
12.2. სასამართლომ შეგებებული სარჩელი მენარდისათვის 422 719.88 ლარის დაკისრებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 1 004 513.40 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია. სასამართლოს მითითებით, შემკვეთის განმარტება, რომ მენარდეს არ შეუსრულებია №157/25 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და მან 330620.00 ლარი ავანსად გადაიხადა, საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - ამონაწერით დასტურდებოდა, რომ 330620.00 ლარი №157/25 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამშენებლო სამუშაოებისათვის იყო გადახდილი. სამუშაოების შესრულების ფაქტს არც 2013 წლის 13 მაისის დამოუკიდებელი ექსპერტთა პალატის საინჟინრო საქმიანობის ექსპერტიზის №02/012-13 დასკვნა უარყოფდა, რომლის თანახმად, შემკვეთის ტერიტორიაზე მენარდის მიერ მძიმე ტვირთამწეობის საა.მობილო გზებისა და მოედნების მოწყობის შესრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, წარდგენილი მასალების შესაბამისად, 313 089.00 ლარი იყო.
12.3. №157/25 და №157/45 ხელშეკრულებათა საფუძველზე 2013 წლის 7 მარტს მენარდის მიერ 2 401 207,02 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა და 2012 წლის 27 დეკემბერს გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი. სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადგინა, რომ მენარდემ ნარდობის ხელშეკრულებათა საფუძველზე შეასრულა სხვადასახვა სახის სამუშაო. მოპასუხემ გადაიხადა შესრულებული სამუშაოს ნაწილის ღირებულება და გადასახდელი დარჩა 446 460.00 ლარი.
12.4. სასამართლომ სარჩელი, 64 ცალი ბეტონის ფილის მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, საფუძვლიანად მიიჩნია, რადგან მოპასუხემ დაადასტურა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ბეტონის ფილები ნამდვილად მის ტერიტორიაზე იყო განთავსებული. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 164-ე მუხლზე და დაასკვნა, რომ მოპასუხემ, როგორც არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა, ნივთი უფლებამოსილ პირს - მოპასუხეს უნდა დაუბრუნოს.
12.5. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიაჩნია სარჩელი მოპასუხისათვის ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტით მიყენებული ზიანის, 41 259.00 აშშ დოლარის, ანაზღაურებისა და შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 81 792.00 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიუთითა, რომ მოთხოვნის ლეგიტიმურობის შემოწმების მიზნებისათვის უნდა დადგენილიყო, ხომ არ შეიცვალა გარემოებები და, შესაბამისად, ხომ არ არსებობდა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების კანონისმიერი საჭიროება და მიზანშეწონილობა. სასამართლომ მიაჩნია, რომ 2012 - 2013 წლებში მხარეებს შორის არსებული მიმოწერა მათი მხრიდან №157/25 და №157/45 ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის მცდელობა იყო. შემკვეთმა მენარდეს შესთავაზა №157/45 ხელშეკრულების ვადის გაგრძელება იმავე პირობებით საქართველოს რკინიგზიდან ნებართვის მიღებამდე. სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების პირობების მისადაგების ფაქტობრივი საფუძვლები, მხარე შეეცადა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების პირობების მისადაგებას, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწია. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი და 398-ე მუხლის მე-2 ნაწილის ერთობლივი სამართლებრივი ანალიზი იყო.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ საქართველოს რკინიგზიდან ვერ მიიღო ბროწეულა-ქუთაისის გადასარბენზე რ-65 ტიპის ისრული გადამყვანის მოწყობის ნებართვა, მან მოსარჩელეს №157/45 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოსთხოვა. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, მართალია, შეიძინა იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული რ-65 ტიპის ისრული გადამყვანი, თუმცა იგი, ნებართვის უქონლობის გამო, არ დაუმონტაჟებია. სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების აღნიშნული პირობის შესრულება (ნებართვის მოპოვება) ცალსახად მოპასუხის ნებაზე დამოკიდებული პირობა არ იყო და მოსარჩელის მტკიცება, რომ ხელშეკრულება მოპასუხის უმოქმედობით დაირღვა, უსაფუძვლოდ მიიჩნია.
გარდა ამისა, სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეს №157/45 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია. უდავო იყო, რომ იმავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მიხედვით - ერთი გრძივი მეტრი რ-65 ტიპის ისრული გადამყვანის (განძელების კომპლექტთან ერთად) მშენებლობა მიწის ვაკისისა და დაშენების გათვალისწინებით, დღგ-ს გარეშე 860 აშშ დოლარი ღირდა. საქმის განხილვისას მოსარჩელემ დაადასტურა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ისრული გადამყვანის მოწყობილობა შეიძინა, თუმცა მისი დასამონტაჟებელი სამუშაოები, ნებართვის უქონლობის გამო, არ შეუსრულებია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი იყო.
13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით მოითხოვა:
13.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ 11.08.2008 წლის სალაროს გასავლის ორდერზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის მოსარჩელის დირექტორს. ამ ფაქტის დასადგენად სასამართლოს უნდა შეეფასებინა თავად დირექტორის ჩვენება, ასევე ბუღალტრისა და მოლარის ჩვენებები, რომელთაც უარყვეს დირექტორისათვის თანხის გადაცემის ფაქტი. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 24 დეკემბრის დასკვნის საპირისპიროდ მენარდემ სასამართლოს წარუდგინა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სასამართლო ექსპერტიზისა და კრიმინალისტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის 2014 წლის 7 თებერვლის დასკვნა, რომლის თანახმადაც, თანხის მიღების დამადასტურებელ არცერთ დოკუმენტზე დირექტორის სახელით შესრულებული ხელმოწერები არ ეკუთვნის ამ უკანასკნელს.
13.2. მეორე აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ გაიზიარა მოსაზრება, რომ შემკვეთმა საფუძვლის გარეშე, უკანონოდ შეუწყვიტა ხელშეკრულება, რისთვისაც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტით მიყენებული ზიანი.
13.3. აპელანტის მითითებით, დავას არ იწვევს 1425.5.გრძივი მეტრი სარკინიგზო ლიანდაგის დაგებისა და მისი ანაზღაურების საკითხი, მაგრამ მოპასუხე ცდილობს, დაასაბუთოს, რომ რ-65 ტიპის ისრის დამონტაჟება, შეთანხმების თანახმად, ცალკე არ ანაზღაურდებოდა, რადგან ის 1425,5 გრძივი მეტრი სარკინიგზო ლიანდაგის განუყოფელი ნაწილი იყო, რაც არასწორია. მეორე კასატორის მტკიცებით, 80,6გ.მ ისრული გადამყვანი ცალკე ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.
13.4. ასევე არასწორია 20 000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის დაკისრება (შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება), რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები სხვაგვარი დასკვნის საშუალებას იძლეოდა.
14. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც მას 446 460 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
14.1. პირველი აპელანტის მტკიცებით, ბანკის ქვითრებში, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, დაშვებულია მექანიკური შეცდომა თანხის ჩარიცხვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. სასამართლომ არ იმსჯელა 2009 წლის 16 თებერვლის №157/25 ხელშეკრულების შინაარსზე, მოწმისა და საწარმოს დირექტორის ჩვენებებზე. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შესრულებულია ისე, რომ ექსპერტი არ მისულა ქარხნის ტერიტორიაზე, რის გამოც ვერ შეძლებდა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებას. მასში მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ფინანსური შედეგები აისახა, თუკი ეს სამუშაოები შესრულდებოდა. სამუშაოები კი, არ არის შესრულებული, რაც უდავოდ დგინდებოდა შემკვეთის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ადგილზე დათვალიერებით ჩატარდა. მოპასუხის მიერ გარკვეული სამუშაოების დაწყება, კერძოდ, ობიექტზე ფილების შეტანა, არ ნიშნავს სამუშაოების შესრულებას. შესაბამისად, შემკვეთმა შეგებებული სარჩელით 330620 ლარის უკან დაბრუნება მოითხოვა.
14.2. ასევე, დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომლითაც მან 200 000 ლარი მენარდისათვის გადახდილად არ მიიჩნია. ექსპერტთა დასკვნებით ერთობლიობაში დგინდებოდა, რომ თანხის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე ხელმოწერა ეკუთვნოდა ერთსა და იმავე პირს.
14.3. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ სხვადასხვა დროს ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორებით, ავანსადაც, სხვადასხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შემკვეთს მეტობით აქვს გადარიცხული მენარდისათვის 112099,88 ლარი და ეს ასახულია კიდეც საწარმოს საბუღალტრო მონაცემებში. სწორედ 442 719,88 (112 099,88 + 330 620) ლარს, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილს, ითხოვდა შემკვეთი, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და, აქედან გამომდინარე, არც ის გაიზიარა, რომ ამ თანხის მენარდის მიერ უკანონოდ ფლობით შემკვეთის მიუღებელი შემოსავალი 1 0045 13 ლარია.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით:
15.1. მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
15.2. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება მხარეთა მიერ გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
15.3. მენარდის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
15.4. მოპასუხეს 115 841,23 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ;
15.5. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 8 108 ლარის გადახდა დაეკისრა, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; მასვე დაეკისრა 2 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ (ადვოკატის ხარჯი);
15.6. მოსარჩელის დანარჩენი სააპელაციო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;
15.7. შემკვეთის შეგებებული სარჩელი მენარდისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა;
15.8 №157/25 ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმისა და მენარდის კუთვნილი 17280 ლარად ღირებული 64 ცალი რკინიგზის ლიანდაგქვეშა ბეტონის ფილის დაბრუნების ნაწილში - გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
16. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში -სსკ-ის) 316.1, 317.1, 319.1, 361.2, 629.1, 648-ე მუხლები და მიუთითა შემდეგი:
16.1. უდავო იყო, რომ 2009 წლის 10 იანვარს შემკვეთმა მენარდეს 157/25 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 330 620 ლარი გადაურიცხა. მხარეთა შორის სადავო იყო თანხა გადაირიცხა უკვე შესრულებული სამუშაოსათვის თუ - ავანსად, მომავალში შესასრულებელი სამუშაოსათვის. თანხის მიზნობრიობაში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ამონაწერის თანახმად, მითითებულია - შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება.
16.2. მოპასუხის მიერ წარდგენილი 2013 წლის 25 ივნისის შპს „მ–ას“ საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქარხნის ტერიტორიაზე 3000 კვ,მ.ფართზე დიდი ტვირთამწეობის ა.მანქანების სადგომი მოედნებისა და სავალი გზების ორმაგი არმირების რკინაბეტონის საფარი დაგებული არ არის. აღნიშნული სამუშაოების შესრულების დოკუმენტაცია და ვერც სამუშაოთა აქტები ვერ იქნა წარმოდგენილი მათი არარსებობის გამო. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 17 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული №157/25 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის, შესრულებული სამუშაოს პროექტის, ფარულ სამუშაოთა აქტების საქმის მასალებში არარსებობის (ანუ იმ მტკიცებულებათა არარსებობის გამო, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოების ადგილმდებარეობა, მოცულობა და ღირებულება), ასევე, მოხრეშვითი სამუშაოების ხანდაზმულობის გამო, ტექნიკურად შეუძლებელია განსაზღვრა იმისა, თუ რა სახისა და რამდენად ღირებული სამუშაოები აქვს შესრულებული მოსარჩელეს.
16.3. სააპელაციო სასამართლომ შპს „დ.ე.პ–ის“ საინჟინრო საქმიანობის ექსპერტის საექსპერტო დასკვნა, რომ №157/25 ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 153 020,12 ლარს შეადგენდა, ხოლო მძიმე ტვირთამწეობის საა.მობილო გზებისა და მოედნების მოწყობისათვის შესრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 313 089 ლარს, არ გაიზიარა, რადგან, გარდა იმისა, რომ ექსპერტს შესაფასებელი ობიექტი არ დაუთვალიერებია, მან განსაზღვრა შესრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება წარმოდგენილი მასალების შესაბამისად და პასუხი არ გასცა მთავარ შეკითხვას, რა სამუშაოები ჩატარდა სადავო ობიექტზე და რამდენს შეადგენდა მათი ღირებულება.
16.4. პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი ორი წერილი, რომლითაც ის სამუშაოთა 30%-ით შესრულების ფაქტის დადასტურებას ცდილობდა, რადგან, გარდა იმისა, რომ წერილები ნაწილობრივ ურთიერთგამომრიცხველი იყო, ექსპერტთა დასკვნებით საპირისპირო დგინდებოდა, ასევე, 2012 წლის 12 სექტემბრის მიღება - ჩაბარების აქტში მხარეებმა თავად განმარტეს, რომ მენარდეს „დასაწყობებული ჰქონდა“ 984 კვ.მ ორმაგი არმირების რკინაბეტონის ფილები. ამდენად, ისინი დაგებული არ იყო.
16.5 2009 წლის 23 აპრილის აქტი სამუშაოთა 30%-ით შესრულებაზე, პალატამ სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია, რადგან მხარეთა შორის არ შემდგარა მიღება - ჩაბარების აქტი და არც ფორმა №2 ან სამუშაოთა შესრულების აქტები არ იყო წარდგენილი საქმეში.
16.6. სააპელაციო სასამართლოში დაკითხულმა ყველა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ადგილზე დათვალიერებით მათ ვერ დაადგინეს სამუშაოთა შესრულება. ამასთან, სამუშაოთა შესრულება უნდა დასტურდებოდეს ფორმა №2-ით, სამუშაოთა შესრულების აქტებით, მიღება - ჩაბარების აქტებით და ა.შ. რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს არ შეუდგენიათ და, შესაბამისად, ეს აქტები მათ ვერ წარუდგინეს ვერც ექსპერტებს და ვერც სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 157/25 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები (ორმაგი არმირების რკინაბეტონის ფილების დაგება 3000 კვ.მ-ზე) მენარდეს არ შეუსრულებია, შესაბამისად, 330 620 ლარი, რომელიც ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადაერიცხა, არ არის შესრულებული სამუშაოსათვის გადახდილი თანხა და იგი შემკვეთს უკან უნდა დაუბრუნდეს, როგორც ავანსად გადახდილი.
16.7. მოსარჩელის მოთხოვნა 157/25 ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის - 41 259 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, პალატამ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობაში შემკვეთის ბრალს დაადასტურებდა, კერძოდ იმას, რომ მენარდე ცდილობდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და ამას ხელს უშლიდა მოპასუხე.
16.8. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 157/45 ხელშეკრულების შესაბამისად, 1225 930 აშშ დოლარად ღირებული 1425,5 გრძივი მეტრი სარკინიგზო ლიანდაგი მოაწყო. ამას ადასტურებს 2012 წლის 27 დეკემბრის მიღება - ჩაბარების აქტი და საგადასახადო ანგარიშფაქტურა, თუმცა პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ 80.6 გრძივი მეტრი რ-65 ისრისა და დამხმარე რელსებისათვის საჭირო მასალებისა და მათი მოწყობის ფასი არ შედიოდა 157/45 ხელშეკრულების ღირებულებაში. ეს მიღება-ჩაბარების აქტიდან არ დგინდებოდა.
16.9. რაც შეეხება ისრული გადამყვანის მონტაჟის ნებართვების მოპოვებას, მართალია, ეს ხელშეკრულების თანახმად, შემკვეთის ვალდებულება იყო, რაც მან ვერ შეასრულა, მაგრამ ეს გარემოება ვერ შეცვლიდა იმ ფაქტს, რომ მენარდემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, მოეწყო 1425.5. გრძივი მეტრის სარკინიგზო ლიანდაგი და ისრული გადამყვანი (მიერთების გარეშე), რისთვისაც მიიღო გათვალისწინებული საზღაური.
16.10. სასამართლოს მითითებით, არც ხელშეკრულებიდან, არც მიღება - ჩაბარების აქტიდან და არც საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან არ დგინდებოდა, რომ შესასრულებელი ვალდებულება იყო 1425 გრძივი მეტრი სარკინიგზო ლიანდაგისა და 80 გრძივი მეტრი ისრული გადამყვანის მშენებლობა. ეს ციფრი - 1505 (მათი ჯამი (1425+85) - მხარეთა მიერ შეთანხმებულ არცერთ დოკუმენტში არ ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩია, რომ 1425 გრძივი მეტრი მოიცავდა, როგორც სარკინიგზო ლიანდაგს, ისე ისრულ გადამყვანს, რაც მენარდემ შეასრულა, ხოლო შემკვეთმა აანაზღაურა.
16.11. რადგან საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზები ნაწილობრივ ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთწინააღმდეგობრივი იყო, იმ სადავო ფაქტობრივი გარემოების გამოსაკვლევად, მიიღო თუ არა 220 000 ლარი მოსარჩელემ, სასამართლომ კალიგრაფიული ექსპერტიზა დანიშნა. გამოსაკვლევი საკითხი იყო, ეკუთვნოდა თუ არა საქმეში განთავსებულ სალაროს გასავლის ორდერებსა და ვაუჩერებზე ხელმოწერა მოსარჩელე კომპანიის ყოფილ დირექტორს. საექსპერტო დასკვნის თანახმად, 2008 წლის 11 აგვისტოს სალაროს გასავლის ორდერზე, 2009 წლის 17 დეკემბრისა და 24 ნოემბრის ვაუჩერებზე და სხვა შესადარებელ დოკუმენტებზე ხელმოწერები არ არის შესრულებული კომპანიის დირექტორის მიერ, ხოლო იმის დადგენა, დირექტორს ეკუთვნის თუ არა 2009 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებულ სალაროს გასავლის ორდერზე არსებული ხელმოწერა, შეუძლებელი იყო.
16.12. პალატამ საქმეში წარმოდგენილი დასკვნების, ექსპერტთა დაკითხვის, მათი სანდოობისა და დასაბუთებულობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ 220 000 ლარის გადარიცხვის 4 სადავო დოკუმენტზე ხელმოწერა, დირექტორს არ ეკუთვნოდა. შესაბამისად, დაასკვნა, რომ მენარდეს შემკვეთისაგან ნაღდი ანგარიშსწორებით 220 000 ლარი არ მიუღია.
16.13. პალატამ სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია შეგებებული სარჩელი მოპასუხისათვის 112099,88 ლარის დაკისრებისა და მიუღებელი შემოსავლის 1 004 513,40 ლარის დაკისრების მოთხოვნით, რადგან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები შემკვეთს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 17 აპრილის დასკვნაში სრულიად დასაბუთებულად, საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, სხვა არსებით საკითხებთან ერთად, მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ 220000 ლარი გადახდილად მიიჩნევა (რაც პალატამ არ ჩათვალა ანაზღაურებულად), მოსარჩელისათვის 104 158,77 ლარით მეტია ანაზღაურებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 220 000 ლარი არ ჩაითვლება გადახდილად, მაშინ სულ ასანაზღაურებელია (გამომდინარე ყველა ხელშეკრულებიდან) 7 180 894,11 ლარი. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელისათვის 115841,23 ლარით ნაკლებია გადახდილი. ამდენად, ექსპერტმა დაადგინა, რომ, პირიქით, შემკვეთს აქვს შესრულებული სამუშაოსათვის მენარდისათვის გადასახდელი 115 841,23 ლარი. სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის დაუსაბუთებლობიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 1004513,40 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას 157/25 ხელშეკრულების ბათილობაზე უარის თქმის ნაწილში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაშია შესული.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ იმ ნაწილში, რომლითაც მას 115 841. 23 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ და იმ ნაწილში, რომლითაც მისი შეგებებული სარჩელი მენარდისათვის 104 158.77 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით 220 000 ლარის მოსარჩელისათვის გადახდილად მიჩნევა და 104 158.77 ლარის მენარდისათვის დაკისრება მოითხოვა.
17.1. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ თავისი შინაგანი რწმენა ოთხი ექსპერტიზის დასკვნიდან სწორედ იმას დააფუძნა, რომელიც წინააღმდეგობრივია, კერძოდ, დასკვნა და ექსპერტის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავია. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრული ანალიზისა და სწორად შეფასების პირობებში, საპირისპირო გადაწყვეტილებას გამოიტანდა. სასამართლოს მიერ საქმის არასრულ გამოკვლევაზე მიუთითებს ისიც, რომ პირველმა აპელანტმა გაასაჩივრა ის საოქმო განჩინებაც, რომლითაც საქმეს არაკანონიერად დაერთო 2014 წლის 7 თებერვლის (N01-18/034) ექსპერტიზის დასკვნა, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია გადაწყვეტილებაში.
18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემაც, რომელმაც მისი ნაწილობრვ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით მოითხოვა:
18.1 მოსარჩელე სარჩელში არ უთითებდა, რომ N157/25 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად შეასრულა, არამედ ამტკიცებდა იმას, რომ მენარდემ მიღებული თანხის შესაბამისი სამუშაოები შეასრულა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი სამუშაოების დასრულების შესაძლებლობა შემკვეთმა არ მისცა.
18.2 სასამართლომ არასწორად შეაფასა 2009 წლის 23 პარილის მხარეთა მიერ შედგენილი აქტი, რომელზე ხელმოწერითაც შემკვეთმა აღიარა N157/25 ხელშეკრულების 30%-ით შესრულება. 2009 წლის 10 ივნისს მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა 330 620 ლარი, გადახდის დანიშნულებაში კი, პირდაპირ მიუთითა, რომ 157/25 ხელშეკრულების თანახმად, ანაზღაურდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება. სასამართლომ არასწორად შეაფასა 2012 წლის 9 იანვრისა და 2013 წლის 4 მარტის წერილებიც, როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო. რეალურად, ორივე წერილით მოპასუხემ აღიარა ბეტონის ფილების შეტანის, მათი ნაწილის დაგებისა და დაუგებელი ფილების მითვისების ფაქტები. სასამართლომ ასევე განსხვავებულად განმარტა 2012 წლის 12 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხოლოდ ის დასტურდება, რომ მის ტერიტორიაზე შეტანილი ფილებიდან, მხოლოდ მცირე ნაწილი დაუბრუნა მეორე კასატორს.
18.3. სასამართლომ დამოუკიდებელ ექსპერტთა პალატის ექსპერტიზის დასკვნა 313. 089.00 ლარის სამუშაოთა შესრულების თაობაზე არ გაიზიარა, რადგან იგი დოკუმენტების კვლევის საფუძველზე იყო შედგენილი და არა - ტერიტორიის დათვალიერების გზით. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ყველა დაკითხულმა ექსპერტმა უარყო დაგებული ფილების არსებობის ფაქტი. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მან დააგო არა - 3000, არამედ 193 კვ.მ ფილა, რასაც ადასტურებს 2012 წლის 9 იანვრის წერილი და ექსპერტთა ჩვენებები. შემკვეთის მიერ წარმოდგენილი შპს „მ–ა/მ-ის“ დასკვნაც ადასტურებს, რომ მენარდემ მოსამზადებელი სამუშაოები შეასრულა. მართალია, სასამართლოს მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ (17.04.2015 წლის) შეუძლებლად მიიჩნია N157/25 ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენა, თუმცა ექსპერტებმა დაკითხვისას დაადასტურეს ტერიტორიის მოხრეშვისა და ორმაგი ფილების არსებობის ფაქტი.
18.4 გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელემ 1425.5 გრძივი მეტრის სარკინიგზო ლიანდაგი და რ-65 ისრული გადამყვანი დააგო, სამუშაოთა ღირებულება 1. 225.930 აშშ დოლარი იყო. გაურკვეველია, რა სხვაობაა ტერმინებს „დაგებასა“ და „დამონტაჟებას“ შორის, თუ „დაგება“ არ ნიშნავს „დამონტაჟებას“, გამოდის, რომ არც 1425.5 გრძივი მეტრი სარკინიგზო ლიანდაგი დამონტაჟებულა. გარდა ამისა, სასამართლოს ასეთი მსჯელობა ეწინააღმდეგება იმ ორ უდავო გარემოებას, რომ ისრული გადამყვანი არ არის ბოლომდე დამონტაჟებული სათანადო ნებართვის არარსებობის გამო და ისრული გადამყვანის ჩთვლით სარკინიგზო ლიანდაგის სიგრძე 1425.5 მეტრზე გაცილებით მეტია. ამგვარი მსჯელობა ეწინააღმდეგება თავად ხელშეკრულების 4.2. და 4.3 პუნქტებს, რომლითაც ცალ-ცალკეა განსაზღვრული სარკინიგზო ლიანდაგისა და ისრული გადამყვანის ფასები.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
20. საკასაციო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიები.
22. მოსარჩელის პირველი მოთხოვნა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 446 460.00 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაა. წინამდებარე გადაწყვეტილების 1-6 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს მოთხოვნა ორი ნაწილისაგან შედგება და მათ განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლები აქვს, კერძოდ, მენარდე 330 620.00 ლარს 2009 წლის 16 თებერვლის N157/25 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ითხოვს, რომელიც შემკვეთის ინიციატივით შეწყდა. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 636-ე (შემკვეთს უფლება აქვს, სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) მუხლი. რაც შეეხება დარჩენილ 115 840 ლარს, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მის მიერ მოპასუხისათვის შესრულებული (მხარეთა შორის გაფორმებული ყველა ხელშეკრულებით გათვალისწინებული) სამუშაოს ღირებულება 7 296 735. 30 ლარია, შემკვეთს კი გადახდილი აქვს 7 180 895.11 ლარი, შესაბამისად, მოითხოვს შეთანხმებული საზღაურის დარჩენილი ნაწილის გადახდას (სსკ-ის 629.1 მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური).
23. სსკ-ის 636-ე მუხლით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წინაპირობებია: მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების დადება; მენარდის მიერ შეთანხმებული სამუშაოს ნაწილის შესრულება; სამუშაოს დასრულებამდე შემკვეთის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების მოშლა არ ათავისუფლებს შემკვეთს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოვალეობისგან, რაზეც არც მხარეები დავობენ. მათ შორის სადავო შესრულებული სამუშაოებია, კერძოდ, სარჩელის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტამდე მენარდემ შეასრულა N157/25 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა 30%-ზე მეტი (3000 კვმ-ზე შეიტანა ბალასტი და მოაწყო ვაკისი, შეიძინა და მოპასუხის ტერიტორიაზე შეიტანა 984 კვ.მ ორმაგი არმირების რკინაბეტონის ფილა, საიდანაც მომზადებულ ვაკისზე დაიგო 193.4 კვ.მ ფილა), რომლის ღირებულება 330 620.00 ლარია. შემკვეთის მტკიცებით კი, მენარდეს სამუშაო საერთოდ არ შეუსრულებია და 2009 წლის 10 ივნისს 330 620.00 ლარი N157/25 ხელშეკრულების 4.4 პუნქტის (ხელშეკრულების ღირებულებიდან შემკვეთი გადაურიცხავს შემსრულებელს ავანსის სახით ხელშეკრულების ღირებულების 50%-ს წინასწარ სამუშაოების დაწყებამდე, ხოლო დარჩენილი თანხა ეტაპობრივად ანაზღაურება შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე) შესაბამისად ავანსად გადარიცხული თანხაა.
24. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისას ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც უკვე შესრულდა და ის, რომელიც ხელშეკრულების გამო აღარ უნდა შესრულდეს. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებას ადასტურებს, შპს „დ.ე.პ–ატის“ 13.05.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზაა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული დასკვნის შეფასებას მის სანდოობასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ ექსპერტმა კვლევა ჩაატარა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების - მენარდის მიერ წარმოებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, შესაბამისად, დაადგინა სამუშაოთა სახარჯთაღრიცხვო ღირებულება. რამდენადაც დასკვნაში მითითებული მონაცემები მიღებულია მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნულ დასკვნას სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ ობიექტურ მტკიცებულებად ვერ განიხილავს. გარდა ამისა, დასკვნა სარწმუნოდაც რომ ყოფილიყო მიჩნეული, დადგენილია, რომ ექსპერტს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება, ადგილზე დათვალიერების გზით, არ შეუფასებია, რის გამოც ექსპერტს რეალურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება არ დაუდგენია (დასკვნაში მხოლოდ სამუშაოთა სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაზეა საუბარი).
25. შემდეგი მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დადასტურებას ცდილობს 2012 წლის 9 იანვრისა და 2013 წლის 4 მარტის მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელისათვის მიწერილი წერილებია. ამგვარი წერილები სამუშაოთა შესრულების ფაქტის დასადასტურებლად არასათანადო მტკიცებულებებია. გარდა ამისა, წერილები რომც აკმაყოფილებდეს მტკიცებულების სტანდარტს, ისინი მაინც არ გამოდგება სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად, რამდენადაც მათში ცალსახად არ არის მითითებული, რომ იმ დროისათვის მენარდეს ფილები დაგებული ჰქონდა (2013 წლის 4 მარტის წერილში მოპასუხე კომპანიის დირექტორი უთითებს, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია სამუშაოთა 30 %-ით შესრულებაზე მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმება, მას შემდეგ, რაც მენარდე შეტანილ ფილებს სრულად დააგებს).
26. მოსარჩელის მიერ წარდგენილი კიდევ ერთი წერილობითი მტკიცებულება 2009 წლის 23 აპრილის „ხელშეკრულებების შესრულების განხილვაა“, რომელშიც მითითებულია, რომ N157/25 ხელშეკრულება 30%-ით შესრულდა. სასამართლო არც ამ მტკიცებულებას არ მიიჩნევს სათანადოდ და მიუთითებს, რომ სამუშაოთა შესრულება უნდა დასტურდებოდეს, მაგ. ფორმა №2-ით, სამუშაოთა შესრულების, მიღება-ჩაბარების აქტებით, სასაქონლო ზედნადებით, სალაროს გასავლის ორდერით და ა.შ, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერც ექსპერტებს და ვერც სასამართლოს ვერ წარუდგინა. ამასთან, სასამართლოში დაკითხულმა ყველა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ადგილზე დათვალიერებით მათ ვერ დაადგინეს სამუშაოთა შესრულება.
27. მხარეთა შორის გაფორმებული 12.09.2012 წლის მიღება-ჩაბარების აქტითაც ის დასტურდება, რომ მენარდემ ფილები მოპასუხის ტერიტორიაზე შეიტანა და დაასაწყობა. ამდენად, არც ამ მტკიცებულებით დასტურდება ფილების დაგების ფაქტი. მოსარჩელის კუთვნილი ფილების თავის ტერიტორიაზე არსებობის ფაქტი არც პირველმა კასატორმა არ უარყო (სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მათ მენარდეს დაუბრუნებს, იხ. 8.04.2016 წლის სხდომის ოქმი), თუმცა მიუთითა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა მხოლოდ ფილების დაგების შემთხვევაში.
28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ N157/25 ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელი სამუშაო გულისხმობდა 3000 კვ.მ. ფართობზე დიდი ტვირთამწეობის ა.მანქანების სადგომი მოედნებისა და სავალი გზების ორმაგი არმირების რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას. ის ხარჯი რაც მოსარჩელემ გაწია (შეიტანა ბალასტი, ფილები) და რასაც იგი შესრულებულ სამუშაოდ მიიჩნევს, შესაძლოა, ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი ყოფილიყო, ანუ ის ხარჯი, რომელიც მენარდემ უკვე შესრულებული თუ ჯერ კიდევ შეუსრულებელი (თუმცა სამომავლოდ შესასრულებელი) სამუშაოსათვის გაიღო. ამ ხარჯის გაწევის მტკიცების ტვირთი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მენარდეს ეკისრება, ანუ მოსარჩელეს სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაემტკიცებინა, თუ რა ხარჯი გაწია მან N157/25 ხელშეკრულების შესასრულებლად.
შესაბამისად, მოთხოვნა წარმატებული იქნებოდა, თუ ის სათანადო მტკიცებულებით დაადასტურებდა ბალასტისა თუ სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოპასუხის ტერიტორიაზე შეტანის, ხელშეკრულების შესასრულებლად სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების ფაქტს. ერთდაერთი გარემოება, რისი დამტკიცებაც მოსარჩელემ შეძლო ფილების მოპასუხის ტერიტორიაზე შეტანაა. თუ იგი ამ ფილების ღირებულებას მოითხოვდა, მაშინ მას უკვე შეძენილი მასალის სხვაგან გამოყენების შეუძლებლობა უნდა ემტკიცებინა (შდრ. დანახარჯები მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება. სუსგ. ას-697-663-2015, 15.12. 2015).
29. ამდენად, მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ მტკიცებასავალდებულო გარემოება ვერ დაადასტურა. მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ თანხის გადარიცხვის დოკუმენტში გადარიცხვის მიზნობრიობაში მითითებულია - შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, თუმცა, როგორც აღინიშნა, მენარდემ სამუშაოთა შესრულების ფაქტი სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა. მოპასუხემ კი, წარმოადგინა საპირისპირო მტკიცებულება, კერძოდ, 2013 წლის 25 ივნისის შპს „მ–ა/მ-ს“ საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმადაც „N157/25 ხელშეკრულების მიხედვით, ქარხნის ტერიტორიაზე 3000 კვ.მ ფართზე დიდი ტვირთამწეობის ა.მანქანების სადგომი მოედნებისა და სავალი გზების ორმაგი არმირების რკინაბეტონის საფარი მოწყობილი არ არის. როგორც ტერიტორიის გამოკვლევით დადგინდა, იმ ადგილს, სადაც უნდა მოწყობილიყო სადგომი, მოედნები და სავალი გზები ორმაგი არმირების ბეტონის საფარით ქვიშა-ხრეშისა და ღორღის ქვენაფენის არსებობა არ დასტურდება. აღნიშნული სამუშაოების შესრულების დოკუმენტაცია, ვერც სამუშაოთა აქტები ვერ იქნა წარმოდგენილი მათი არარსებობის გამო“.
30. ამასთან, სამუშაოთა შესრულების ფაქტი ვერც სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 17 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „მხარეთა შორის გაფორმებული №157/25 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დადასტურებელი დოკუმენტის, ასევე, შესრულებული სამუშაოს პროექტის ან დადასტურებული გეგმის (რითაც შესაძლებელი იქნებოდა განსაზღვრულიყო შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოების ადგილმდებარეობა, მოცულობა და, შესაბამისად, ღირებულება) საქმის მასალებში არარსებობისა და მოხრეშვითი სამუშაოების ხანდაზმულობის გამო, ტექნიკურად შეუძლებელია, განსაზღვრა იმისა, აქვს თუ არა, და თუ აქვს რა სახისა და რა ღირებულების სამუშაოები აქვს შესრულებული მოსარჩელეს მოპასუხისათვის“.
31. როგორც აღინიშნა, ხელშეკრულების შესრულებული ნაწილის მიმართ კანონი ადგენს შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურების ვალდებულებას. შესრულებულ სამუშაოთა მტკიცების ტვირთი მენარდეს ეკისრება. მოსარჩელემ 330,620.00 ლარის ღირებულების სამუშაოთა შესრულების ფაქტი ვერ დაამტკიცა, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება 330 620.00 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 115 840 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, დაუსაბუთებელია პირველი კასატორის პრეტენზია შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ნაწილის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე შემდეგ მოსაზრებათა გამო:
115 840 ლარს მოსარჩელე მოითხოვდა, როგორც დარჩენილ გადაუხდელ საზღაურს, საერთო ჯამში, ყველა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებულ სამუშაოთათვის. ამ ნაწილში მოპასუხე სამუშაოთა შესრულების ფაქტს არ ედავება, მისი შესაგებელი ისაა, რომ მან შესრულებული სამუშაოები სრულად აანაზღაურა და მოსარჩელისათვის ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით უფრო მეტიც აქვს გადახდილი, კერძოდ, შემკვეთის მითითებით, მოსარჩელემ ანაზღაურებულ თანხას არ მიუმატა მის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი 220 000 ლარი. შესაბამისად, პირველი კასატორი მოითხოვს 220 000 ლარის მენარდისათვის გადახდილად მიჩნევას, რაც, ერთი მხრივ, გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას 115 840 ლარის შემკვეთისათვის დაკისრების ნაწილში და, მეორე მხრივ, შემკვეთის მიერ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი ზედმეტად გადახდილი თანხის (საკასაციო საჩივრის მიხედვით -104 158, 77 ლარის), სსკ-ის 385-ე მუხლისა და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უკან დაბრუნების ფაქტობრივი წინაპირობა იქნება.
სასამართლოს მიერ დანიშნული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნაც ამგვარია, კერძოდ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 17.04.2015 წლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ნაღდი ფულით ანგარისწორება, ანუ 220 000 ლარის ანაზღაურების საკითხი, არის სადავო. იმ შემთხვევაში, თუ 220 000 ლარი ჩაითვლება ანაზღაურებულად, მაშინ, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებასთან შედარებით, სხვაობა არის 104 158. 77 ლარი, ანუ მოსარჩელისათვის 104 158. 77 ლარით მეტია ანაზღაურებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 220 000 ლარი არ ჩაითვლება ანაზღაურებულად, მაშინ, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებასთან შედარებით, სხვაობა არის 115 841.23 ლარი, ანუ მოსარჩელისათვის 115 841.23 ლარით ნაკლებია ანაზღაურებული“.
32. მენარდე ედავება 220 000 ლარის მიღების ფაქტს. ნარდობითსამართლებრივ ურთიერთობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესის მიხედვით, სადავოობის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს ღირებულების მენარდისათვის ანაზღაურება შემკვეთმა უნდა ამტკიცოს, შესაბამისად, თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა მისთვის აუცილებლობას წარმოადგენს (სსკ-ის 429.1 (კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი) მუხლი).
33. განსახილველ შემთხვევაში, თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მოპასუხემ 2008 წლის 11 აგვისტოსა (20 000-ლარიანი) და 2009 წლის 5 აგვისტოს (100 000-ლარიანი) სალაროს გასავლის ორდერები და 2009 წლის 24 ნოემბრისა (50 000-ლარიანი) და 2009 წლის 17 დეკემბრის (50 000-ლარიანი) სალაროს ვაუჩერები წარადგინა (სულ 220 000 ლარი).
პალატა შემკვეთის მიერ წარმოდგენილ წერილობით საბუთს დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევდა, მენარდეს მათი ნამდვილობა სადავოდ რომ არ გაეხადა, კერძოდ, მისი მითითებით, სადავო წერილობით საბუთებზე ხელმოწერა მენარდე კომპანიის დირექტორს არ ეკუთვნის.
34. მითითებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ წარმოადგინა 2013 წლის 20 მარტისა და 2013 წლის 13 სექტემბრის სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დოკუმენტების ტექნიკური, ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზის დასკვნები (ტ. 2, ს.ფ. 59-68; ტ. 2, ს.ფ. 247-257), რომლებიც არსებითად ერთი და იმავე შინაარსისაა, კერძოდ, 2008 წლის 11 აგვისტოს (20 000-ლარიანი) სალაროს გასავლის ორდერსა და 2009 წლის 24 ნოემბრის (50 000-ლარიანი) სალაროს ვაუჩერზე ხელმოწერა და შესადარებელ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერა შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ, ხოლო დარჩენილ ორ სადავო დოკუმენტზე ხელმოწერები შეასრულა თუ არა შესადარებელ დოკუმენტებზე ხელმომწერმა ერთმა და იმავე პირმა ვერ დადგინდა.
საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი დასკვნების მიხედვით, სადავო დაკუმენტებსა და შესადარებელ დოკუმენტებზე ხელმოწერა ერთი და იმავე პირის მიერაა შესრულებული, თუმცა არ დგინდება, რომ ისინი მოსარჩელე კომპანიის დირექტორს ეკუთვნის.
35. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, სადავო საკითხის დასადგენად დაინიშნა ექსპერტიზა. 2013 წლის 24 დეკემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დოკუმენტების ტექნიკური, ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზამ დაასკვნა (ტ. 3; ს.ფ. 148-157), რომ 2008 წლის 11 აგვისტოს (20 000-ლარიანი) სალაროს გასავლის ორდერზე ხელი მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა მოაწერა. 2009 წლის 17 დეკემბრის სალაროს (50 000-ლარიან) ვაუჩერზე, სავარაუდოდ, ხელი დირექტორს აქვს მოწერილი, თუმცა კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ ხერხდებოდა, ხოლო დანარჩენ ორ დოკუმენტზე ხელმოწერა ეკუთვნოდა თუ არა კომპანიის დირექტორს, არ დგინდებოდა. საყურადღებოა, რომ მითითებულ დასკვნას არ ერთვის ხელმოწერის შედარების კვლევის ფოტოილუსტრაცია.
36. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეს დაერთო 2014 წლის 7 თებერვლის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სასამართლო ექსპერტიზისა და კრიმინალისტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დასკვნა, რომლის თანახმადაც, არცერთ სადავო დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მოსარჩელე კომპანიის დირექტორს.
37. პალატის მოსაზრებით, მითითებული ექსპერტიზის დასკვნები, მათი წინააღმდეგობრიობის გამო, სადავო ფაქტის დასადასტურებლად არ გამოდგება, ისინი ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განმეორებითი კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნა, ვინაიდან სსსკ-ის 173.2 მუხლისა (თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები) და ამავე კოდექსის 162.1 მუხლის (თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია) შესაბამისად, საქმის მასალები ამის საფუძველს ქმნიდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 3 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 2009 წლის 17 დეკემბრისა და 2009 წლის 24 ნოემბრის სალაროს ვაუჩერებზე, 2008 წლის 11 აგვისტოს სალაროს გასავლის ორდერზე, 2009 წლის 16 თებერვლის N157/25 ხელშეკრულებასა და 2009 წლის 16 მარტის N157/25 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებაზე კომპანიის დირექტორის სახელით ხელი მოწერილია არა დირექტორის, არამედ სხვა პირის მიერ, ხოლო 2009 წლის 5 აგვისტოს სალაროს გასავლის ორდერზე არსებული ხელმოწერა შეასრულა თუ არა მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა ვერ დადგინდა.
38. პირველი კასატორი არ ეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 3 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ იგი საეჭვო და წინაარმდეგობრივია, კერძოდ, დასკვნა და ექსპერტის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავია.
პალატა მიიჩნევს, რომ ამგვარი შედავება არაკვალიფიციურია, ვინაიდან არ შეიცავს დასაბუთებას, კონკრეტულად რაში გამოიხატა დასკვნისა და ექსპერტის ჩვენების ურთიერთწინააღმდეგობა.
39. პირველი კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ სასამართლომ თავისი შინაგანი რწმენა ოთხი ექსპერტიზის დასკვნიდან რატომღაც სწორედ საეჭვო დასკვნას დააფუძნა და არა - სხვა დასკვნებს.
სსსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და ის სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით ფასდება. ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთ სახეა და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების მართლზომიერებას. სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (შდრ. სუსგ საქმე №ას-589-896-09, 22 იანვარი, 2010 წელი).
40. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის გამოკვლევა საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას, ამასთან, რამდენადაც თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი შემკვეთის მხარეს იყო, მასვე ეკისრებოდა სადავო ხელმოწერების ნამდვილობის მტკიცების ტვირთიც. ამის დასადასტურებლად მის მიერ წარდგენილი ორი ექსპერტიზის დასკვნის საპირისპირო სათანადო მტკიცებულება მენარდემ წარმოადგინა. დასკვნათა ურთიერთწინააღმდეგობის გამო, სადავო საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ კვლავ დანიშნა ექსპერტიზა. მითითებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, პირველმა კასატორმა წარმოადგინა ზოგადი და აბსტრაქტული შედავება, კერძოდ, ვერ მიუთითა ვერცერთ იმ გარემოებაზე, რაც დასკვნის სისწორესა და სანდოობაში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.
41. საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და მხარეთა მიერ მითითებულ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სადავო ხელმოწერების სიყალბის დასადგენად სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 3 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სადავო ფაქტის დასადგენად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მითითებულ ექსპერტის დასკვნას არ ემყარება. შეაფასა რა სააპელაციო პალატამ საქმეში წარდგენილი თითოეული დასკვნა, სასამართლო სხდომაზე დაკითხული ხელწერილის ექსპერტიზის შემდგენი ყველა ექსპერტის პასუხი დასმულ კითხვებზე, მათი დასაბუთებულობა, მართებულად დაასკვნა, რომ სადავო ხელმოწერები არ ეკუთვნის მოსარჩელე კომპანიის მაშინდელ დირექტორს. საკასაციო პალატა იზიარებს მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კუთხით დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე შემკვეთმა ერთმნიშვნელოვნად და დამაჯერებლად ვერ შეძლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება (შდრ. სუსგ Nას-279-264-17, 21.04.17 წელი „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული).
42. ამრიგად, რადგანაც შემკვეთმა სათანადო და დასაშვები წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაამტკიცა მოსარჩელისათვის ფულადი თანხის გადაცემა, ვლინდება სსკ-ის 629.1 მუხლის წინაპირობები, შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ნაწილის (115 840 ლარის) ანაზღაურების თაობაზე, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა მენარდისაგან ზედმეტად გადახდილი თანხის, 104 158. 77 ლარის, დაბრუნების თაობაზე, უსაფუძვლოა რამდენადაც ვალდებულების გარეშე შემკვეთის მიერ მენარდისათვის თანხის გადახდის ფაქტი არ დადგინდა, შესაბამისად, არც სსკ-ის 385-ე მუხლისა და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის წინაპირობები გამოვლინდა. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება 115 840 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებისა და მოსარჩელისათვის 104 158. 77 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).
43. მეორე კასატორი საკასაციო საჩივრით ასევე ასაჩივრებდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მისი მოთხოვნა N157/25 ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტით მიყენებული ზიანის - 41 259.00 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შემკვეთისათვის 41 259.00 აშშ დოლარის დაკისრებას მოითხოვდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2016 წლის 8 აპრილს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა და მისმა წარმომადგენელმა უარი განაცხადეს მოპასუხისათვის 41 259.00 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე (16:08:30 – 16:09:10 საათი).
44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ სასარჩელო მოთხოვნაზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი (მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი), სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს.
სსსკ-ის 399-ე (საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს) და 372-ე (საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს საქმის განხილვის იმ ნორმებით, რომლებიც ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებისათვის საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარება. თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების შესრულება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმისწარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის მეორე მოთხოვნაზე (მოპასუხისათვის 41,259.00 აშშ დოლარის დაკისრება) უარის თქმის გამო, ამ სასარჩელო მოთხოვნაზე წარმოება უნდა შეწყდეს.
45. მენარდე სარჩელით მოითხოვდა N157/45 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოსათვის ასანაზღაურებელი თანხის 81 792.00 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტით) მოპასუხისათვის დაკისრებასაც, კერძოდ, იგი მიუთითებდა, რომ მოსარჩელემ დაამონტაჟა 1425.5 გრძივი მეტრი რკინიგზა, ასევე, შეასრულა 80.6 გრძივ მეტრზე მიწის ვაკისის მოწყობისა და დაშენების სამუშაოები რ-65 ტიპის ისრული გადამყვანის მოსაწყობად, შეიძინა რ-65 ტიპის 1/11 ისარი და გადამყვანი რელსები, რომელიც მიტანილია ქარხნის ტერიტორიაზე. ვინაიდან მოპასუხემ ვერ შეძლო შესაბამისი ნებართვის მიღება, მოსარჩელეს ისრული გადამყვანის რკინიგზასთან მიერთების შესაძლებლობა არ მიეცა. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვდა 80.6 მეტრი ისრული გადამყვანის მოწყობის სამუშაოებისა და რ-65 ტიპის ისრული გადამყვანის ღირებულების - 81 792.00 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.
46. მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 633-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება (შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას). მითითებული ნორმით გათვალისწინებული ზიანი სწორედ ის ზიანია, რომელიც მენარდემ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმებულ სამუშაოთა შესასრულებლად გაწია, კერძოდ, ისეთი სპეციფიკური მასალა და მოწყობილობები შეიძინა, რომელიც, მოსარჩელის მტკიცებით, მხოლოდ ამ ნარდობის ხელშეკრულების შესასრულებლად იყო აუცილებელი და რ-65 ტიპის ისრულ გადამყვანს სხვაგან ვერ გამოიყენებს. ფაქტობრივად, მენარდე მოითხოვს ზიანს - 81 792.00 აშშ დოლარს, რომელიც მან N 157/45 ნარდობის ხელშეკრულების შესასრულებლად გაწია, თუმცა მის დასამონტაჟებლად აუცილებელი ნებართვის არარსებობის გამო, (ხელშეკრულების თანახმად, ნებართვა შემკვეთს უნდა მიეღო) სამუშაო ვერ შეასრულა. ამდენად, მენარდე მოითხოვს არა შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურებას, არამედ - ზიანს.
47. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოპასუხის შესაგებელი ისაა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 1425,5 გრძივი მეტრი ლიანდაგის დაგება, რომელიც რ-65 ტიპის ისრული გადამყვანების მონტაჟსაც მოიცავდა, იგი ცალკე არ ანაზღაურდებოდა. ისრული გადამყვანის გარეშე ლიანდაგების დაგებას აზრი დაეკარგებოდა, ხოლო მოპასუხე აიღებდა თუ არა ნებართვას ისრული გადამყვანების მონტაჟზე, არაარსებითია, რამდენადაც შეთანხმებული საზღაური სრულად არის ანაზღაურებული.
48. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელშეკრულების სწორ ანალიზს ეყრდნობა. კერძოდ, ხელშეკრულების საგანი იყო „ქარხნის ტერიტორიაზე 1425,5 გრძივი მეტრი სარკინიგზო ლიანდაგებისა და რ-65 ტიპის ისრული გადამყვანის (განძელების კომპლექტთან ერთად) მონტაჟი“. მითითებული ჩანაწერიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ 1425,5 გრძივი მეტრი უნდა ყოფილიყო სარკინიგზო ლიანდაგი და ისრული გადამყვანი ერთად. მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, ბუნდოვანებისა და არაზუსტობის საფუძვლით, სსკ-ის 52-ე მუხლით განმტკიცებული (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან) გონივრული განსჯის საფუძველზეც რომ განიმარტოს, საპირისპირო დასკვნის საფუძველი მაინც არ არსებობს, რადგან თავად მხარეებმაც განმარტეს, რომ სარკინიგზო ლიანდაგი ისრული გადამყვანის გარეშე უფუნქციოა, ვერ იმუშავებს, ამდენად, 1425,5 გრძივი მეტრის მხოლოდ ლიანდაგის დაგებას აზრი არ ექნებოდა, ისრული გადამყვანის სიგრძე კი, ხელშეკრულებაში ცალკე მოცემული არ არის. შესაბამისად, ხელშეკრულების ერთიანი ანალიზიდანაც დგინდება, რომ 1425,5 გრძივ მეტრში შედის როგორც სარკინიგზო ლიანდაგი, ისე ისრული გადამყვანი.
49. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე კასატორის ახსნა-განმარტება, რომ 80.6 გრძივი მეტრის ისრული გადამყვანი ცალკე უნდა ანაზღაურებულიყო, არადამაჯერებელია. ეს არც სადავო შეთანხმებიდან არ გამომდინარეობს. მართალია, ხელშეკრულებაში მათი ფასი ცალ-ცალკე პუნქტად არის მითითებული, მაგრამ აღნიშნული არ ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ ორივე მათგანის სიგრძე ჯამში 1425,5 გრძივ მეტრზე მეტი უნდა ყოფილიყო. ამასთან, არც მიღება-ჩაბარების აქტიდან და არც საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან არ დგინდება, რომ შესასრულებელი ვალდებულება 1425,5 გრძივ მეტრს პლიუს 80.6 გრძივი მეტრი იყო. მეორე კასატორი არც ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებაზე არ მიუთითებს (სსკ-ის 631-ე მუხლი). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოპასუხისათვის 81 792.00 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
50. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
51. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
52. სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
53. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისას სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მხოლოდ დავის საგნის ნაწილზე თქვა უარი, მეორე კასატორს უნდა დაუბრუნდეს ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი, კერძოდ, მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი 8000.00 ლარიდან (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 19.08.2015) უნდა დაუბრუნდეს 339.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 49(1)(4), 257(1), 264(3), 272(„გ“), 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა.-მ–ის“ წარმომადგენლების - ა.ლ–ასა და ი.ჟ–ის შუამდგომლობა, სარჩელის მეორე მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ა.-მ–ის“ სარჩელი 16.02.2009 წლის #157/25 ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის - 41 259.00 აშშ დოლარის შპს „ე.ს–სისათვის“ დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში შპს „ა.-მ–ის“ სარჩელზე შეწყდეს საქმისწარმოება;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმისწარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
4. კასატორ შპს „ა.-მ–ს“ დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000.00 ლარის, საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 19.08.2015) ნაწილი – 339.00 ლარი;
5. შპს „ე.ს–სის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. შპს „ა.-მ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება;
8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი